საბჭოთა პროპაგანდის გზა ფილმებიდან ტელეგრამ არხებამდე - „ამერიკელი ექიმები შოკირებული იყვნენ, მსგავსი არსად არაფერი ენახათ“

წლების წინ Საბჭოთა კავშირს ანტიდასავლური გზავნილების მილიონობით ადამიანამდე მისატანად ფილმების გადაღება სჭირდებოდა, დღეს რუსეთი ამ მიზანს ტელეგრამ არხების დახმარებით აღწევს.

ავტორი: ხატია შამანაური
12/07/2024

სცენა, სადაც ახალგაზრდა ექიმი საბჭოთა კავშირიდან გაკვირვებას ვერ მალავს, როდესაც ევროპაში, ქუჩაში გამოკრული პოსტერებით "მოქალაქეებს თვითმკვლელობაში დახმარებას სთავაზობენ", ფილმ „დროებითი მოწმობიდანაა“. ფსიქოლოგიური დრამის პრემიერა საბჭოთა კავშირში 1972 წელს 6 ივნისს შედგა. მას შემდეგ 40 წელზე მეტი გავიდა, თუმცა რუსული მედია დღემდე წერს ლენინგრადელი ექიმის დრამაზე, რომელმაც ევროპაში საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტა და რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ კაპიტალისტურ ქვეყანაში დიდი წარმატება, შესაშური კარიერა და საზოგადოების პატივისცემა ელოდა. თუმცა, როგორც ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.

სცენარის მიხედვით, ექიმმა-ფსიქიატრმა, რომელიც საბჭოთა კავშირში ამ დარგში არსებული მიდგომებით უკმაყოფილო იყო, გადაწყვიტა, კარიერული განვითარების გზები ევროპაში მოეძებნა. ესწრებოდა თერაპიებს, შემდეგ კი მკურნალობის მეთოდებს ადგილობრივ ექიმთან ერთად განიხილავდა.

„რა მოხდება, თუკი გარკვეული პერიოდის შემდეგ მისის რიჩერდსონს პრობლემა აღარ ექნება, მაგრამ შემდეგ, ჩვენი მიდგომის გამო მის შვილებს დასჭირდებათ თერაპია?“ უსვამს შეკითხვას ფილმის მთავარი გმირი ევროპელ ექიმს ერთ-ერთ ეპიზოდში.

„ახლა ჩვენი პაციენტი მისის რიჩერდსონია, ხოლო როდესაც მისი შვილები გაიზრდებიან და ფსიქოანალიტიკოსი დასჭირდებათ, ჩვენ მათაც დავეხმარებით,“ ცივად და ირონიულად პასუხობს ევროპელი ფსიქიატრი.

ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია, სადაც საბჭოთა პროპაგანდა ცდილობს გვაჩვენოს, რომ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით ევროპაში პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები არ არსებობდა. ფილმში არა ერთი მსგავსი სცენაა, ფინალი კი სევდიანი - როდესაც მთავარი გმირი აცნობიერებს, რომ დასავლური მედიცინის მიღწევებისა და ზოგადად, იქაური კეთილდღეობის შესახებ ამბები მხოლოდ მითია, გადაწყვეტილება კი საბჭოთა კავშირი დაეტოვებინა, მისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო.

დასავლური მედიცინის ინოვაციებისა და მიღწევების შესახებ დეზინფორმაციული ნარატივები საბჭოთა კავშირის დროს ყველგან იყო - ფილმებში, პოსტერებზე, მედიაში. მოქალაქეებს მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ ინოვაციური მიდგომები მხოლოდ საბჭოთა კავშირში იქმნებოდა, დასავლურ ქვეყნებს კი ამ მხრივ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ეს გზავნილები არ იცვლება. დღესაც, რუსული პროპაგანდა ცდილობს გაავრცელოს არა ერთი დეზინფორმაციული ნარატივი და ადამიანები დაარწმუნოს, რომ მთავარი ინოვატორი მედიცინაში, ტრადიციულად, კვლავ რუსეთია.

რა გზავნილები აქვს დღეს კრემლს დასავლური მედიცინის ინოვაციური მიღწევების შესახებ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არა ერთი რუსული ტელეგრამ არხის მონაცემები შევაგროვეთ და დავამუშავეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ტელეგრამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა რუსეთში, დეზინფორმაციული კამპანიები იქ განსაკუთრებით მძლავრია. ადგილობრივი ორგანიზაციის, ლევადას ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის მარტში ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე ინფორმაციას 18-24 წლამდე ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ტელეგრამიდან იღებდა.

