არჩევნები 2024

"ომი საქართველომ დაიწყო" და სხვა დეზინფორმაციული ნარატივები წინასაარჩევნო კამპანიაში

ავტორი: GEObservatory თარიღი: 2 October 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.

პროექტი Fojo Media Institute-ის მხარდაჭერით, საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) მზადდება.

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

მედია ანალიზი

 

14 აგვისტოს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია

 

"არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მათ [ნაცმოძრაობა] ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულ ქმედებად გამოაცხადეს".

 

მალევე, 15 სექტემბერს იგივე ნარატივი გაჟღერდა პროსახელისუფლებო მედია საშუალება POSTV-ზეც:

 

"ნაცმოძრაობის სახელით 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება აღიარეს და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: გიორგი კანდელაკმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი გაბაშვილმა, გივი თარგამაძემ და  აკაკი მინაშვილმა". 

 

ანალოგიური ნარატივი გაიმეორა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, სადაც  განაცხადა:

 

"ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს. ალბათ, იცნობთ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და მერე იქვე წერია, რომ ამას რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა".

 

იგივე ნარატივი გაიმეორა მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმაც, ქვემო ქართლში, 19 სექტემბერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც აღნიშნა

 

"2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა".

 

სოხუმის დაცემის დღეს პრემიერმინისტრმა კობახიძემ მსგავსი გზავნილები გააჟღერა:

 

"2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და მერე ხელი მოაწერა დასკვნას, ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმას უპასუხა საპასუხო იერიშით რუსეთის ფედერაციამ... ომში დამნაშავე როგორ არ არის, [რუსეთმა] ოკუპაცია განახორციელა ჩვენი ტერიტორიების, მაგრამ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა".

 

სინამდვილეში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ომის დაწყებაში რომელიმე მხარე დადანაშაულებული არაა.  მერვე პუნქტში განხილულია ომის დაწყების საკითხი, სადაც აღნიშნულია:



"ასამბლეას სწამს, რომ შერიგების წინაპირობა არის სიმართლე. ვინაიდან ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ომი, ვერ თანხმდება ვერცერთი მხარის მხრიდან, ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამგვარი საერთაშორისო გამოძიების წარმოებას და პარლამენტის რუსი წევრებიც აცხადებენ, რომ არ იქნებიან ამგვარი შეთავაზების წინააღმდეგნი. გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს ომის დაწყების მომენტით და უნდა ფოკუსირდეს ასევე იმ წლებზე, რომლებმაც კონფლიქტამდე მიგვიყვანა". 

 

რეზოლუციის ის ნაწილი, რომელსაც სახელისუფლებო საშუალებები ომის დაწყების აღიარებად წარმოაჩენენ, სინამდვილეში ეხება მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციის ახალ, სრულმასშტაბიან ფაზაზე გადასვლას. რეზოლუციის მე-4 და მე-5 პუნქტებში წერია, რომ ომის დაწყებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ესკალაცია, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება და სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებელ სცენარად მხარეებისთვის.

 

ევროსაბჭოს რეზოლუცია არა მხოლოდ უარყოფს საქართველოს მხარის პასუხისმგებლობას ომის დაწყებაზე, არამედ წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ საერთაშორისო დოკუმენტს, სადაც მკაცრად არის დაგმობილი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. რეზოლუციაში აღნიშნულია რუსეთის ქმედებები, როგორც ოკუპაცია და ხაზგასმულია რუსეთის მიერ იმ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის აღკვეთის უუნარობა, სადაც ეფექტურ კონტროლს რუსული სამხედრო ძალები ახორციელებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის საბოლოო კენჭისყრისას რუსეთის დელეგაციამ მის წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან მასში გამოთქმული ბრალდებები მიუღებელი აღმოჩნდა რუსული მხარისთვის.

 

რეზოლუციაში არ არის მითითებული, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამიტომ ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის სხვა ლიდერების განცხადებები ევროსაბჭოს რეზოლუციაზე დაყრდნობით, თითქოს 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი აღიარა, არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს დეზინფორმაციულ ნარატივს, რომელიც არ ითვალისწინებს დოკუმენტის ნამდვილ შინაარსსა და კონტექსტს. 

