არჩევნები 2024

უცხოური ჩარევა არჩევნებში: რას ვერ ხედავს ქართული ოცნება

ავტორი: GEObservatory თარიღი: 22 November 2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 8 ნოემბერს განაცხადა, “ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ პოლიტიკოსები და უცხოელი ჩინოსნები, მათ შორის დიპლომატები, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, პირდაპირ ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ.”

 

“ქართული ოცნების” წევრები არჩევნებში უცხოური ჩარევის თაობაზე არჩევნებამდეც აკეთებდნენ განცხადებებს. 27 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა დღეს არის განსაკუთრებულად ინტენსიური, რაც სამწუხაროა.” ხოლო შალვა პაპუაშვილმა არჩევნებამდე 3 დღით ადრე შემდეგი განცხადება გააკეთა, “ [ოპოზიციას] კამპანიას უცხოეთიდან უწარმოებენ. ჩვენ ვაკვირდებით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან 2-3 განცხადება არ იყოს, რომელიც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში.”

 

“ქართული ოცნების” ლიდერები არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე საუბრისას ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებს გულისხმობენ. ამის პარალელურად, რუსეთის პოტენციური ჩარევის შესახებ არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.

 

რა არის არჩევნებში უცხოური ჩარევა?

 

არჩევნებში უცხოური ჩარევა ერთი სახელმწიფოს მთავრობის მიერ მეორე სახელმწიფოს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა. არჩევნებში უცხოური ჩარევა ხისტ მეთოდებთან ერთად, როგორიცაა სამხედრო ინტერვენცია ან ეკონომიკური ზეწოლა, ასევე მოიცავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენას ახდენს, მაგალითად დეზინფორმაციისაა და მისინფორმაციის გავრცელება.

 

აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო საბჭო არჩევნებში ჩარევის სხვადასხვა ფორმებს გამოყოფს, ესენია: კონკრეტული პარტიის ან კანდიდატის უცხოეთიდან დაფინანსება, ხმის მიცემისთვის ხელის შეშლა და კიბერშეტევა. აღნიშნული ქმედებები ხშირად ადგილობრივი სახელმწიფოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მაგრამ არჩევნებში უცხოური ჩარევა ზოგჯერ კანონიერი მეთოდებითაც ხდება, მაგალითად, კონკრეტული პარტიის ან კანდიდატის სასიკეთოდ ან საწინააღმდეგოდ განცხადებების გაკეთება, მათ შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება ან ხელსაყრელი სავაჭრო ან ეკონომიკური პირობების შეთავაზება.

 

უცხოური ჩარევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში

 

წინა საარჩევნო პერიოდში დასავლური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე მოუწოდეს საქართველოს მთავრობას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” და სხვა არადემოკრატიული კანონების გაწვევისკენ და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ. მსგავსი ტიპის განცხადებებს აღნიშნული პირები 2 წელზე მეტია აკეთებენ, მას შემდეგ, რაც საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკა და დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა. ნებისმიერი სახის მოწოდებას დემოკრატიისაკენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საპასუხო კრიტიკითა და თავდასხმით პასუხობდნენ. წინასაარჩევნო პერიოდშიც დასავლეთის მიერ დემოკრატიულ კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდება “ქართულმა ოცნებამ” ანტიდასავლური რიტორიკის გასაძლიერებლად გამოიყენა და დასავლური ინსტიტუტები ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. მაშინ როდესაც არც ერთ მათგანს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მისამართით საჯარო მხარდაჭერა არ გამოუთქვამს.

 

ამის პარალელურად, რუსეთის საგარეო დაზვერვამ რამდენიმე განცხადება გააკეთა ოქტომბრის არჩევნების შესახებ, სადაც არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და “ქართული ოცნების” მძლავრ მხარდაჭერაზე ისაუბრა. ამაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია კრიტიკისგან სრულიად დაცლილი იყო.

