არჩევნები 2024

დეზინფორმაცია: აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნიდან გაიქცნენ

ავტორი: GEObservatory თარიღი: 30 October 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები ხშირად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის ომის დროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები და პარლამენტის დეპუტატები ქვეყნიდან გაიქცნენ.

 

2020 წლის 20 ივლისს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს, იმჟამინდელმა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ არათუ დაიცვეს განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვეს ხალხი… მახსოვს, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც… ეს ხალხი ხავსს ეჭიდება, მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში“,

 

იგივე ნარატივი გაიმეორა იმჟამინდელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ:

 

“კრიზისთან გამკლავებაზე როდესაც ვსაუბრობთ, თავი ისე ნუ მოგაქვთ, თითქოს, ჩვენზე უპირატესი რეცეპტი გაქვთ, 2008 წლის აგვისტოში თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერებიდან ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა, ზოგი – რომელზე, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ”.

 

2024 წლის 15 ოქტომბერს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იგივე ნარატივი გააჟღერა და განაცხადა:

 

“სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ - თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს"!

 

ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ნარატივი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ვრცელდება უზუსტობებს შეიცავს. იმჟამინდელ ხელისუფლებასთან აფილირებულმა ზოგიერთმა პირმა ომის დროს ნამდვილად გადაკვეთა საზღვარი, თუმცა აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ არცერთ პირს არათუ ქვეყანა არ დაუტოვებია, არამედ ომის პერიოდში გადმოკვეთა საზღვარი და ქვეყანაში დაბრუნდა.

 

2014 წელს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 2008 წლის 7-14 აგვისტოს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია გამოაქვეყნა. სესიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სია აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა და დოკუმენტი პარლამენტის არქივში ინახება.

 

ირაკლი სესიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, 9 აგვისტოს ქვეყანაში დაბრუნდნენ: პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი გიგა ბოკერია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე. 10 აგვისტოს საზღვარი გადმოკვეთეს და დაბრუნდნენ მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი ნინო კალანდაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი.

 

ნიკოლოზ რურუა აშშ-დან საქართველოში 10 აგვისტოს დაბრუნდა. რურუას მიერ 2008 წლის აგვისტოში საზღვრის კვეთის ინფორმაციას, მისმა ძმამ, გიორგი რურუამაც საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნა. გიორგი რურუას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. დოკუმენტში ჩანს, რომ წითელი ხიდის გავლით 10 აგვისტოს ნიკოლოზ რურუა ქვეყანაში დაბრუნდა.

 

ამრიგად, ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ნარატივი, რომელიც ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოდან გაიქცნენ, არ შეესაბამება სრულ სიმართლეს. თუმცა, მართალია, რომ ზოგიერთმა მათგანმა საზღვარი გადაკვეთა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა მალევე დაბრუნდა, რაც ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება და ხაზს უსვამს, რომ ომის პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა ქვეყანა არ მიატოვეს.

 

 

პოლიტიკური ანალიზი

ომისა და მშვიდობის ინსტრუმენტალიზაცია

ქართული ოცნების მეტა-ნარატივების პროცესის ანალიზის შედეგად ნათლად იკვეთება, თუ რამდენად მკაფიოდ სტრუქტურირებულია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანია. მათი ძირითადი მესიჯი, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლებაში არყოფნის შემთხვევაში, საქართველოში ომი იქნება“ – არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ იღებს მიზანში მმართველი პარტია მკაფიო კონტექსტური ფოკუსითა და მარტივი გზავნილებით საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებს. 

 

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ნარატივში აგრეთვე დომინირებს ზოგადი ბრალდება, რომ ყველა პოლიტიკური ოპონენტი ქვეყანას ომისკენ უბიძგებს. აღნიშნული ნარატივი მხარდაჭერილია ე.წ. “გლობალური ომის პარტიის” მითით, რომელსაც ამ ეტაპზე, მმართველი პარტია არ მიაკუთვნებს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ან საერთაშორისო ინსტიტუციას, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ეს “ჯგუფი” იმდენად გავლენიანია, რომ შეუძლია დასავლეთის პოლიტიკის პროცესის ფორმირება ზე მოახდინოს გავლენა. აგრეთვე, მმართველი პარტია ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სურვილი არის ერთგვარი კეთილი ნების გამოვლინება და საქართველოს ევროპის კავშირში “ღირსებით” უნდა გაწევრიანდეს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს გაწევრების ზოგადი სტანდარტები. თუ ევროკავშირში “ღირსებით” გაწევრება არ იქნება შესაძლებელი და ბრიუსელი დაჟინებით მოითხოვს არსებული გაწევრების მოთხოვნების შესრულებას, საქართველო აირჩევს “ღირსების” შენარჩუნებას და უარს იტყვის ევროპის კავშირის წევრობაზე. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის გეგმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ძირითადად დაეფუძნება მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების (დასავლეთი, რუსეთი და ჩინეთი) დაბალანსების მცდელობას. 

