Date: 15 April 2022
პოლიტიკური მიზნებისთვის ისტორიის სათავისოდ გაყალბება საბჭოთა კავშირისათვის უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მისი ლიდერები პერიოდულად ცდილობდნენ კიდეც ამ მისიის შესრულებას და ამ მოვლენაზე ცნობილი ხუმრობაც კი არსებობდა „ნებისმიერს შეუძლია იწინასწარმეტყველოს მომავალი, რაც რთული გასათვლელია - ეს წარსულია“. მართალია, დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა დღევანდელი რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი აქტიურად განაგრძობს ისტორიის რევიზიონიზმისა და საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისათვის მისი გამოყენების ტრადიციას. ამ მოვლენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო პუტინის მიერ შექმნილი ისტორიული ნარატივი წარმოადგენს, რომელიც მან 2022 წლის 21 თებერვალს, საკუთარ ვრცელ სატელევიზიო მიმართვაში, ომის ოფიციალურად დაწყებამდე 3 დღით ადრე, გააჟღერა.
თუმცა 21 თებერვლის მიმართვა ამ ნარატივის ერთგვარი კულმინაცია იყო, რომელმაც ღიად ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და უკრაინელი ერის, არსებობის ლეგიტიმურობის საკითხი და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, არსებობას, საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების პროცესში „ბოლშევიკების მიერ დაშვებული შეცდომა“ უწოდა. მიმართვას წინ უსწრებდა პუტინის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ვრცელი წერილი, სადაც ის რუს და უკრაინელ ხალხს „ერთ მთლიანს“ უწოდებს, თუმცა ნაკლებად აგრესიული რიტორიკით საუბრობს. ასევე საინტერესოა ყირიმის ანექსიის გარშემო შექმნილი ნარატივიც, სადაც პუტინმა ეს პროცესი ყირიმისა და რუსეთის ისტორიულ „რეუნიფიკაციად“ მოიხსენია. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა, რომ უკრაინასთან მიმართებით პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ისტორიის გადაწერა, როგორც პოლიტიკური იარაღი, წლების განმავლობაში მუშავდებოდა და ვითარდებოდა, დასკვნით ნაწილს კი სწორედ ომის ოფიციალურად გამოცხადების წ ინა დღეებში მიაღწია.
საინტერესოა, რა მიზნებს ემსახურება ისტორიის რევიზიონიზმი პუტინის რიტორიკასა და მთლიანად რუსეთის ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში. არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში მუდმივად არის ცდუნება, რომ დღევანდელი ცოდნისა და ემოციის წარსულზე პროექცირება მოხდეს. თუმცა ტოტალიტარული რეჟიმები ამ მხრივ მაინც გამორჩეულნი არიან, რადგან ისტორიის ოფიციალურ ვერსიებზე დაყრდნობა და მისი აქტიური პროპაგანდა ამ რეჟიმების არსებობის გამართლების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია. დღევანდელი რუსეთი და მისი პრეზიდენტი ამ დაშვების კარგ მაგალითებს წარმოადგენენ. პუტინმა კარგად იცის რუსი ხალხის დამოკიდებულება საკუთარი ისტორიის მიმართ, მეტიც, ის თავად არის გატაცებული იმპერიალისტური სენტიმენტებით და დიდი ხანია ამ მნიშვნელოვან ფაქტორს აქტიურად და ეფექტურად იყენებს საკუთარი ქმედებების პოლიტიკური ლეგიტიმაციისათვის, უპირველესად კი, საკუთარი სახელმწიფოს შიგნით.
