საგამოძიებო მასალები

როგორ მიმდინარეობდა ვირტუალურ სივრცეში 2022 წლის სექტემბრის შეტაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

ავტორი: გივი გიგიტაშვილი, ესტებან პონს დე ლეონი თარიღი: 9 December 2022

მასალა ქართულ ენაზე ქვეყნდება IML-ისა (საგამოძიებო მედია ლაბორატორიის) და ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის (ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორია) თანამშრომლობის ფარგლებში. ანგარიშზე და მასში გამოყენებულ ფოტოებზე სრული საავტორო უფლებები ეკუთვნის DFRLab-ს. 

 

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერს და მისი ორიგინალი ვერსიის სანახავად დააკლიკეთ აქ

 

ტვიტერის არაორგანული აქტივობა, ომის დანაშაულების ამსახველი ტელეგრამის გრაფიკული კადრები და ტიკტოკის აკრძალვები სწორედ ბოლოდროინდელი შეტაკებების ფონზე გამომჟღავნდა

 

შენიშვნა: ეს სტატია მოიცავს ომის დანაშაულების გრაფიკულ აღწერილობებსა და ბუნდოვან სურათებს. 

 

2022 წლის სექტემბერში განახლებულმა სამხედრო შეტაკებებმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვირტუალურ სივრცეში, სოციალური მედიის პლატფორმებსა  და წერილობითი შეტყობინებების აპლიკაციებშიც გადაინაცვლა. ტვიტერზე მანიპულირებული ანტისომხური ჰეშტეგები სომხეთს აგრესორად წარმოაჩენდა. ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ომის დანაშაულების გრაფიკული კადრები და ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული კადრები გარდაქმნეს ციფრულ სტიკერებად, რათა გაზიარება უფრო მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი. ორივე ხელისუფლება ცდილობდა შეეზღუდა წვდომა ინფორმაციაზე, რის შედეგადაც ტიკტოკი შეფერხებებით ფუნქციონირებდა. ამავე დროს, აზერბაიჯანში გავრცელდა ყალბი ნარატივები, რის მიხედვითაც სომხეთი ფლობდა საუკეთესო VPN კომპანიებს და აზერბაიჯანის ხელისუფლება სწორედ ამ გზით ცდილობდა თავიდან აერიდებინა თავისი მოსახლეობის მიერ VPN-ის გამოყენება.

 

13 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაახლა თავისი კონფლიქტი სომხეთთან და თავს დაესხა სასაზღვრო რეგიონს. იმავე დღეს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სომხეთის სამხედრო პოზიციები გორისში, სოტკსა და ჯერმუქში. სომხეთის განცხადებით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა 204 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი, მაშინ როცა აზერბაიჯანის მონაცემების მიხედვით დაახლოებით 100 პირი დაშავდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ 13-14 სექტემბრის დღეებში აზერბაიჯანმა მოიპოვა სომხეთის ტერიტორიის ათი კვადრატული კილომეტრი, რითიც აზერბაიჯანმა განაახლა 2021 წლის მაისში დაწყებული შეტაკებები, რა დროსაც სომხეთის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანმა მოიპოვა სომხეთის ტერიტორიის ორმოცი კვადრატული კილომეტრი.

 

განახლებული თავდასხმების დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაჟინებით მოუწოდა აზერბაიჯანს, შეეწყვიტა სამხედრო ოპერაციები სომხეთის საზღვრის გასწვრივ. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ-მ იხილა "მნიშვნელოვანი მტკიცებულება სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული დაბომბვისა და სომხური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანებისა". თავისუფლების სახლმა ასევე მოუწოდა აზერბაიჯანს, შეეწყვიტა სომხეთზე თავდასხმები. 18 სექტემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სომხეთს ეწვია და თავდასხმები დაგმო

 

"ბრძოლა აზერბაიჯანელების მიერ იყო დაწყებული და ეს ფაქტი უნდა ვაღიაროთ" - თქვა მან. 

 

მანამ, სანამ აზერბაიჯანი სომხეთის სამხედრო პოზიციების დაბომბვას დაიწყებდა, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა ფართომასშტაბიანი პროვოკაციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში. 

