არჩევნები 2024

რელიგიის წინასაარჩევნო ინსტრუმენტალიზაცია - ვინ (არ) ებრძვის ეკლესიას?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 11 October 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.

 

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

 

ქართული ოცნების ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკის კიდევ ერთი  გამოხატულება რელიგიით მანიპულირებაა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ ეკლესიის მცველის როლი მოირგო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივითაც გამოვიდა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ერთ-ერთი არგუმენტი ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს დაცვა იყო, იმის მტკიცებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ ეკლესიას ებრძვიან.

 

21 აგვისტოს პარტიის ლიდერმა და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება…მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის".

 

25 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “თვალსაჩინოა, თუ რა ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება რწმენის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორი გააფთრებით ებრძვიან ეკლესიას… ვლოცულობთ ჩვენს სალოცავებში, თუ ვაღმერთებთ სხვათა კერპებს?”

 

მსგავსი რიტორიკა გაიმეორა პარლამენტის სპიკერმა რამდენჯერმე ჯერ 19 სექტემბერს “დღეს უნდათ, რომ სწორედ ეს იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ. რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს”,  და შემდეგ 29 სექტემბერს “შეგვიგინეს ერეკლე მეფე, წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ”.

 

ვინ (არ) ებრძვის ეკლესიას?

 

ქართული ოცნება როგორც წინა საარჩევნოდ, ისე წინა პერიოდშიც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს, რომლებიც, მათი განცხადებით, არა ეროვნული ინტერესების, არამედ უცხოური ძალების გამტარებლები არიან და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაც მათი დასავლელი დონორების დაკვეთაა.

 

რეალურად, დასავლეთი ქართული ეკლესიისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, რისი დასტურიც ევროპული და ამერიკული გრანტებით აღდგენილი ისტორიული ძეგლებია.

 

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP)

 

2021 წელს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) შეიქმნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფონდის ფარგლებში 21 წელში აშშ-მ $2 000 000 გასცა ქართული კულტურული ძეგლების აღსადგენად, რომელთა შორისაა:

 

გელათის მონასტერი - მონასტრის ფრესკების რესტავრაცია, არქიტექტურული სტრუქტურის გადაუდებელი სტაბილიზაცია, ბათქაშისა და ფერწერული ფენების გამაგრება, მარილების მოშორება, მოჭიქული კერამიკით დახურვა, ქვის ფილების გაწმენდა.

 

ხახულის კარედი - ხატის კონსერვაცია და ახალ გამოფენაზე გატანა.

 

არბოს წმ. გიორგის ეკლესია და ტირძნისის წმ. სამების ეკლესია კონფლიქტის ზონაში - კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ეკლესიების რეაბილიტაცია.

 

სვანეთის ეთნოგრაფიისა და ისტორიის მუზეუმში დაცული ხატების რეაბილიტაცია

 

გარეჯას უდაბნოს დასავლეთ გარეუბანში მდებარე ორი მონასტერი - თეთრი უდაბნოს ფრესკების რესტავრაცია.

 

XII-XIII საუკუნეების სახარება - ბერთის, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებების ლითონით მოჭედილი ყდების რესტავრაცია.

 

უფლისციხე - კრიტიკული უბნების გამოვლენა, კომპლექსური მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მთის ქანების დაშლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

 

ატენის სიონი - ნაგებობისა და მხატვრობის რეაბილიტაცია.

 

ჯვრის მონასტერი - მთავარი ტაძრის ფასადებზე დაზიანებული მოსაპირკეთებელი ქვის კონსერვაცია.

 

აშშ-ის მხარდაჭერით აღდგა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული იკორთის ტაძარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიტარეთის ტაძარს.

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდი)

 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდი) კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად 20 წელიწადში 1 500 000$-ით 365 პროექტი დააფინანსა, მათ შორისაა:

 

სხალთის ტაძრის, ცხავატის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიის, აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის ტაძრის, ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესიის გამაგრება,  ყინწვისის ანგელოზის ფრესკის რესტავრაცია;

 

ბოდბის წმ. ნინოს ტაძრის, თეძმის ხეობის ნათლისმღებლის ეკლესიის, დავით გარეჯის კედლის მხატვრობის, ბეთანიის მონასტრის ფრესკების და ასპინძის ეკლესიების კედლის მხატვრობის აღწერა და დაარქივება; სინას მთის აღმოცენების ფოტო ფიქსაცია.

