Date: 2 May 2022
კონსპირაციის თეორიები - იარაღი ჰიბრიდულ ომში
შესაძლოა ამ შეკითხვებზე გაგეცინათ და ჩათვალეთ, რომ ისინი უსაზღვროდ აბსურდულია, თუმცა მერწმუნეთ, სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებელი ადამიანები ამ ან მსგავსი შინაარსის მტკიცებებს ყოველდღე ავრცელებენ და იჯერებენ. საინტერესოა, რომ FBI-ის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კონსპიაციის თეორიები ახალ საშინაო საფრთხედაა განხილული.
კვლევები ადასტურებს მჭირდო კავშირს სოციალური მედიის მოხმარებასა და კონსპირაციულ რწმენებს შორის. მაგალითად, ბრიტანეთში 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომელბსაც ერთი ან მეტი შეთქმულების თეორიის სჯეროდათ, ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ სოციალურ მედიას იყენებდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შემთქმულების თეორიების მედიაში მოხვედრა და გავრცელება იმითიაცაა განპირობებული, რომ ისინი განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია, არც გონების დაძაბვა და დასკვნებზე ხანგრძლივი ფიქრი სჭირდება, პირიქით, შეთქმულების თეორიები იმისთვის იქმნება, რომ ადამიანებმა კონკრეტული მოვლენების შესახებ მზა დასკვნები მიიღონ.
შორს რომ არ წავიდეთ, მარტივად გეტყვით, ჩემი ნათესავი მარინა ღმადაა დარწმუნებული, რომ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი იმიტომ დაიწყო, რომ ხაზარ ებრაელებს უკრაინის ტერიტორიაზე “ზეციური იურისალიმის” გაშენება სურთ. ჩემი ნათესავი მარინა იმაშიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ ეს ინფორმაცია დედამიწაზე ცოტამ თუ იცის და ერთ-ერთი თავადაა, ამიტომ ჩემი მეზობელი მარინა ამ ცნობებს საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე აქტიურად აქვეყნებს, რათა ეს საჭირო, მაგრამ გასაიდუმლოებული ინფორმაცია სხვებმაც მიიღონ.
ჩემი მეზობელი მარინას შემთხვევა ერთადერთი არაა. მეტიც, მას მეცნიერებაც კი უმყარებს ზუგს. მაგალითად, კენტის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გვეუბნება, რომ ადამიანები შეთქმულების თეორიებს იმიტომ იჯერებენ, რომ პირადი უნიკალურობის განცდისკენ ისწრაფვიან. კვლევის ფარგლებში ისიც გამოვლინდა, რომ მათ, ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერათ, სჯერათ იმისიც, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და შესაბამისად, თავად უმნიშვნელოვანეს ცნობებს ფლობენ. გამოდის, რომ ჩემი ნათესავი მარინა მარტო სულაც არაა და კონსპირაციების მორწმუნეებს ნამდვილად ჰგონიათ, რომ მათთვის ცნობილი ინფორმაცია, რეალურად, საიდუმლოა და მისი გამჟღავნების პასუხისმგებლობასაც გრძნობენ.
მეცნიერების მიხედვით, შეთქმულების თეორიებს ბევრი ადამიანი იმიტომ იჯერებს, რომ მათ გასართობი ღირებულება აქვს. რაც ნიშნავს, რომ კონსპირაციები ემოციებზე გათვლილი, ზოგჯერ დრამატული შინაარსით (We all live for a drama) გვიზიდავს და ასე მიღებული ინფორმაცია ადამაინებს უფრო მარტივად და დიდხანსაც ამახსოვრდებათ. მაგალითად, 2021 წლის კვლევა გვეუბნება, რომ ადამიანები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის მიზეზების შესახებ ოფიციალურ ვერსიას უფრო ნაკლებად საინტერესოდ, დამაჯერებლად და მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, ვიდრე ხანძრის შესახებ კონსპირაციულ მტკციებებს, რომლებიც რეალურად არგუმენტებს სრულიად არ ემყარებოდა.
შეთქმულების თეორიების დამახასიათებელ ნიშნებზე საუბრისას, საინტერესოა, რუსული ჰიბრიდული ომის ძირითადი მახასიათებლებიც გავიხსენოთ. ჩამონათვალში ვკითხულობთ, რომ რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საკვანძო მახასიათებელი მისი მოსახლეობაზე ორიენტირებულობაა.
ჩემი აზრით, კონსპირაციები ნარატივის სწორედ ამგვარი ფორმაა. ფაქტჩექერად მუშაობის პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ვაქცინაციის სასარგებლო მხარეებისა და საჭიროების შესახებ სამეცნიერო ფაქტებსა და კვლევებზე დაფუძნებული სტატია სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობას შორის ბევრად უფრო ნაკლებად ფასობს, ვიდრე ერთი წინადადება, რომელიც ირწმუნება, რომ საყოველთაო ვაქციანცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარების გეგმის ნაწილია.
