არჩევნები 2024

ევროკავშირის დირექტივა და უცხოელი აგენტების კანონი

ავტორი: GEObservatory თარიღი: 18 October 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.


11 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

 

"დაინიცირდა ევროკავშირში "გამჭვირვალობის კანონი", იმის ანალოგიური კანონი, რაც ჩვენ საქართველოში მივიღეთ და რასაც, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებმა "რუსული კანონი" უწოდეს. განმარტებით ბარათში პირდაპირ უწერიათ ასეთი რამ - იმის გამო შეაჩერეს ევროკავშირში ანალოგიური კანონის მიღება, რომ მერე აღარ ექნებოდათ მორალური უფლება საქართველოსთვის ამ კანონის გამოხმობა მოეთხოვათ. ეს ხომ ყველაფრის ლუსტრაციაა?! ხალხი პირდაპირ აღიარებს, რომ კანონი არის კარგი, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში ეს კანონი არ უნდა მოქმედებდეს, თავადაც არ იღებენ ამ კანონს".

 

2023 წლის 12 დეკემბერს ევროკავშირმა "დემოკრატიის დაცვის" პაკეტი ნამდვილად მიიღო. აღნიშნული პაკეტის ცენტრალური ნაწილია ევროკავშირის მიერ დირექტივის შეთავაზება "ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც მესამე ქვეყნების სახელით ხორციელდება".

 

აღნიშნული დირექტივის პროექტს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად უწოდებენ საქართველოში ინიცირებული "რუსული კანონის" ანალოგს; შალვა პაპუაშვილის განცხადების მიხედვით, "ევროკავშირის დირექტივას საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტის ანალოგიური სულისკვეთება და შინაარსი აქვს". თუმცა, მიუხედავად ცალკეული მსგავსებებისა, დირექტივა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონი ძირეულად განსხვავდება.

 

ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიციირდა. ის ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს.

 

ასევე, საქართველოში მიღებული "უცხოელი აგენტების" კანონისგან განსხვავებით, დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის.

 

გარდა ამისა, დირექტივა მოიცავს გარანტიებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება, მაშინ როცა ქართული ოცნება კანონპროექტების ჯერ კიდევ 2023 წელს დაინიციირებამდე ერთი წლით ადრე სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს აგენტებს უწოდებდა და მათ დისკრედიტაციას ცდილობდა.

 

ევროკავშირისგან განსხვავებით, ქართული კანონი არ წარმოადგენს დემოკრატიის ხარისხისა და გამჭვირვალობის დაცვის რაიმე ფართო პაკეტის ნაწილს. ის ცალკე მდგომი კანონია, რომელიც, მისივე ინიციატორების თანახმად, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების მიერ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობისა და საჯაროობის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

ასევე, იმის მტკიცება, რომ ევროკავშირი საქართველოს გამო არ იღებს აღნიშნულ კანონს სრულიად აზრს მოკლებულია. საუბრები აღნიშნულ კანონზე ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის მდგომარეობასა და სამომავლო პოლიტიკის ინიციატივებზე სიტყვით გამოსვლისას, ახსენა, რომ უცხოური დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო წინადადება უკვე დამუშავების პროცესში იყო. თავდაპირველად მისი წარდგენა 2023 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, თუმცა, კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან დღემდე მიმდინარეობს.​​​​​​​

 

პოლიტიკური ანალიზი

ამბივალენტურობიდან ანტი-დასავლურ ნარატივამდე

ანტი-დასავლური ნარატივები საქართველოში საბჭოთა კავშირის იმპერიული მმართველობიდან იღებს სათავეს. მისი შინაარსიც, განსაკუთრებით ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების, ისევე როგორც სუვერენიტეტის საკითხებთან მიმართებაში, საბჭოთა ანტი-დასავლური დისკურსის ნაწილია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დასავლეთი გახდა არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების წყარო, არამედ კონსტიტუციურად აღიარებული საგარეო პოლიტიკის ორიენტი. თუმცა, ანტი-დასავლური დისკურსი თანაარსებობდა ოფიციალურ პრო-დასავლურ პოლიტიკასთან ერთად თანამედროვე საქართველოში და ძირითადად, კულტურულ შფოთვასა და ულტრა-ნაციონალისტურ ნარატივებში ვლიდებოდა. მაშინ, როდესაც პრო-დასავლურმა და პრო-რუსულმა პოლიტიკამ თუ ნარატივებმა ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი შეიძინა, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკანასკნელ წლებში, საქართველოს მთავრობა ცდილობდა საგარეო პოლიტიკური კურსი ამბივალენტურად განესაზღვრა ამ ორ სივრცესთან მიმართებაში. აღნიშნული პოლიტიკა, ერთის მხრივ, მიმართული იყო დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის დონის შენარჩუნებაში და ამრიგად, პრო-ევროპელი ამომრჩევლის მობილიზებაში, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის მიმართ შერბილებული ტონისა და ანტი-დასავლური, ულტრა-ნაციონალისტური სენტიმენტების წახალისებაში. ბოლო პერიოდში, საქართველოს მმართველი ელიტა აქტიურად იყენებს ანტი-დასავლურ რიტორიკას როგორც წინასაარჩევნოდ სხვა პოლიტიკური საკითხიების გადასაფარად, ისე საზოგადოებრივი პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციისა და (შეფარული თუ ცხადი) პრო-რუსული ნარატივების გასამყარებლად.