2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე, სხვადასხვა ადგილობრივი მედია ორგანიზაცია, მედიცინის შესახებ შექმნილი ჯგუფი და ჟურნალისტი ტელეგრამ არხზე აქტიურად წერდა დასავლური ვაქცინების "პრობლემებზე", ფარმაკოლოგიური კომპანიების “წარუმატებელი” პროექტებისა და რუსული მედიცინის უდიდეს მიღწევებზე. ამ მიმართულებით აქტიურია ვლადიმერ სოლოვიევიც, კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი გამოჩენილი პროპაგანდისტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაასანქცირეს. სოლოვიევს ტელეგრამ არხზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამ პლატფორმას ის აქტიურად იყენებს დასავლური მედიცინის დისკრედიტაციისთვის. მეორე მხრივ, კი ცდილობს რუსეთი წარმოაჩინოს სახელმწიფოდ, რომელსაც ამ მიმართულებით ექსკლუზიური მიღწევები აქვს.

რას წერს სოლოვიევი ტელეგრამის საკუთარ არხზე?

სოლოვიევის ვერსია
რეალობა

სოლოვიევი დასავლურ ვაქცინებზე არა ერთ დეზინფორმაციულ ნარატივს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ დასავლური ვაქცინები კლავს, ხოლო რუსეთმა მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნა.

დასავლური ვაქცინებით მილიარდობით ადამიანი უსაფრთხოდ აიცრა. Რუსული ვაქცინის გამოჩენამ კი შეშფოთება გამოიწვია, რადგან “სპუტნიკს” დასავლური ვაქცინებისგან განსხვავებით საჭირო კლინიკური კვლევები არ გაუვლია.

სოლოვიევის ვერსია
რეალობა

Სოლოვიევი ამტკიცებს, რომ “ფაიზერი” უკრაინაში ვაქცინებს ცდის. დასავლური ფარმაკოლოგიური კომპანიის კვლევებს კი, მისი ვერსიით, 40 ბავშვი ემსხვერპლა.

ეს დეზინფორმაციული ნარატივი რუსულმა მედიამაც გაავრცელა, თუმცა არა ერთმა ორგანიზაციამ გამოიძია და დაადგინა, რომ “ფაიზერი” უკრაინაში ვაქცინებზე კვლევებს არ ატარებს.

სოლოვიევის ვერსია
რეალობა

Სოლოვიევის თქმით, შეერთებული შტატები პანდემიის გამომწვევი მიზეზების გამოძიების პროცესში ჩაერია, ‘“ფაიზერმა” და “მოდერნამ” კი დაბალი ხარისხის ვაქცინების გაყიდვით ჭარბი მოგება მიიღეს.

აშშ აქტიურად იყო ჩართული პანდემიის გამომწვევი მიზეზების გამოძიების პროცესში. არა ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყო.

სოლოვიევის ვერსია
რეალობა

Სოლოვიევის ვერსიით, შეერთებული შტატები ცდილობს, 2026 წლამდე გადადოს დახურული მონაცემების გასაჯაროება დასავლური ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ.

Სხვადასხვა ქვეყანაში არა ერთი კვლევა უკვე ჩატარდა. ეს მონაცემები კი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. კვლევებით დასავლური ვაქცინების უსაფრთხოება დადასტურებულია.

ეს, რა თქმა უნდა, სოლოვიევის დეზინფორმაციული ნარატივების არასრული ჩამონათვალია. თუმცა, კრემლის მცდელობების მიუხედავად, როგორც ჩანს, მათ გზავნილებს ხშირად ეფექტი არა აქვს. 2020 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთში კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ადგილობრივმა ორგანიზაციამ, ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა და მოქალაქეებს ჰკითხა, რას გრძნობდნენ რუსული ვაქცინის გამოჩენის შემდეგ. გამოკითხულთა 20%-მა უპასუხა, რომ უნდობლობას, 20%-მა კი თქვა, რომ ეჭვით იყო განმსჭვალული.

Ხოლო შეკითხვაზე, კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაცია თავისუფალი და ნებაყოფლობითი რომ ყოფილიყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, 54%-მა თქვა, რომ არ აიცრებოდა.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, როსტომ ცხვედიანს, საბჭოთა კავშირის დროს ექიმად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სოლოვიევის გზავნილები მისთვის უცხო არ არის და გვიყვება, რომ საბჭოთა კავშირი მუდმივად ცდილობდა ადამიანები დაერწმუნებინა, რომ დასავლეთთან შედარებით იქ მედიცინა გაცილებით წინ იყო.

“მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიმუშავე თითქმის 40 წლის განმავლობაში. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში პირველი საავადმყოფო იყო. თუ ვინმე ჩამოვიდოდა საზღვარგარეთიდან, ჩვენთან მოჰყავდათ. 1974 წელს ფრანგების დელეგაცია ჩამოვიდა, დაათვალიერებინეს საავადმყოფო და რომ ვერ დაინახეს აღფრთოვანება სტუმრების სახეებზე, უთხრეს - „და ეს ყველაფერი უფასოა“. მათ კი უპასუხეს, ასეთი საავადმყოფოები ჩვენთანაც უფასოაო,“ ამბობს როსტომ ცხვედიანი.