 

გარდა ამისა, უკვე წლებია არსებობს მოხსენებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი საქართველოში სხვადასხვა ძალებსა და პარტიებს აფინანსებს, მათ შორის “პატრიოტთა ალიანსს” და მის საპარლამენტო სიაში მყოფ ყოფილი “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებს. “ქართული ოცნება” რუსეთის მიერ აღნიშნული პარტიების დაფინანსებაზე არც აპელირებს და არც სათანადო ზომებს იღებს, რის შედეგადაც პრო-რუსულმა ძალებმა არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა ძალადობრივ აქტივობებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში იყვნენ ჩართული.

 

საქართველოს ხელისუფლება არჩევნებში რუსეთის პოტენციური ჩარევის საფრთხეებზე არ რეაგირებს, სანაცვლოდ კი დასავლეთის მიერ დემოკრატიისკენ მოწოდებას უცხოურ ჩარევად მიიჩნევს.

 

პოლიტიკური ანალიზი

 

ქვეყნის სუვერენული მმართველობისა და დემოკრატიის საფუძველს არჩევნების ლეგიტიმურობა წარმოადგენს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს როგორც შიდა სტაბილურობაზე, ასევე ქვეყნის საგარეო ურთიერთობების ხარისხზე. საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული სერიოზული ბრალდებები არჩევნების მანიპულაციასა და დაშინების ტაქტიკებზე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა. მმართველი პარტიის ხმების უმრავლესობით გამარჯვება უარყო ადგილობრივმა ოპოზიციამ, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, ხოლო დასავლური დემოკრატიული ქვეყანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი შეიკავა აღიარებისგან. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, არჩევნების ლეგიტიმურობა სცილდება ადგილობრივ პოლიტიკას და გავლენას ახდენს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დახმარებებსა და ინვესტირებაზე, ალიანსებზე და ქვეყნის რეპუტაციაზე გლობალურ ასპარეზზე.

 

არჩევნების ლეგიტიმურობა მთავრობას ანიჭებს როგორც სანდოობას, ასევე ავტორიტეტს. დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანობისა და წარმომადგენლობის აღქმა. ამის გარეშე, საზოგადოებრივი ნდობა სუსტდება, რაც იწვევს უნდობლობის, ხშირად კი ნიჰილიზმის ზრდას პოლიტიკური პროცესების მიმართ, პოლიტიკურ პოლარიზაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს დასუსტებას. ეს ლეგიტიმურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ცდილობს ევროპულ კავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა, შიდა პოლარიზაციის, ანტილიბერალური და ავტორიტარული ტენდენციებისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე. როდესაც არჩევნებს აკლია სანდოობა, როგორც ეს ბრალდებებიდან ჩანს საქართველოს უკანასკნელ არჩევნებთან მიმართებაში, დასავლელი მოკავშირეები დისტანცირდებიან არაღიარებული მმართველებისგან, რაც, თავის მხრივ, დამატებით სივრცეს შექმნის რუსეთის გავლენებისთვის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.

 

დასავლური დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და აშშ, მცირე საარჩევნო დარღვევების მიმართ მკაცრი კრიტიკული მიდგომით არ გამოირჩევიან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც, მაგალითად, ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადადიან. თუმცა, ეს მიმღებლობა დამოკიდებულია დარღვევების მასშტაბსა და ხასიათზე. თუ პროცესის ზოგადი თანმიმდევრულობა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შენარჩუნებულია, პრაქტიკაში ადმინისტრაციული ხარვეზებისა ან ცალკეულ დარღვევებზე განსაკუთრებით მკაცრი რეაგირება შესაძლოა არ მოხდეს, მეტადრე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. თუმცა, სისტემური პრობლემები – როგორიცაა მედიის შეზღუდვა, ამომრჩევლების დაშინება და მასობრივი, სისტემური გაყალბება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, რაც დაფიქსირდა ეუთო/ოდირის ანგარიშებში და დასტურდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ – დასავლეთის პრაქტიკაში არსებული მიმღებლობის ზღვარს სცდება. სწორედ აღნიშნული ბრალდებების სიმძიმე განაპირობებს დასავლური ქვეყანების თავშეკავებას 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების აღიარებისგან.

