თარიღი: 29 April 2022
ხუთი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება “ჯანო თუ გიყვარვარ გთხოვ, არ წახვიდე ფილმის პრემიერაზე” ეს წერილი დედაჩემისგან 2019 წლის 8 ნოემბერს მივიღე. ის მთხოვდა არ მენახა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ," რადგან თვლიდა, რომ ამით შეიძლებოდა ჩემს სიცოცხელს საფრთხე შექმნოდა. არ გამკვირვებია ის ხომ საბჭოთა ბავშობა გამოვლილი ქალია და სწამს, რომ დაპირისპირება და წინააღმდეგობის გაწევა მაშინაც კი, როდესაც სიმართლე შენს მხარესაა, ყოველთვის კარგ შედეგს არ მოიტანს.
სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, რის გამოც ხშირად ვკამათობთ, ვთხოვ და ვარწმუნებ, არ დაიჯეროს ყველა ის ინფორმაცია, რასაც ინტერნეტ სივრცეში ამოიკითხავს, თუმცა ამაოდ. ფილმის ტრეილერს “და ჩვენ ვიცეკვეთ” ერთად ვუყურეთ, მარტივად შემიფასა და თქვა, რომ ვიზუალური მხარე და სიუჟეტი საინტერესო ჰქონდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და მკითხა ვოცოდი თუ არა, რომ ფილმის რეჟისორი წარმოშობით თურქია, ან ის, რომ ფილმი შვედეთმა დააფინანსა და ამით ისინი ცდილობენ ქართული კულტურული ძეგლებს შეურაცხყოფას.
მაშინვე ვიკითხე საიდან მოიპოვა ამდენი ინფორმაცია ან სად წაიკითხა და მიპასუხა, რომ ერთ-ერთ ქართულ გვერდზე იყო განხილული ეს ამბავი.
როცა დედაჩემთან საუბარი დავასრულე, გადავამოწმე ინტერნეტ სივრცეში და მართლაც ვიპოვე არაერთი მსგავსი სტატია იგივე ფაქტების შესახებ, თუმცა არსად იყო მითითებული სტატიის ავტორი ან დამადასტურებელი წყარო იმისა, რაც მასში იყო მოთხრობილი. უფრო საინტერესოდ მომეჩვენა კომენტარები სტატიის ბოლოს, სადაც ყველა სახის აზრი იყო თავმოყრილი. აი მაგალითად; გინება, შექება, ჰომოფობი არ ვარ მაგრამ, ქართველობას გვართმევენ, ქართველი გეი არ არსებობს, და სხვა მრავალი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემს ეს კომენტარები უკვე წაკითხული ჰქონდა და მისი სატელეფონო ზარიც სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა.
“და ჩვენ ვიცეკვთ” არის ქართულ-შვედური დრამა, რეჟისორია ლევან აკინი. ფილმის პრემიერა კანის 72- ე კინოფესტივალზე გაიმართა და კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფილმის სიუჟეტი ორ ქართველი მოცეკვავე ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იბრძვიან მოიპოვონ ადგილი მთავარ ანსამბლში. პარალელურად კი ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდებათ.
საქართველოში ფილმის პრემიერა 2019 წლის 8 ნოემბერს დაიგეგმა, მისი ჩვენება კინოთეათრებში სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, რამდენიმე საათში ყველა ბილეთი გაიყიდა, საზოგადოების ნაწილი სეანსების დამატებას ითხოვდა, ნაწილი კი მოითხოვდა ფილმი კინოთეატრებში არ გაეშვათ. პარალელურად დაიწყო აქტიურად წერა იმის შესახებ, რომ ფილმი ემსახურებოდა ქართული კულტურის შეურაცხყოფას, რომ მისი ჩვენება ქართულ მიწაზე დაუშვებელი იყო და რომ ფილმი ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. უფრო ნათელი, რომ გავხადოთ რა ტიპის სტატიები იწერებოდა ფეისბუქის ყალბი გვერდების მეშვეობით, რამდენიმე მათგანიდან სათაურები ამოვიღე :
ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით “ქართველები და საქართველო” წერს-
“ სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაცია ეს გვინდა ჩვენი შვილებისთვის?!”
გვერდი “ ემიგრანტი ქართველები”- “ფილმში არასრულწლოვანი ბავშვები, მშობლების თანხმობის გარეშე ათამაშეს, დანაშაული თუ დაუდევრობა”
ფეისბუქ პოსტების პარალელურად მოძრაობა “ქართული მარში” ძალადობრივი აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ფილმის პრემიერას. ამის წინ უძღვოდა ლევან ვასაძის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ “შევდივარ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმს”. საპატრიაქროც ჩაერთო ამ განცხადებების სერიაში და ამბობდა, რომ ფილმის პრემიერა არ უნდა გამართულიყო, თუმცა ეს ყველაფერი ძალადობის გარეშე უნდა მომხდარიყო.