თუმცა ისტორიის გადაწერა, როგორც პოლიტიკური იარაღი, ბოლო ათწლეულში, სულ უფრო აქტიური გახდა რუსეთის საგარეო პოლიტიკაშიც. აღნიშნულს ადასტურებს არამხოლოდ 2022 წლის 21 თებერვლის მიმართვა, რომლის პირველი და მნიშვნელოვანი ნაწილი პუტინმა სწორედ ისტორიის გამრუდებასა და არსებითად მცდარი ფაქტებით რუსეთის მომავალი აგრესიის გამართლებას მიუძღვნა. ეს აშკარა იყო 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამოცხადებისას და უფრო ადრეც, ჯერ კიდევ 2005 წლის ცნობილ მიმართვაშიც, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლას „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. მართალია, ამ უკანასკნელ ფრაზას დასავლურ აკადემიასა და პოლიტიკურ წრეებში, ხშირად პუტინის საბჭოთა კავშირის აღდგენის ირაციონალურ სენტიმენტებად ნათლავდნენ. თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ამ შეხედულების მცდარობა არათუ დაადასტურა, არამედ ნათელი გახადა, რომ ეს სენტიმენტები საბჭოთა კავშირზე გაცილებით შორს მიდის, მას იმპერიალისტური ფესვები აქვს და, რაც მთავარია, ის სრულებით არ არის ირაციონალური სენტიმენტები და კონკრეტული მოტივები გააჩნია.
როგორც რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობს კვლევით დაინტერესებული პირები სამართლიანად მიუთითებენ, ისტორიულ ნარატივებს შორის დაპირისპირება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სრულფასოვანი ომი და პუტინის „ისტორიის გაკვეთილების“ შინაარსი მისი მოტივებისა და ქმედებების გაგებისათვის და მასზე ეფექტურად რეაგირებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, საინტერესოა რა ძირითად არგუმენტებს ემყარება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ისტორიის ამგვარი წაკითხვა? რას გულისხმობს პუტინი „ლენინის უკრაინასა“ და ყირიმის ანექსიით „ისტორიული უსამართლობის კორექტირებაში“? და როგორი უნდა იყოს დასავლეთის და დანარჩენი მსოფლიოს რეაქცია ამ საკითხზე?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2022 ლის 21 თებერვლის მიმართვა მნიშვნელოვნად იმეორებს პუტინის 2021 წლის ღია წერილს, რომელშიც ის სრულიად უკრაინელ და რუს ხალხს, როგორც „ერთ მთლიანობას“, შორის ბოლო წლებში „აღმართულ კედელს“ კი „ტრაგედიასა“ და „უიღბლობას“ უწოდებს, რომელიც დასავლეთის „ცნობილი“ ტაქტიკით - „დაყავი და იბატონე“ არის გამოწვეული. პუტინი, როგორც წერილში, ასევე მიმართვაში, ისტორიას მიმართავს, როგორც „აწმყოსა და წარსულის გაგების საუკეთესო საშუალებას“ და მიმოიხილავს „ძირითად მომენტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთსა და უკრაინას ახსოვდეს“. აღნიშნული არგუმენტების მოკლე შეჯამებით კი ცხადი ხდება, რომ მისთვის უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა დროის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი ლენინისა და ბოლშევიკების მიერ ისტორიული რუსეთის საზღვრების ხელოვნურად გამრუდების შედეგია, რაც მათი მხრიდან ადგილობრივი ნაციონალისტების მხარდაჭერის მოპოვების სურვილით იყო განპირობებული. რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა ყოველთვის ისტორიული რუსეთის ნაწილი იყო, ბოლო წლების განმავლობაში კი დასავლეთის ხელში რუსეთის დასუსტების იარაღად იქცა. ამასთან, აქ არსებული „ნაციონალიზმის ვირუსი“ არსად გამქრალა.
