თარიღი: 22 June 2022
1937 წლის 28 სექტემბრის გაზეთ “კომუნისტის” ნომერში ვკითხულობთ - “სტალინური მზით გამთბარი, საბჭოთა კავშირის ხალხები ახალ-ახალ გამარჯვებებს ზეიმობენ”. სინამდვილეში, 1937 წელი ბევრისთვის იყო ტრაგიკული. 1917 წლის რევოლუციის 5 წლის თავზე, რუსეთში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. იგივე განმეორდა სხვა სახელმწიფოებშიც. მმართველობა საბჭოთა კავშირში, თავისი არსით, ძალადობრივი იყო, რაც რეპრესიებში გამოვლინდა. ხშირად მას დიდ ტერორსაც უწოდებენ.
რეპრესიები, ძირითადად, ხორციელდებოდა ე.წ. „სამეულების“ მეშვეობით, რომელიც სასამართლოს გარეთ მოქმედი ორგანოები იყო. რეპრესიების ხასიათი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ოპერაცია სამი ტიპის იყო: კულაკური, ნაციონალური და მილიციის. განსაკუთრებული კატეგორიის ხალხი რეპრესიებს ე.წ. „სტალინური სიებით“ ექვემდებარებოდა. აქ, მსხვერპლთა დახვრეტაზე ხელი თავად დიდ ბელადს აქვს მოწერილი. „სტალინური სიებში“ მოხვედრილი ადამიანები, საბჭოთა რეჟიმის აზრით, კონტრრევოლუციური ელემენტები გახლდნენ ამიტომ, რეპრესიები მიმართული იყო „ანტისაბჭოთა ელემენტების“ წინააღმდეგ. „ანტისაბჭოთა ელემენტებში“ იგულისხმებოდა ბოლშევიკების მოწინააღმდეგე ძალები: მენშევიკები, სოციალ-რევოლუციონერები, ანარქისტები. ასევე, მღვდელმსახურები და თეთრგვარდიელები.
რეპრესიები ხორციელდებოდა ნაციონალური ოპერაციების ფორმით. ეს ოპერაციები, რომლებიც ასევე, სასამართლოს გარეშე მიმდინარეობდა, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების გასამართლებას გულისხმობდა. საქართველო დასახლებული იყო სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლებით. ზოგჯერ, უბრალოდ კავშირი ამა თუ იმ ეთნიკურ ჯგუფთან, საკმარისი იყო ბრალდების წარსადგენად. განაჩენის აღსრულება ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანის მიმართ ხდებოდა. მასობრივი სამარხები აღმოჩენილია აჭარაში. ძიების მიუხედავად, ვერ აღმოჩნდა სოღანლუღში, სადაც გადმოცემის თანახმად, თბილისში სიკვდილმისჯილ რეპრესირებულებს ხვრეტდნენ. რეპრესების ხასიათი და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, მსგავსი სამარხების არსებობითაც ჩანს, რომლითაც არამარტო საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში თითქმის ყველა დიდი ქალაქის მიდამოებია მოფენილი. დახვრეტასთან ერთად, ხდებოდა ბრალდებულის ქონების კონფისკაციაც. ადამიანის ოჯახური მდგომარეობა არანაირად არ იყო გათვალისწინებული. მისი მეუღლე თუ შვილი უსახლკაროდ რჩებოდა. ეს კარგად ჩანს იმ ადამიანთა მოგონებებიდან, რომელთა ოჯახებსაც უშუალოდ შეეხო რეპრესია.
დიდ ტერორზე საუბრისას, დღემდე კვლევის საგანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული საბჭოთა რეპრესიები. აჭარაში, 1937-38 წლების რეპრესიების შედეგად 1050 ადამიანი დახვრიტეს. აქედან, 464-ს მუსლიმური სახელი და მამის სახელი ჰქონდა, 291-ს ქართული გვარი და დაბადებული იყო აჭარის გარეთ, საქართველოს სხვა კუთხეში. 316 სხვა ეთნოსის წარმომადგენელი გახლდათ. დახვრეტილთაგან 11 ქალი იყო.