 

ომის დაწყების თარიღით მანიპულაცია

 

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდში 7 აგვისტოს ნაცვლად 8 აგვისტოს მივიდა და აღნიშნა:

 

"არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომლებსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება".

 

ასევე, მმართველმა პარტიამ 7 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა სადაც მაშინდელი ხელისუფლება ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილებაში დაადანაშაულა:

 

"ნაციონალური მოძრაობა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებდა და მათი მხრიდან პროტოკოლური ღონისძიებებიც სწორედ ამ დღეს სრულდებოდა. რამდენიმე წლის წინ კი, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა თარიღი შეეცვალა და მან ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა".

 

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც და მხარდამჭერებიც ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მოიაზრებენ.

 

რეალურად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ომის დაწყების თარიღად თავიდანვე 7 აგვისტოს ასახელებდა. ამის დადასტურება იყო 2009 წლის აგვისტოში ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ომის დაწყების წლისთავს ეძღვნებოდა და 7 აგვისტოს გაიმართა.

 

დამატებით, აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 6 აგვისტოს, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი ომის დაწყების მოვლენები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 7 აგვისტოს გამთენიისას, 03:41 საათზე, რუსული არმიის დაახლოებით 150 ერთეული ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანა როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა. ამის საპასუხოდ, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი მხოლოდ იმავე დღეს, 23:50 საათზე გახსნეს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით. შესაბამისად, ქართული მხარის ოფიციალური პოზიცია ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ყოველთვის იყო 7 აგვისტო, რაც ემთხვევა რუსული სამხედრო ძალების როკის გვირაბის გადმოკვეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის დროის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 7 აგვისტოს ატარებდა.

 

უფრო მეტიც, ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-4 პუნქტში გარკვევით წერია, რომ ომის დაწყების თარიღი არის 2008 წლის 7 აგვისტო, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ "ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე". 

 

ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს დასახელება რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან რუსეთი არ აღიარებს 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, არამედ მათი თქმით "კონტრშეტევა" მხოლოდ 8 აგვისტოს საქართველოს ცხინვალის რეგიონში "შეჭრის" შემდეგ დაიწყეს.

 

დასავლეთმა საქართველო 2008 წელს ჰუმანიტარული წყლის ანაბარა მიატოვა

 

დეზინფორმაციულ გზავნილს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "წყლით და პამპერსით" დაეხმარა, პრორუსული ჯგუფები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები წლებია, აჟღერებენ.

 

15 აგვისტოს გოგა ხაინდრავამ, კინორეჟისორმა და ქართული ოცნების მხარდამჭერმა მსგავსი ნარატივი ისევ გააჟღერა

 

"საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ამერიკა და ნატო ქართულ ჯარს იმისათვის წვრთნიდნენ, რომ საკუთარი უსაფრთხოებისა თუ მიზნებისათვის გამოეყენებინათ. ამიტომ იყო, რომ ჯერ სხვადასხვა მისიებში გამოიყენეს, შემდეგ, 2008 წელს, პროვოცირებულ ომში, ჰუმანიტარული წყლის ანაბარა მიატოვეს". 

 

სინამდვილეში, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ის სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დასახმარებლად პირველმა გადადგა ნაბიჯები.

 

9 აგვისტოს აშშ დაეხმარა საქართველოს, ერაყიდან 800-ზე მეტი ჯარისკაცი და 11 ტონა ტვირთი საქართველოში გადმოეყვანა. ასევე: 

 

1. 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს დასახმარებლად ჰუმანიტარულ მისიას იწყებდა, რისთვისაც ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალებს გამოიყენებდა. აღნიშნული გეგმის მთავარი მიზანი იყო, რომ თბილისის აეროპორტი და საზღვაო პორტები დაეცვა რუსეთის შემდგომი თავდასხმისაგან.

 

2. ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში საქართველოში შემდეგი ხომალდები შემოვიდნენ: Arleigh Burke, რომელიც აღჭურვილია RIM-67 Standard ER (SM-1ER/SM-2ER) ტიპის რაკეტების გამშვები სისტემით და ჰარპუნის ტიპის რაკეტებით, ასევე, Mark 32 USS Mount Whitney (LCC/JCC 20) Blue Ridge და Hamilton კლასის სანაპირო დაცვის კატარღა USCGC Dallas (WHEC-716).