 

ზემოხსენებული ომი vs. მშვიდობა ნარატივი მმართველი პარტიის საინფორმაციო პროპაგანდის სამ განზომილებას მოიცავს: ომის ბუნებრივი ფსიქოლოგიური შიშის პარალელურად, ქართული ოცნება აჟღერებს ევროკავშირში და ნატო-ში საკუთარი პირობებით დაახლოების გზავნილს და აღნიშნულის არ გამოსვლის შემთხვევაში ქართული ოცნება პოტენციური ზიანის დაბალანსებას ე.წ. სტრატეგიული მიუმხრობლობის ალტერნატივით გვთავაზობს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მმართველობის წინა პერიოდებთან შედარებით, ქართული ოცნების მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ნამდვილად გამორჩეულია. 

 

კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებიდან მალევე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებაში ომის შიშის კულტივაცია დაიწყო. თუმცა, მხოლოდ 2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში როდესაც მმართველი პარტიის მიერ ხელოვნურად აგორებულმა ანტი-ლგბტ პროპაგანდამ არ გამოიტანა შედეგი, ძირითადი ადგილი საინფორმაციო სივრცეში დაიკავა ომის შიშის ნარატივმა. ნაწილობრივ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის გეგმის და ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ღია საბოტაჟის მიუხედავად, ბრიუსელმა მიანიჭა საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ევროკავშირისგან უფრო ხისტი ნაბიჯების მოლოდინი ჰქონდა, რაც მნიშვნელოვნად დააშორებდა საქართველოს და ევროპის კავშირს და ფაქტობრივად შეაჩერებდა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს. ევროკავშირის მხრიდან უფრო ხისტი ზომები მისცემდა ქართულ ოცნებას წევრობისთვის საჭირო ნაბიჯების არგადადგმის ფორმალური დასაბუთების საშუალებას და ამავდროულად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში გაამარტივებდა შიდა აუდიტორიისთვის მკაფიო პოლიტიკური დილემის ჩამოყალიბების პროცესს: არა ქართულ ოცნებას – ნიშნავს ომს.

 

აღნიშნული ნარატივის გასაძლიერებლად ქართულმა ოცნებამ დააანონსა ე.წ. რუსული კანონი (“გამჭვირვალობის შესახებ კანონი”) და სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას ხელოვნურად მიაკერა უცხოური გავლენის გამტარებლის სტატუსი. მმართველი პარტიის პროპაგანდის მიხედვით, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში დასავლური დღის წესრიგის გავრცელებას რაც პირველ რიგში გულისხმობს „მეორე ფრონტის“ გახსნას და რუსეთთან ომის დაწყებას. ქართული ოცნებისთვის ნათელი გახდა, რომ აღარ დარჩა არცერთი საკმარისად რეზისტენტული თემა, რომელზეც მათ შეეძლოთ ელექტორალური კაპიტალიზაცია და დამატებით მხარდაჭერის მობილიზაცია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ობიექტურად არ ფიქსირდება წინსვლა რომელიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, ამიტომაც, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არ ფოკუსირდება არცერთ სხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხზე. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ “რუსული კანონის” მიღებს შემდეგ ქართული ოცნების რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა და ამავდროულად ურყევი დარჩა საზოგადოების უმრავლესობის სურვილი, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, “მშვიდობის შენარჩუნების” გზავნილი არის ერთადერთი ღირებული გზავნილი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საინფორმაციო არსენალში.

 

ტიპური რუსული პროპაგანდის მსგავსად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება ნახევრად სიმართლეების ტირაჟირებას, ფაქტებით მანიპულაციას და ძირითადად ავრცელებს მოკლე მარტივი შინაარსის გზავნილებს რომელიც მკაფიოდ აღიბეჭდება ხალხის გონებაში და გავლენას ახდენს ძირეულ აღქმებზე. ზემოხსენებულის ნათელი მაგალითია გზავნილი, რომ გლობალური ომის პარტია (და არა რუსეთი) არის უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულმა არ გზავნილმა საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი ქართული საზოგადოებაში, რადგან მმართველი პარტია ამახვილებს ყურადღებას დასავლეთის უუნარობაზე გამოყოს საკმარისი სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად და ამავდროულად მათ არ სურთ მიიღონ უკრაინა და საქართველო ნატოში, რათა შეაჩერონ რუსეთის აგრესია. შესაბამისად, მმართველი პარტია ქმნის ნარატივს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი მანიპულირებს უკრაინაში მიმდინარე ომით და ამავდროულად ხაზს უსვამს დასავლური სამყაროს ზოგად სისუსტესა და უუნარობას. 

საგამოძიებო მედიალაბი