გარდა იმისა, რომ პუტინის მიერ გაჟღერებული ისტორიული ნარატივი ფაქტობრივად მცდარია და საბჭოთა კავშირის შიდა საზღვრები მასში შემავალი სახელმწიფოების საუკუნოვან კულტურულ, ეთნო-ნაციონალურ და პოლიტიკურ დაყოფას მიჰყვებოდა, მისი მსჯელობა უკრაინის „ნაციონალიზმით დაავადების“ შესახებ, სულ მცირე, წინააღმდეგობრივია, როდესაც მის წარმოდგენებში არსებული რუსეთის იდეა სწორედ ნაციონალიზმითა და იმპერიალისტური სენტიმენტებით არის ნასაზრდოები. თუმცა ამგვარი მსჯელობის მოტივები ნათელი ხდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის ძირითად მიზეზად და გამართლებად, სწორედ უკრაინის „დენაციფიკაცია“, დასავლეთისთვის, უკრაინის სახით, რუსეთისთვის საფრთხის ბერკეტის გამოცლა და მისი იმ „არალეგიტიმური“ ხელისუფლების ცვლილება დასახელდა, რომელიც საკუთარი პოლიტიკით „სახელმწიფოს მშენებლობას, მისი წარსულის უარყოფის, მილიონობით ადამიანისათვის მენტალიტეტის შერყევისა და ისტორიული მეხსიერების წაშლით ცდილობს“. ამასთან, მტკიცება, რომ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ბოლშევიკებმა ხელოვნურად დაანაწევრეს ერთიანი რუსეთის ტერიტორიები, ფაქტობრივად განაცხადია იმ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომლებმაც კავშირის დაშლის შემდგომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მათი ნაწილი კი დღეს ნატოსა და ევროკავშირის წევრია. შესაბამისად, ეს მცდარი ისტორიული ნარატივი, პირველ რიგში, სხვა არაფერია თუ არა უკრაინის მიმართ საკუთარი აგრესიული პოლიტიკის გამართლების საშუალება. ხოლო ამ ნარატივის დანარჩენი ნაწილი უკრაინის დასავლეთისაკენ სწრაფვას, ამ უკანასკნელის გამიზნულ, რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ პოლიტიკად წარმოაჩენს. ამ პროცესში კი თავად რუსეთი, ერთი მხრივ, მსხვერპლის როლშია, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი იმპერიალისტური სენტიმენტების თუ ამბიციების გაცხადებით, დასავლეთს უკვე ღიად უპირისპირდება.
რუსეთის მხრიდან ისტორიის რევიზიონიზმის გამოყენების მოტივები მსგავსი იყო პუტინის მიერ რუსეთის პარლამენტის გენერალური ასამბლეის წინაშე 2014 წლის 18 მარტს წარმოთქმულ საზეიმო სიტყვაში, როდესაც ოფიციალურად მოეწერა ხელი ბრძანებას „ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით“. ცხადია, მაშინდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და თავად რუსეთის პოლიტიკური მიზნების გათვალისწინებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს მიმართვა შედარებით მოკრძალებული განაცხადად ჩანს. თუმცა მსგავსი ლოგიკის მატარებელია: ისტორიული ნარატივი, რომელიც ხელოვნურად შლის ზღვარს რუს და უკრაინელ ერს შორის, გამოხატავს დასავლეთის მიმართ გულისწყრომას და რუსეთს ჩაგრული მსხვერპლის როლში წარმოაჩენს.
კერძოდ, ყირიმის ანექსიის გამართლებისას რუსეთის ოფიციალური პირების რიტორიკაში 3 ძირითად არგუმენტზე ვხვდებით მითითებას: კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება დასავლეთის მხრიდან, გერმანიის გაერთიანების პროცესში საბჭოთა კავშირის როლი და ხრუშჩოვის მიერ ყირიმის გადაცემა უკრაინისათვის.
