კვლევები

დეზინფორმაცია და პროპაგანდა რუსულ იუმორისტულ გადაცემებში

ავტორი: ანი ჭიჭინაძე თარიღი: 22 February 2023

რა არის რუსეთის მთავარი ამოცანა? - როგორც КГБ-ს ყოფილი აგენტი, იური ბეზმენოვი ამბობს, ეს “ჩვენს გონებაზე დაპატრონებაა”. მგონია, რომ დღეს, მიმების ეპოქაში ჩვენს გონებაზე დასაპატრონებლად იუმორზე კარგი საშუალება არ არსებობს. სოციალური ქსელები, რომლებსაც ყოველდღიურად მინიმუმ რამდენიმე საათით მაინც ვიყენებთ, სავსეა იუმორის შემცველი ფოტო, თუ ვიდეომასალით. უმეტესობა დროსთან შესაბამისი და აქტუალურია. ისინი ეხება მიმდინარე მოვლენებს და ავრცელებს შემქმნელის პოზიციას, იქნება ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა.

 

გარდა მიმებისა, რომელიც ძირითადად მხოლოდ სოციალურ ქსელში გვხვდება, არის იუმორისტული გადაცემებიც, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია, როგორც ტელევიზიის, ისე სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის. რუსეთში ტელევიზიებში მიმდინარე გადაცემები (მათ შორის, რა თქმა უნდა, იუმორისტულიც) პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ერთერთი აქტუალური და კარგად მომუშავე საშუალებებია. 

 

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლისთვის გაზპრომის მფლობელობაში არსებულმა მედია НТВ-მ მაყურებლის რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. სწორედ ამიტომ, ერთერთ საკვლევ ობიექტად ამ არხის იუმორისტული (სატირული) გადაცემა “Международная пилорама" ავარჩიე.  მეორე საკვლევ ობიექტად კი ერთერთი ყველაზე ძველი და კვლავ საკმაოდ პოპულარული იუმორისტული გადაცემა “Comedy Club”.

 

ჩემი დაკვირვების პერიოდში “Международная пилорама"-სა და “Comedy Club”-ში თითქმის ყველა გადაცემაში ერთხელ მაინც იყო ნახსენები სანქციები. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ ნახსენები, ვგულისხმობ სასაცილო კუთხით ნაჩვენებ რეალობას, რომელიც მიმდინარე სიტუაციაზე გაღიმებას და მსუბუქად შეხედვას გაიძულებს. 

 

მაგალითად, comedy club-ის 7 ოქტომბრის დადგმა, სადაც მდიდარი სანქცირებული რუსი უხსნის მის საყვარელს, რომ რაღაც პერიოდი საყიდლებზე цум-ის მაგივრად ჩვეულებრივ მაღაზიებში უნდა იაროს. ასევე მაგალითად пилорама-ს  15 ოქტომბრის გადაცემა და ერთერთი მუდმივი თემა - გაზი და სიცივე. რადგან ევროპაში გაზის დაახლოებით მესამედი რუსეთიდან გაზსადენებით მიედინებოდა, ხოლო უკრაინაში ომის დაწების შემდეგ ევროპამ მისი მიწოდება შეამცირა, რუსული პროპაგანდის საყვარელ თემად ევროპული ცივი ზამთარი იქცა. როგორც ამ გადაცემაში ამბობენ “უფროსმა თქვა, რომ რუსეთს მიუფურთხებია სანქციებისთვის“ და რადგან  “ზამთარი ახლოსაა, რუსული გაზი კი შორს, ლუკაშენკომ პუტინს ევროპაში ბუნებრივის ნაცვლად ნახშირის ვაგონის  გაგზავნა შესთავაზა“... 

 

ეს გადაცემები სანქციების გაშარჟების პარალელურად მაყურებელს აჩვენებენ, რომ ეს ყველაფერი სულაც არაა მნიშვნელოვანი და ამის საპირწონედ რუსეთი მათ სხვა რამეს სთავაზობს. მაგალითად Comedy Club-ში ერთერთი სკეჩის დაწყებისას პაველ ვოლია შესავალ სიტყვაში ამბობს, რომ სანქციების გამო რუსეთში ბევრი საფეხბურთო თამაში არ გადაიცემა, მაგრამ ის გვაჩვენებს იმას, “რაც რუსებს ფეხბურთზე და ჰოკეიზე მეტად უყვართ”. 