1937 წლის გაზეთ “კომუნისტის” ფურცლებიდან ჩანს, რომ საბჭოთა კავშირი აჭარაში, ტროცკისტებსა და კონტრრევოლუციონერებს ებრძოდა. “სიკვდილი სამშობლოს გამყიდველებს” - ამ წინადადებით მოიხსენიებდნენ აჭარის კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მათ ბრალი ედებოდათ “გამცემლურ, ჯაშუშურ-დივერსიულ, მავნებლურ მუშაობაში”. გაზეთი წერდა, რომ ხსენებული “ბანდის ატამანები” ზ. ლორთქიფანიძე და გ. რამიშვილი 1937 წელს დახვრიტეს. პროპაგანდა მათ საბჭოთა კავშირის მტრებად და კაპიტალიზმის იდეურ წარმომადგენლებად მიიჩნევდა, ხელს უშლიდნენ რა აჭარის განვითარებასა და კეთილდღეობას. მათი „მავნებლური“ საქციელი სამეურნეო კულტურების განადგურებაშიც გამოიხატებოდა. როგორც საბჭოთა იდეოლოგია მოითხოვდა, საკოლმეურნეო მუშაობა და გეგმის შესრულება მუშათა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი დანიშნულება იყო. თანასწორობის იდეა, სწორედ საერთო ქონებაზე იდგა. აჭარელი კონტრრევოლუციონერები კი აქ “ცდილობდნენ” ზიანის მიყენებას.
“ტროცკისტმა დეგენერატმა, გიორგი რამიშვილმა სასამართლოში უჩვენა: “ჩაის პლანტაციებში სასუქი შემქონდა მავნებლური წესით. ჩავშალე ჩაის კრეფის ახალი მეთოდის გატარება. ვეწეოდით ციტრუსების დაგვიანებით შეწამვლასა და ნერგის გაფუჭებასო” ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დამსახურება აჭარის მიმართ განუზომლად დიდია: “ლენინ-სტალინის პარტიის ხელმძღვანელობით, აჭარის გლეხობამ კოლმეურნეობაში ჰპოვა ხსნა, კულაკების, ხოჯებისა და მოლების აუტანელ კაბალისგან”. ეს მცირე მაგალითია იმისა, როგორ მიმდინარეობდა აჭარაში რეპრესიები. უბრალოდ, საზოგადოების ფართო ფენაში, არამზადების, მოღალატეების და მკვლელების ხატის შექმნას ცდილობდნენ. მათთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი იმთავითვე გამართლებული იყო, რადგან ამას თავად საბჭოთა მოქალაქე „მოითხოვდა“, აღსრულება კი, უკვე მმართველის მოვალეობა გახლდათ.
აჭარაში განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი იყო ექიმი, რაისა შიშლო -საბაშვილი, რომელიც 1937 წლის 7 დეკემბერს ბათუმში დახვრიტეს. რაისა საბაშვილი პოლონეთში, ქალაქ სუვალკიში დაიბადა. მის მიერ დაწერილი რეზიუმედან ირკვევა, რომ წარჩინებით დაამთავრა ქალთა გიმნაზია. განათლება მიიღო ჟენევის ბუნებისმეტყველებისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ედინბურგის სამედიცინო-ქირურგიის კოლეჯში და მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტში. სწავლა 1906 წელს დაამთავრა. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის: სარატოვში, მოსკოვში, ასტრახანის ქალთა საავადმყოფოში, სოხუმის ცენტრალურ ამბულატორიაში. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ბათუმი იყო, სადაც 1921 წელს, აჭარის ჯანმრთელობის კომისარიატის მოთხოვნით ჩავიდა. მისი პროფესიული საქმიანობა ქალთა ვენერიული დაავადებების მკურნალობას გულისხმობდა. იგი შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე დახვრიტეს. ბრალად ედებოდა არალეგალური კონტრრევოლუცური ორგანიზაციების შეხვედრებში მონაწილეობა და მათი ანტისაბჭოური მოსაზრებების გაზიარება. რა შეიძლება ყოფილიყო მისი დახვრეტის მიზეზი? როგორც არქივებიდან ირკვევა, საბჭოთა კავშირში ქალები ნაკლებად ხდებოდნენ რეპრესიის მსხვერპლი. იყვნენ, თუმცა პროცენტულად ბევრად ნაკლები, ვიდრე მამაკაცები. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რაისა საბაშვილი, გარდა სპეციალობაში მიღებული განათლებისა, ფლობდა: ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და პოლონურ ენებს.
