თარიღი: 29 April 2022
სოფელი, სადაც გავიზარდე პატარაა. აქ ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთზე, ამბები სწრაფად ვრცელდება: ,,ნაირამ თავისი გოგო იმ ქალაქელ ბიჭს გააყოლა", ,,ნიკა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად", ,,მარინას ძროხას ხბო მოუყვანია".
ეს შიდა ნიუსებია, რომლებიც ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებასავით ვრცელდება ხელიდან ხელში. თუმცა ყველაზე მეტ ინტერესს ადამიანებში პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები იწვევს. ადრე ბოსტნიდან ამოსულები ტელევიზორს მიუსხდებოდნენ, ახლა ამბობენ, რომ უფრო გამარტივდა: ,,ტელეფონში გადმოვიდა ყველაფერი და ზოგჯერ ბოსტნიდანაც ვუყურებთ ახალ ამბებს.’’ ზოგი ისევ ტელევიზორს ირჩევს. ზოგს მაინც ფეისბუქი ურჩევნია ,,მაგული რომ იყენებს, ფეისბურქიო თუ რაღაც, მაქაც კარგია ბევრი ინფორმაცია დევს, თან ნათესავებსაც ვხედავ,“- მეუბნება სოფლის მკვიდრი, ერთ-ერთი ქალბატონი. ჩვენთან მაგულის ყველა იცნობს, შვილი დიდ ქალაქში ჰყავს გაგზავნილი საცხოვრებლად. თვითონ სოფელს და ბოსტანს ვერ ელევა, როცა ეუბნებიან იქეთ რატომ არ მიდიხარ ირაკლისთანო?! უპასუხებს ,,აბა ლამაზო და ე ბოსტანი ვის დავუტოვო". დიდად არც უყვარს ქალაქი, ერთი კვირით სტუმრად წასული უკან ორ დღეში ბრუნდება. აქ ამ სოფელში თითქოს მისი ფუნქცია უპოვია, დილიანად ყავაზე შეკრებილ საზოგადოებას (ქალებს, აქ რუტინის სახით აქვთ შემოღებული ერთ ოჯახში ყავის ერთად დალევა და ამბების გაცვლა-გამოცვლა). ფეისბუქის და არამარტო ფეისბუქის ამბებს ამცნობს და თავისეულ ანალიზსაც აყოლებს. ახლა უკვე ეს სოციალური ქსელი ყველამ იცის, თუმცა ყველაზე პირველი მაგულიმ გაიგო მის შესახებ: ,,ირაკლი რომ დიდ ქალაქში წავიდა იქიდან გამომიგზავნა ტელეფონი, კაცს რომ ხედავ შიგნით ისეთი, და ფეისბუქიც". უკვე 7 წელზე მეტია მარტო ცხოვრობს, სახლის და ბოსტნის საქმეებს რომ მორჩება სამეზობლოში აქვს ,,ჩამოვლა".
კეთილი ქალია. მიყვარს მასთან საუბარი და ბევრსაც ვსაუბრობთ, ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, თუმცა ორივეს მოგვწონს ერთმანეთის საპირისპირო აზრების მტკიცება.
ჩემი მაგული საბჭოთა კავშირის ცხოვრებაზეა შეყვარებული (სამწუხაროდ). როცა ამ თემაზე ვკამათობთ და რუსეთის გამამტყუნებელი არგუმენტები მრავლად მომაქვს ბოლოსკენ მეუბნება "აბა იმ ფიდარასტების ამერიკა და ევროპა ჯობია ხომ? რომ რყვნიან ბავშვებს," - გაბრაზებული ხმით მეუბნება. ჩვენი საუბრის ბოლო ნოტი კი მის მიერ ნათქვამი ეს წინადადებაა: "ეჰ ბავშვო, არ გიცხოვრია საბჭოთა კავშირში და არც იცი რამე, შენ წიგნებიდან მიყვები რაღაცებს და მე ვიცი რაც იყო, ხალხს არ შიოდა მაშინ, სამი ცალი წითელი ათმანეთიანით ლენინგრადში ჩაფრინდებოდი, თუ იცით ახლა თქვენ სადაა ლენინგრადი?!"
მგონი უკვე მიხვდით რომ ჩემი ბლოგპოსტის მთავარი გმირი ქალბატონი მაგულია. და ჰო, მე მასზე და მის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებზე მოგიყვებით.