პირველ ორ არგუმენტს „უსუსურსა“ და „არასერიოზულს“ იწოდებენ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წყაროებში. ეს შეფასება განსაკუთრებით გერმანიის გაერთიანებაში მონაწილეობას ეხება, რადგან საბჭოთა კავშირი, გერმანიის გაერთიანების მხარდაჭერით, რეალურად მის ნატოდან ჩამოშორებას ცდილობდა და ამით ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნა სურდა დასავლეთსა და კავშირს შორის. შედეგად, გორბაჩოვის სიტყვები, რომ „გერმანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გზას აირჩევენ“, ნაკლებად იყო ნაკარნახევი მხოლოდ კეთილი სურვილებით და უფრო მეტად სწორედ საკუთარი გეო-პოლიტიკური ინტერესებით, ასევე იმ მნიშვნელოვანი ფინანსებით, რომლის გაღებასაც დასავლეთ გერმანია დათანხმდა ტერიტორიიდან საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების გაყვანისა და კრემლის ფინანსების სტაბილურობისათვის. უკრაინასთან მიმართებითაც, პუტინი ევროპისგან საკუთარი გავლენის ზონის მონიშვნის გამართლებას ცდილობს და მას ისტორიულ წარსულში და მის იმგვარ ინტერპრეტაციაში ეძებს, რომლის თანახმადაც დასავლეთი არაერთხელ მოექცა რუსეთს უსამართლოდ, განსაკუთრებით კი ცივი ომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება „ისტორიული უსამართლობის კორექტირების“ არგუმენტს, ზოგისთვის ის მისაღებ მოსაზრებასაც წარმოადგენს იმ ისტორიული ფაქტიდან გამომდინარე, რომ 1954 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინას გადასცა. თუმცა ყირიმის არსებობის ჩახლართული ისტორიის ზედაპირულად გაცნობაც კი ალბათ საკმარისია იმისათვის, რომ ამ არგუმენტში პუტინის მიერ ისტორიის სათავისოდ გამრუდების მცდელობა დავინახოთ. გასულ საუკუნეებში უკრაინის ეს ნაწილი სხვადასხვა დროს რამდენიმე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და განუყოფელი ნაწილი არცერთი მათგანის არ ყოფილა. გარდა ამისა, თავად ხრუშჩოვის გადაწყვეტილება ყირიმის უკრაინისათვის გადაცემაზე, რომელსაც რუსეთი ისტორიულ შეცდომად აფასებს, ინტერპრეტირებულია, როგორც პრაგმატული გადაწყვეტილება და არა „დიდსულოვანი საჩუქარი“ და „გულკეთილობა“ უკრაინელი ხალხის მიმართ. კერძოდ, ყირიმელ თათართა გადასახლების შემდგომ, კუნძულზე დარჩენილი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოციალური და ეკონომიკური კუთხით და კუნძულზე შიმშილობის პერიოდი დადგა. იქ გადასახლებული რუსებისთვისაც ადგილობრივ გარემოსთან შეგუება არც თუ მარტივი აღმოჩნდა, რადგან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ იმ საქმიანობებთან, რომლებიც ყირიმის ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო. შესაბამისად, ხრუშჩოვის ეს გადაწყვეტილება, როგორც მიუთითებენ, სწორედ პრაგმატული მიზეზებით იყო გამოწვეული. ესეც რომ არ იყოს, პუტინის მტკიცებას საფუძველს აცლის მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტიც, რომლის თანახმადაც, 1991 წელს უკრაინაში გამართულ რეფერენდუმში, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას ეხებოდა, ყირიმის მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა რუსეთისგან დამოუკიდებლობას.