 

ანტისომხური და ანტიაზერბაიჯანული ჰეშტეგების ანალიზი

 

აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმის შემდეგ, DFRLab-მა დაიწყო ტვიტერის პროაზერბაიჯანულ ანგარიშებზე დაკვირვება, რომლებიც ავრცელებდნენ ანტისომხურ ჰეშტეგებს და ცდილობდნენ, სომხეთი აგრესორად წარმოეჩინათ. ამავე დროს, მმართველი "ახალი აზერბაიჯანის პარტიის" (YAP) ახალგაზრდა ფრთის მიერ წარმოებული ჰეშტეგების კამპანია ცდილობდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და ოპოზიციის იმ წარმომადგენლების დისკრედიტაციას, რომლებიც სომხეთზე თავდასხმებს ეწინააღმდეგებოდნენ.

 

DFRLab-მა გააანალიზა ჰეშტეგებით აქტივობის ორი კლასტერი, რაც წარმოიშვა 2022 წლის სექტემბრის შეტაკებების დროს. ერთი კლასტერი ავრცელებს ანტისომხურ ჰეშტეგებს, ხოლო მეორე - ანტიაზერბაიჯანულს. 1-26 სექტემბრის დღეებში თითოეული კლასტერისთვის ჩვენ შევაგროვეთ ტვიტერის პოსტები რვა ჰეშტეგის გამოყენებით. ყველაზე გავრცელებული ანტისომხური ჰეშტეგი იყო #შეაჩერესომხურიაგრესია (#StopArmenianAggression), მას მოსდევდა ჰეშტეგი #შეაჩერესომხურიტერორი (#StopArmenianTerror). აღსანიშნავია, რომ სომხეთში ნენსი პელოსის ვიზიტის დროს, პროაზერბაიჯანულმა ანგარიშებმა დაიწყეს ჰეშტეგის #არაპელოსის (#NoPelosi) გავრცელება, რაც დაკვირვების პერიოდში, მეოთხე ყველაზე გავრცელებული ჰეშტეგი იყო პროაზერბაიჯანულ ჰეშტეგებს შორის.  მეორე კლასტერში ყველაზე პოპულარული ჰეშტეგები იყო #დაასანქცირეაზერბაიჯანი (#SanctionAzerbaijan) და #აზერბაიჯანიარისტერორისტულისახელმწიფო (#AzerbaijanIsATerroristState). დაკვირვების პერიოდში ანტი-სომხური ჰეშტეგები 261 000-ზე მეტჯერ იყო გამოყენებული, ხოლო ანტიაზერბაიჯანული ჰეშტეგები კი 156 000-ზე მეტჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია ერთი ტვიტი მოიცავდეს რამდენიმე ჰეშთეგს, რის გამოც ტვიტების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ჰეშტეგების საერთო რაოდენობა.

 

 

ჩვენი ანალიზის მიხედვით, ანტიაზერბაიჯანული და ანტისომხური ჰეშტეგების მკვეთრი მატება მოხდა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დღის განმავლობაში. 13 და 14 სექტემბერს ანტიაზერბაიჯანული ჰეშტეგების გამოყენების რაოდენობამ 40 000-ს მიაღწია, ხოლო 15 სექტემბერს ანტისომხური ჰეშტეგების გამოყენების რაოდენობამ ერთ დღეში მიაღწია 50 000-ს. თავდაპირველად ანტისომხური ჰეშტეგები იღებდნენ უფრო მეტ გამოხმაურეობას ყოველდღიურად, ვიდრე ანტიაზერბაიჯანული, მაგრამ 20 სექტემბრის შემდეგ ამ უკანასკნელს ჰქონდა მეტად მდგრადი გამოხმაურება, თუმცა მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე. 

