არჩევნები 2024

ქართული ოცნება: ფსევდოლიბერალები ფსევდოლიბერალიზმის წინააღმდეგ

ავტორი: GEObservatory თარიღი: 5 November 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEObservatory24) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავდა 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ანალიზს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგის განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივებს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

 

უკანასკნელ წლებში ქართული ოცნება ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკისას ხშირად იყენებს ტერმინს “ფსევდოლიბერალიზმი”.

 

22 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, “რაც შეეხება ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, ეს არის გლობალური მასშტაბის უმძიმესი პრობლემა”. მსგავსი შინაარსის განცხადება გაიმეორა მან სექტემბერშიც:

 

"მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელშიც შედიან შესაბამისი პარტიები, შესაბამისი "ენჯეოები", შესაბამისი მედიასაშუალებები, პირდაპირ არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ლგბტ პროპაგანდა… ისინი მუდმივად თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას. მათ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად აქვთ დასახული მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვა, რასაც ვერ ახერხებენ, მაგრამ მაინც არ ეშვებიან ამ თემას. ეს პარტიები პირდაპირ უპირისპირდებიან საქართველოში ტრადიციულ ფასეულობებს. აქედან გამომდინარე, მარტო ის კი არ არის, რომ რაღაცას ვერ ხედავენ, პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ღირებულებებს, ფასეულობებს ჩვენს ქვეყანაში".

 

ფსევდოლიბერალიზმზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა 25 აგვისტოს:

"აქაური აგენტურა დიდი ენთუზიაზმით იცავს და ავრცელებს ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის მიზანიც ყოველგვარი ტრადიციული ფასეულობების მოშლა, ადამიანების ღირსებისგან თუ მორალისგან სრული დაცლა და ყველაზე დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნაა".

 

რა არის (ფსევდო) ლიბერალიზმი?

 

ლიბერალიზმი, რომელზეც თანამედროვე დასავლური ცივილიზაციაა დაფუძნებული, პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის ფუნდამენტი თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, კერძო საკუთრება და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლების არსებობაა.

 

ქართული ოცნების წევრების თქმით, ფსევდოლიბერალიზმი მოიცავს ლგბტ პროპაგანდას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, ტრადიციულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ბრძოლას და დაბალი რანგის მონებისგან შემდგარი, ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნას”.

 

("ლგბტ პროპაგანდის" ნარატივის შესახებ წაიკითხეთ აქ).

 

ლიბერალიზმი ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს. ლიბერალური ღირებულებები უმცირესობების უფლებებს იცავს და მათ მიმართ დისკრიმინაციას ეწინააღმდეგება. ლიბერალიზმის პირობებში დაცულია ლგბტ+ თემის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოფილია მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

 

ლიბერალიზმი მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას. შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის აღმსარებლობის ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია. ამასთან ლიბერალიზმი მრავალფეროვნებასა და პლურალიზმს უჭერს მხარს და ლიბერალურ დემოკრატიებში განსხვავებული რელიგიები და კონფესიები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ამასთან, ლიბერალიზმი მხარს უჭერს სეკულარულ საზოგადოებას, სადაც სახელმწიფო და რელიგია ერთმანეთისგან გამიჯნულია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმი პროგრესსა და ცვლილებებს ესწრაფის, რაც ხშირად ანაქრონული ტრადიციების გადაფასებას მოიაზრებს, ლიბერალიზმი მხარს უჭერს კულტურულ პლურალიზმს და განსხვავებული საზოგადოებების უნიკალურ კულტურულ მახასიათებლებს და პატივს სცემს მათ ტრადიციებს.

 

რაც შეეხება “ერთი ფსიქოლოგიის მქონე მასის შექმნას”, ლიბერალიზმის ფუნდამენტი ინდივიდის თავისუფლებაა, მათ შორის, აზროვნებისა და აღმსარებლობის თავისუფლება. ლიბერალიზმში ინდივიდის განსხვავებულობა დევნისა და გარდაქმნის საგანს არ წარმოადგენს და გარანტირებულია განსხვავებული ადამიანების თანასწორობა და საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია. ინდივიდის ჰომოგენურ მასის ნაწილად გარდაქმნა კი არათუ ლიბერალიზმის, არამედ ფაშიზმის ნაწილია.

 

თავსართი “ფსევდო” ამა თუ იმ ცნების სიყალბეზე ან არაგულწრფელობაზე მიუთითებს. ტერმინი “ფსევდოლიბერალიზმი” იმ პოლიტიკური ფენომენის აღსაწერად გამოიყენება, რომელიც თეორიულად ლიბერალურ ღირებულებებს იზიარებს, თუმცა, პრაქტიკაში ეწინააღმდეგება მას. ფსევდოლიბერალები ხშირად ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რომელიც ინდივიდის თავისუფლებას, თანასწორობასა და კანონის უზენაესობას ზღუდავს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი საჯაროდ ლიბერალური ღირებულებების დაცვაზე საუბრობდნენ.

 

ფსევდოლიბერალიზმი აკადემიურ წყაროებში ნაკლებად გამოიყენება და უფრო მეტად მედიასა და პოლიტიკურ კომენტარებში გვხვდება, თუმცა, პოლიტიკის თეორიაში არსებობს მსგავსი შინაარსის მქონე ცნებები, როგორიცაა ილიბერალიზმი ან ილიბერალური დემოკრატია. ფსევდოლიბერალიზმი ჰიბრიდულ და ავტორიტარულ რეჟიმებში დემოკრატიის ფასადის შემცვლელ ტერმინადაც შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, თანამედროვე უნგრეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ “იმედთან” ინტერვიუშიც გამოიყენა ტერმინი “ფსევდოლიბერალიზმი”.

 

ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯაროდ ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და ლიბერალიიზმის ძირითად ღირებულებებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა მათ მიერ გატარებული პოლიტიკა რეალურად ძირს უთხრის ლიბერალურ ღირებულებებს. “ოჯახური ღირებულებების” შესახებ კანონი მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციას უწყობს ხელს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივა სეკულარიზმის პრინციპებს არღვევს და სხვა რელიგიური კონფესიების უფლებებს ლახავს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი სამოქალაქო საზოგადოებას და განსხვავებულ აზრს ზღუდავს, ყველა სახელისუფლებო შტოს და მარეგულირებელი ორგანოს მმართველი პარტიის მიერ მიტაცება კი ეჭვქვეშ აყენებს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის პრინციპს. ქართული ოცნების პოლიტიკა თავადაა ფსევდოლიბერალიზმის გამოვლინება, თუმცა ამ უკანასკნელით ბრალს ისინი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სდებენ.

 

ავტორიტარულ და ჰიბრიდულ რეჟიმებში ფსევდოლიბერალიზმის ბრალდებით კონსოლიდირებული ძალაუფლების მქონე ძალები ლიბერალური ჯგუფების დისკრედიტაციას ახდენენ.


ილუსტრაცია: illiberalism.org

საგამოძიებო მედიალაბი