ზამთრის ერთ-ერთი სუსხიანი დილა იყო, წვიმის წვეთებში თოვლის ფანტელებსაც ურევდა და ძირს თოვლჭყაპს დებდა. მას დილით ბოსლის და სახლის საქმეები უცებ მოეთავებინა და ჩემს სახლში ყავის დასალევად შეკრებილ ქალებს შემოუერთდა. გარედან შემოსულს თავი სულ სველი ჰქონდა და ცხვირი განსაკუთრებით გასწითლებოდა... შემოვიდა თუ არა, ძველი, კომუნისტების დროს ნაყიდი სველი შუბის გახდა დაიწყო. თან აღტაცებით ლაპარაკობდა "გაიგეთ ეგ ამერიკის საპრეზიდენტო ბავშვებს თურმე რყვნის, პედოფილიო თუ რაღაც ყოფილა, გუშინ ვნახე ინტერნეტში, გადავაზიარე და თქვენც ნახეთ."
აღტაცებით თქვა, წინადადება დაამთავრა თუ არა მაშინვე ამოისუნთქა, ვერ გავიგე ამბით იყო შეწუხებული თუ წვიმის წვეთებს რომ გაურბოდა მაშინ დაიღალა. ერთმა ორმა მათგანმა ტელეფონი აიღო და შევიდნენ სიახლის სანახავად, მერე იმსჯელეს ამაზე (მე შორიდან ვაკვირდებოდი რატომღაც ვერ გავბედე ჩარევა. არ მქონდა ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია, ამიტომ თავი შევიკავე). საბოლოოდ მაინც მეზობლის ოჯახში არსებულმა კონფლიქტმა გადაფარა ბაიდენის თემა, თუმცა პოსტი პოსტად დარჩა ფეისბუქში გაზიარებული.
ეს წინასაარჩევნო ტყუილი და შავი პიარი იყო ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, რაც არაერთმა ფაქტმა დაადასტურა. ზოგადად წინასაარჩევნოდ ხდება მსგავსი ტიპის ამების წინა პლანზე წამოწევა და გააქტიურება, რადგან ადამიანებმა აზრი შეიცვალონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული. ესეც ჰიბრიდული ომის ნაწილია, თუმცა ამაზე უფრო მეტს მოგვიანებით მოგიყვებით. კონკრეტულად ეს სიცრუე ამერიკის საზოგადოებისათვის იყო გამიზნული, მაგრამ საქართველოშიც კარგად იმუშავა, მათ სასარგებლოდ ვისაც ამერიკის წინააღმდეგ ხალხის დამოკიდებულების შეცვლა უნდა.
რუსული ჰიბრიდული ომი, უკვე წლებია, რაც საქართველოშიც იდებს ფრონტის ხაზს, რაც პირდაპირ თუ ირიბად აზარალებს ჩვენს მოსახლეობას. ამ ომის განსხვავებულობას, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ისიც წარმოადგენს რომ შეიძლება შენივე ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენებულ იარაღად იქცე. თუნდაც დაუფიქრებლად გაზიარებული, გადაუმოწმებელი ინფორმაციით. ასეთი ,,იარაღი" ბევრია ჩვენს საზოგადოებაში, ვუყურებ და ვფიქრობ ქალბატონი მაგულიც შეიძლება ერთ-ერთი მათგანი იყოს. ამ თემაზე საბაურისას ის თავშივე მკაცრად აფიქსირებს პოზიციას: ,,ომი ვიცი მე იარაღებით და ჯარისკაცებით, ფეისბუქით ომი არ გამიგია, ეგ ყველაფერი ამერიკამ ჩაგიდოთ თავში რუსეთის წინააღმდეგ,“ - შევეცადე მისგან უფრო მეტი გამეგო, რა შეხედულება აქვს ამ ყველაფერზე. ამიტომაც ვიფიქრე ინტერვიუ ჩამეწერა, ჩემი ბლოგპოსტისთვის, ცოტა კი გამიჭირდა დათანხმება თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც მოვახერხე.
გადავწყვიტე გამეგო თუ საიდან იღებს ის ძირითად ინფორმაციას.