 

 

15 სექტემბერს ანტისომხური ჰეშტეგების მკვეთრი მატების შემდეგ DFRLab-მა ტრაფიკის მანიპულაციის კოეფიციენტის (CTM) გამოყენებით, გამოითვალა იმ დღეს ტენდენციური ტრაფიკის მანიპულაცია ჰეშტეგებზე. CTM ზომავს არაავთენტიკური ტრაფიკის ნაკადის ალბათობას, რაც განიმარტება, როგორც "მომხმარებლების მცირე ჯგუფის მცდელობა, შექმნან ტვიტერ-ტრაფიკის დიდი ნაკადი, რაც მონაწილე მომხმარებლების რაოდენობასთან შედარებით არაპროპორციულია". CTM გამოიხატება შემდეგი განტოლებით:

 

CTM = (R/10) + F + U

 

R უდრის რეტვიტების პროცენტს, F არის ტვიტების პროცენტი ორმოცდაათი ყველაზე აქტიური ანგარიშიდან და U არის პოსტების საშუალო რაოდენობა თითო მომხმარებელზე.

 

ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა DFRLab-ის ანგარიშმა CTM-ის შესახებ დაადგინა, რომ ორგანულმა, არამანიპულირებულმა საკონტროლო ნიმუშებმა დააგროვეს CTM თორმეტი ან უფრო დაბალი, მაშინ როცა მანიპულაციაზე მიუთითებს თორმეტზე მაღალი CTM.

 

15 სექტემბერს ექვსმა ყველაზე პოპულარულმა ანტისომხურმა ჰეშტეგმა CTM მიიღო 55-ზე მეტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტრაფიკი ამ ჰეშტეგებზე იყო მაღალმანიპულირებული. DFRLab-ის ანალიზმა აჩვენა, რომ 15 სექტემბერს ჰეშტეგმა #შეაჩერესომხურიაგრესია (#StopArmenianAggression) დაარეგისტრირა ყველაზე მაღალი CTM (65.49), მაშინ როცა ჰეშტეგმა  #არდაუჯეროსომხეთს (#DontBelieveArmenia) დაარეგისტრირა ყველაზე დაბალი ქულა (57.27). 

 

 

DFRLab-მა ჩაატარა სოციალური ქსელის ანალიზი იმისთვის, რომ შეედარებინა აქტივობა ჰეშტეგების თითოეულ ჯგუფში. შედეგების მიხედვით, ტვიტერის ანგარიშები ქმნიდა ანტისომხური ჰეშტეგების შემცველ უფრო მეტ პოსტს, ვიდრე ანტიაზერბაიჯანული ჰეშტეგების შემცველ პოსტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ანგარიშების მცირე ჯგუფი ცდილობდა შერჩეულ ჰეშტეგებზე ტრაფიკის მანიპულაციას.

 

როგორც ქვემოთ მოცემული სოციალური ქსელის გრაფიკიდან ჩანს, ქსელის თითოეული კვანძი წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც ტვიტავს გაანალიზებულ ანტისომხურ ან ანტიაზერბაიჯანულ ჰეშტეგებს. Მიმართული ისრები (ვარდისფერი და მწვანე ხაზები) მიუთითებს ინფორმაციის ნაკადზე, რომელიც განიხილავს ასეთ ნარატივებს. ისარი ერთი კვანძიდან მეორეზე მიუთითებს იმაზე, რომ წინამ გადააზიარა, დაპოსტა, მონიშნა ან უპასუხა უკანასკნელს. კვანძის ზომა წარმოადგენს ტვიტერის ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტების რაოდენობას, რომელიც შეიცავს ანტისომხურ ან ანტიაზერბაიჯანულ ჰეშტეგებს. ქვემოთ მოცემულ გრაფიკაში ნაჩვენებია ტვიტერის ყველაზე აქტიური ანგარიშები, რომლებიც ასეთ ჰეშტეგებს ავრცელებდნენ.

 

 

2022 წლის სექტემბრის თვის შუა რიცხვებში შეიქმნა ჰეშტეგების გამავრცელებელი ტვიტერის ასობით ანგარიში. იმავე თვეში შეიქმნა დაახლოებით 7.2% ისეთი ანგარიშებისა, რომლებიც ავრცელებენ ანტისომხურ ჰეშთეგებს, ხოლო 3.3% ისეთი ანგარიშებისა, რომლებიც ანტიაზერბაიჯანულ ჰეშტეგებს ამრავლებენ.

