თარიღი: 16 February 2023
საქართველოში, და განსაკუთრებით ქალაქ თბილისში, უკვე წლებია ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას მიუსაფარი ცხოველები წარმოადგენს. საქართველოს მთელი მასშტაბით ვხვდებით მიუსაფარ ცხოველებს. ძირითადად მათ თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა თუ უბნებში შეხვდებით, რადგან მათი უდიდესი ნაწილი ქუჩაში დაიბადა, ან მიატოვეს. სოციალურ ქსელებში არაერთ ჯგუფს ნახავთ, სადაც ამ თემით დაინტერესებული ადამიანები ერთობლივი ძალებით ცდილობენ უსახლკარო ცხოველების დახმარებასა და ამ პრობლემის მოგვარებას.
პრობლემის აქტუალობაზე მიუთითებს NDI-ს კვლევაც, რომლის თანახმად, 23%-სთვის უსახლკარო ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივის დონის საკითხად დასახელდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ მცირდება მიუსაფარ ცხოველთა რიცხვი? საქართველოში უსახლკარო ცხოველების რაოდენობა თვალშისაცემად დიდია. ამას განსაკუთრებით ტურისტები აღნიშნავენ ხოლმე, რომლებიც პირველად ჩამოდიან ქვეყანაში.
პირველად 2015 წლის მონაცემებით მხოლოდ თბილისში 43 ათასამდე ძაღლი ცხოვრობდა ქუჩაში. მთელი საქართველოს მასშტაბით კი ეს რიცხვი ბევრად დიდია. შესაბამისად, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ქვეყანა წლებია ვერ ახერხებს ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რაოდენობის შემცირებას. საქართველოში მათ შევხვდებით ყველგან, ქალაქებში, სოფლებში, საავტომობილო ტრასებსა და უკაცრიელ ადგილებშიც, სადაც ადამიანები ტოვებენ საკუთარ ცხოველებს მოცილების მიზნით.
წლების განმავლობაში პრობლემურ საკითხად რჩებოდა შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობაც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც ცხოველების წამების და მათ მიმართ სასტიკი დამოკიდებულების ფაქტზე გამოძიებათა დაწყების მაჩვენებელი გაიზარდა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, ან მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით 100-დან 500 ლარამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობისასთვის, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას, ან ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამას გარდა, საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხებში. კანონპოექტის რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა.
კერძო კომპანიის ამ პროექტში ჩართულობას ცხოველთა უფლების დამცველები უარყოფითად აფასებენ, რადგან ამ შემთხვევაში რთულია მომსახურების ხარისხის კონტროლი. ზოგადად კი, ქუჩის ცხოველების მიმართ მიდგომა საქართველოში ჰუმანურ, ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და გულისხმობს სტერილიზაციას. ყველა უსახლკარო ძაღლს საქართველოში ყურზე მსგავსი სარჭი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძაღლი სტერილიზებულია, ვაქცინირებულია და, შესაბამისად, არ არის საშიში გარშემომყოფებისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ დიდ ქალაქებში ხდება, რაც საერთო სურათს ვერ ცვლის.
ქვეყნის მასშტაბით ასევე მოქმედებს რამდენიმე მუნიციპალური და კერძო თავშესაფარი, სადაც, ხვდებიან ის ცხოველები, რომლებსაც ყურზე არ აქვს საჭდე, ან ისეთები, რომლებიც პატრონს დაეკარგნენ. თუმცა, მუნიციპალურ თავშესაფრებში ცხოველები 10 დღეზე მეტ ხანს არ ჩერდებიან, რადგან 10 დღის განმავლობაში ან ჩუქდება, ან ისევ ქუჩას უბრუნდებიან. კერძოდ თავშესაფრებში, როგორც წესი, ცხოველები რამდენიმე მიზეზით ხვდებიან, მათ პატრონი აბარებს, ან ლეკვებს ტოვებენ თავშესაფრის კარებთან, თავშესაფარში მოქალაქეებს მიჰყავთ დაშავებული ცხოველები.
თავშესაფარში ყოველწლიურად შეყვანილი ძაღლების რაოდენობა 7-8 ათასის ფარგლებში მერყეობს. ხოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში შესული ძაღლების ნახევარი კი ბინადრობის არეალს უბრუნდება. ამასთან გაჩუქების მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება მიკედლების მაჩვენებელს.
პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის ერთ-ერთი სადავო მუხლია რაოდენობის შესახებ რეგულაცია, რომლის მიხედვით, ერთ საკადასტრო ერთეულზე არ უნდა იყოს დარეგისტრირებული ხუთ ცხოველზე მეტი. კონკრეტულად, თუ ოჯახში 5-ზე მეტი ცხოველი ჰყავთ, ამ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, როგორც იურიდიულ პირად. ეს პროცესი უფასოა, თუმცა იურიდიულ პირად რეგისტრაციის შემდეგ სახელმწიფო მას უფრო მეტად გააკონტროლებს - მაგალითად, არ მისცემს იმის უფლებას, ათ კვადრატულ ოთახში შვიდი კატა და სამი ძაღლი ჰყავდეს, რომლებსაც არ ასეირნებს და არ უვლის. შესაბამისად, ამ ცხოველების მეპატრონეს მის აუცილებელ ჩიპირებას და რეგისტრაციას ავალდებულებს. თუმცა, ცხოველების უმრავლესობა დედაქალაქში რეგიტრირებული არ არის.
საინტერესოა, რა თანხები იხარჯება მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე. 2019-2021 წლის მონაცემებით, დასაფინანსებლად გამოიყო 11 მილიონი ლარი, ხოლო შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა 6 მილიონი ლარი. თუმცა, არ შეცვლილა დასაქმებულთა რიცხვი, რაც 125 იყო. ცხოველთა მონიტორინგის დირექტორის, ნიკა ქობულაძის ხელფასი, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა, კერძოდ ის 2018 წელს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მრჩევლად დაინიშნა და ერთი წლის შემდეგ დირექტორის მოადგილე გახდა, მისმა შემოსავალმა იმ წელს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში 41 000 ლარი შეადგინა, 2019 წელს 51 200 ლარი, ხოლო 2020 წელს 47 700 ლარი. საბოლოოდ ამ სამის წლის განმავლობაში მან ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 139 800 ლარი მიიღო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტის დაახლოებით 50% წლებია თანამშრომელთა ანაზღაურებაში იხარჯება და ეს არც ნიკა ქობულაძის თანამდებობის დროს შეცვლილა. 2020 წელს სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 154 800 ლარს შეადგენდა, აქედან კი 2 094 055 ლარი შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა. 2021 წლის ცხოველთა მონიტორნიგნის სააგენტოს ბიუჯეტი 3 806 700 ლარი შეადგინა და შესაბამისად ამ თანხის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 2 117 770 მილიონი ხელფასებში დაიხარჯა. იგივე სურათია 2022 წელსაც, სააგენტოს ბიუჯეტი 4 350 700 ლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს თავშესაფარში შეიყვანეს 7 674 ძაღლი და 1 549 კატა, შესაბამისად აქედან სტერილიზაცია მხოლოდ 2 510 ძაღლს და 518 კატას ჩაუტარდა. კასტრაცია კი 1 462 ძაღლს და 230 კატას. ბოლო 2021 წლის მონაცემებით, თავშესაფარში 8 507 ძაღლი და 1 854 კატა შეიყვანეს, აქედან სტერილიზაცია 3 056 ძაღლს და 693 კატას ჩაუტარდა.2021 წელსა და 2020 წლის მონაცემის შედარებით ცხოველების კასტრაცია და სტერილიზაცია პრაქტიკულად გაუმჯობესებული არ არის.
აღსანიშნავია 2019-2021 წლის რა აქტივობები გატარდა მიუფარი ცხოველების მიმართ. მაგალითად, 2019 წლის აქტივობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე სააგენტოში შევიდა 57 978 შეტყობინება, მათ შორის 55 664 შეტყობინება სატელეფონო, ხოლო 2 314 წერილობით. აღნიშნულ შეტყობინებებზე განხორციელდა 14 681 რეაგირება, რის შედეგადაც დაჭერილია 8 275 ცხოველი. 10 079 ცხოველი გადაიყვანეს მუნიციპალურ თავშესაფარში. საანგარიშო პერიოდში ცხოველებს ჩაუტარდათ 5 618 ოპერაცია, მ.შ. 3 206 სტერილიზაცია, 2 259 კასტრაცია და 153 სხვადასხვა სახის ოპერაცია. მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა 706 ცხოველი, მიეკედლა 1 555 ცხოველი, პატრონს დაუბრუნდა 174 ცხოველი, ბუნებრივ არეალში გაშვებულ იქნა 4 675 ცხოველი და სხვადასხვა თავშესაფარში დაბრუნდა 111 ცხოველი. ევთანაზია ჩაუტარდა 1 679 ცხოველს. სააგენტომ, ქალაქის მასშტაბით, მიუსაფარ ძაღლებს 25 ხის სახლი დაუდგა. თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩატარდა შიდა და გარე ვოლიერების, საოპერაციო ოთახის, საკანალიზაციო სისტემის კაპიტალური რემონტი, შესყიდული იქნა სამი ცალი ვენდინგმანქანა და სხვა.
2020 წელს მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა 741 ცხოველი (შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია 2-ჯერ გაიმართა), მიეკედლა 1 882 ცხოველი, პატრონს დაუბრუნდა 104 და ბუნებრივ არეალში გაშვებულ იქნა 3 730 ცხოველი, სხვა თავშესაფრებში გადაყვანილ იქნა 191 ცხოველი, მიმდინარე პერიოდში ცხოველებს ჩაუტარდა 4 870 ოპერაცია, მათ შორის 3 028 სტერილიზაცია, 1 692 კასტრაცია და 150 სხვა სახის ოპერაცია, ევთანაზია ჩაუტარდა 867 ცხოველს, ბუნებრივი ლეტალობა - 1 637 ცხოველს. ცხოველებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე სააგენტოში შევიდა 54 643 შეტყობინება, მათ შორის 52 653 სატელეფონო და 1 990 წერილობითი, რის შედეგადაც დაჭერილია 9 248 ცხოველი. თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის დაიდგა 25 ხის სახლი და 3 საკვები აპარატი (ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, ვარკეთილი 3-ში და გლდანის მერვე მიკრორაიონში მდებარე პარკებში).
ხოლო 2021 წელს ცხოველებთან პრობლემატურ საკითხებზე სააგენტოში შევიდა 58 956 შეტყობინება, მათ შორის 56 784 სატელეფონო და 2 172 წერილობითი, რის შედეგადაც დაიჭირეს და თავშესაფრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს 10 388 ცხოველი. ეკიპაჟებმა სამაშველო ოპერაციების შედეგად 400-მდე ცხოველი გადაარჩინეს, თბილისის ტერიტორიაზე განთავსდა მიუსაფარი ძაღლებისათვის 20 ცალი ძაღლის სახლი, მოსახლეობის ვეტერინართან კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სააგენტოს ვეტერინარებმა დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე ძაღლების მეპატრონეებს უფასო კონსულტაცია შესთავაზეს, ხოლო ცოფის ვირუსის პრევენციის მიზნით სააგენტო პერიოდულად ახორციელებდა ქუჩის ბინადარი ძაღლებისა და კატების მასობრივ ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას (ვაქცინაცია ჩაუტარდა 7 400-მდე ცხოველს). მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდა 781 ცხოველი (გაჩუქების აქცია 3- ჯერ გაიმართა), მიეკედლა 2 095 ცხოველი, პატრონს დაუბრუნდა 129, ბუნებრივ არეალში გაშვებულ იქნა 4 652 ცხოველი და სხვა თავშესაფრებში გადაყვანილ იქნა 191 ცხოველი, მიმდინარე პერიოდში შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით გადაიყვანეს 10 388 ცხოველი, აქედან ცხოველებს ჩაუტარდა 5992 ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის 3 749 სტერილიზაცია, 1 985 კასტრაცია და 258 სხვა სახის ოპერაცია.
ჯერჯერობით კი ქუჩაში კვლავ უამრავი ძაღლია, რომელსაც არც სახლი აქვს, არც თავშესაფარი და ხშირ შემთხვევაში არც საკვები.
გამოყენებული წყაროები
1. შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის გამოწვევები: კანონმდებლობა და პრაქტიკა საქართველოში https://bit.ly/3XpNWst
2. თბილისის ქუჩის ცხოველების სტატისტიკა https://bit.ly/3E7vcrb
3. თბილისის ბიუჯეტი https://tbilisi.gov.ge/page/43
4. NDI კვლევა https://bit.ly/3jWMgcu