თარიღი: 12 December 2022
2022 წლის 18 ოქტომბერს ფეისბუქის მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе-მ პირად ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც ქალი სამხედროები და დაშავებული ქალია ასახული. პოსტის აღწერის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქალი სექსუალურად "ემსახურებოდა" უკრაინაში მებრძოლ "დაქირავებულ" ქართველებს. პოსტის ავტორის მიხედვით, ქართველი სამხედროები ქალებს აწამებდნენ. ავტორი ინფორმაციის წყაროდ ეყრდნობა ტელეგრამ არხს და პოსტში ტელეგრამ არხის ორ ბმულს აქვეყნებს. პირველ ბმული, 7 დეკემბრის მდგომარეობით, ხელმისაწვდომი აღარ არის, ხოლო მეორე ბმული გადადის ტელეგრამის დახურულ არხზე "кипяточек".
ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა. სურათები სხვადასხვა დროსაა გადაღებული, ხოლო ფოტოებზე გამოსახულ ადამიანებს გავრცელებულ ინფორმაციასთან საერთო არაფერი აქვთ.
პირველი ფოტო Google Image-ის მეშვეობით გადამოწმდა. აღნიშნული ფოტო 2022 წლის 8 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე გამოაქვეყნა იმ ინფორმაციის საილუსტრაციოდ, რომ უკრაინაში მებრძოლი სამხედროების 15% ქალია.
მარჯვნივ მოცემული სურათი კი რეალურად რუსეთის საინფორმაციო სივრცეში 2019 წლიდან იძებნება. ყველაზე ხშირად ეს სურათი იმ ინფორმაციის საილუსტრაციოდ გამოიყენება, რომლის თანახმადაც, რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
დეზინფორმაციის გავრცელება
როგორც ჩანს, დეზინფორმაცია სათავეს რუსული ტელეგრამ არხებიდან იღებს. ტელეგრამის ანალიზის პროგრამის TGstat-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის პერიოდში (30 ნოემბერი - 7 დეკემბერი) დეზინფორმაცია ქართველი მებრძოლების ძალადობის შესახებ კვლავ ცირკულირებდა რუსულ ტელეგრამ არხებში.
ქვემოთ მოცემული დიაგრამის მიხედვით, დეზინფორმაციამ, ნახვების რაოდენობის მიხედვით, პიკს 30 ნოემბერს მიაღწია და ჯამში მილიონზე მეტ ტელეგრამის მომხმარებელს მისწვდა. 5 დეკემბრის შემდეგ კი დეზინფორმაციის გავრცელება შეჩერდა, რადგანაც ინფორმაცია შესაბამისი ტელეგრამ არხებიდან წაიშალა.