 

 

კამპანიის მცდელობაა კრიტიკული ხმების დისკრედიტაცია

 

17 სექტემბერს სოციალური მედიის აზერბაიჯანულმა ანგარიშებმა დაიწყეს აზერბაიჯანელი იმ საჯარო პირების დისკრედიტაციის კამპანია, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი მომხდარ ძალადობაზე. კამპანია იყენებდა შემდეგ ჰეშტეგებს: #xainləritanı (#იცნობდემოღალატეებს),  #xainlər (#მოღალატეები), #იცნობდემოღალატეს (#xainitanı) და #იცოდევინარისმოღალატე (#xainitanıyaq). ამ ჰეშტეგებით გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტები და ტვიტები შეიცავდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სურათებს, რომლებმაც გააკრიტიკეს აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები. სამიზნე პირებს შორის მოხვდნენ ტოფიგ იაგუბლუ, ოპოზიციური პარტიის "მუსავატი" წამყვანი წევრი; ჟურნალისტები, ტურალ სადიქლი, აფგან მუხთარლი და სევინ ოსმანქიზი და ოპოზიციონერი აქტივისტი, გულტეკინ ჰაჯიბეილი. პოსტებისა და ტვიტების საშუალებით გაზიარდა ამ პირების სურათები წითელი შტამპით - "იცოდე, ვინ არის მოღალატე"!

 

17 სექტემბერს მმართველი "ახალი აზერბაიჯანის პარტიის" ახალგაზრდა ფრთამ ფეისბუქზე დაპოსტა ვიდეო, სადაც ასახულები იყვნენ აზერბაიჯანელი ოპოზიციონრები და ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ქვეყნის ქმედებებს სომხეთის წინააღმდეგ. ვიდეო იწყებოდა ჰეშტეგით #იცნობდემოღალატეებს. 19, 23 და 26 სექტემბერს, მმართველი "ახალი აზერბაიჯანის პარტიის" ახალგაზრდა ფრთის ფეისბუქ გვერდმა ასევე გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტები ჰეშთეგებით #იცნობდემოღალატეებს და #იცოდევინარისმოღალატე. 

 

 

DFRLab-მა გამოიყენა Meltwater Explore იმის დასადგენად, თუ როდის დაიწყო კამპანია ტვიტერზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჰეშტეგი #იცნობდემოღალატეებს პირველად დაპოსტა @thezzw-მ 18 სექტემბერს, 11:00სთ-ზე ბაქოს დროით.  "ახალი აზერბაიჯანის პარტიის" ახალგაზრდა ფრთის ვიდეო კი ფეისბუქზე დაიპოსტა წინა დღეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კამპანია პირველ რიგში დაიწყო ფეისბუქზე და შემდგომ გავრცელდა ტვიტერზე. 

 

ტვიტერის მომხმარებელმა @ceyhuna17665017-მა ყველაზე ხშირად გამოიყენა ჰეშტეგები #xainləritanı (#იცნობდემოღალატეებს), #xainlər (#მოღალატეები), #xainitanı (#იცნობდემოღალატეს) და #xainitanıyaq (#იცოდევინარისმოღალატე) 18-დან 26 სექტემბრამდე პერიოდში. ამ მომხმარებლის ბიო არ შეიცავს რაიმე სახის პირად ინფორმაციას, თუმცა, პროფილის სურათი მოიცავს YAP-ის ლოგოს. რაც შეეხება სხვა ანგარიშებს, რომლებმაც გააძლიერეს ეს ჰეშტეგები, ესენია: @masimvugar, @aynurab89088606 და @seyyad12021991. ისინი ხშირად უკეთებენ რეტვიტებს YAP-ის ანგარიშებს და კარგად წარმოაჩენდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტს. Meltwater Explore-ისგან გამოთხოვილმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ ამ ჰეშტეგების გამოყენება გაიზარდა 19 სექტემბერს და ერთ დღეში 800-ზე მეტჯერ გამოიყენეს. 20 სექტემბერს ჰეშტეგების გამოყენების სიხშირე სწრაფად დაეცა. 

 

ჰეშტეგი #xainitanı ასევე გამოჩნდა YouTube-ზეც, სადაც მომხმარებელმა ვუსალ მუსტაფაევმა ის ვიდეოების სათაურებში გამოიყენა.  ეს ვიდეოები მსგავსი იყო იმისა, რაც გამოქვეყნდა ფეისბუქსა და ტვიტერზე და აერთიანებდა იმ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების, ბლოგერებისა და ჟურნალისტების კადრებს, რომლებიც კრიტიკულები იყვნენ აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ. 

