კვლევები

როგორ აფერხებს მილიონობით დოლარის ღირებულების დასავლურ პროგრამებს რუსული დეზინფორმაციული კამპანიები? 

ავტორი: ხატია შამანაური თარიღი: 22 July 2024

საქართველო დასავლეთიდან ჯანდაცვის მიმართულებით მილიონობით დოლარის ღირებულების დახმარებას იღებს. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური პროექტი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაა, რომელმაც 100 000-მდე ადამიანს შესაძლებლობა მისცა,  C ჰეპატიტზე უფასოდ ემკურნალა. მძლავრმა რუსულმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ კი პროგრამას არაერთი გამოწვევა შეუქმნა.

 

2015 წლის აპრილში საქართველოს მთავრობასა და მსოფლიოში წამყვან ფარმაცევტულ კომპანიას "გილეადს" შორის უპრეცედენტო მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად,  ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელ კომანია "გილეადის" მხარდაჭერით საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო. მიზანი კი ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრა იყო. 

 

C ჰეპატიტი  ღვიძლის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც C ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. დაავადება ძირითადად კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს,  ვირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობას კი ქრონიკული C ჰეპატიტი უვითარდება, რამაც შესაძლოა, ადამიანი უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანოს. 

 

Მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს, ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა შესაძლებელია. ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში კი კომპანია "გილეადს" საქართველოსთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტი სრულიად უფასოდ უნდა გადაეცა.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროგრამა უდიდესი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის, რომელსაც ვირუსით ინფიცირებულთა განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, დაახლოებით 150 000 ადამიანს, C ჰეპატიტის აქტიური ფორმა ჰქონდა. ეს სტატისტიკა შეშფოთების საფუძველი იყო მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებში ქრონიკული C ჰეპატიტი მოსახლეობის  დაახლოებით 0.5%-1%-ს ჰქონდა, დაავადების დიდი გავრცელების შემთხვევაში კი ეს ციფრი 1.5%-2.3%-ს არ აღემატებოდა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, საქართველოში არსებული Საგანგაშო სტატისტიკის მიზეზები სათანადოდ შესწავლილი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი 90-იან წლებში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი იყო, რამაც ინფიცირებულთა საგანგაშო მაჩვენებლამდე მიიყვანა ქვეყანა. სწორედ ეს ვითარება გახდა იმის მიზეზი, რომ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა, ზუსტად საქართველოში დაიწყო. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშნელოვანი ფაქტორი იყო ისიც, რომ საქართველო მცირერიცხოვანი ქვეყანაა. მაშინ კი ალბათ ცოტას წარმოედგინა, რომ საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომელიც ყველა დაავადებულისთვის ახალი თაობის ძვირადღირებულ მედიკამენტებს უფასოდ უზრუნველყოფდა, წინ დიდი გამოწვევები ელოდა. 

 

პროგრამის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, 2019 წელს, ქართული მედია უკვე აქტიურად წერდა, რომ პროგრამის მთავარი გამოწვევა მოსახლეობის დაბალი ჩართულობა იყო. 

 

2019 წლის ივნისში, ფაქტჩეკის მონაცემებით, 27.5 ათასზე მეტ ადამიანს, ვინც სწრაფი ტესტით C ჰეპატიტის ვირუსზე "დადებითი" აღმოჩნდა, შემდგომი კვლევა, რისი საშუალებითაც დგინდება აქვს თუ არა პირს აქტიური C ჰეპატიტი, არ ჩაუტარებია;

 

16 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც აქტიური C ჰეპატიტი დაუდგინდათ და მკურნალობა ესაჭიროებოდათ, პროგრამაში არ ჩართულა.

ფაქტჩეკის ანალიტიკოსი, თეონა აბსანძე ამბობს, რომ პროგრამის დაწყებისთანავე გაჩნდა მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიები, რამაც მოქალაქეების გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. თეონა C ჰეპატიტის გარშემო მიმდინარე დეზინფორმაციულ ნარატივებს 2015 წლიდან აკვირდება და ამბობს, რომ ეს პროცესი არცერთ ეტაპზე არ შეჩერებულა. 

