არჩევნები 2024

"ქართული ოცნების" ანტიდასავლური ნარატივებიდან: ევროკავშირი vs. საბჭოთა კავშირი

ავტორი: GEObservatory თარიღი: 21 October 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

დასავლური ინსტიტუტები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის გამო ხშირად აკრიტიკებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკის საპასუხოდ თავად დასავლურ ინსტიტუტებს ესხმიან თავს. 14 ოქტომბერს თბილისის მერმა კახი კალაძემ  განაცხადა, რომ “რასაც ისინი [ევროკავშირი] კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ - თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის?”. მსგავსი ტიპის განცხადება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სხვა დროსაც გაუკეთებიათ. 2023 წლის თებერვალში ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, “რა სჭირს ევროპარლამენტს არ ვიცი. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ, აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ევროპარლამენტარებზე. ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასეთი გადაწყვეტილება, მე პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ, რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. ის, რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში".

​​​​​​​

არადემოკრატიული ძალები ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად და მათდამი კრიტიკის გასაქარწყლებლად ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს ხშირად აიგივებენ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის პარალელის გავლება აბსურდულია, არადემოკრატიული ძალები აღნიშნულ ნარატივს ანტიდასავლური სენტიმენტების გასაძლიერებლად ხშირად მიმართავენ. 

 

ევროკავშირი ≠ საბჭოთა კავშირი

 

ევროკავშირი და საბჭოთა კავშირი ფუნდამენტურად განსხვავდება პრინციპების, ღირებულებების, მართვის სტილისა თუ სტრუქტურის მიხედვით.


საკუთარი სურვილით გაწევრიანება ≠ იძულებით შეერთება

ევროკავშირი რამდენიმე ათწლეულს ითვლის და დღეს მასში 27 სახელმწიფოა გაერთიანებული. ორგანიზაციაში გაწევრიანებისა, თუ დატოვების პროცესი სრულად სახელმწიფოთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. გაფართოების პროცესში სახელმწიფოები ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურებით უახლოვდებიან ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა, დემოკრატიულ პრინციპებთან თავსებადობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ორგანიზაციის დატოვებაც სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა 2020 წელს. საბჭოთა კავშირი კი 15 სახელმწიფოს იძულებითი გაერთიანებით შეიქმნა. მათ შორის იყო საქართველოც, რომლის ოკუპაცია 1921 წელს მოხდა. ამასთან, კავშირის დატოვება სახელმწიფოებისთვის შეუძლებელი იყო, მიუხედავად კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერისა. 1956 წელს უნგრეთის და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიის მიერ ვარშავის პაქტის დატოვების მცდელობა სასტიკად იქნა ჩახშობილი.

 
დემოკრატია ≠ ტოტალიტარიზმი

 
დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა და საბაზრო ეკონომიკა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები და ორგანიზაციაში გაწევრიანების 1993 წელს მიღებული კოპენჰაგენის კრიტერიუმებია. ევროკავშირი დემოკრატიული ორგანიზაციაა და გადაწყვეტილების მიღება წევრი სახელმწიფოების მიერ დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლების მიერ ხდება. ამის პარალელურად, საბჭოთა კავშირი ტოტალიტარული სახელმწიფო იყო, რომელშიც კომუნისტური პარტია დომინირებდა და ავტორიტარი ლიდერი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებდა. არსებული რეჟიმის პირობებში სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები სასტიკად იზღუდებოდა, არჩევნებს კი ფორმალური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც ხალხის მმართველობას ვერ უზრუნველყოფდა.


საბაზრო ეკონომიკა ≠ გეგმიური ეკონომიკა

ევროკავშირი საბაზრო ეკონომიკაზეა დაფუძნებული, რომელიც სხვადასხვა რეგულაციასაც მოიცავს, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა თავისუფალი ბაზრის პირობებში, კერძო საკუთრებისა და კონკურენციის დაცვით ხორციელდება. საბჭოთა კავშირში სახელმწიფოს გეგმიური ეკონომიკაზე სრული კონტროლი ჰქონდა, კერძო საკუთრება, არ არსებობდა, ეკონომიკური სიდუხჭირე და პროდუქციის დეფიციტი კი სტანდარტად იყო ქცეული. ევროკავშირი კი სიმდიდრითა და კეთილდღეობის სახელმწიფოებით გამოირჩევა.