 

ტელეგრამის არხები ომის დანაშაულების ამსახველ სასტიკ კადრებს აზიარებენ; ზოგიერთი სურათი ტელეგრამის სტიკერად გადაიქცა

 

1 ოქტომბერს პროაზერბაიჯანულმა ტელეგრამ-არხმა ХАЧЕРУБКА 18+ (ხაჩერუბკა 18+) გამოაქვეყნა გრაფიკული კადრების ამსახველი ვიდეო, წარწერით: 

 

"მტრის პუნქტის აღების შემდეგ დაუმარცხებელმა აზერბაიჯანელმა მებრძოლებმა დახვრიტეს ყველა ტერორისტი". 

 

სომხეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, კრისტინე გრიგორიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ ვიდეო ავთენტიკურია და ასახავს აზერბაიჯანული ძალების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების განზრახ მკვლელობას. გრიგორიანმა Human Rights Watch-თან (HRW) საუბრისას თქვა, რომ მკვლელობა მოხდა 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, დილის 6 საათიდან 7 საათამდე პერიოდში. HRW-მა ასევე გააანალიზა კადრები და დაადასტურა, რომ ის ასახავდა აზერბაიჯანული ძალების მიერ სულ მცირე შვიდი სომეხი სამხედრო ტყვეს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე სიკვდილით დასჯას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და სომხეთში დიდი ბრიტანეთის საელჩომ დაგმეს სომეხი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯა და მოუწოდეს აზერბაიჯანს, გამოიძიოს საკითხი.

 

2 ოქტომბერს ტვიტერის ანგარიშმა, Nagorno Karabakh Observer-მა ჩაატარა რელიეფის ანალიზი და დაადგინა, რომ დიდი ალბათობით, ვიდეო გადაღებული იყო სევის ტბასთან. მოგვიანებით, 20 ოქტომბერს Bellingcat-მა გამოაქვეყნა სიკვდილით დასჯის ვიდეოს დეტალური გეოლოკაცია და დაასკვნა, რომ ის გადაღებულია სევის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

 

DFRLab-მა გამოიყენა Google Earth Pro და PeakVisor მათი დასკვნების დასადასტურებლად. ვიდეო გადაღებულია ადგილზე, სადაც დიდი კლდეებია, რომელიც სავარაუდოდ, ჯარისკაცებისთვის მცირე სიმაგრის შესაქმნელადაა გამოყენებული. კადრების ფონზე ჩანს მთის ქედიც. Google Earth Pro ამასთანავე აჩვენებს, რომ ადგილი, სადაც სიკვდილით დასჯა მოხდა, მდებარეობს სომხეთ-აზერბაიჯანის მთიან საზღვარზე. ამ ყვეალფრის შემდეგ DFRLab-მა PeakVisor-ის რელიეფის ამოცნობის ინსტრუმენტიც გამოიყენა, რათა დაედგინა, თუ რომელი მთის ქედები ჩანდა ფონზე და აღმოჩნდა, რომ დიდი ზომის მთა, რომელიც კადრებში ჩანს, "პატარა იშხანასარია". 

 

 

შეტაკებების მიმდინარეობისას სხვა გრაფიკული კადრების ამსახველი ვიდეოც გამოჩნდა, მაგალითად, პროაზერბაიჯანულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს კიდევ ერთი გრაფიკული ვიდეო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასახავდა სომეხი ჯარისკაცი ქალის, ანუშ აპეტიანის დასახიჩრებულ და ნაწამებ გვამს. კადრების ნახვის შემდეგ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ედუარდ ასრიანმა ომის დანაშაული აღწერა, როგორც "სისასტიკის უმაღლესი დონე". 

