არჩევნები 2024

გლობალური ომის პარტია

ავტორი: GEObservatory თარიღი: 10 October 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.

 

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

2 სექტემბერს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა:

 

„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთან, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები“.

 

აღსანიშნავია, ირაკლი კობახიძის თითქმის ერთი წლის წინანდელი განცხადება, რომელიც 2023 წლის მაისში გააჟღერა:

 

„გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლას, — მიუხედავად იმისა, რომ „სერიოზულ რისკებთან, მათ შორის პერსონალურ რისკებთან არის დაკავშირებული“, — „ალტერნატივა არ აქვს“.

 

ვის გულისხმობს მმართველი ხელისუფლება “გლობალური ომის პარტიაში” და რატომ გახდა საჭირო მათთან “ურთიერთობების დალაგება”?

 

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2024 წლის 29 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" მხარდასაჭერად გამართულ შეკრებაზე 6-ჯერ ახსენა „გლობალური ომის პარტია“. ივანიშვილი ამ ჯგუფს საქართველოს სუვერენიტეტისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ გადამწყვეტი გავლენა აქვს ევროკავშირსა და ნატოზე.

 

აღსანიშნავია, რომ ტერმინი “ომის პარტია” მმართველი გუნდის წევრებში ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გაჩნდა, მაშინ როცა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

 

“ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, რომელსაც შეიძლება, მშვიდობის პოლიტიკა დავარქვათ, „ნაცმოძრაობას“ თავისუფლად შეგვიძლია, დავარქვათ ომის პარტია”.

 

რაც შეეხება უშუალოდ ტერმინის „გლობალური ომის პარტია” პირველად 2022 წლის 8 ნოემბერს გაჟღერდა ამჟამინდელი პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ:

 

"არის „გლობალური ომის პარტია“, რომლის წარმომადგენლებიც ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან - მათი ერთადერთი მიზანია, საქართველოში გამოიწვიონ ის, რაც უკრაინაში ხდება".

 

აღსანიშნავია, რომ კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, იგივე ნარატივის გავრცელება დაიწყეს როგორც “ქართულ ოცნების” დეპუტატებმა, ასევე, მმართველ პარტიასთან აფილირებულმა “ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა რომლებიც ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევიან.

 

საინტერესოა ისიც, რომ “გლობალური ომის პარტიაში” არა მხოლოდ ევროპარლამენტარების, არამედ უშუალოდ კოლექტიური დასავლეთის წარმომადგენლების მოაზრებაც დაიწყეს, მათ შორის იმჟამინდელი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის - კელი დეგნანის. პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა:

 

“ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს”.

 

ფაქტია, რომ მმართველი პარტია და მისი სატელიტები, ყველაფერს, იქნება ეს კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მიერ თუ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაბიჯები -  “გლობალური ომის პარტიის” დაკვეთას მიაწერენ. ამის ყველაზე კარგი მაგალითია, 2022 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღება რაშიც ირაკლი კობახიძემ გლობალური ომის პარტია დაადანაშაულა:

 

„არ დავასახელებ, ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ უხერხულობა არ მინდა შევქმნა. […] ჩვენ ამაში ვერ დავადანაშაულებთ ევროკავშირს, იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს მყიფე გადაწყვეტილების მიღების წესი. 27-დან 1 ქვეყანაც რომ გამოსწიო, უკვე არ გენიჭება კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ ევროკავშირს, მაგრამ შეგვიძლია დავადანაშაულოთ გლობალური ომის პარტია იმაში, რომ მან განახორციელა ზემოქმედება ევროკავშირზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ერიდება ღიად დასახელებას თუ ვინ დგას “გლობალური ომის პარტიის” უკან, ფაქტია, რომ ისინი ამ ყველაფრის უკან კოლექტიურ დასავლეთს მოიაზრებენ. მსგავსი ტერმინი ფართოდაა გავრცელებული რუსეთშიც, სადაც რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები აქტიურად იყენებენ „კოლექტიური დასავლეთის“ ცნებას, რომელიც აღნიშნავს ყველა ტიპის „საფრთხეს“, რაც დასავლეთიდან შეიძლება მომდინარეობდეს. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც საქართველოში, ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ბუნდოვანი ფრაზა, ასევე „კოლექტიური დასავლეთიც" არ არის მკაფიოდ განსაზღვრული რაც შეუძლებელს ხდის იმის თქმას, თუ  რა იგულისხმება ამ ტერმინების უკან.