 

"არ ყოფილა პერიოდი, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამის შესახებ არ ვრცელდებოდა დეზინფორმაცია", – ამბობს თეონა აბსანძე.

მისი თქმით, დეზინფორმაციული ნარატივები განსაკუთრებით აქტიური ორი მიმართულებით იყო. 

 

"თავიდანვე აქტიურად იწერებოდა, რომ დასავლეთი საქართველოში მედიკამენტების დატესტვას გეგმავდა. სინამდვილეში კი ეს მედიკამენტები კლინიკურად დამტკიცებული იყო. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს მედიკამენტები ღვიძლის კიბოს იწვევდა. ესეც დეზინფორმაცია იყო, C ჰეპატიტის მქონე პაციენტებს ხშირად ღვიძლის მძიმე დაზიანება აქვთ, სწორედ ეს იწვევს ღვიძლის კიბოს და არა მედიკამენტი, რომელიც  მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში სიმსივნის პრევენციასაც ახდენს",– ამბობს თეონა აბსანძე.

 

მისი თქმით, ხანდახან რთულია, გაარჩიო, ვინ დგას ამ კამპანიების უკან, თუმცა, ძალიან ხშირად აშკარა იყო, რომ ეს ყველაფერი რუსეთიდან მოდიოდა. ასევე, ბევრ ადამიანს საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა ამ თემაზე, ეს კი კიდევ უფრო მეტად უწყობდა ხელს დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას.

 

2018 წლის 11 სექტემბერს, რუსეთთან ახლო კავშირებით სახელგანთქმულმა, საქართველოს  უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ 2015 წლის დეკემბერში საქართველოში 30 ადამიანი გარდაიცვალა. მისი თქმით, ეს ადამიანები  C  ჰეპატიტზე მკურნალობის კურსს გადიოდნენ.  იგორ გიორგაძე ამბობდა, რომ  2016 წლის აპრილში დამატებით 30, ხოლო აგვისტოში – 13 ადამიანი დაიღუპა უცნობი მიზეზით. ხოლო ამ ფაქტებზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა.

 

მისი ეს განცხადება რუსულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა, ტელევიზიები ამ თემას რეპორტაჟებს უძღვნიდნენ, ქვეყნდებოდა ვრცელი სტატიები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტების გაკეთებაც მოსთხოვა.

რუსეთიდან მომავალ მძლავრ დეზინფორმაციულ კამპანიას უკვალოდ არ ჩაუვლია.  ელიმინაციის პროგრამა 2020 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირებას ისახავდა მიზნად. ფაქტჩეკის ინფორმაციით,  პროგრამის დაწყებიდან 5 წელიწადში ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67%-ით, 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელება სამიზნე მაჩვენებელს 3.6-ჯერ აღემატებოდა. 

 

პროგრამის ამოქმედებიდან პირველი სამი წლის მონაცემები მოსახლეობის ჩართულობაზე კი ასე გამოიყურებოდა: 2016 წელს მკურნალობა 24 00-მდე ადამიანმა დაასრულა, 2017 წელს – 17 000-მა, 2018 წლის 10 თვეში კი მხოლოდ 10 000-მა.

 

დღევანდელი მონაცემებით,  ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ათასობით ინფიცირებული პაციენტია გამოვლენილი, მათ დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყება ესაჭიროებათ, თუმცა, ისინი ამ დრომდე პროგრამაში არ ჩართულან.

 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გვეუბნება, რომ ბევრი პაციენტი, რომელთაც C ჰეპატიტი აღმოაჩნდათ,  კატეგორიულ უარს ამბობდნენ პროგრამაში ჩართვაზე. მიზეზი დეზინფორმაციული ნარატივები იყო. 

 

"ძალიან ბევრი ასეთი პაციენტი მყოლია. თუ კონსულტაციამდე მოვიდოდნენ, დიდი ძალისხმევით ვითანხმებდით, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებსაც ვერ გადაარწმუნებ",– ამბობს მაია ბუწაშვილი. 

 

მისი გამოცდილებით, ყველაზე ხშირად პაციენტები უარს მკურნალობაზე პრეპარატების მიმართ უნდობლობის გამო ამბობდნენ. 