 

ასევე, არსებობს კადრები, სადაც ასახულია სომხების სამხედრო დანაშაულები აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიმართ. ამ კლიპებიდან ზოგიერთი გამოჩნდა ზემოთხსენებულ პროაზერბაიჯანულ ტელეგრამ-არხზე ХАЧЕРУБКА 18+. კიდევ ერთმა პროაზერბაიჯანულმა არხმა, Caliber-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ სომეხი ჯარისკაცი აზერბაიჯანელ ჯარისკაცს შეურაცხყოფს. ვიდეოს აღწერაში ამტკიცებდნენ, რომ ის ვიდეო, სადაც ჩანს აზერბაიჯანელების მიერ სომეხი ჯარისკაცების მკვლელობა გაყალბებულია და რომ სინამდვილეში ომის დანაშაულებს სომხები სჩადიან. 

 

"ჩვენ ვნახეთ სომეხი ჯარისკაცების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეო. ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს არ არის დადგმული, ძნელია მონაწილეთა იდენტიფიცირება ვიდეოდან (ჩაფხუტებისა და გადაღების ცუდი ხარისხის გამო, სახეები არ ჩანს - "უცნაური" დამთხვევა)". 

 

ამავდროულად, 19 სექტემბერს სომხეთის ადამიანის უფლებათა ყოფილი ომბუდსმენი, არმენ ტატოიანი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანული ტელეგრამ-არხები ქმნიდნენ ციფრულ "სტიკერებს" ნაწამები და დანაწევრებული სომეხი სამხედრო და სამოქალაქო პირების ფოტოებიდან. ტატოიანმა თქვა, რომ ტელეგრამის სტიკერები პირველად 14 სექტემბერს გამოჩნდა და ჯამში 119 სხვადასხვა სტიკერი გადმოიწერეს 20 000-ზე მეტჯერ 5 დღის განმავლობაში. გავრცელებული ინფორმაციით, მან და მისმა გუნდმა სტიკერები 18 სექტემბერს იპოვეს, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ ტელეგრამს, რომელმაც მისივე თქმით, დაბლოკა ისინი. 

 

ტატოიანმა გააზიარა Telegram-ის ოცდახუთი სტიკერის სკრინშოტი, რომლებიც აზერბაიჯანულ ენაზე იყო წარწერით, „დედამო***ული სომხების გვამები” და გავრცელებული ინფორმაციით, ასოცირებული იყო ტელეგრამ-ბოტთან, სახელწოდებით fstikbot, სტიკერების კოლექციების გენერირების ავტომატიზებულ ინსტრუმენტთან. DFRLab-მა ოცდახუთი სურათიდან ხუთს მიაკვლია Google-ისა და Yandex-ის გამოყენებით. ხუთივე სურათი თარიღდება 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომიდან და აჩვენებს აზერბაიჯანელი ჯარისკაცების სურათებს, რომლებიც პოზირებენ დაღუპულ სომეხ ჯარისკაცებთან.

 

 

DFRLab-მა გამოიყენა ტელეგრამის სტიკერების კატალოგი, რათა მოეძებნა იგივე აზერბაიჯანული ფრაზა, რაც გამოყენებულია სქრინშოტში. Მოთხოვნის შედეგად, მივიღეთ სტიკერების ორი კოლექცია, სახელწოდებით Ermənilərin leşləri და Erməni leşleri, რომლებიც ითარგმნება როგორც "სომხების გვამები". მიუხედავად იმისა, რომ სტიკერების არცერთი კოლექცია ზუსტად არ ემთხვევა ტატოიანის მიერ გავრცელებულ კოლექციას, ისინი მოიცავდნენ მრავალ ფოტოს, რომელსაც საერთო აქვს ტატოიანის სკრინშოტთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტელეგრამმა, შესაძლოა, მართლაც წაშალა ტატოიანის გამოქვეყნებული სტიკერების კოლექცია, მაგრამ ცალკეული გრაფიკული სურათები და კოლექციები კვლავ რჩება პლატფორმაზე.

 

ამასთან, ამ ფრაზების ვარიაციებისთვის ტელეგრამის აპლიკაციით ჩატარებული საძიებო მოთხოვნის შედეგად გამოჩნდა შვიდი არხი, რომლებიც შეიცავდა სიტყვებს erməni leşləri ("სომხების გვამები"). მათგან ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელსაც ჰყავს 4 000-ზე მეტი გამომწერი, თარიღდება 2020 წლის ომის პერიოდით, თუმცა, ის არ განახლებულა იმავე წლის დეკემბრის შემდეგ. ორი ჯგუფი შეიქმნა 2022 წლის სექტემბერში ბოლო შეტაკებების დროს, მაგრამ მათ მხოლოდ 83 და 15 წევრი ჰყავდათ. ჯგუფების უმეტესობა შეიცავდა დაღუპული სომეხი ჯარისკაცების გრაფიკულ კადრებს, თუმცა, როგორც ჩანს, ორმა მათგანმა გამოიყენა ფრაზა erməni leşləri, როგორც ე.წ ქლიქბეიტი, რათა მიეზიდა სავარაუდო გამომწერები. 