სუვერენიტეტი ≠ ცენტრალიზებული კონტროლი

 
ევროკავშირის სახელმწიფოები სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მანდატს ინარჩუნებენ. სავაჭრო ან გარემოს დაცვის რეგულაციების პირობებშიც კი სახელმწიფოები დამოუკიდებლები არიან. საბჭოთა კავშირის 15 წევრი კი ფორმალურად რჩებოდა სახელმწიფო, რომელთაც მცირე ავტონომია ჰქონდათ და მოსკოვის ცენტრალური მთავრობიდან იმართებოდნენ.


მულტიკულტურალიზმი ≠ მონოკულტურალიზმი


ევროკავშირი ადამიანის უფლებების პრიმატზეა დაფუძნებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უმცირესობების უფლებებსა და მათ დაცვას ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციისგან. აღნიშნულ ინსტიტუტში პატარა სახელმწიფოების კულტურული მახასიათებლებიც დაცული და წახალისებულია. მეტიც, ევროკავშირი არაწევრ სახელმწიფოებსაც ეხმარება თავიანთი კულტურული იდენტობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში, მათ შორის საქართველოსაც. საბჭოთა კავშირში კი უმცირესობების უფლებების დარღვევასთან ერთად ერების პოლიტიკური თუ კულტურული იდენტობა იზღუდებოდა და დიდი მნიშვნელობა რუსული კულტურის გაძლიერებას ენიჭებოდა. საკმარისია გავიხსენოთ, 1978 წელს სსრკ-ის მცდელობა საქართველოს სახელმწიფო ენა რუსული ენით ჩაენაცვლებინა.

 

პოლიტიკური ანალიზი

ამბივალენტურობიდან ანტი-დასავლურ ნარატივამდე

ანტი-დასავლური ნარატივები საქართველოში საბჭოთა კავშირის იმპერიული მმართველობიდან იღებს სათავეს. მისი შინაარსიც, განსაკუთრებით ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების, ისევე როგორც სუვერენიტეტის საკითხებთან მიმართებაში, საბჭოთა ანტი-დასავლური დისკურსის ნაწილია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დასავლეთი გახდა არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების წყარო, არამედ კონსტიტუციურად აღიარებული საგარეო პოლიტიკის ორიენტი. თუმცა, ანტი-დასავლური დისკურსი თანაარსებობდა ოფიციალურ პრო-დასავლურ პოლიტიკასთან ერთად თანამედროვე საქართველოში და ძირითადად, კულტურულ შფოთვასა და ულტრა-ნაციონალისტურ ნარატივებში ვლიდებოდა. მაშინ, როდესაც პრო-დასავლურმა და პრო-რუსულმა პოლიტიკამ თუ ნარატივებმა ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი შეიძინა, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკანასკნელ წლებში, საქართველოს მთავრობა ცდილობდა საგარეო პოლიტიკური კურსი ამბივალენტურად განესაზღვრა ამ ორ სივრცესთან მიმართებაში. აღნიშნული პოლიტიკა, ერთის მხრივ, მიმართული იყო დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის დონის შენარჩუნებაში და ამრიგად, პრო-ევროპელი ამომრჩევლის მობილიზებაში, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის მიმართ შერბილებული ტონისა და ანტი-დასავლური, ულტრა-ნაციონალისტური სენტიმენტების წახალისებაში. ბოლო პერიოდში, საქართველოს მმართველი ელიტა აქტიურად იყენებს ანტი-დასავლურ რიტორიკას როგორც წინასაარჩევნოდ სხვა პოლიტიკური საკითხიების გადასაფარად, ისე საზოგადოებრივი პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციისა და (შეფარული თუ ცხადი) პრო-რუსული ნარატივების გასამყარებლად.