 

ეს გადაცემები, მაყურებელს, რომელიც მათ კრიტიკული თვალით არ უყურებს, აიძულებენ, გაიცინონ რეალობაზე და არასერიოზულად მიუდგნენ ამ პრობლემებს. მეტიც, ასცდნენ რეალობას და შეიძლება, ითქვას საკუთარ სურვილებსაც კი - როგორც ეს ჰოკეისა და ფეხბურთის შემთხვევაში ხდება. გადაცემა პირდაპირ გეუბნება, რომ კი, კარგია ფეხბურთიც და ჰოკეიც, მაგრამ რუსების უმეტესობას ის არ უყვარს და შენც გიჩნდება ინტერესი და სურვილი, რომ მოგწონდეს ის, რაც მოსწონს ყველას. ასე საზოგადოებისგან არ გაირიყები.

 

მიუხედავად იმისა, რომ წესით, შინაარსობრივად და ვიზუალურად ეს გადაცემები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ერთი ამბობს, რომ სატირაა, მეორე კი წმინდად კომედიური შინაარსისაა, ცივ ევროპულ ზამთარზე, სანქციებსა და დასავლეთის ქილიკი და სანქციების საპასუხოდ რუსეთის ალტერნატივების პროპაგანდა ორივეს აერთიანებს. 

 

მაშინ, როცა Comedy Club-ის პაველ ვოლია მიიჩნევს, რომ UFC-ის რუსმა მებრძოლმა, სერგეი პავლოვიჩმა ყველა რუსის ოცნება აიხდინა და ამერიკაში ამერიკელი სცემა, ტიგრან კეოსაიანი, “საერთაშორისო სახერხი მანქანის” წამყვანი გადაცემაში დიდ ყურადღებას გერმანიასა და ბრიტანეთს უთმობს. მათთან მიმართებით კი განსაკუთრებით მოსწონს სხვადასხვა ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენება. მაგალითად:

 

უნდა აღვნიშნო, რომ “საერთაშორისო სახერხი მანქანა” ბევრად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიზუალურ მასალას ვიდრე Comedy Club. თუ Comedy Club-ში არის რაღაც ნეიტრალური ხუმრობებიც, აქ ცალსახად ყველა ხუმრობა პოლიტიზებულია. წამყვანი არც ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან იკავებს თავს.

 

მაგალითად, როცა ამბობს, რომ უკრაინის სახალხო დამცველმა შეთხზა ისტორიები ომის დროს გაუპატიურების შემთხვევებზე - 2022 წლის ოქტომბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ  “კიევის რეგიონში 2022 წლის მარტში ორი რუსი ჯარისკაცი შევიდა სახლში, რამდენჯერმე გააუპატიურა 22 წლის ქალი, ასევე ქმარი და აიძულა წყვილს, მათი თანდასწრებით დაემყარებინა სექსუალური კავშირი. შემდეგ ერთერთმა ჯარისკაცმა მათი ოთხი წლის ქალიშვილს აიძულა, მისთვის ორალური სექსი გაეკეთებინა”.

 

ამ გადაცემაში ასევე ხშირად იყენებენ ისეთ მცდარ ინფორმაციებს, როცა რომელიმე (ამ შემთხვევაში უკრაინის მხარდამჭერ) ქვეყანას აბრალებენ რაღაცის თქმას/გაკეთებას.

 

მაგალითად 8 ოქტომბრის გადაცემაში, წამყვანი ამბობს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი შავ ზღვაზე გასასვლელ ერთადერთ პორტს უკრაინელებს რამდენიმე წლით დაუთმობს. ამ ამბავს მოლდოვამ უპასუხა და თქვა, რომ ეს ყალბი ამბავი იყო, თუმცა, განა რამდენმა ადამიანმა ნახა მათი ეს პასუხი?