 

DFRLab-მა სხვადასხვა გზით სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე ასევე სცადა, ეპოვნა ისეთი არხები, რომელთა მიზანიც იქნებოდა მკვდარი აზერბაიჯანელი ჯარისკაცების კადრების გავრცელება, თუმცა, ამ დროისთვის ვერცერთი იპოვა. 

 

სომხეთსა და აზერბაიჯანში ტიკტოკის დაბლოკვა ზრდის VPN სერვისებზე მოთხოვნას

 

13 სექტემბერს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილურმა პროვაიდერებმა დაბლოკეს წვდომა ტიკტოკზე, მაგრამ აპლიკაცია კვლავ ხელმისაწვდომი იყო საკაბელო ინტერნეტის გამოყენებით. DFRLab-მა გამოიყენა OONI Explorer სომხეთში ტიკტოკის ვებგვერდთან კავშირის გასაანალიზებლად და აღმოაჩინა, რომ DNS-ის გაყალბება დაიწყო 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 16:03 საათზე. OONI Explorer-მა ასევე აჩვენა, რომ ტიკტოკის ვებგვერდზე DNS-ის გაყალბება აზერბაიჯანში 14 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ დროებით შეაჩერეს ტიკტოკზე წვდომა აზერბაიჯანში, რადგან პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია "ჩრდილს აყენებს ჩვენი არმიის წარმატებებს, შეიცავს სამხედრო საიდუმლოებებს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში არასწორი აზრის შექმნას". 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანმა დროებით შეაჩერა წვდომა რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის ტვიტერსა და ფეისბუქზე.

 

ტიკტოკის შეზღუდვის შემდეგ, ვირტუალურ კერძო ქსელებზე (VPN) მოთხოვნა ორივე ქვეყანაში გაიზარდა. Top10VPN.com-ზე დაყრდნობით, 14 სექტემბერს აზერბაიჯანში მოთხოვნა 750%-ით, ხოლო, სომხეთში 13-14 სექტემბერს 84%-ით გაიზარდა. DFRLab-მა ასევე გამოიყენა Google Trends, რათა ენახა აზერბაიჯანში საძიებო სისტემაში სიტყვა VPN-ის გამოყენების ტრენდი და აღმოაჩინა, რომ მისი მოძებნა გაიზარდა 14 სექტემბერს. 

 

მას შემდეგ, რაც VPN-ებზე მოთხოვნა გაიზარდა აზერბაიჯანში, პოსტები გამოჩნდა ფეისბუქსა და ტიკტოკზე პოპულარული VPN სერვისების სიების შესახებაც. თუმცა, ზოგიერთი პოსტი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული VPN-ები სომხეთს ეკუთვნოდა, რაც ცალსახადა წარმოადგენდა მცდელობას, აზერბაიჯანელები გადაერწმუნებინათ VPN-ის გამოყენებისგან. CrowTangle-ისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად, გამოვლინდა 15 პოსტი, რომლებიც ფეისბუქის ჯგუფებსა და ვებგვერდებზე 14 სექტემბერს გამოჩნდა და რომლებმაც, დაახლოებით, 950 ინტერაქცია დააგროვეს. მსგავსი ნარატივის შემცველი პოსტები გამოჩნდა ტვიტერსა და ტიკტოკზეც

 

 

აღსანიშნავია, რომ ასეთივე ტიპის კამპანია ჩაეშვა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს, როდესაც აზერბაიჯანის მთავრობამ დაბლოკა სოციალური მედიის პლატფორმები. 

 

 

მთარგმნელები: ანა ჯიქურიძე, ქეთი მარსაგიშვილი

საგამოძიებო მედიალაბი