რაისა შიშლო-საბაშვილის მიერ შევსებული ანკეტა, ენების ცოდნის მითითებით. დაცულია აჭარის ა/რ არქივში
შესაძლოა, მისი განათლება და წარმომავლობა საბჭოთა რეჟიმისთვის დაეჭვების საფუძველი გახდა. იგი არ იყო პროლეტარი, რომელიც მინდორში მუშაობდა. საბჭოური წარმოდგენები ადამიანების საქმიანობაზე სწორედ ასეთი იყო. არის ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც რაისა საბაშვილის მიერ შევსებულ ანკეტაში იკვეთება. ეროვნების გრაფაში წერია სიტყვა - რუსი, რომელიც წითელი კალმითაა შევსებული (ისევე, როგორც მთელი ანკეტა), თუმცა, „რუსი“ გადახაზულია ლურჯი კალმით (ფანქრით) და მიწერილია - ებრაელი. ალბათ, ანკეტის შევსებისას, თავად ავტორმა, რაისა საბაშვილმა, საკუთარი თავი ეთნიკურად რუსი წარმოაჩინა. მეორე პირმა კი, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ებრაელი მიუთითა. ამავე საანკეტო ფურცელში მითითებულია, რომ ის “დაბადებით” გვარად როზენბერგია. რეზიუმეში, შიშლო საბაშვილი ამბობს, რომ პოლონეთში დაიბადა. მაგრამ არ უთითებს ეთნიკურ წარმომავლობას. ის, რომ რაისა საბაშვილი (როზენბერგი) პოლონელი ებრაელი იყო, გასაკვირი არ არის, რადგან მის მშობლიურ ქალაქ სუვალკიში ებრაელები ცხოვრობდენ თან, საკმაო რაოდენობით. ეს მისი პერსონის მიმართ ნაციონალური ნიშნით დაინტერესების საბაბი შეიძლება ყოფილიყო. რაისა დაიბადა და სწავლობდა საზღვარგარეთ, დასავლეთში, რაც საბჭოთა მმართველთა თვალში იძლეოდა მიზეზს, რომ მას კაპიტალისტური იდეები, სოციალიზმთან კი ნაკლები კავშირი ჰქონდა. სავარაუდოდ, ბრალდება ანტისაბჭოური მოსაზრებების გაზიარების შესახებ, აქედან იღებს სათავეს. ზემოთ ნახსენები გ. რამიშვილი და ზ. ლორთქიფანიძეც მსგავსი ბრალდების საფუძველზე დახვრიტეს. გარდა აღნიშნული მოსაზრებებისა, საქართველოს შინსახკომის განსაკუთრებული სამეულის 1937 წლის 22 ნოემბრის სხდომის ოქმიდან, სადაც შიშლო საბაშვილს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, ჩანს, რომ ის ორჯერ იყო დაკავებული. პირველად, 1907 წელს, ქალაქ სარატოვში, მეორედ, 1932-33 წლებში, ვალუტის შენახვის გამო. “კრიმინალური” წარსული მასზე ეჭვის მიტანის, დასმენის კიდევ ერთი საბაბი იქნებოდა. განაჩენი სისრულეში 7 დეკემბერს მოიყვანეს.
რაისა შიშლო-საბაშვილის სამეულის სხდომის ოქმი. დაცულია შსს არქივში
რაისა შიშლო-საბაშვილის განაჩენის სისრულეში მოყვანის აქტი. დაცულია შსს არქივში
რასაკვირველია, დრო განაჩენის გამოტანიდან მის სისრულეში მოყვანამდე, სრულად გვაძლევს იმის საშუალებას ვთქვათ, რომ სისტემა უსამართლო და არაადამიანური იყო. ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები, მისი დახვრეტის მიზეზების შესახებ, ვარაუდია. რა თქმა უნდა, მას აქვს არსებობის უფლება, საბჭოთა კავშირში ხომ ადამიანები დანაშაულის დამტკიცების გარეშეც სამართლდებოდნენ. ხშირი იყო დასმენები. საჭიროა თავად ამ ქალბატონის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც, ალბათ, მისი შთამომავლების მოძიებით და იმ სახის ინფორმაციის მიღებით უნდა დაიწყოს, რაც დოკუმენტებში, როგორც წესი, არ აისახება. არსებული დოკუმენტებიდან კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ 1937 წლის რეპრესიებს შეწირული ექიმი არ განეკუთვნებოდა ტიპურ საბჭოელს, ადამიანს, რომლის დამორჩილება მარტივი იქნებოდა. რაისა შიშლო- საბაშვილი, როგორც თავად უთითებს, დაბადებული 1883 წელს (სამეულის პროტოკოლის მიხედვით, დაბადებული 1887 წელს), დახვრეტისას 54 წლის იყო.