თარიღი: 14 December 2022
"მაშინ ბევრი რამ იმალებოდა, ყველაფერზე ვერ ილაპარაკებდი, დაგიჭერდნენ, დაგსჯიდნენ, პრობლემებს შეგიქმნიდნენ. მაგრამ მაინც მაშინდელი დრო სჯობდა".
მე და პაპას ბევრ თემაზე გვისაუბრია, განსაკუთრებით ნარდის თამაშის დროს ბევრი საინტერესო თემა გაგვირჩევია. ერთერთი ასეთ საღამოს დროს მახსოვს, თუ როგორ ჩამოვარდა საუბარი სსრკ-ზე და კომუნიზმზე, სინამდვილეში საკმაოდ ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ალბათ, იმიტომ, რომ გორელები ვართ და ჩვენს რეგიონში ეს ჯერ ისევ საკმაოდ აქტუალური თემაა, განსაკუთრებით პაპას ასაკის თაობაში.
ვერ ვიტყვი, რომ პაპაჩემს "ბოროტების იმპერიის" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მეტიც, ზუსტად ვიცი, რომ უფრო უყვარს და იმ დროში ცხოვრება ურჩევნია ამჟამინდელ ყოფას, მაგრამ მგონია, რომ სისტემაზე მეტად უბრალოდ ახალგაზრდობა ენატრება. რაც არ უნდა იყოს, ერთ საღამოს, როდესაც ის მიმტკიცებდა, თუ რატომ იყოს ის „წყობა“ კარგი და მე ვუმტკიცებდი, რომ არა, არ იყო ეგ სისტემა კარგი, არგუმენტად მოვიყვანე ჰოლოდომორი და ვუთხარი, თუ მაგ სისტემას ხალხისთვის სიკეთე მოჰქონდა, უკრაინაში მოწყობილი ჰოლოდომორი რას უნდა მივაწეროთ-მეთქი?!
ამ სიტყვაზე დაიბნა და გამამეორებინა, რაო, რა თქვიო, ეგ რას ნიშნავსო?! და მივხვდი, რომ ეს ტერმინი საერთოდ არ იცოდა, ალბათ, არცკი ჰქონდა გაგონილი და შინაარსობრივად ავუხსენი, თუ რაზე მქონდა საუბარი. მიუხედავად, იმისა, რომ პაპაჩემი საკმაოდ ნაკითხი და ბევრ საკითხში გარკვეული კაცია, მეუცნაურა, როგორ შეიძლება, ამ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შესახებ არ იცოდე, როდესაც არაერთხელ გვაქვს განხილული გერმანელების მიერ მოწყობილი ჰოლოკოსტი და მისი თანმდევი საშინელებები.
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ: ჰოლოდომორი სტალინური რეჟიმის მიერ ორგანიზებული ხელოვნური შიმშილობა იყო უკრაინაში. სხვადასხვა შეფასებით, 1932-33 წლებში შიმშილით 2.2-დან 3.5 მილიონამდე უკრაინელი დაიღუპა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს შეადგენდა. შიმშილობა გამოწვეული იყო სისტემის პოლიტიკით, რომელმაც უკრაინული კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში და აქცია სოციალიზმის ნაწილად.
რა წამსაც სტალინის შესახებ ნეგატიური დამოკიდებულება გამოვხატე, იმ წამსვე მივხვდი, რომ მისთვის სენსიტიურ თემას შევეხე (პაპა გორელია, მთელი ახალგაზრდობა კოლმეურნეობაში აქვს გატარებული და საკუთარი მჭიდრო სენტიმენტები აკავშირებს სსრკ-სთან, ესმის, რომ ბევრი ცუდი გააკეთეს, მაგრამ მაინც მაშინდელი წყობა ურჩევნია).
