საგამოძიებო მასალები

რამდენი მილიონი დაიხარჯა თბილისში საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე ბოლო 3 წელში

ავტორი: ქეთი მარსაგიშვილი თარიღი: 15 February 2023

სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად ყოველწლიურად მთელი მსოფლიო იწყებს მზადებას ახალი წლისთვის ქუჩების განათებით, ნაძვის ხეების მორთულობითა, თუ სხვა დეკორაციებით. თუმცა, თბილისში სადღესასწაულო დეკორაციებზე მეტად ყურადღების ცენტრში ქალაქის ხარჯები მოექცა. თბილისის მერია ბოლო წლებში მილიონობით ლარს გამოყოფს სადღესასწაულო სეზონზე ქალაქის გასანათებლად. ამ ყოველივესთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო სახსრები იხარჯება. სწორედ ამიტომ, შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის შესახებ კითხვები გაჩნდა, რამაც დებატები გამოიწვია სადღესასწაულო სეზონზე გადასახადის გადამხდელთა თანხების გამოყენების შესახებ. 

 

2019 წელს თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი თანხა, 3.17 მილიონი ლარი დახარჯა საშობაოდ თბილისის ქუჩების მოსაწყობად. თუმცა, 2020 წელს ამავე მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გამოყენებული, რადგან  წინა წელს ნაყიდი ნაძვის ხის განახლებაზე 104 000 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო დეკორაციისთვის სახელმწიფო შესყიდვები მერიის კომპანიის შპს "თბილსერვის ჯგუფის" მეშვეობით განხორციელდა. 

 

2020 წლის 27 ოქტომბერს „თბილსერვის ჯგუფმა“ შპს „ბენ 3“-თან, 419 840 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა საახალწლო გირლიანდების მიწოდებაზე. ამავე ჯგუფმა მიმდინარე კომპანიას საახალწლო განათებაზე 472 980 ლარის ოდენობის კონტრაქტი 2019 წელსაც დაუდო. მეორე შესყიდვა, რომელიც განხორციელდა 2020 წლის 28 ოქტომბერს, იყო 195 800 ლარის ღირებულების კონტრაქტი „შპს ღამის შოუს სტუდია”-სთან საახალწლო განათების მოწყობილობებისა და აქსესუარების, ასევე ნაძვის ხის დეკორაციის სერვისის შესაძენად. შესყიდვა განხორციელდა უშუალოდ, გადაუდებელი აუცილებლობის მტკიცებით, ქალაქში განათების დამონტაჟების შეფერხების რისკის გამო. 

 

საინტერესოა, რომ შპს „ღამის შოუ სტუდია“ იმავე სერვისზე წინა ელექტრონული ტენდერიდან დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა მოგვიანებით შესყიდვის გამარტივებული პროცესით შეძლო ხელშეკრულების მოგება. 2007 წელს დაარსებულმა კომპანიამ მასში მონაწილე 21 ტენდერიდან 7 მოიგო და 2013-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვაში 323 865 ლარი მიიღო, საიდანაც 220 621 ლარი კონკურსის გარეშე ჰქონდა მიღებული. ძირითადი დაწესებულებები, რომლებმაც კომპანიისგან მომსახურება შეიძინეს, არის აჭარის ტელევიზია/რადიო და თბილისის მერია. 2017 წლიდან თბილისის მერიამ და მისმა კომპანიამ 5 064 887 ლარი დახარჯა მხოლოდ საახალწლო განათებებზე, ინსტალაციებისა და ნაძვის ხეების გამოკლებით. 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი, მერიამ საკურორტო სეზონზე 615 640 ლარის შესყიდვები განახორციელა. სადღესასწაულო დეკორაციისთვის დახარჯული მნიშვნელოვანი თანხა აჩენს კითხვებს შესყიდვების პროცესთან დაკავშირებით და განხორციელდა თუ არა ის გამჭვირვალედ და კონკურენტულად. 

 

2020 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ 2 705 550 ლარის ღირებულების 13 ტენდერი გამოაცხადა 2021 წელს თბილისში გასამართი კონცერტების მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის 2022 წლის საახალწლო კონცერტებისთვის აღჭურვილობისა და სასცენო ტექნიკის შესყიდვაზე. გაწეულ ხარჯებს შორის 216 000 ლარი დიდი ეკრანების დაქირავებაზე დაიხარჯა, ხოლო 98 000 ლარი გარე გათბობის შესყიდვაზე. 

 

ამ შესყიდვებისთვის თანხები 2021 წლის თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა აღებული, რომელიც 840 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის ბიუჯეტზე 262 მილიონი ლარით ნაკლებია. თანხის ნაკლებობა განისაზღვრა ფულის შემცირებით სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც თითქმის განახევრდა. მაგალითად: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 34 მილიონი ლარით, ხოლო ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა 97 მილიონი ლარით შემცირდა. ეს ხდებოდა სწორედ  მაშინ, როცა თბილისის მერიაში და ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასი 5.5 მილიონი ლარით გაიზარდა, უფრო კონკრეტულად კი თბილისის მერის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასი 2021 წელს 300 000 ლარით გაიზარდა. ამასობაში, თბილისის მასშტაბით უფასო სასადილოებში ბენეფიციარების ყოველდღიური მენიუ  1.3 ლარით განისაზღვრებოდა. 

 

სამწუხაროდ, თბილისში უკიდურეს სიღარიბეში მყოფი 106 253 ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა თვეების განმავლობაში შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის ერთჯერად 300 ლარს გამოყოფს. 