 

სხვა დასავლური გრანტებით დაფინანსდა სხვადასხვა ეკლესიებისა და საკრალური ნივთების რესტავრაცია, მაგალითად:

 

ევროპის საბჭოს დახმარებით ნიქოზის მონასტრის რესტავრაცია მოხდა, ნიდერლანდების დაფინანსებით კი აღმოიფხვრა ალავერდის კათედრალისთვის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანი და რესტავრაცია ჩაუტარდა იკვის ტაძრის XII-XIII საუკუნეების კედლის მხატვრობას.

 

ეს მცირე ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც დასავლური ფონდები ქართული უნიკალური კულტურის შესანარჩუნებლად გამოყოფს.

 

დასავლეთის დახმარების პარალელურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია. მაგალითად, გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ დრანდაში მდებარე დრანდის ტაძარი 2011 წელს გადაღებეს, ათამდე ვერცხლისფერი კარ-ფანჯარა დაამონტაჟეს და მიწის ფენა ტაძრის გარშემო მთლიანად მოხსნეს. თეთრად გადაღებეს ილორის ტაძარიც, რასაც ქართული უნიკალური ფრესკები და წარწერები შეეწირა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი ხშირად ანადგურებდა დაპყრობილი ტერიტორიებზე არსებულ ტაძრებს, მათ შორის, დაზიანებულია ბედიის ტაძარში არსებული ბაგრატ III-ის ერთადერთი ფრესკა. რუსეთი ტაძრებს უკრაინაშიც ვანდალურად ანადგურებს. New York Times-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 900-ზე მეტი სკოლა, ეკლესია და საავადმყოფო გაანადგურა.

 

მანამ, სანამ მმართველი პარტია არა-სამთავრობო სექტორისა და მათი დონორების ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს, მძიმე მდგომარეობაშია გელათის მონასტერი, რომლის სახურავი, კედლის მხატვრობა და ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა რესტავრაციას და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის, რაც კედლის მხატვრობასა და შუა საუკუნეების ფრესკებს ანადგურებს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, გელათში არსებული მდგომარეობა ნეპოტიზმისა და სამსახურებრივი გულგრილობის შედეგია. კულტურის სამინისტროს არასაკმარისი მუშაობის შემდეგ, გელათის რეაბილიტაციის პროცესი საპატრიარქომ გადაიბარა, თუმცა რესტავრაციის პროცესი კვლავ ჭიანურდება და კედლის მხატვრობა კვლავ ზიანდება.

 

რელიგიითა და ეკლესიით მანიპულირების კიდევ ერთი დასტური საქართველოს საეკლესიო პირების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო მოსმენებია

პოლიტიკური ანალიზი

ამბივალენტურობიდან ანტი-დასავლურ ნარატივამდე

ანტი-დასავლური ნარატივები საქართველოში საბჭოთა კავშირის იმპერიული მმართველობიდან იღებს სათავეს. მისი შინაარსიც, განსაკუთრებით ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების, ისევე როგორც სუვერენიტეტის საკითხებთან მიმართებაში, საბჭოთა ანტი-დასავლური დისკურსის ნაწილია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დასავლეთი გახდა არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების წყარო, არამედ კონსტიტუციურად აღიარებული საგარეო პოლიტიკის ორიენტი. თუმცა, ანტი-დასავლური დისკურსი თანაარსებობდა ოფიციალურ პრო-დასავლურ პოლიტიკასთან ერთად თანამედროვე საქართველოში და ძირითადად, კულტურულ შფოთვასა და ულტრა-ნაციონალისტურ ნარატივებში ვლიდებოდა. მაშინ, როდესაც პრო-დასავლურმა და პრო-რუსულმა პოლიტიკამ თუ ნარატივებმა ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი შეიძინა, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკანასკნელ წლებში, საქართველოს მთავრობა ცდილობდა საგარეო პოლიტიკური კურსი ამბივალენტურად განესაზღვრა ამ ორ სივრცესთან მიმართებაში. აღნიშნული პოლიტიკა, ერთის მხრივ, მიმართული იყო დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის დონის შენარჩუნებაში და ამრიგად, პრო-ევროპელი ამომრჩევლის მობილიზებაში, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის მიმართ შერბილებული ტონისა და ანტი-დასავლური, ულტრა-ნაციონალისტური სენტიმენტების წახალისებაში. ბოლო პერიოდში, საქართველოს მმართველი ელიტა აქტიურად იყენებს ანტი-დასავლურ რიტორიკას როგორც წინასაარჩევნოდ სხვა პოლიტიკური საკითხიების გადასაფარად, ისე საზოგადოებრივი პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციისა და (შეფარული თუ ცხადი) პრო-რუსული ნარატივების გასამყარებლად.