მახსოვს, რაც მაშინ მოვუყევი და ვუთხარი, არ დამიჯერა, მითხრა, დღეს ყველა იმას ცდილობს, მაშინდელი წყობა გააკრიტიკოს და მხოლოდ ცუდი გამოიტანონ დღის სინათლეზეო, ახალგაზრდებსაც სწორედ მაგას გასწავლიანო... ძველი თაობის ხალხთან ასეთ თემებზე საუბარს ვერიდები, რადგან უმეტესად აზრი არ აქვს და ზუსტად არ მახსოვს, მაშინ რა მოვიმოქმედე, მაგრამ დიდი ალბათობით, მაშინაც თავს შევიკავებდი ამ თემაზე საუბრის გაგრძელებით.
დღეს კი გადავწყვიტე ეს თემა ახლა უკვე გამიზნულად წამომეწია მასთან საუბარში და მეტი დეტალი გამეგო, მისი როგორც საბჭოთა ცხოვრებით ნაცხოვრები ადამიანისა და ამ შემზარავი ტრაგედიის შესახებ.
პირველი კითხვა რაც დავუსვი ისევ იგივე იყო, "რამე თუ გსმენია ჰოლოდომორზე, შეგიძლია, მითხრა-მეთქი?" ამჯერად იცოდა, ჩვენი მაშინდელი დიალოგიდან დაუმახსოვრებია რაღაც დეტალები და დამატებით რომელიღაც ტელევიზიაზე ვნახე სიუჟეტიო. მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებდა, როგორ მოხდა ისე, რომ საერთოდ არაფერი გაუგია სსრკ-ში ცხოვრების პერიოდში.
ეს რომ ვკითხე, ძალიან მარტივად მითხრა: მაშინ ბევრი რამ იმალებოდა, ყველაფერზე ვერ ილაპარაკებდი, დაგიჭერდნენ, დაგსჯიდნენ, პრობლემებს შეგიქმნიდნენ, რამე რომ გეთქვა ვინმეს დანაშაულზე და მითუმეტეს სისტემის, არავინ გაპატიებდა და ისე მოგიშორებდნენ, ვერავინ ვერაფერს გაიგებდაო. დაგაპატიმრებდნენ სისტემის მტრობისთვის და რამდენიც გინდა, გემტკიცებინა შენი სიმართლე, ან ვისთან უნდა გემტკიცებინა?! მაგრამ უკრაინის მაგ ამბებზე არაფერი გამიგია იმ დროშიო. და თან დააყოლა, არა მგონია, სტალინს ეგ გაეკეთებინა, არ მჯერაო! საკმაოდ დარწმუნებული და მყარი ტონით მითხრა.
მერე უფრო დეტალურად ჩავუყევით და ვუთხარი, რამდენიმე საშინელი ამბის შესახებ, რომლის შესახებაც წერილებიდან და ჩანაწერებიდან სსრკ-ს დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი. მათ შორის კანიბალიზმის შემთხვევებზე და აქ უკვე სახის მიმიკაზე შევატყვე, რომ ეს მისთვის ნაცნობი თემა იყო... საუბარი გამაწყვეტინა და ჯერ ისევ ფიქრის პროცესში მყოფმა მითხრა:
მსგავსი რაღაც გამიგია... ბავშვობაში მომისმენია ამბები უკრაინაში გახშირებული კანიბალიზმის შემთხვევებზე… სხვათა შორის, კანიბალიზმის არ ვიცი, მაგრამ ჯარში ყოფნის დროს გამიგია, რომ უკრაინელებს ისეთი უბედური ზამთარი და შიმშილობა ჰქონიათ ძაღლები და კატებიც ჰყავთ ნაჭამი.
და თითქოს ამ ისტორიის მერე კიდევ გაახსენდა მსგავსი ამბები, რამდენიმე კიდეც მომიყვა, ისეთები, სულს რომ შეგიძრავს და ტანში გაგაჟრჟოლებს, თუმცა, ამ მომენტში მთავარი ის იყო, რომ თავადვე დააყოლა, 30-იანებში უკრაინაში დიდი შიმშილობა იყოო, ეკონომიკურად გაუჭირდათ და იმის გამო, რომ მაგ პერიოდშიც არ ეგუებოდნენ და პარტიზანულად ებრძოდნენ სსრკ-ს, მოსკოვიც არ ეხმარებოდა, სწორედ იმის გამო, რომ წინააღმდეგობას უწევდნენო... როგორც ჩანს, მთლად არ ყოფილა დამალული ეს ამბავი საბჭოთა კავშირის შიგნითაც. უბრალოდ, არასრული ვერსიებით იყო დამახინჯებული რეალობა, მაინც უკვალოდ არ ქრებოდა ის დანაშაულები, რასაც სისტემა სჩადიოდა.