 

ამ კონტექსტში, თბილისის მერიის გადაწყვეტილება 2022 წლის საახალწლო კონცერტებზე 2021 წლის ბიუჯეტიდან 2 705 550 ლარის დახარჯვის შესახებ კითხვებს აჩენს მთავრობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. სანამ საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება და უფასო სასადილოებში ბენეფიციართა დღიური მენიუ განისაზღვრება, ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების დაფინანსება მცირდება და უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა ყოველდღიური ბრძოლა გრძელდება. 2021 წლის მონაცემებით კი დგინდება, რომ საქართველოს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. 

 

აღსანიშნავია ისიც,  რომ თბილისის მერიამ სულ რაღაც ერთი წლის წინ სოლიდური თანხა დახარჯა 2022 წლის საახალწლო დღესასწაულების აღსანიშნავად. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ღონისძიებების საერთო ღირებულებამ 3 556 000 ლარი შეადგინა, სხვადასხვა აქტივობებისა და დეკორაციისთვის კონკრეტული თანხის გამოყოფის საფუძველზე. საახალწლო ქალაქის გახსნისა და დახურვის ღონისძიებები 1 155 500 ლარი დაჯდა, ქალაქის გაფორმება და მუსიკალური აქტივობები კი 1 674 000 ლარით დაფინანსდა. ბავშვთა გასართობებმა 470 500 ლარი, ხოლო თბილისის საშობაო ბაზრობამ 256 000 ლარი მიიღო. გარდა საწყისი დანახარჯისა, 8 იანვრიდან 14 იანვრამდე დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებებზე, მათ შორის თბილისის საშობაო ბაზრობაზე, დამატებით 541 000 ლარი დაიხარჯა. 2021 წლის ბოლოს კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჯამურმა ღირებულებამ 4 097 000 ლარი შეადგინა, რომელიც შესყიდვის გამარტივებული პროცედურებით განხორციელდა. 

 

ამავე პერიოდში თბილისის მერიამ გარკვეული თანხა დახარჯა საახალწლო ფეიერვერკებისთვისაც. უფრო ზუსტად, 2021 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა ტენდერი თბილისში ღონისძიებებისთვის სპეციალური ეფექტებისა და მხატვრული ფოიერვერკების შესაძენად და გამარჯვებულმა კომპანიამ 84 700 ლარი მიიღო. ამ დღესასწაულებზე მერიამ სულ 100 000 ლარი დახარჯა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, ფეიერვერკი რამდენად განუყოფელი ნაწილია საახალწლო ზეიმისა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც თუ რა საფრთხეებს ქმნის ისინი ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველებისათვის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზოგიერთმა ქვეყანამ აკრძალა პიროტექნიკის გამოყენება. მაგალითად, გერმანიაში გარემოს დაცვისა და მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციამ (DHU) შეარჩია 100 ქალაქი, სადაც დენთის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება აკრძალული იყო და ახალი წლის აღსანიშნავად გამოიყენა ლაზერები, განათებები და სხვა მულტიმედიური შოუები. ასე, რომ აუცილებელია გაითვალისწინოთ მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საშიშროება და მოძებნოთ აღნიშვნის სხვა ალტერნატიული გზები. 

 

სულ ახლახანს კი, თბილისის მერიის No1-706 ბრძანებით, 2023 წლის შობა-ახალი წლის აღსანიშნავად გამოყოფილი თანხები რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა. მერიამ 1 430 000 ლარი დახარჯა სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის საახალწლო გალა კონცერტზე, საშობაო კონცერტზე, საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე და თემატურ საახალწლო მინი კონცერტებზე. 

 

გარდა ამისა, 3 164 000 ლარი გამოიყო ღონისძიებების, აქტივობების, დეკორაციებისა და თემატური ფოტო ზონებისთვის. ეს თანხა გამოიყენებოდა ნაძვის ხეების მოსაწყობად, სცენის დეკორაციის, ქუჩისა და ფასადის დეკორაციისთვის, ასევე დღის და საღამოს კონცერტებისთვის, გასტრონომიის, ტკბილეულის ფესტივალისა და სხვა აქტივობებისთვის. საინტერესოა, ისიც რომ  მერიამ ღონისძიებების საჭირო ინვენტარის აღდგენისთვის 100 000 ლარიც გამოყო, დარჩენილი 300 200 ლარი კი გამოფენა-გაყიდვებს მოხმარდა. 

 

დასასრულს გეტყვით, რომ შესყიდვა 2023 წლისთვის მოხდა გამარტივებული შესყიდვის წესით,  ტენდერისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, რაც თავის მხრივ მაღალი ელიტური კორუფციის რისკის მაჩვენებელია და საზოგადო რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფოებმა შეამცირონ გამარტივებული წესით შესყიდვა.  თუმცა, როგორც დედაქალაქის მერია განმარტავს, ტენდერის ნაცვლად გამარტივებული შესყიდვის გამოცხადება ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარებისთვის გახდა საჭირო. მიუხედავად ამ განმარტებისა, აღსანიშნავია რომ ახალი წელი ის დღესასწაულია, რომლის პროგნოზირებაც შესაძლებელია და მერიას რამდენიმე თვით ადრე შეეძლო ტენდერის გამოცხადება. გამარტივებული შესყიდვები კი კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს, რისი მიზეზიც უკონკურენტო გარემო და ნაკლები გამჭვირვალობაა.

 

წყაროები:  

1. https://bit.ly/3v5Fgfp 

2. https://bit.ly/3W7uvF7

3. https://bit.ly/3YCErYR

4. https://bit.ly/3Ws2Tuk 

5. https://bit.ly/3v4cXhk 

6. https://bit.ly/3G9O8qE 

7. https://bit.ly/3GaCawO 

საგამოძიებო მედიალაბი