კრემლის მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები უკრანიაში დენაციფიკაციის დიად მისიას ე.წ. “სპეციალურ ოპერაციას” ახორციელებენ, რათა ქვეყანა ნაცისტებისგან გაათავისუფლონ. აქ ერთი საინტერესო კითხვა ჩნდება იმის შესახებ, რომ უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოშობით ებრაელია, რაც თავის მხრივ მის ნაცისტობას სულ ცოტა არ იყოს ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა აქ მოწმენდილ ცაზე მეხი ვარდება და სცენაზე ხაზარი ებრაელების შესახებ ჯერ კიდევ მე-8 (!!) საუკუნიდან ჟამთა სვლაში გამოჭედილი, კარგად ნაზარდი და განვითარებული შეთქმულების თეორია შემოდის. თეორია გვეუბნება, რომ დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხაზარი ხალხი მერვე საუკუნეში იუდაიზმზე მოექცა, რათა შენიღბულიყვნენ და ასე საიდუმლო იმპერია აეშენებინათ. მოგვიანებით კი ეს ხალხი აღმოსავლეთ ევროპაში დასახლდა და შესაბამისად, აღმოსავლეთ უკრაინაში (მათ შორის უკრაინაში) მცხოვრები ებრალები, რეალურად, ებრაელები სულაც არ არიან და სამყაროს ზურგსუკან ბოროტ გეგმებს ხლართავენ.
გამოდის, რომ ზელენსკი ნამდვილი ებრაელი არაა? ანუ ისიც გამოდის, რომ მისი ნაცისტის მიერ მოკლული ებრაელი ბაბუაც ებრაელი არ იყო? და ისიც აშკარა ხდება, რომ ზელენსკი შესაძლოა ნაცისტი იყოს? ანუ დენაციფიკაცია არათუ საჭირო, აუცილებელიც ყოფილა!
სამწუხაროდ, ზემოთ მოყვანილი მსჯელობა მე არ მეკუთვნის და სოციალური მედიის ასობით, სულაც ათასობით მომხმარებელი მას ირონიული თვალით სულაც არ უყურებს, არამედ ამგვარი მტკიცებების რეალურად სჯერა. ხაზარი ებრაელების შესახებ შეთქმულების თეორიები რუსეთ-უკრაინის ომის დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა, როგორც ქართველ, ასევე რუსულენოვან მომხმარებლებს შორის. ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2013 წლის მონაცემებით, აშშ-ს 12 მილიონზე მეტ მოქალაქეს სჯეროდა, რომ დედამიწაზე დიდი ხნის წინ უცხოპლანეტელი რეპტილიები დასახლდნენ და თითოეული ძალაუფლების მქონე ადამიანი, რეალურად, სწორედ შენიღბული ხვლიკია.
როგორც ვხედავთ, შეთქმულების თეორიები მრავალი ერთი შეხედვით სასაცილო, თუმცა ამავდროულად საშიში და ზიანის მომტანი მტკიცების თავშესაფარია. ჩემი აზრით, რუსული ჰიბრიდული ომი სხვა მრავალ მეთოდთან ერთად ადამიანებში კონსპირაციული თეორიების რწმენის განმტკიცებასაც ცდილობს, რადგან საბოლოოდ, მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ კონსპირაციულ მტკიცებებს ვერ გადავამოწმებთ, რთულია ღია წყაროებით შევამოწმოთ, მართლა აშენებენ თუ არა ფარული ხაზარები მე-8 საუკუნიდან დღემდე საიდუმლო იმპერიას. მჯერა, რომ ამგვარი ცნობების ფაქტებად აღქმა ადამიანს ინფორმაციის კრიტიკულ მოხმარებაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს, შესაბამისად, საჭიროა, რომ საზოგადოებას კონსპირაციული მტკიცებების დაჯერების გარდა, ინფორმაციის მიღების ალტერნატიული სანდრო და უსაფრთხო გზები შევთავაზოთ, რასაც კვლავდაკვლავ მედიაწიგნიერების საჭიროებამდე მივყავართ.
იუნესკოს მედიაწიგნიერების მეხუთე წესი გვეუნება, რომ მედია და ინფორმაციული წიგნიერების დაუფლება ერთბაშად არ ხდება. ეს ცოცხალი და დინამიური გამოცდილება და პროცესია, რომელიც მაშინაა სრულყოფილი, როდესაც ცოდნას, უნარებს და დამოკიდებულებებს, ხელმისაწვდომობას, შეფასებას, გამოყენებას, ინფორმაციის წარმოებას და კომუნიკაციას, მედია და ტექნოლოგიურ შინაარსს მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების შექმნას, რომელიც შეთქმულების თეორიებს არ დაიჯერებს, დრო და მოთმინება სჭირდება, თუმცა სანდო ინფორმაციის მოპოვება და მოხმარება 21-ე საუკუნეში ის უნარია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს.