თარიღი: 29 April 2022
კორონავირუსის პანდემიას მასობრივი ინფოდემია მოჰყვა, რომლის უკან არაერთი დაინტერესებული ჯგუფი იდგა. ინფოდემიის ერთ-ერთი მიმართულება ცრუ მკურნალობები, ყალბი რეკომენდაციები და თავდაცვის დაუდასტურებელი მეთოდებია. ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ასეთ ყალბ ინფორმაცას საქართველოში ხშირად ექიმებიც კი ავრცელებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია სათაურით: “ფატალურად დასრულდება ყველაფერი: კორონა ვირუსის დროს ეს პროდუქტები არ იყიდოთ.” ეს განცხადება ექიმს ეკუთვნის და ინფორმაცია მან სამაუწყებლო მედიაში, კერძოდ კი ერთ-ერთი რადიოს სამედიცინო გადაცემაში გააჟღერა. თავდაპირველად ექიმის ინტერვიუ რადიოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ის ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის დროს პაციენტმა რაციონიდან შემდეგი პროდუქტები უნდა ამოიღოს: კომპოტები, გაზიან სასმელები, რძე, რძის შემცველი პროდუქტები ძეხვეული, თევზი, კვერცხი, მაგარი ყველი, თხილი, შოკოლადი, ციტრუსი, პიმიდორი, შვრია, კომბოსტო, კარტოფილი, სიმინდი და ბანანი. მისი მტკიცებით ამ პროდუქტების ნაწილი სუნთქვის უკმარისობას, ნაწილი თრომბის წარმოქმნასა და ლორწოს გამოყოფას იწვევს.
შემდგომ ამ ინტერვიუს მულტიპლიკაცია კლიკბაიტ საიტებსა და ფეისბუქის სპამ ჯგუფებში მოხდა. შესაძლებელი გახდა სამი საჯარო ჯგუფის იდენტიფიცირება, რომლებშიც სამმა სხვადასხვა კლიკბაიტ საიტმა “აკრძალული პროდუქტის” შესახებ ინფორმაცია გააზიარა. ჯამურად ამ ჯგუფებში წევრების რაოდენობა 500K-ზე მეტია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) არაერთხელ გამოაქვეყნა იმ პროდუქტების სია, რომელთა მიღებაც პანდემიის დროს დაბალანსებული კვებისათვის აუცილებელია. WHO-ს რეკომენდაციაში კი სწორედ იმ პროდუქტების უმეტესობას (შაქრის, გაზიანი სასმელების, ძეხვეულის გარდა) ვხვდებით, რომელთა მიღებაც ქართველი ექიმის აზრით, საშიშია. ესენია: ხილი, ბოსტნეული, თხილილეული, ბურღულეული, მარცვლეული (ბრინჯი, წიწიბურა,ლობიო) კარტოფილი, (ჩვეულებრივი კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი, იემი,) ასევე ცხოველური საკვები (ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე და რძის ნაწარმი) და დიდი რაოდენობით სუფთა წყალი.
თუმცა არსებობს ის პროდუქტებიც, რომელთაგან თავის შეკავებასაც ჯანმო გვირჩევს:
უნდა შევამციროთ შაქრის და მარილის მიღება
უნდა მოვერიდოთ გარეთ ჭამას (გარეთ მომზადებული საკვების მირთმევას)
უნდა მივიღოთ, მაგრამ მცირე რაოდენობით ცხიმი და ზეთი
როგორც ვხედავთ რაციონიდან რაიმე საკვების მთლიანად ამოღებას არ გვირჩევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. უნდა მივირთვათ ის პროდუქტები რაც აუცილებელია, რაც შეზღუდული რაოდენობით უნდა მივირთვათ, იმას შესაბამისად უნდა მოვერიდოთ.
დასვკნა:
ქართველი ექიმის განცხადება სიცრუეა. მის მიერ ჩამოთვლილი პროდუქტები აცდენაშია WHO-ის რეკომენდაციებთან.