დავუდასტურე ეგ ფაქტი, აი, ხომ გეუბნებოდი, უკრაინაში შიმშილობა იყო და შენც გცოდნია-მეთქი, მაგრამ ეგ ამბავი სტალინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად, როგორც სადამსჯელო ოპერაცია, ისე იყო მოწყობილი-მეთქი, მაგრამ თავი "უშნოდ" გააქნია, არა, ასე არ იქნებოდაო... ეგ უნივერსიტეტში გასწავლესო? ამდენი ხნის მკვდარია ეგ კაცი და ისევ მისი სახელის ძაგებაში არიან და ყველაფერს აბრალებენ, რაც შეუძლიათო. ისევ დავრწმუნდი, რომ აზრი არ ჰქონდა იმის მტკიცებას, რომ ეს ჰოლოდომორის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე სწორედ კომუნისტური სისტემის და სწორედაც რომ, სტალინის კისერზე იყო.
თუმცა, ჩემი შინაგანი ფიქრების მიუხედავად, ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე: აი, ახლა ხომ გიყვები, გაჩვენებ, ტელევიზორშიც გინახავს სიუჟეტი უკრაინის ჰოლოდომორზე, მე რატომ უნდა მინდოდეს, რომ ის დაგაჯერო, რაც არ ყოფილა? (ამაზე პასუხი კითხვის დასმამდეც ვიცოდი, მაგრამ მაინც ვიკითხე). პასუხი კი ჩვეული იყო, მითხრა, რომ სტალინი მაგას არ იზამდა, მაგდენ ხალხს სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი სადამსჯელო მექანიზმები ჰქონდათ საბჭოთა კავშირში ამდენ ადამიანს შიმშილით არ ამოსწყვეტდა და ისიც დააყოლა, რომ აბა, ეს არის კარგი, კაცის მკვლელობაზე და ყაჩაღობაზე რამდენიმე წელში რომ უშვებენო?
აქ ისევ დავრწმუნდი იმაში, რომ ადამიანის აღზრდა, წლების განმავლობაში ნაწარმოები პროპაგანდა, სისტემის ნაწილად ყოფნა, თავისი ჩაკეტილობით, ვაკუუმში ყოფნითა და ამ შემთხვევაში სტალინის კულტის არსებობით უკვალოდ არ ქრება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ რაც არ გვინდა, იმას არ ვიჯერებთ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დიალოგი სასიამოვნოდ დასრულდა, თითქოს ორივეს ნეგატიური განწყობა დაგვრჩა, მე იმის გამო, რომ მცდელობის მიუხედავად, ვერ დავაჯერე, რა საშინელება აქვს დატრიალებული სსრკ-ს, ხოლო პაპა, მგონი, უბრალოდ, ღიზიანდება იმ ფაქტითაც, რომ სტალინის კრიტიკას ვიწყებ და ჰგონია, რომ დღეს ყველგან, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ, ტვინს გვირეცხავენ და საბჭოთა კავშირს, თავისი ლიდერებით, მხოლოდ უარყოფითი მხარით გვანახებენ, არამხოლოდ უარყოფითი მხარით, არამედ დამატებით უამრავ საშინელებასაც აწერენ.
ამ საღამოს კიდევ ერთი საკმაოდ უცნაური ამბავი ასევე ის იყო, რომ ოთახში ჩვენგან მოშორებით ბებიაჩემი ყოველ სიტყვას უდასტურებდა პაპას და ისიც იმავენაირად, ან შეიძლება, უფრო მეტადაც კი, არ მეთანხმებოდა იმ ამბავში, რის დამტკიცებასაც ვცდილობდი. ფაქტი იყო, რომ ორივემ ერთსა და იმავე რამეში დამარწმუნა.