თარიღი: 18 November 2024
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომ ორგანიზაცია "სირცხვილია" რამდენიმე წევრმა დატოვა. ადამიანებმა, ვინც თავს ორგანიზაციის წევრებად აცხადებდნენ, საერთო განცხადება გააკეთეს და წასვლის მიზეზებზე ისაუბრეს. მათივე თქმით, მიიღეს მითითებები, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელი შეეშალათ.
"მათ სრულიად კარგად ჰქონდათ გეგმა დალაგებული, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხი, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, ჩვენ მათთვის ანალოგიურად მხარი უნდა დაგვეჭირა. თუმცა, ხალხი, რომელიც მათ მხარს არ დაუჭერდა, მათზე უამრავი საჩივარი უნდა დაგვეწერა და ასე უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურად უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე, ანალოგიურ რაღაცებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა. თუ მოვიდოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არ იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ვისთვის მიეცათ ხმა, უნდა გვერჩია, რომ მხარი ოპოზიციისთვის დაეჭირათ. მათი სურვილი იყო, არჩევნებს მშვიდად არ ჩაევლო და ეს დღე სრულიად არეულიყო", - თქვა მარიამ მჭედლიძემ.
იმავე საინფორმაციო გამოშვებაში, სირცხვილიას კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი პაქსაშვილმა იგივე ნარატივი გაავრცელა და აღნიშნა:
"მინდოდა ობიექტურად, ხალხის ხმები დამეცვა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როდესაც მივედი არჩევნებზე, მითითებას მაძლევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაგვეწერა. მაქსიმალურად ხელი შეგვეშალა არჩევნების პროცესში. ბეიჯი მოვიხსენი, წამოვედი. არ მინდოდა, მათი მანიპულაციისთვის ხელი შემეწყო და დავტოვე საარჩევნო უბანი".
3 ნოემბერს, ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი სათაურით "ტოვპერაგების საბოტაჟი", ავტორის თქმით, "რადიკალები" არჩევნების საბოტაჟს ცდილობდნენ და "დირექტივებს აძლევდნენ საუბნო და საოლქო კომისიის წევრებს, რომ როგორმე კენჭისყრის პროცესი ჩაშლილიყო". მარიამ მჭედლიძემ, იმედის ეთერშიც მსგავსი ინფორმაცია გააჟღერა:
"ხალხი, ვინც არ იცოდა, ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი, მათთვის აუცილებლად უნდა გვერჩია, რომ ოპოზიციისთვის დაეჭირათ მხარი. ხოლო, ხალხს თუ შევატყობდით, რომ ქართულ ოცნებას უჭერდა მხარს, მათთვის აუცილებლად საჩივრები უნდა დაგვეწერა ისეთ წვრილმან რაღაცებზე, რაც ყოვლად დაუშვებელია".
სიუჟეტის ავტორის თქმით, მარიამ მჭედლიძე არჩევნების დღეს ერთ-ერთ უბანზე ორგანიზაცია "სირცხვილიას" დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი და ორგანიზაცია მან არჩევნების დღესვე, "უკანონო დირექტივების" მიცემის გამო დატოვა, რომელსაც კოორდინატორი მჭედლიძეს მთელი დღის განმავლობაში შეტყობინებების სახით უგზავნიდა.
სინამდვილეში, მარიამ მჭედლიძე და გიორგი პაქსაშვილი არასდროს ყოფილან ორგანიზაცია სირცხვილიას წევრები. 4 ნოემბერს, ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სირცხვილიას არსებობის განმავლობაში ეს ადამიანები არასდროს ყოფილან ორგანიზაციის წევრები. განცხადების მიხედვით, როგორც ჩანს, მათ მოძრაობის მიერ საარჩევნო დამკვირვებლებისთვის შექმნილი ონლაინ ტრენინგი გაიარეს, რათა შემდეგ ეს კამპანია ეწარმოებინათ.
გარდა ამისა, ღია წყაროების საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით, მარტივად დგინდება, რომ მარიამ მჭედლიშვილი, რომელიც სახელისუფლებო მედიებმა ორგანიზაცია სირცხვილიას ყოფილ წევრად წარადგინეს, სინამდვილეში, მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტის თანახმად, მჭედლიშვილი 4 ოქტომბერს ქართული ოცნების მხარდამჭერთა კლუბის გახსნას ესწრებოდა.
ამრიგად, აჭარის ტელევიზიისა და იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მარიამ მჭედლიძე ორგანიზაცია სირცხვილიას ყოფილი წევრია - სიცრუეა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.