რუსული დეზინფორმაციული ნარატივები ახალი არ არის ირაკლი ხვადაგიანისთვისაც, რომელიც საბჭოთა კავშირის ისტორიას უკვე წლებია იკვლევს. ირაკლის თქმით, იყო პერიოდები, როდესაც საბჭოთა კავშირს მართლაც ჰქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები. „მაგალითად, კოსმოსის ათვისების კუთხით საბჭოთა კავშირი ნამდვილად გავიდა მოწინავე პოზიციაზე, როდესაც პირველად მოახერხეს თანამგზავრის გაშვება, საინფორმაციო ომშიც გაიმარჯვეს. ამან შეშფოთა დასავლური სამყარო,“ ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ირაკლი ხვადაგიანის თქმით დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის კონფრონტაცია 1930 -იანი წლებიდან განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან მთავარი საბჭოთა გზავნილია, რომ საბჭოეთი ყველაფერში არის თვითკმარი, არ სჭირდება თანამშრომლობა დასავლეთთან, და რომ ის ბევრად წინ არის.

„ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ალტერნატიული ინფორმაცია მიეღოთ და ექსკლუზიურად იყვნენ დამოკიდებული რეჟიმზე. ამ განზომილებაში როდესაც არის სისტემა, შეუძლია, ნებისმიერ სფეროში გარკვეული ნაბიჯი გაასაღოს როგორც ექსკლუზიური მიღწევა. ისინი აჯერებდნენ ადამიანებს, რომ გარკვეული ინოვაციები მათი დამსახურება იყო, როდესაც სინამდვილეში ის უკვე არსებობდა დასავლეთში დიდი ხნით ადრე,“ ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

მსგავსი გზავნილები რუსულ მედიაში დღესაც ხშირია. მაგალითად, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, სერგეი მოხოვი Lenta.ru-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლელი კოლეგები საბჭოთა ონკოლოგიას უყურებდნენ, როგორც რაღაც ფანტასტიკურს. “საბჭოთა კავშირმა შექმნა ონკოლოგიური დისპანსერების ფანტასტიკური დიაგნოსტიკური ქსელი. ის ობობის ქსელივით გავრცელდა მთელ ქვეყანაში. უცხოურ არქივებში შეგიძლიათ ნახოთ ამერიკელი ონკოლოგების მოხსენებები სსრკ-ში ვიზიტების შესახებ. ისინი შოკში იყვნენ ნანახით, რადგან მსგავსი რამ მსოფლიოში არსად ენახათ”, ამბობს ის 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირშიც ინერგებოდა ინოვაციური პროცედურები და იქმნებოდა ახალი ტექნოლოგიები, მედიცინის მთავარი მიღწევები, რამაც დარგში რევოლუციური ცვლილებები მოახდინა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ძირითადად მაინც დასავლურ ქვეყნებს უკავშირდება. თუმცა, ამის შესახებ არც საბჭოთა კავშირში და არც ახლა, რუსეთში, არ ლაპარაკობენ.

1846

პირველად გამოიყენეს თანამედროვე ანესთეზია (აშშ)

1895

შეიქმნა რენტგენის სხივი, რომლის გარეშეც თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია (გერმანია)

1921

აღმოაჩინეს ინსულინი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელსაც მილიონობით ადამიანი მსოფლიოში, დღეში რამდენჯერმე იღებს (კანადა)

1928

აღმოაჩინეს პენიცილინი, რომელმაც ექიმებს შესაძლებლობა მისცა, განეკურნათ მანამდე მომაკვდინებლად მიჩნეული ინფექციები (გაერთიანებული სამეფო)

1946

ქიმიოთერაპიის ეპოქის დასაწყისი (აშშ)

1950

აღმოაჩინეს ქლორპრომაზინი - პირველი ანტიფსიქოზური საშუალება ბაზარზე (საფრანგეთი)

1952

პირველად მოხდა თირკმლის გადანერგვა (აშშ)

1955

შეიქმნა პოლიოს ვაქცინა, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა (აშშ)

1967

ჩატარდა ღვიძლის პირველი წარმატებული გადანერგვა (აშშ)

1977

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გამოიგონეს (აშშ)

1981

შეიქმნა ბე ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა (აშშ)

1981

მოხდა გულ-ფილტვის პირველი წარმატებული გადანერგვა (აშშ)

საბჭოთა მიღწევების განხილვისას რუსულ მედიაში დღემდე აქტიურად იწერება რუსი მეცნიერის, ვლადიმირ დემიხოვის შესახებაც, რომელმაც 1937 წელს ძაღლს გული პირველად გადაუნერგა, კრისტიან ბერნარდი კი, რომელმაც მსგავსი ოპერაცია ადამიანზე პირველად 1967 წელს ჩაატარა, საკუთარ თავს დემიხოვის მოსწავლედ მიიჩნევდა.