 

დასავლეთის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შემთხვევებს ხშირად სერიოზული შედეგები ჰქონდა. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში (2020 წ.), სადაც არჩევნები გაყალბებისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა, ევროკავშირი და აშშ უარს აცხადებდნენ შედეგების აღიარებაზე. შედეგად, ქვეყანამ ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია მიიღო, რამაც ბელარუსი თითქმის სრულად დამოკიდებული გახადა რუსეთზე. მსგავსად, ვენესუელაში (2018 წ.) ნიკოლას მადუროს სისტემური დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა საერთაშორისო იზოლაცია, მასშტაბური ეკონომიკური სანქციები და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მიანმარში (2021 წ.) სამხედრო გადატრიალებამ და არჩევნების გაუქმებამ დასავლეთის მხრიდან მკაცრი დაგმობა და სანქციები გამოიწვია, შედეგად კი, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. საერთაშორისო არაღიარების ბერკეტი ხშირად პოზიტიური დემოკრატიული ცვლილებების საწინდარიც შეიძლება იყოს, ისე, როგორც ეს მოხდა ზიმბაბვეში (2008 წ.). სადავო არჩევნების შემდეგ დასავლეთის ზეწოლამ აიძულა ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები შეთანხმებულიყვნენ ძალაუფლების განაწილებაზე.

 

საქართველოს შემთხვევაში, მმართველი პარტიის ქმედებები ბევრისთვის "კრემლის სტილის" ტაქტიკად აღიქმება – არა მხოლოდ სისტემური საარჩევნო გაყალბებისა და კონსტიტუციური უფლებების (ხმის მიცემისა და ხმის ფარულობის უფლება) დარღვევისთვის, არამედ ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებისთვის. უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომ შედეგები ქართული ხალხის ნების გამოხატულებაა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნების, სკანდინავიის, აშშ-ისა და ევროპარლამენტის რამდენიმე ლიდერის განცხადებებს, რომლებმაც პროცესი არ მიიჩნიეს თავისუფალად და არც სამართლიანად.

 

არაღიარების შედეგები სერიოზულად აისახება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, დონორების ჩართულობის, შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი ნდობისა და საერთაშორისო პრესტიჟის ხარისხზე. შვედეთმა, საქართველოში ერთ-ერთმა უდიდესმა დონორმა, უკვე შეაჩერა მისი თანამშრომლობა. ეს და მსგავსი სიგნალები სხვა საერთაშორისო წარმომადგენლობებიდან ზღუდავს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას და ზრდის ქვეყნის იზოლაციის რისკს, რაც, ცხადია, ნეგატიურად - თუ არა სავალალოდ - აისახება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივაზე. მოცემული ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია საარჩევნო გაყალბების მტკიცებულებების დამუშავება. დარღვევების დოკუმენტირება და მათზე საჯარო დისკუსია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. დამოწმებული მტკიცებულებები ხელს უწყობს საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატვას და ზეწოლას ახდენს მთავრობაზე.

 

დასკვნის სახით, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხი ხაზს უსვამს არჩევნების ლეგიტიმურობის არსებით როლს როგორც შიდა სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობის ხარისხის, ასევე საერთაშორისო აღიარების დამყარებაში. საქართველოს სანდოობა, მისი ალიანსები და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები დამოკიდებულია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობაზე. ამის გარეშე, ქვეყანა რისკავს იზოლაციას და გაურკვეველ მომავალს, რაც საფრთხეს უქმნის მის დასავლურ ორიენტაციას, რომლის მიღწევისკენაც ის ისწრაფის.

საგამოძიებო მედიალაბი