 

ის რომ ტერმინი “გლობალური ომის პარტია” ოცნების მიერ მოგონილი ბუნდოვანი კონსპირაციული თეორიაა და მჭიდროდ გადაჯაჭვულია რუსულ საინფორმაციო ოპერაციასთან, ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც კარგად აცნობიერებენ:

 

„ხუმრობა არ არის, ვინაიდან, სერიოზული რამეა და კრემლის ნარატივია. კრემლის ნარატივია და აქ ამაზე დებატებიც კი ისეთი რამეა, რისი გაკეთებაც არ გვსურს, ვინაიდან, ეს ყალბი ნარატივია, ყალბი და მცდარი მიმართულებაა. — ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა

 

იმავე აზრზეა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი, რომელმაც საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა:

 

„ომის ერთადერთი პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი, - მათი, ვინც თავისუფლებას აფასებს, - ვალია, რომ ვებრძოლოთ ამ პარტიას და მოვიგოთ ეს ომი“

მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ბრიუსელზე „გლობალური ომის პარტიის“ გავლენების შესახებ, გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

 

„ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - ის არის მოსკოვში. რუსეთია, ვინც საქართველოში შეიჭრა 2008 წელს; რუსეთია, ვინც შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს და რუსეთია, ვინც განახორციელა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს; რუსეთია, ვინც იყენებს ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს, რომ არიოს ვითარება და შექმნას ქაოსი ყველგან - აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში”.

 

ამრიგად, სინამდვილეში, “გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიაა, ერთგვარი ხერხი, რომელსაც ხშირად იყენებენ ავტორიტარული რეჟიმები საკუთარი მმართველობის გასამყარებლად. ქართული ოცნება, გამოგონილი “გლობალური ომის პარტიით” ცდილობს საზოგადოება დააშინოს, იმით, რომ ვითომდა “კოლექტიური დასავლეთი” საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. მმართველი პარტიისთვის აღნიშნული კონსპირაციის თეორია არის ერთგვარი მიდგომა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან გამოგონილ საფრთხეებზე გადაიტანოს, ხოლო მეორე მხრივ  კიდევ უფრო დაშორდეს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს და ქვეყანა მაქსიმალურად დააბრუნონ რუსულ ორბიტაზე.

 

პოლიტიკური ანალიზი

თანამედროვე პოლიტიკურ ლანდშაფტში შეთქმულების თეორიები გახდა ძლიერი იარაღი, რომელსაც პოლიტიკური აქტორები ხშირად იყენებენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში. ვინაიდან საარჩევნო პერიოდში მოსახლეობა განსაკუთრებით აქტიურად ადევნებს თვალს პოლიტიკურ პროცესებს და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში გამოხატული პოლარიზებაც იმატებს. ამავდროულად, კონსპირაციული ნარატივები საარჩევნო პერიოდში ხელს აძლევს პოლიტიკურ სუბიექტებს მხარდამჭერთა მობილიზების, ოპონენტების დისკრედიტაციისა და საკუთარი შეცდომებიდან ყურადღების გადატანისთვის. შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ნარატივების წარმატება დამოკიდებულია მათ უნარზე, გააღვივონ კრიზისის განცდა და საზოგადოებაში არსებული შიშები. 

 

ამასთანავე, შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული ნარატივები აძლევს საშუალებას პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ მათი შინაარსი საჭიროებისამებრ განსაზღვრონ, იმ მოცემულ მომენტში ხელსაყრელი კონტექსტიდან  გამომდინარე.

 

ცხადია, შეთქმულების თეორიების გამოყენება პოლიტიკაში არ არის ახალი, მაგრამ მათი გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა ციფრულ ეპოქაში, სადაც ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და საზოგადოების ნდობა სახელმიწფო ინსტიტუტების მიმართ მკვეთრად იკლებს.

 

საქართველოში მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყენებს შიშის პოლიტიკას და ე.წ „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებას. მიუხედავად იმისა, რომ „გლობალური ომის პარტიის“  განმარტება თავისთავად ბუნდოვანია, მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია ნათლად გვაჩვენებს თუ რა მიზნებით შეიძლება იყოს გამოყენებული შეთქმულების თეორიები პოლიტიკური ელიტების მიერ.

 

პირველ რიგში, კარგად აგებულ კონსპირაციულ ნარატივს შეუძლია გააერთიანოს ამომრჩეველთა ნაწილი და მოახდინოს მხარდამჭერთა მობილიზება საზოგადოებაში არსებული სოციალური შიშების გარშემო. საქართველოში მმართველი პარტიის „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი ემყარება საგარეო ჩარევისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვის ირგვლივ არსებულ ფართოდგავრცელებულ შიშებს. ამავდროულად, ეს ნარატივი აძლიერებს მოსალოდნელი საფრთხის განცდას და გვაჩვენებს კრიზისულ სურათს, არწმუნებს რა ამომრჩეველს, რომ მსოფლიოში არსებული ძლიერი ძალები ცდილობენ საქართველოში არსებული „სტაბილური და მშვიდობიანი“ გარემოს არევას და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას (იგულისხმება რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში). საქართველოს შემთხვევაში, ეს ნარატივი რეზონირებს მოსახლეობის იმ სეგმენტთან, რომელიც სკეპტიკურად უყურებს საგარეო დახმარებას, უკვე აქვს ანტი-დასავლური განწყობები, და ლიბერალური დემოკრატიისთვის საჭირო რეფორმებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევად აღიქვამს.  შედეგად, „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი, იყენებს მოსახლეობაში არსებულ შიშებს და აძლიერებს ეროვნული თვითგადარჩენის განწყობას, რაც თავისმხრივ, აისახება მმართველ პარტიასთან ასოცირებასა და მის მხარდაჭერაში.