 

ისტორიულად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბებული ანტი-დასავლური ნარატივი ხატავდა დასავლურ სამყაროს, როგორც ბოროტების, ამორალურ იმპერიას, რომელიც გამოირჩეოდა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და დესტაბილიზაციისა თუ კონფლიქტების გამოწვევით.  პოსტ-საბჭოთა სივრცეში, პრო-რუსული და ულტრანაციონალისტური ძალები აგრძელებენ აღნიშნული ნარატივის გავლენის გავრცელებას, ძირითადად საქართველოს მსგავსი ქვეყნების დასავლური კურსიდან ჩამოშორების მიზნით. ამასთანავე, რუსეთის სტრატეგიული დეზინფორმაციული კამპანიები დასავლურ ლიბერალიზმს წარმოაჩენს, როგორც შეუთავსებელს საქართველოს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ღირებულებებთან და ეროვნულ იდენტობასთან.

 

თუმცა, დუალისტური საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არ არის უნიკალური საქართველოს შემთხვევისთვის, არამედ ეხმიანება არალიბერალური რეჟიმების ტენდენციას, გამოიყენონ დასავლური ინტეგრაცია დემოკრატიულ ფასადად ან ლოკალურ დონეზე ელექტორატის მოსაზიდად, თუმცა აუცილებელი რეფორმების გატარების გარეშე. ამ კონტექსტში, ქვეყნის შიგნით არსებული ანტი-დასავლური ნარატივები თანაცხოვრობდა შერჩევით, თუმცა საჯაროდ გაცხადებულ, ჩართულობასთან დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში.  ამასთანავე, რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, საქართველოში მმართველი პოლიტიკური ელიტა საგარეო დონეზე უფრო და უფრო შორდება დასავლეთთან ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ბმას, ხოლო შიდა დისკურსის დონეზე აღვივებს ანტი-დასავლურ განწყობებს, ახდენს ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაციას და დასავლური ღირებულებების ქართულთან დაპირისპირებაში განიხილვას. ეს დისკურსი, თავის მხრივ, ქმნის საჭირო ნიადაგს იმისთვის, რომ ანტი-დასავლური პათოსით მიღებული ადგილობრივი საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული იდენტობის დაცვად და პატრიოტულ ვალდებულებად მოინათლოს მმართველი პარტიის ნარატივებში.

 

საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გარდამტეხ მომენტებს შორის არის სუვერენიტეტის საკითხი. ერთი შეხედვით პარადოქსულია, რომ სუვერენიტეტის საკითხი არა რუსეთთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, არამედ უპირველესად დასავლეთთან მიმართებაში განიხილება. ამრიგად, დასავლეთის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში შეჭრად არის გამოცხადებაში მმართველი ძალის მიერ.  ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ  2024 წელს დამტკიცებული ე.წ. „აგენტების კანონი“, რომელიც თავისი არსით რუსული კანონმდებლობის მსგავსია და სამიზნე ჯგუფად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს განიხილავს, რომელთა დაფინანსებაც ძირითადად დასავლურ წყაროებს უკავშირდება.

 

ამრიგად, განხილული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია რუსეთთან და რუსეთის შესახებ რიტორიკის შერბილება. ამ შემთხვევაშიც პარადოქსულ დუალიზმთან გვაქვს საქმე: მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის გაცხადებული მიზანია ოკუპაციის უარყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ამავდროულად ერიდება რუსეთის, როგორც ამ პროცესში ცენტრალური აქტორის, კრიტიკულად მოხსენიებისგან. მეტიც, რეგიონში აგრესიული ომის ერთადერთ მწარმოებელთან დაახლოება განიხილება მშვიდობის მიღწევისა და შენარჩუნების გზად.

 

დასკვნის სახით, ანტი-დასავლური დისკურსი თანამედროვე საქართველოში კომპლექსურობით გამოირჩევა და ვარირებს „გათვლილი ამბივალენტურობიდან“ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობით გადმოცემულ ნარატივებამდე. ანტი-დასავლური, ულტრანაციონალისტური, არალიბერალური და ამავე დროს, რუსეთთან დაახლოებული პოლიტიკური ნაკრები თანაარსებობს საჯაროდ გაცხადებულ ამბიციასთან ერთად - გახდეს საქართველო ევროპული სტრუქტურების წევრი. ანტი-დასავლური განწყობები ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ამრიგად, დასავლეთთან დაახლოება ამ განწყობების შესახებ ღია დისკუსიისა და მკაფიო პოლიტიკის გარეშე არარეალისტურ მოცემულობად შეგვიძლია განვიხილოთ. 

საგამოძიებო მედიალაბი