„ძირითად ინფორმაციას უკვე ტელეფონიდან ვიღებ, გამომდინარე იქიდან, რომ აქ ამ პატარა მოწყობილობაში ყველაფერი ეტევა, ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ტელევიზორს აღარც ვრთავ, ან თუ ვრთავ თავისთვისაა ჩართული, რაც მნიშვნელოვანია, აქ მიგდებს ყველაფერს,“ - ასვე ვკითხე რამდენად ხშირად აზიარებდა ამბებს თავის გვერდზე ან თუ აზიარებდა რატომ? „მე რასაც ვნახულობ უმეტეს შემთხვევაში ვაზიარებ, რადგან მინდა სხვებმაც ნახონ და გაიგონ, ის რაც მნიშვნელოვანია,“ - ვუსვამ შემდეგ კითხვას თუ რა არის ყალბი ამბავი და რატომ ქმნიან მას? ან თუ ჰქონია ოდესმე ყალბ ამბავთან დაკავშირებული შემთხვევა? ყალბი ამბავი ტყუილს ნიშნავს, რაც შეეხება შემთხვევას არ ვიცი არ მახსენდება, მაგრამ ინტერნეტში ბევრი რამე წერია ალბათ ტყუილებიცაა იქ,“ - ასევე მინდოდა გამეგო თუ როგორ ამოწმებს ინფორმაციას თვითონ და თუ ამოწმებს საერთოდ. „ინფორმაციის გადამოწმება არ ვიცი, ზოგჯერ ძალიან ისეთს რომ წავიკითხავ დოუჯერებელს ირაკლის (თავისი შვილი) ვეკითხები და იგი მეუბნება მართალია თუ არა,“ - თუ წაშლილა თქვენს გვერდზე გაზიარებული პოსტი ოდესმე? „არ მახსოვს, თუმცა არის რაღაცები რასაც ვაზიაირებ და მერე ვეღარ ვაგნებ და არ მიხსნის, აი მაგალითად ბოლოს, ჩემს გვერდზე თქვენნაირი ახალგაზრდებისათვის გავაზიარე პოსტი, სადაც ეწერა თუ როგორ ეწინააღმდეგება ამერიკა იმას, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა გვქონდეს. მაგათ არ აწყობთ ეგ რომ ჩვენ კარგად ვიყოთ ერთმანეთში. პოლიტიკურია ეს ყველაფერი. გლეხი ხალხი მაგას ვერ მივხვდებით, ამერიკა რომ ჩვენი მოძმე იყოს მართლა დაგვეხმარებოდა. სადაც გინდა ამოაგდე ინტერნეტში, რა გამოგვიგზავნეს ომის დროს წყალი და პამპერსი, რად გვინდა ჩვენ წყალი ისედაც მიაქვს საქართველო წყალს. ეგი რომ გავაზიარე ჩემთან მერე ვეღარ ვნახე, წაშალეს ალბათ, ამერიკა შლის ამ ყველაფერს აი ტელეფონებიც ამერიკის მოგონილი არაა?!“
მივხვდი რაზეც საუბრობდა და ვანახე ინტერნეტში მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული დასტური იმის შესახებ, რომ ამერიკის მიერ გამოგზავნილ დახმარებასთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური. ისევე, როგორც რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხი. მოკლედ, ბევრი ვისაუბრეთ და მივხვდი, რომ ქალბატონი მაგული შეიძლება იყოს ჰიბრიდულ ომში იარაღად გამოყენებული, რადგან აზიარებს ინფორმაციას გადაუმოწმებლად და უცხო წყაროებიდან. მისი ფეისბუქის გვერდის ანალიზიდან გამომდინარე მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ უამრავი ყალბი და არასწორი ინფორმაცია აქვს გადაზიარებული, რომელიც შემდგომ უკვე აღკვეთილი და წაშლილი არის ფეისბუქის მიერ, თუმცა წაშლამდე ეს პოსტი შესაძლოა უამრავმა ადამიანმა ნახოს.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თუ როგორ დააჩქარა სოციალურმა ქსელებმა ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის მცდარი ინფორმაციისაც. ამ ქაოსში ჩვენ არ გვყოფნის დრო და რესურსები, რომ თითოეული ინფორმაცია გადავამოწმოთ. დღეს ინფორმაციას მხოლოდ ჟურნალისტები აღარ ქმნიან. თითოეული ჩვენგანი გავხდით ჟურნალისტი და მათ შორის, შესაძლია მისინფორმაციის გამავრცელებლებიც ვიყოთ.