 

შეთქმულების თეორიები ასევე ხშირად გამოიყენება როგორც კრიტიკისგან თავდაცვითი ინსტრუმენტი. როდესაც პარტია ან პოლიტიკური ფიგურა ყურადღების ცენტრშია, შეთქმულების თეორიას შეუძლია ყურადღება გადაიტანოს სრულიად სხვა საკითხზე. საქართველოს მმართველი პარტიის შემთხვევაში, „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობაში უკანა ფლანგზე გადაიწყიოს ხელშესახები პრობლემების საკითხმა და მთავარი სადებატო თემა პარტიის დღის წესრიგის მიხედვით განისაზღვრებოდეს. 

 

მმართველობის 12 წლის შემდეგ, ქართულ ოცნებას არ აქვს მკაფიო წარმატების ანგარიში და შესაბამისად, მისი მომავალი ამ პრიზმიდან წარუმატებლად შესაძლოა შეფასდეს. შესაბამისად, ერთის მხრივ, ნებისმიერი შიდა თუ საგარეო წარუმატებელი პოლიტიკა, მათი მხრიდან მიეწერება გაურკვეველ, გავლენიან ძალებს მსოფლიოს მასშტაბით - „გლობალურ ომის პარტიას“. ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული ნარატივი ავსებს დღის წესრიგს იმდენად, რომ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტებისთვის აღარ რჩება სივრცე დღის წესრიგის შესაქმნელად თუ სხვა საკითხების განსახილველად. შედეგად, საარჩევნო დღის წესრიგი დაცლილია ინტელექტუალური თუ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დებატისგან და უმეტესწილად აქცენტირებულია შიშების გარშემო.

 

და ბოლოს, შეთქმულების თეორიები ქმნის ჩვენ vs. ისინი ტიპის დაყოფას და მკაფიოდ ხლეჩს საზოგადოებას. პოლიტიკოსები მკაფიო ხაზს ავლებენ შიდა (მხარდამჭერების) და გარე ჯგუფებს (ოპონენტებს) შორის და შედეგად კომპლექსური პოლიტიკური პრობლემები იკვეცება მარტივ შავ-თეთრ ნარატივებად. „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი ქმნის ერთგვარ მცდარ დილემას, რომელიც ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველს თითქოს მმართველი პარტიის დამსახურებაა მშვიდობა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ომი და ნგრევა გარდაუვალია. ამრიგად, ამ ტაქტიკას შეუძლია გააძლიეროს ამომრჩეველთა ძირითადი ბაზა განსაკუთრებით პოლარიზებულ საზოგადოებებში და ამავდროულად, მოახდინოს პოლიტიკური ოპოზიციის ან/და გარე აქტორების დისკრედიტაცია, ისევე როგორც,  ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხის კონსტრუირება.

 

მსგავსი შიშის ემოციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიები არახალია და განსაკუთრებით „წარმატებულია“ წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნები ხშირად ამძაფრებს გაურკვევლობას მომავლის შესახებ, რაც ამომრჩევლებს უფრო მგრძნობიარეს ხდის შიშისა თუ კრიზისის შეგრძნების გამომწვევი ნარატივების მიმართ. მსგავსი სტრატეგიები არაერთხელ გამოყენებულა სხვადასხვა ქვეყანაში (მაგალითად, უნგრეთში, სლოვაკეთში), სადაც პოპულისტური ან ნაციონალისტური პარტიები საუბრობდნენ არჩევნებზე, როგორც ეგზისტენციალურ მომენტზე ეროვნული უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის. ამ დროს, მსგავსი პოლიტიკური ელიტები აჯერებენ მოსახლეობას, რომ მათი ხელმძღვანელობა არის თავდაცვის ბოლო ხაზი უცხოური კონტროლისა თუ გლობალისტური შეთქმულებისგან.

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას რომ, წინასაარჩევნო კამპანიებში შეთქმულების თეორიების გამოყენება არის ტაქტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს პოლიტიკურ აქტორებს მოახდინონ მხარდაჭერის მობილიზება, თავიდან აირიდონ კრიტიკა და შექმნან განხეთქილება საზოგადოებაში. საქართველოს შემთხვევაში, „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ სტრატეგიებით მანიპულირება, ნარატივების შინაარსის ცვლილება და საკუთარ დღის წესრიგზე მორგება.

საგამოძიებო მედიალაბი