დაანონსებული აქცია მართლაც გაიმარათა. კინოთეატრების შესასვლელთან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ნაწილი ფილმის სანახავად მივიდა, ნაწილი კი ცდილობდა პრემიერის ჩაშლას, როგორც უკვე აღვნიშნე ძალადობრივ აქციას სათავეში ქართული მარში და ლევან ვასაძე ედგა, რომლებიც აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ ძალის გამოყენებით გაერღვიათ პოლიციის კორდონი და თავისუფალი მოქალაქეებისთვის არ მიეცათ უფლება ფილმის სეანსს დასწრებოდნენ. მეც ერთერთი მათგანი ვიყავი, ვისაც ფილმის ნახვა სურდა, დედაჩემის ზარები კი არ წყდებოდა, რადგან იცოდა, რომ ფილმის ნახვას ჯიუტად ვაპირებდი. ყველაფერს ართულებდა ის ფაქტი, რომ აქცია და მიმდინარე მოვლენები მთელი საქართველოს საინფორმაციო გამოშვებებში გადაიცემოდა. პარალელურად, უამრავი ფეისბუქ ლაივი და ცრუ ინფორმაცია დედაჩემის ნერვიულობას აორმაგებდა, ამიტომ მომიწია მეთქვა მისთვის ტყუილი, რომ ფილმის ნახვა გადავიფიქრე და მეგობართან ერთად სახლში ვიყავი. ძალიან რთულია მოატყუო საყვარელი ადამიანი, მითუმეტეს დედა, თუმცა ამით მე შევეცადე ის ამერიდებინა ძალიან დიდ ნერვიულობას, რაც აქციის მონაწილეებმა და ქართულმა მარშმა მოაწყო. პოლიცია კინოთეატრებთან იყო მობილიზებული, მათ შეძლეს და ფილმის ნახვის მსურველები უვნებლად შეგვიშვეს კინოდარბაზში და აკონტროლებდნენ მსვლელობის მიმდინარეობას, თუმცა მაინც მოხდა რამდენიმე ინცინდენტი - აქციის მონაწილეებმა დაწვეს ლგბტ დროშა და ანა სუბელიანს თავი ქვით გაუტეხეს. საბედნიეროდ, ანას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღია, თუმცა მას მედიკოსების დახმარება დასჭირდა.
დიდი ზეწოლის, უამრავი ცრუ ინფორმაციის, აქციების, ძალადობის და ფილმის ჩვენების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად, პრემიერა მაინც შედგა. ფილმი ვნახეთ. ალბათ ეს უბრალოდ ფილმის ნახვა არ ყოფილა, ალბათ ეს უფრო თავისუფალი მოქალაქეების გამარჯვება იყო მათ წინააღმდეგ ვისაც სიბნელეში ყოფნა გამოსავალი ჰგონია და ეშინიათ იბრძოლონ საკუთარი თავისთვისა და თავისუფლებისთვის.
ამ მაგალითით ძალიან კარგად ჩანს ფეიქ ნიუსების სამწუხარო ზეგავლენა ქართულ საზოგადოებაზე. რთულია ეს ყველაფერი მხოლოდ განათლების ნაკლებობას დავაბრალოთ, რადგან საქართველოს გარდა უამრავი ქვეყანაა სადაც ტროლებისა და ბოტების ქარხანა წარმატებით მუშაობს. “ფეიქ ნიუსებმა” ჩაანაცვლა გამოთქმა “გაზეთში წავიკითხე“ “საინფორმაციოს ვუსმინე” ახლა საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ინტერნეტ სივრცეში ამოკითხული ყველა ინფორმაცია აუცილებლად სანდოა.
ამ ფაქტის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე დედაჩემისთვის უფრო ზედმიწევნად ამეხსნა თუ როგორ შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ცრუ და ნამდვილი ინფორმაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ნაკლებად ინერვიულოს ჩემზე და ხვალინდელ დღეზე.
სამწუხაროა ფაქტია, რომ დედაჩემისთვის დღემდე არ მითქვამს იმის შესახებ, რომ იმ დღეს მე ფილმი ვნახე, დარწმუნებული ვარ გამიგებს და მიხვდება რატომაც მოვატყუე, თუმცა მე მიჭირს თვალი გავუსწორო იმ ფაქტს, რომ ფეიქ ნიუსების ტალღამ მოახერხა, რომ მომიწია დედა მომეტყუებინა.