 

3. ამერიკის შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მყისიერი ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 750 მილიონიანი დახმარება მოჰყვა. უფრო მეტიც, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) კონფლიქტით დაზარალებულ 10,000-მდე ადამიანისთვის საჭირო გადაუდებელი დახმარებისათვის 250,000 აშშ დოლარი გამოიყო.

 

4. 12 აგვისტოს გაეროს პირველი ჰუმანიტარული მისია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 34 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩამოვიდა. ასევე, 12 აგვისტოსვე ამოქმედდა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც თერთმეტმა ევროპულმა ქვეყანამ  საკვებით, სამედიცინო დახმარებით, საბნებით და თავშესაფრის დახმარება გამოყვეს. უფრო მეტიც, დევნილთა დასახმარებლად ესპანეთმა 500 000 ევრო გამოყო, ხოლო ლატვიის მთავრობამ 20 000 ლატის ღირებულების სამედიცინო დახმარება გამოგზავნა

 

5. 14 აგვისტოს ესტონეთმა 250 000 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება და სამედიცინო პერსონალი გამოგზავნა, ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტებიც გამოგზავნა, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე ეხმარებოდნენ ქართველ სპეციალისტებს.

 

ამრიგად, ნარატივი, რომელიც ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს მხოლოდ წყლით და პამპერსით დაეხმარა, მცდარია და რუსული დეზინფორმაციული კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

 

პოლიტიკური ანალიზი

ომისა და მშვიდობის ინსტრუმენტალიზაცია

ქართული ოცნების მეტა-ნარატივების პროცესის ანალიზის შედეგად ნათლად იკვეთება, თუ რამდენად მკაფიოდ სტრუქტურირებულია მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანია. მათი ძირითადი მესიჯი, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლებაში არყოფნის შემთხვევაში, საქართველოში ომი იქნება“ – არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ იღებს მიზანში მმართველი პარტია მკაფიო კონტექსტური ფოკუსითა და მარტივი გზავნილებით საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებს. 

 

ქართული ოცნების წინასაარჩევნო ნარატივში აგრეთვე დომინირებს ზოგადი ბრალდება, რომ ყველა პოლიტიკური ოპონენტი ქვეყანას ომისკენ უბიძგებს. აღნიშნული ნარატივი მხარდაჭერილია ე.წ. “გლობალური ომის პარტიის” მითით, რომელსაც ამ ეტაპზე, მმართველი პარტია არ მიაკუთვნებს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ან საერთაშორისო ინსტიტუციას, მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ ეს “ჯგუფი” იმდენად გავლენიანია, რომ შეუძლია დასავლეთის პოლიტიკის პროცესის ფორმირება ზე მოახდინოს გავლენა. აგრეთვე, მმართველი პარტია ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სურვილი არის ერთგვარი კეთილი ნების გამოვლინება და საქართველოს ევროპის კავშირში “ღირსებით” უნდა გაწევრიანდეს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს გაწევრების ზოგადი სტანდარტები. თუ ევროკავშირში “ღირსებით” გაწევრება არ იქნება შესაძლებელი და ბრიუსელი დაჟინებით მოითხოვს არსებული გაწევრების მოთხოვნების შესრულებას, საქართველო აირჩევს “ღირსების” შენარჩუნებას და უარს იტყვის ევროპის კავშირის წევრობაზე. ამის შემდეგ, მმართველი პარტიის გეგმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ძირითადად დაეფუძნება მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების (დასავლეთი, რუსეთი და ჩინეთი) დაბალანსების მცდელობას. 

 

ზემოხსენებული ომი vs. მშვიდობა ნარატივი მმართველი პარტიის საინფორმაციო პროპაგანდის სამ განზომილებას მოიცავს: ომის ბუნებრივი ფსიქოლოგიური შიშის პარალელურად, ქართული ოცნება აჟღერებს ევროკავშირში და ნატო-ში საკუთარი პირობებით დაახლოების გზავნილს და აღნიშნულის არ გამოსვლის შემთხვევაში ქართული ოცნება პოტენციური ზიანის დაბალანსებას ე.წ. სტრატეგიული მიუმხრობლობის ალტერნატივით გვთავაზობს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მმართველობის წინა პერიოდებთან შედარებით, ქართული ოცნების მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ნამდვილად გამორჩეულია. 