ყირიმის ანექსიის გამართლების კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი კარგად ნაცნობია საქართველოსთვისაც. კერძოდ, საქმე ეხება რუსეთის მხრიდან საკუთარი ეთნიკური უმცირესობების დაცვის საჭიროებას. პუტინის მითითებით, რუსეთის პატრიოტი მასები, საბჭოთა კავშირის ყოფილი ტერიტორიის რა ნაწილშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ერთიანი რუსი ერის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ უბრალოდ საზღვრების სხვადასხვა მხარეს გაიღვიძეს. ეს ლოგიკა, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი მასების დაცვის საჭიროებასაც გულისხმობს, რაზეც პუტინი უკრაინასთან ომის დაწყების გამართლების დროსაც აპელირებს. აღნიშნულ არგუმენტსაც, ცხადია, მნიშვნელოვანი ბმა აქვს ისტორიის რევიზიონიზმთანაც და, რაც მთავარია, ის არ ეხება მხოლოდ ყირიმს და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. მეტიც, ზოგიერთი მოსაზრებით, ამგვარი მიდგომა თავდაყირა აყენებს რუსეთის მხრიდან „ევროპული, კანონზე დამყარებული წესრიგის“ არსებობას და მას ისტორიის სანაგვეზე მოთავსებას უპირებს, რაც რუსეთის ბოლო პერიოდის ქმედებების გათვალისწინებით, რეალობას მოწყვეტილი ვარაუდი სულაც აღარ არის.
ამგვარად, დღეს უკვე აშკარაა, რომ რუსეთისა და კონკრეტულად პუტინის მიერ ისტორიის რევიზიონიზმი მის ხელთ არსებულ პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია, როგორც უშუალოდ მისი სამეზობლოსაკენ, რომელზე გავლენის შენარჩუნებაც მას სურს, ასევე ზოგადად დასავლეთისაკენ და საკუთარი მსხვერპლის სტატუსით სწორედ დასავლეთის დემონიზებას ცდილობს. ამგვარი პოლიტიკა, პირველ რიგში, საკუთარი სახელმწიფოში არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციას მცდელობაა, თუმცა, როგორც უკვე ნათელია, მას ყოველთვის უფრო ფართო და შორს მიმავალი გეო-პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდა და აქვს.
რუსეთის მიერ ისტორიის რევიზიონიზმის, როგორც პოლიტიკური იარაღის გამოყენების, ხანგრძლივ ნეგატიურ ეფექტებზე ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად საუბრობდნენ. ამ ლოგიკის თანახმად, ისტორიის გაყალბება და მისი მუდმივი პროპაგანდა, შესაძლოა, დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო ძლიერ ბერკეტად ქცეულიყო ფედერაციის ხელში. პირველი ასეთი მნიშვნელოვანი მაგალითი ყირიმის ანექსიის გარშემო აგებული ყალბი ისტორიული ნარატივები იყო. შესაბამისად, ლოგიკური დაშვება იყო, რომ დასავლეთის მხრიდან მასზე ეფექტური რეაგირების არარსებობის შემთხვევაში, ისტორიის გაყალბების პრაქტიკას, ერთი მხრივ, გარდამტეხი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა რუსეთის შიგნით არსებული ანტი-დასავლური სენტიმენტების კონსოლიდაციისათვის, რაც, ცხადია მისი, როგორც ავტორიტარული რეჟიმის სიცოცხლეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებდა. ხოლო, მეორე მხრივ, ისტორიის, როგორც პოლიტიკის იარაღის სერიოზულობის არასათანადოდ შეფასებას, განსაკუთრებით სახიფათო შედეგები შეიძლება ჰქონოდა რუსეთის უშუალო მეზობლებისათვის, რომლებიც ამ რეჟიმისაგან თავის დახსნის პროცესში მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი დასავლეთის საპასუხო და ეფექტურ ნაბიჯებზე. რუსეთ-უკრაინის ომმა ეს საფრთხეები დიდწილად რეალური გახადა. მართალია, დასავლეთი რუსეთის აგრესიას მომზადებული და ერთიანი დაუხვდა, ასევე უკრაინამ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევა გასწია, როგორც ქვეყნის ფიზიკურად შენარჩუნების, ასევე საინფორმაციო ომის წარმოების თვალსაზრისით. თუმცა პუტინისეულმა ისტორიულმა რევიზიონიზმმა ამ ომის გარშემო რუსი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდირება, ჯერჯერობით, მაგრამ მაინც შეძლო და ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგაც, რეჟიმს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
ფოტოს წყარო: Kremlin.ru