თარიღი: 15 October 2024
საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.
ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.
ქართული ოცნების ლიდერები ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკონსტიტუციო მოწყობის ახალი მოდელი სჭირდებათ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კი სრულიად სხვა რეალობას ჰყვება. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის პოლიტიკური ნების გამო ვერ ხერხდება. რუსეთიდან კი ოცნების ლიდერებს მუდმივად ახსენებენ, რომ კრემლი საკუთარი მიდგომის გადახედვას არ აპირებს.
ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი წინასაარჩევნოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ლიდერები მმართველი პარტიიდან ამომრჩევლებს ეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება.
“დღევანდელ მოცემულობასა და მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან დიდი შანსია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ გადაწყობა მოხდეს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აგვისტოში.
მსგავსი განცხადება ჰქონდა ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც.
“26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ქართული ოცნების გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ამ შეკითხვაზე პასუხს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი - სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა თანამშრომლობის გზით სცემს.
მთავრობის ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კონფლიქტების გამწვავებაში საქართველოში, უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციებში და მუდმივად ხელს უშლიდა კონფლიქტების გადაჭრას.
"2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები ძირითადად საერთაშორისო ხასიათისაა", - ვკითხულობთ მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტში.
სტრატეგიაში ისიც არის ნახსენები, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ამ ორი რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა ართულებს შერიგების პროცესს საქართველოს ხალხებს შორის და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში.
მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი სტრატეგია გვეუბნება, რომ დღეს საქართველოს 20% რომ ოკუპირებულია, ამაში მთავარი დამნაშავე რუსეთია. დოკუმენტში ნათლად იკითხება, რომ მშვიდობიანი და ერთიანი საქართველოს არსებობა რუსეთის მეზობლად კრემლის ინტერესებში არ შედის.
რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ სრულიად მიუღებელია, ამას კრემლში პირდაპირ ამბობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სექტემბერში მკაფიოდ თქვა, რომ ერთადერთი, რისთვისაც დღეს კრემლი მზადაა, ეს არის ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს, როგორც 3 დამოუკიდებელ ქვეყანას.
"ისინი [აფხაზეთი და ცხინვალი] საქართველოს მეზობლები არიან, იქ რაღაც სახის კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა… ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ", - განაცხადა ლავროვმა.
ამ თემას რუსეთის სხვა ოფიციალური პირებიც გამოეხმაურნენ. რუსულმა მედიამ კი აქტიურად დაიწყო ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებაზე სტატიების გამოქვეყნება.
ერთ-ერთი ბოლო მასალა რუსეთის სამთავრობო მედიის gazeta.ru-ს გვერდზე 24 სექტემბერს გამოქვეყნდა. "რუსეთში გამორიცხავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას“ - ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის კომენტარებს ეფუძნებოდა.
“არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ, ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ამით ისინი ცდილობენ, ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა სააკაშვილმა ქვეყანა ამ აგრესიით“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
მისი მტკიცებით, თბილისს არ უნდა ჰქონდეს აფხაზებისა და ოსების ქართველებთან "გაერთიანებისთვის" მზადყოფნის იმედი.
"ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება", - თქვა ზატულინმა.
ქართული ოცნების გზავნილებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ აფხაზეთიდან მალევე უპასუხეს. აფხაზეთის ე.წ. "საგარეო უწყება" ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა მითიური ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ.
"რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოს სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე-ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი იყო, კი ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის მოხდის ინიციატივას გამოეხმაურა.
გორში წინასაარჩევნო შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ოს დებთან და ძმებთან” ბოდიშია მოსახდელი.
"ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები", - განაცხადა ივანიშვილმა.
კოკოითის თქმით, "საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას", ასევე დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები.
ცხინვალში მიიჩნევენ, რომ "საქართველოს ოკუპირებული აქვს ისტორიული ოსური მიწები".
მოახლოებული არჩევნების პირობებში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიამ უჩვეულოდ უცნაურ სახე მიიღო. ტრადიციულად მმართველი პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიების დროს ამომრჩეველს რეალისტურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სხვა ტიპის სარგებელს სთავაზობენ. ქართული ოცნების შემთხვევაში, მმართველმა პარტიამ მთელი ძალისხმევა ორი ძირითადი მესიჯის გავრცელებაში ჩადო. პირველი მესიჯით, ქართული ოცნება საზოგადოებას ფაქტობრივად რუსეთთან ომით ემუქრება. მმართველი პარტია აცხადებს, რომ არჩევნებში ნებისმიერ ოპოზიციური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან ომი გარდაუვალია. ამავდროულად, მმართველი პარტია ქართულ საზოგადოებას საკონსტიტუციო უმრავლესობის დონის მხარდაჭერისთვის მიმართავს, რათა გადაჭრან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
სიტუაციას კიდევ უფრო მეტ აბსურდულობას მატებს ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების მოლოდინის მიუხედავად, მმართველი პარტია არ აკონკრეტებს, რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის რაიმე ფორმით დაკავშირება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხთან არარეალისტური და დამაზიანებელია. 12-წლიანი მმართველობის პერიოდში მმართველ პარტიას არც კი უცდია ქართული საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ისეთი ფორმულა, სადაც მათ შორის გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმების ფაქტორები. მეტიც, ოპოზიცია ხშირად მოუწოდებდა მმართველ პარტიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებისკენ, რაზეც ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპონენტებს კონტრპროდუქტიულობასა და რადიკალიზმში ადანაშაულებდა.
ამავდროულად, არაღიარების პოლიტიკის კონცეფცია რომელიც გაიზიარეს საქართველოს დასავლურმა პარტნიორებმა, მეტწილად მუშაობდა არსებული ერთობლივი ძალისხმევის ხარჯზე, რაც მაქსიმალურად ამცირებდა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შანსებს. აღნიშნული პოლიტიკის ჩავარდნა ნიშნავდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის გლობალურ გამარჯვებას და გამოიწვევდა ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებების ჯაჭვურ პროცესს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულ ოცნებას არ აქვს შემუშავებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგია და არც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნების და გაძლიერების რესურსი გააჩნია. შესაბამისად, ჩნდება პრინციპულად მნიშვნელოვანი კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ ამ საკითხზე მაინცდამაინც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფოკუსირება? კონსტიტუციური უმრავლესობა გულისხმობს კონსტიტუციის პოტენციურ ცვლილებას, რაც თავისთავად შესაძლებელს ხდის ქვეყნის განსხვავებული ტერიტორიული, ადმინისტრაციული და ნორმატიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას. დამატებითი განმარტების გარეშე ქართული ოცნების მხრიდან გაჟღერებული მსგავსი ტიპის დაპირება უნდა ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ მმართველ პარტიას დაგეგმილი აქვს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის რადიკალური ცვლილება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთი კვლავ სისტემატიურად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებების გაწვევას, და ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს საკითხის ორმხრივი მოლაპარაკებების გზით, ანუ საქართველოს და სეპარატისტული რეგიონების (დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსით) შორის თანაბარი მოლაპარაკებების პროცესით უნდა გადაწყდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ შექმნილი კონფედერაცია არის ერთადერთი რეალური ვარიანტი, ამიტომაც, მმართველი პარტია არ არის მზად წინაასარჩევნოდ ღიად ისაუბროს საკუთარ გეგმებზე.