თარიღი: 6 July 2022
“რასაც ხედავთ ეგაა” - ეს წარწერა დაურთო ფეისბუქ მომხმარებელმა Fantian Georgian-მა ორი ფოტოსგან შემდგარ ფოტო კოლაჟს, რომელიც 29 აპრილს გამოაქვეყნა. პირველ ფოტოზე იერუსალიმის გოდების კედელთან უკრაინის დროშებით შეკრებილი მლოცველები არიან გამოსახულნი, მეორეზე კი - გოდების კედელთან მდგარი მამაკაცი, რომელსაც კეფაზე ნაცისტური გერმანიის სიმბოლოდ ქცეული სვასტიკის გამოსახულება აქვს. ფოტოები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მამაკაცი უკრაინის მხარდამჭერია და ის პირველ ფოტოზეცაა აღბეჭდილი, ხოლო მეორეზე უბრალოდ მისი დაახლოებული კადრია წარმოდგენილი.
სანამ ფოტოების წარმოშობას განვიხილავთ, შესავალშივე აღვნიშნავ, რომ ფოტოები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მეორე ფოტოზე გამოსახული მამაკაცის ფოტოს ინტერნეტში გავრცელება პირველი ფოტოს გადაღების თარიღს 7 წლით მაინც უსწრებს წინ.
Fantina Georgian-ის მიერ გამოქვეყნებული კოლაჟის პირველი ფოტო ინტერნეტში 2022 წლის მარტის დასაწყისიდან ვრცელდება და კონკრეტულად ისრაელში უკრაინის ელჩის ევგენ კორნიუჩუკის, უკრაინის მოქალაქეებისა და მხარდამჭერების უკრაინისთვის გოდების კედელთან შესრულებულ ლოცვაში მონაწილეობის დროს, 2022 წლის 2 მარტსაა გადაღებული.
ამ დღეს მლოცველებს ფოტოებს ფოტოგრაფი იონათალ სინდელი უღებდა. ამ დღის ამსახველი ფოტოები პლატფორმაზე Flash90 გამოქვეყნებულია.
წარმოდგენილ ფოტოებში კონკრეტულად გავრცელებული ფოტო ზუსტად არ გვხვდება, თუმცა ის, რომ აღნინშნული ფოტო სწორედ ამ დღესაა გადაღებული სინდელის სხვა ფოტოებზე შედარებითაც დასტურდება, რადგან ფოტოებზე გამოსახული ადამიანები იდენტურნი არიან.
ამას გარდა, Fantina Georgian-ის მიერ გამოქვეყნებული პირველი ფოტოს უფრო ადრინდელი ვერსია 4 მაისს უკრაინულმა გამოცემა The New Voice of Ukraine-ის ტვიტერის ანგარიშზეც გამოქვეყნდა. ფოტოს აღწერაში მითითებულია, რომ ის მედიასაშუალებას თვითმხილველებმა მიაწოდეს.
ფოტო #2 მინიმუმ 7 წლისაა
რაც შეეხება კოლაჟის მეორე ფოტოს, რომელიც მნახველს აფიქრებინებს, რომ პირველი ფოტოს ნაწილია და შესაბამისად, უკრაინელებს სვასტიკის გამოსახულების მქონე ანუ ნაცისტური გერმანიის მხარდამჭერი პირი მხარდაჭრას უცხადებს, ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის Tineye-ის მონაცემებით ინტერნეტში 7 წლის წინ გამოჩნდა. ვებ-გვერდი, რომელზეც ფოტო თავდაპირველად უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული, ამჟამად ხელმისაწვდომი აღარაა. თუმცა რუსულენოვან პროპაგანდისტულ საიტებზე, მაგალითად topwar.ru-ზე ფეისბუქ მომხმარებლები აღნიშნულ ფოტოს 2017 წელსაც აქვეყნებდნენ. რაც აშკარას ხდის, რომ აღნიშნული ფოტო 2022 წლის მარტში გადაღებული არ არის.
რაც შეეხება პოსტის ავტორს, Fantina Georgian-ის ანგარიში ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ მიმართულ, ასევე ანტივაქსერული და პრორუსული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მის მფლობელს კიდევ 2 მსგავსი სახელის მქონე (ფანტინა ფანტინა, ლაზი ფანტინა) ანგარიში აქვს, სამივეზე კი ფეისბუქის საზოგადოებრივი წესების დარღვევისა თუ დეზინფორმაციის გაავრცელების გამო შეზღუდვა ხშირად ეხება.
Fantian Georgian-სა და მის სხვა ანგარიშებზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ფოტოებსა და პოსტებს ვხვდებით, თუმცა ანგარიშებზე პიროვნების რეალური გვარის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის.
ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ “მითების დეტექტორი” ამ ანგარიშის ან იდენტური სახელის მქონე სხვა ანგარიშების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ უკრაინის საწინააღმდეგო არაერთი დეზინფორმაცია გადააამოწმა.