 

ისტორიულად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბებული ანტი-დასავლური ნარატივი ხატავდა დასავლურ სამყაროს, როგორც ბოროტების, ამორალურ იმპერიას, რომელიც გამოირჩეოდა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და დესტაბილიზაციისა თუ კონფლიქტების გამოწვევით.  პოსტ-საბჭოთა სივრცეში, პრო-რუსული და ულტრანაციონალისტური ძალები აგრძელებენ აღნიშნული ნარატივის გავლენის გავრცელებას, ძირითადად საქართველოს მსგავსი ქვეყნების დასავლური კურსიდან ჩამოშორების მიზნით. ამასთანავე, რუსეთის სტრატეგიული დეზინფორმაციული კამპანიები დასავლურ ლიბერალიზმს წარმოაჩენს, როგორც შეუთავსებელს საქართველოს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ღირებულებებთან და ეროვნულ იდენტობასთან.

 

თუმცა, დუალისტური საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არ არის უნიკალური საქართველოს შემთხვევისთვის, არამედ ეხმიანება არალიბერალური რეჟიმების ტენდენციას, გამოიყენონ დასავლური ინტეგრაცია დემოკრატიულ ფასადად ან ლოკალურ დონეზე ელექტორატის მოსაზიდად, თუმცა აუცილებელი რეფორმების გატარების გარეშე. ამ კონტექსტში, ქვეყნის შიგნით არსებული ანტი-დასავლური ნარატივები თანაცხოვრობდა შერჩევით, თუმცა საჯაროდ გაცხადებულ, ჩართულობასთან დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში.  ამასთანავე, რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, საქართველოში მმართველი პოლიტიკური ელიტა საგარეო დონეზე უფრო და უფრო შორდება დასავლეთთან ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ბმას, ხოლო შიდა დისკურსის დონეზე აღვივებს ანტი-დასავლურ განწყობებს, ახდენს ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაციას და დასავლური ღირებულებების ქართულთან დაპირისპირებაში განიხილვას. ეს დისკურსი, თავის მხრივ, ქმნის საჭირო ნიადაგს იმისთვის, რომ ანტი-დასავლური პათოსით მიღებული ადგილობრივი საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული იდენტობის დაცვად და პატრიოტულ ვალდებულებად მოინათლოს მმართველი პარტიის ნარატივებში.

 

საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გარდამტეხ მომენტებს შორის არის სუვერენიტეტის საკითხი. ერთი შეხედვით პარადოქსულია, რომ სუვერენიტეტის საკითხი არა რუსეთთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, არამედ უპირველესად დასავლეთთან მიმართებაში განიხილება. ამრიგად, დასავლეთის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში შეჭრად არის გამოცხადებაში მმართველი ძალის მიერ.  ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ  2024 წელს დამტკიცებული ე.წ. „აგენტების კანონი“, რომელიც თავისი არსით რუსული კანონმდებლობის მსგავსია და სამიზნე ჯგუფად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს განიხილავს, რომელთა დაფინანსებაც ძირითადად დასავლურ წყაროებს უკავშირდება.

 

ამრიგად, განხილული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია რუსეთთან და რუსეთის შესახებ რიტორიკის შერბილება. ამ შემთხვევაშიც პარადოქსულ დუალიზმთან გვაქვს საქმე: მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის გაცხადებული მიზანია ოკუპაციის უარყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ამავდროულად ერიდება რუსეთის, როგორც ამ პროცესში ცენტრალური აქტორის, კრიტიკულად მოხსენიებისგან. მეტიც, რეგიონში აგრესიული ომის ერთადერთ მწარმოებელთან დაახლოება განიხილება მშვიდობის მიღწევისა და შენარჩუნების გზად.

 

დასკვნის სახით, ანტი-დასავლური დისკურსი თანამედროვე საქართველოში კომპლექსურობით გამოირჩევა და ვარირებს „გათვლილი ამბივალენტურობიდან“ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობით გადმოცემულ ნარატივებამდე. ანტი-დასავლური, ულტრანაციონალისტური, არალიბერალური და ამავე დროს, რუსეთთან დაახლოებული პოლიტიკური ნაკრები თანაარსებობს საჯაროდ გაცხადებულ ამბიციასთან ერთად - გახდეს საქართველო ევროპული სტრუქტურების წევრი. ანტი-დასავლური განწყობები ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ამრიგად, დასავლეთთან დაახლოება ამ განწყობების შესახებ ღია დისკუსიისა და მკაფიო პოლიტიკის გარეშე არარეალისტურ მოცემულობად შეგვიძლია განვიხილოთ. 

საგამოძიებო მედიალაბი