 

 

სანამ ტიგრანი მისი გადაცემის საშუალებით ფეიკ ნიუსებს ავრცელებს, Comedy Club უფრო რუსეთის დედების პროპაგანდას ეწევა. მგონი, ეს ორი გადაცემა საკმაოდ კარგად აბალანსებს ერთმანეთს და რუსულ ნარატივებს კარგადაც ავრცელებს.

 

მე-18 სეზონის პრემიერის პირველივე გადაცემა დაიწყო რუსული იუტუბის RuTub-ის პროპაგანდით. რა თქმა უნდა, ჯერ იუტუბის ცუდ მხარეებზე ილაპარაკეს, რომ სულ რეკლამებია და ვიდეოს ყურებას არ გაცდის,  RuTub-ზე კი მსგავსი რაღაცები არ ხდება.

 

რა თქმა უნდა, აქაც ხდება დასავლეთის დისკრედიტაცია და ისე წარმოჩენა, რომ ისინი ყველაფერს ამუქებენ. მაგალითად, ერთერთი გამომსვლელი ამბობს, რომ “რასაც დასავლეთში შევიწროება ჰქვია, ჩვენთან ეწოდება "ყოჩაღ, გოგომ მიიღო თავისი“ და ბევრი მსგავსი. 

 

შედარება/შეჯამება 

 

გადაცემები, რომლებსაც თითქმის ერთი და იგივე ხანგრძლივობა აქვთ, ოფიციალურად შინაარსობრივად და სტილით განსხვავებულები არიან. თუ Международная пилорама დასაწყისშივე აცხადებს რომ სატირულია, Comedy Club ამბობს, რომ stand-up ტიპის იუმორისტული შოუა. ამასთან, ერთ გადაცემას მხოლოდ ერთი წამყვანი ჰყავს, მეორეს კი გარდა ორი ძირითადი წამყვანისა, ჰყავს სხვადასხვა გამომსვლელიც. ამასთან, თუ Международная пилорама სკეჩებს ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალით აკეთებს, Comedy Club-ში დადგმებიც გვხვდება. თუმცა, არის რაღაცები, რაც ორივეს საერთო აქვთ: მაგალითად, პოლიტიკური ხუმრობების სიჭარბე. მე ვიტყოდი, რომ Международная пилорама-ში ჩემი დაკვირვების პერიოდში საერთოდაც არ ყოფილა აპოლიტიკური ხუმრობა. Comedy Club ამ მხრივ შედარებით ნეიტრალურია. თუმცა, ორივე გადაცემაში დაკვირვებისას გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი საერთო თემა:

 

  • რუსული გაზი/ცივი ევროპული ზამთარი
  • რუსები და უკრაინელები ერთი ერია 
  • დასავლეთის ქილიკა
  • რუსეთის სიძლიერის პროპაგანდა
  • იუმორის საშულებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება
  • სანქციები 
  • ცნობილი კომპანიების/ბრენდების გასვლა რუსეთიდან

ზემოთ ჩამოთვლილი სია ყველა იმ მიმართულებას მოიცავს, რაც წესით, რუსებს უნდა აწუხებდეთ, მაგრამ ეს გადაცემები ამ პრობლემებს იუმორის სახეს აძლევენ და ხალხს აცინებენ. მეტიც, მგონია, რომ ეს გადაცემები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებენ. სანამ ერთი უფრო მეტად დასავლეთის გაკიცხვითა და ცუდის ჩვენებითაა დაკავებული, მეორე რუსეთის სიდიადეს უწევს პროპაგანდას. შესაბამისად, მაყურებელი ერთი მხრივ იგებს, რა ცუდია დასავლეთი და მეორე მხრივ კიდევ რწმუნდება იმაში, რომ რუსეთი ისევ ისეთი ძლიერია, როგორც მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ.

 

ამ გადაცემების მიზანია კონკრეტული ქვეყნებისა და ადამიანების (ძირითადად პოლიტიკოსების) მარგინალიზაცია. მათ ტექსტებში ხშირია ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები/ვიდეო-ფოტო მასალა. “Международная пилорама-ს” გადაცემები სრულად სცილდება ეთიკურ ჩარჩოებს და პოლიტიკური პირების პირად შეურაცხყოფას ემსახურება. 

Investigative Media Lab