 

"არაერთია, როცა ამბობს, რომ ვიღაცას იცნობენ, რომელმაც დაიწყო მკურნალობა და მალევე გარდაიცვალა ღვიძლის კიბოთი. მერე ვცდილობთ დავარწმუნოთ, რომ ეს წამლების გამო კი არ იყო, უბრალოდ, მკურნალობის დაწყება დაგვიანდა. თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს წამლებმა დააჩქარა. რა თქმა უნდა, დეზინფორმაციულ კამპანიებს ძალიან დიდი როლი ჰქონდა ამ პროგრამის განხორციელებისას. ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ“, – გვეუბნება მაია ბუწაშვილი.

 

მისი თქმით, სკეპტიციზმი დიდი იყო მედიკოსებს შორისაც.  

 

"ექიმებისგანაც არაერთხელ გამიგია, უთქვამთ პაციენტებისთვის, რომ არ შეიძლებოდა ეს წამლები რადგან დამატებით სხვა დაავადება ჰქონდათ. სინამდვილეში პირიქითაა, ასეთ პაციენტებში კიდევ უფრო აუცილებელია მკურნალობა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. ეს პროგრამა უპრეცენდენტო იყო რეგიონში, ამიტომაც გახდა სამიზნე,“ – ამბობს მაია ბუწაშვილი. 

 

მოსახლეობის დაბალი ჩართულობის გამო 2020 წელს, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო წამლები საქართველოში ვადის გასვლის გამო ჩამოწერეს. ოპოზიცია მაშინ ხელისუფლებას C ჰეპატიტთან ბრძოლის უნიკალური პროგრამის ჩაგდებაში ადანაშაულებდა და პროკურატურას ამ საქმეზე მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდებოდა.

 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის მიღმა პროგრამის მიმდინარეობისას სხვა ტიპის ბარიერებიც იყო, რამაც დეზინფორმაციული ნარატივების გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა.

 

"მნიშნელოვანი ფაქტორი იყო ამ დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმა. დამატებით იყო გეოგრაფიული ბარიერი, საკმარისად დეცენტრალიზებული არ იყო პროგრამა, რეგიონებში უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. ასევე, მნიშვნელოვანია ფინანსური ბარიერიც – წამლამდე რომ მისულიყავი, კვლევები იყო საჭირო, ყველა კვლევას კი სახელმწიფო არ აფინანსებდა.  პირველ ეტაპზე, როცა პრეპარატის მიმღებლობა შედარებით მაღალი იყო, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ხალხი  მაინც მივიდოდა და თანხა სურდა დაეზოგა, შემდეგ ეს ინტერესი განელდა და დასჭირდა ამ ხალხის დარწმუნება. როცა პროგრამა შეფერხდება, შემდეგ ჩნდება ნოყიერი ნიადაგი დეზინფორმაციისთვის“,  ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

მისი თქმით, რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიებს ორი მიზანი ჰქონდა, დასავლური ჯანდაცვის დისკრედიტაცია, იმის დამტკიცება, რომ დასავლეთი სუსტი და გარყვნილია. და რაც მთავარია, საქართველოზე გავლენის შენარჩუნება, ეს კი უპირველეს ყოვლისა გულისხმობს იმას, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები მუდმივად მოუგვარებელი უნდა იყოს.

 

 "მას არ აწყობს ასეთი სერიოზული პრობლემის ელიმინაცია, რუსეთს ეს არ აწყობს," – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

2021 წელს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განახლებული 2021-2025 წლების სტრატეგია შეიმუშავეს და პროგრამა საქართველოში დღემდე გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2015 წლის 28 აპრილიდან, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, 2.5 მილიონმა მოზარდმა (87%) ჩაიტარა ტესტი C ჰეპატიტზე. 105 767 ადამიანს დაუდგინდა ინფექციური დაავადება. 85 387 ადამიანმა დაიწყო მკურნალობა, ხოლო 99% იმ ადამიანებისა, რომლებმაც მკურნალობა დაასრულეს, სრულად განიკურნა. 

 



 

 

სტატია მომზადებულია ICFJ-ის ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის, ან IML-ის მოსაზრებებს. 

 

მთავარი ფოტო: Jarun Ontakrai/Shutterstock.com

Investigative Media Lab