 

ისტორიულად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბებული ანტი-დასავლური ნარატივი ხატავდა დასავლურ სამყაროს, როგორც ბოროტების, ამორალურ იმპერიას, რომელიც გამოირჩეოდა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და დესტაბილიზაციისა თუ კონფლიქტების გამოწვევით.  პოსტ-საბჭოთა სივრცეში, პრო-რუსული და ულტრანაციონალისტური ძალები აგრძელებენ აღნიშნული ნარატივის გავლენის გავრცელებას, ძირითადად საქართველოს მსგავსი ქვეყნების დასავლური კურსიდან ჩამოშორების მიზნით. ამასთანავე, რუსეთის სტრატეგიული დეზინფორმაციული კამპანიები დასავლურ ლიბერალიზმს წარმოაჩენს, როგორც შეუთავსებელს საქართველოს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ღირებულებებთან და ეროვნულ იდენტობასთან.

 

თუმცა, დუალისტური საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არ არის უნიკალური საქართველოს შემთხვევისთვის, არამედ ეხმიანება არალიბერალური რეჟიმების ტენდენციას, გამოიყენონ დასავლური ინტეგრაცია დემოკრატიულ ფასადად ან ლოკალურ დონეზე ელექტორატის მოსაზიდად, თუმცა აუცილებელი რეფორმების გატარების გარეშე. ამ კონტექსტში, ქვეყნის შიგნით არსებული ანტი-დასავლური ნარატივები თანაცხოვრობდა შერჩევით, თუმცა საჯაროდ გაცხადებულ, ჩართულობასთან დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში.  ამასთანავე, რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, საქართველოში მმართველი პოლიტიკური ელიტა საგარეო დონეზე უფრო და უფრო შორდება დასავლეთთან ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ბმას, ხოლო შიდა დისკურსის დონეზე აღვივებს ანტი-დასავლურ განწყობებს, ახდენს ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაციას და დასავლური ღირებულებების ქართულთან დაპირისპირებაში განიხილვას. ეს დისკურსი, თავის მხრივ, ქმნის საჭირო ნიადაგს იმისთვის, რომ ანტი-დასავლური პათოსით მიღებული ადგილობრივი საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული იდენტობის დაცვად და პატრიოტულ ვალდებულებად მოინათლოს მმართველი პარტიის ნარატივებში.

 

საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გარდამტეხ მომენტებს შორის არის სუვერენიტეტის საკითხი. ერთი შეხედვით პარადოქსულია, რომ სუვერენიტეტის საკითხი არა რუსეთთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, არამედ უპირველესად დასავლეთთან მიმართებაში განიხილება. ამრიგად, დასავლეთის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში შეჭრად არის გამოცხადებაში მმართველი ძალის მიერ.  ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ  2024 წელს დამტკიცებული ე.წ. „აგენტების კანონი“, რომელიც თავისი არსით რუსული კანონმდებლობის მსგავსია და სამიზნე ჯგუფად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს განიხილავს, რომელთა დაფინანსებაც ძირითადად დასავლურ წყაროებს უკავშირდება.

 

ამრიგად, განხილული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია რუსეთთან და რუსეთის შესახებ რიტორიკის შერბილება. ამ შემთხვევაშიც პარადოქსულ დუალიზმთან გვაქვს საქმე: მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის გაცხადებული მიზანია ოკუპაციის უარყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ამავდროულად ერიდება რუსეთის, როგორც ამ პროცესში ცენტრალური აქტორის, კრიტიკულად მოხსენიებისგან. მეტიც, რეგიონში აგრესიული ომის ერთადერთ მწარმოებელთან დაახლოება განიხილება მშვიდობის მიღწევისა და შენარჩუნების გზად.

  

დასკვნის სახით, ანტი-დასავლური დისკურსი თანამედროვე საქართველოში კომპლექსურობით გამოირჩევა და ვარირებს „გათვლილი ამბივალენტურობიდან“ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობით გადმოცემულ ნარატივებამდე. ანტი-დასავლური, ულტრანაციონალისტური, არალიბერალური და ამავე დროს, რუსეთთან დაახლოებული პოლიტიკური ნაკრები თანაარსებობს საჯაროდ გაცხადებულ ამბიციასთან ერთად - გახდეს საქართველო ევროპული სტრუქტურების წევრი. ანტი-დასავლური განწყობები ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ამრიგად, დასავლეთთან დაახლოება ამ განწყობების შესახებ ღია დისკუსიისა და მკაფიო პოლიტიკის გარეშე არარეალისტურ მოცემულობად შეგვიძლია განვიხილოთ. 

საგამოძიებო მედიალაბი