როსტომ ცხვედიანი იხსენებს, რომ გულის გადანერგვის შემდეგ, მართლაც, კრისტიან ბერნარდი ისეთი პოპულარული გახდა, ის საბჭოთა კავშირშიც მოიწვიეს.

„თვითმფრინავიდან რომ გამოვიდა და გადახედა ელიტას, ვინც ხვდებოდა, უთქვამს, ჩემი მასწავლებელი რატომ არ არის, ცუდად ხომ არ არისო? მაშინ ვერავინ მიხვდა, რაში იყო საქმე. ტრანსპლანტოლოგია იმდენად დათრგუნა საბჭოთა კავშირმა, როგორც სრულიად მიუღებელი საბჭოთა მსოფლმხედველობისთვის, რომ დემიხოვი მუშაობდა ბნელ, ცივ, ნესტიან სარდაფში. დემიხოვი არ გაახარეს, აი ეს იყო საბჭოთა კავშირი,“ ამბობს როსტომ ცხვედიანი.

ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, რომ იყო პერიოდები საბჭოთა კავშირში, როდესაც გარკვეული დარგები ცხადდებოდა ცრუ მეცნიერებად, ან მიუღებლად საბჭოთა მსოფლმხედველობისთვის.

„მაგალითად, გენეტიკა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლევები ამ მიმართულებით შეზღუდული და დაგმობილი იყო. ბევრი გენეტიკოსი 30-იან წლებში წმენდას შეეწირა. მიიჩნეოდა, რომ ეს იყო დასავლური კაპიტალისტური სამყაროს მიერ გამოგონილი დარგი. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მოხდა რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით სერიოზული რესურსი იხარჯებოდა. თუმცა, შემდეგ აითვალწუნეს კიბერნეტიკა. იყო პერიოდი, როდესაც მას აცხადებდნენ ცრუ მეცნიერებად. თუმცა, როცა დასჭირდათ ეს ტექნოლოგიები, მის გაძლიერებას შეეცადნენ, რა თქმა უნდა,“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ასევე, ხშირი იყო უკვე არსებული ტექნოლოგიებისა და მიღწევების მითვისება. „შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს იყო ქურდობა, კოპირება, წარმოჩენა ისე, თითქოს საბჭოური მიღწევა იყო. მაგალითად, მოსწავლეებს ასწავლიდნენ, რომ ყველაზე მნიშნელოვანი გამოგონება, ორთქლის ძრავა, პირველად რუსმა შექმნა, მაგრამ რადგან მონარქია იყო, ამას ყურადღება არ მიაქციეს. ეს რუსეთში გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე დასავლეთში. ასეთ დონეზე მიდიოდა პროპაგანდა,“ ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

საბჭოთა კავშირის დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ალტერნატული მედიცინაც, ამ მიმართულებით კი „უნიკალური აღმოჩენებიც“ ჰქონდათ. რუსმა ჟურნალისტმა სერგეი ტაშევსკიმ, საბჭოთა პარამედიცინის მიღწევები გამოიკვლია და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა ამ თემას. Მისი ვრცელი კვლევიდან განსაკუთრებით საინტერესოა ერთი ეპიზოდი, რომელიც კარგად გამოხატავს საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებას ზოგადად დასავლეთისა და დასავლური მედიცინის მიღწევების მიმართ.

1927 წელს გერმანელმა ენდოკრინოლოგმა ზელმარ აშჰეიმმა აღმოაჩინა, რომ როცა თეთრ თაგვებს კანქვეშ შეუყვანდნენ ორსული ქალის მცირე რაოდენობის შარდს, ცხოველები იღგზნებოდნენ. ეს გონადოტროპული ჰორმონის მოქმედებით იყო გამოწვეული. საბჭოთა კავშირში აშჰეიმის ექსპერიმენტი ექიმმა ალექსეი ზამკოვმა გაიმეორა და ამ ტექნოლოგიამ მას დიდი წარმატებაც მოუტანა. თავდაპირველად ეს მიდგომა საკუთარ თავზე გამოსცადა, შემდეგ კი ექსპერიმენტში წითელი არმიის ჯარისკაცებიც ჩართო. თუმცა, 1930 წელს ფსევდომეცნიერების მოწინააღმდეგეებმა ზამკოვი ექიმბაშობასა და ადამიანებზე უკანონო ექსპერიმენტების ჩატარებაში დაადანაშაულეს. მისი ლაბორატორია დაიხურა, ზამკოვი კი არალეგალურად საზღვარგარეთ გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა დაიჭირეს და ბრალი დასდეს „შარდის სასწაულებრივი საიდუმლოს დასავლეთისთვის მიყიდვისმცდელობაში“.