 

კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებიდან მალევე ქართულმა ოცნებამ საზოგადოებაში ომის შიშის კულტივაცია დაიწყო. თუმცა, მხოლოდ 2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში როდესაც მმართველი პარტიის მიერ ხელოვნურად აგორებულმა ანტი-ლგბტ პროპაგანდამ არ გამოიტანა შედეგი, ძირითადი ადგილი საინფორმაციო სივრცეში დაიკავა ომის შიშის ნარატივმა. ნაწილობრივ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის გეგმის და ევროკავშირის 9 რეკომენდაციის ღია საბოტაჟის მიუხედავად, ბრიუსელმა მიანიჭა საქართველოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ევროკავშირისგან უფრო ხისტი ნაბიჯების მოლოდინი ჰქონდა, რაც მნიშვნელოვნად დააშორებდა საქართველოს და ევროპის კავშირს და ფაქტობრივად შეაჩერებდა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს. ევროკავშირის მხრიდან უფრო ხისტი ზომები მისცემდა ქართულ ოცნებას წევრობისთვის საჭირო ნაბიჯების არგადადგმის ფორმალური დასაბუთების საშუალებას და ამავდროულად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში გაამარტივებდა შიდა აუდიტორიისთვის მკაფიო პოლიტიკური დილემის ჩამოყალიბების პროცესს: არა ქართულ ოცნებას – ნიშნავს ომს.

 

აღნიშნული ნარატივის გასაძლიერებლად ქართულმა ოცნებამ დააანონსა ე.წ. რუსული კანონი (“გამჭვირვალობის შესახებ კანონი”) და სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას ხელოვნურად მიაკერა უცხოური გავლენის გამტარებლის სტატუსი. მმართველი პარტიის პროპაგანდის მიხედვით, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და ხელს უწყობენ ქვეყანაში დასავლური დღის წესრიგის გავრცელებას რაც პირველ რიგში გულისხმობს „მეორე ფრონტის“ გახსნას და რუსეთთან ომის დაწყებას. ქართული ოცნებისთვის ნათელი გახდა, რომ აღარ დარჩა არცერთი საკმარისად რეზისტენტული თემა, რომელზეც მათ შეეძლოთ ელექტორალური კაპიტალიზაცია და დამატებით მხარდაჭერის მობილიზაცია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ობიექტურად არ ფიქსირდება წინსვლა რომელიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით, ამიტომაც, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არ ფოკუსირდება არცერთ სხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხზე. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ “რუსული კანონის” მიღებს შემდეგ ქართული ოცნების რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა და ამავდროულად ურყევი დარჩა საზოგადოების უმრავლესობის სურვილი, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, “მშვიდობის შენარჩუნების” გზავნილი არის ერთადერთი ღირებული გზავნილი მმართველი პარტიის წინასაარჩევნო საინფორმაციო არსენალში.

 

ტიპური რუსული პროპაგანდის მსგავსად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია ეფუძნება ნახევრად სიმართლეების ტირაჟირებას, ფაქტებით მანიპულაციას და ძირითადად ავრცელებს მოკლე მარტივი შინაარსის გზავნილებს რომელიც მკაფიოდ აღიბეჭდება ხალხის გონებაში და გავლენას ახდენს ძირეულ აღქმებზე. ზემოხსენებულის ნათელი მაგალითია გზავნილი, რომ გლობალური ომის პარტია (და არა რუსეთი) არის უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულმა არ გზავნილმა საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი ქართული საზოგადოებაში, რადგან მმართველი პარტია ამახვილებს ყურადღებას დასავლეთის უუნარობაზე გამოყოს საკმარისი სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად და ამავდროულად მათ არ სურთ მიიღონ უკრაინა და საქართველო ნატოში, რათა შეაჩერონ რუსეთის აგრესია. შესაბამისად, მმართველი პარტია ქმნის ნარატივს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი მანიპულირებს უკრაინაში მიმდინარე ომით და ამავდროულად ხაზს უსვამს დასავლური სამყაროს ზოგად სისუსტესა და უუნარობას. 

საგამოძიებო მედიალაბი