კვლევები

სად დაბრუნდებიან დევნილები? – Google Earth-დან გამქრალი ქართული კვალი

ავტორი: მარიამ ჯანიაშვილი, ლიზი ჯოჯუა, მარიამ ჯოჯუა, ანა ლეჟავა თარიღი: 11 July 2023

მაშინ, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართული სოფლების კვალი თანდათან ქრება, სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ პასუხი, რა მოხდება, როდესაც საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს თავის იურისდიქციაში დაიბრუნებს - სად დაბრუნდებიან დევნილები? როგორ დაამტკიცებენ საკუთრებაზე თავიანთ უფლებას? რა ეტაპზეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწების რეგისტრაციის პროცესი? როგორ იყენებენ დევნილების ისტორიულ მეხსიერებას, სანამ ისინი ცოცხლები არიან? 

 

მეტიც, 2014 წელს დევნილთა სამინისტროში გაჩენილმა ხანძარმა, სავარაუდოდ, სწორედ ის ოთახი დააზიანა, სადაც პროგრამის “ჩემი სახლი” არქივი ინახებოდა, საკუთრების დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტებით. ამ ხანძარზე სახელმწიფო უწყებებს ჩვენთან საუბარი არ სურთ. 

 

შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებს Google Earth-ის დროის ღილაკით თუ დაათვალიერებთ, ნათლად დაინახავთ, რომ იქ ქართული სოფლების კვალი ნელ-ნელა იკარგება. 

 

მაგალითად, სოფელ კეხვში 2007 წელს ორასზე მეტი სახლი იდგა. 

 

 

2010 წელს ჩანს, რომ ყველა სახლი გადამწვარია და სახურავი აღარცერთს შემორჩა. 

 

 

 
ხოლო 2015 წლის სურათზე, ალბათ, გაგიჭირდებათ მიხვდეთ, რომ აქ ოდესღაც სოფელი იყო. 

 

 

სოფელ დისევის ომამდელი ფოტოები "გუგლ დედამიწას" არ აქვს შემონახული, თუმცა, უკვე 2010 წელს ჩანს, რომ გადამწვარი სახლების გვერდით მდებარე სოფელში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც მალევე დასრულდა. 2021 წლის სატელიტურ გამოსახულებაზე უკვე ნამოსახლარებსაც ვეღარ ვხედავთ. როგორც ჩანს, სოფლის გზებს მას შემდეგ სამხედრო ბაზაზე მისასვლელად იყენებენ.

 

 

 

მეტნაკლებად იგივე ტენდენციაა ყველა სხვა დანარჩენი ოკუპირებული სოფლის სატელიტურ გამოსახულებებზე.

 

სოფელ დისევიდან დევნილი ლილი მამისაშვილის სახლი რუსებმა სულ ბოლოს გადაწვეს. ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს, რომ სახლის დატოვების შემდეგ ოკუპანტებმა მეზობლის სახლს ცეცხლი წაუკიდეს იმ იმედით, რომ მისი სახლიც დაიწვებოდა, ტყეში მყოფმა ქართველებმა კი ეს ცეცხლი ჩააქრეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მისი სახლის კვალი რუკიდან გამქრალია.

 

ლილი მამისაშვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს იმდენად მოულოდნელად და სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ მათ ვერანაირი საბუთის წამოღება ვერ მოასწრეს თან. ყველაფერი სახლთან ერთად დაიწვა.

 

"მე ჩემი სიცოცხლე რაც ვიცხოვრე და შევიძინე დამიწვეს, წამოვედი შიშველი ხელებით. ერთ დღეში დამთავრდა ჩემი ნაშრომი და ჩემი შეძენილი. დღეს ჩვენი სოფელი მთლიანად გადამწვარია, სახლებიც  კი არ ჩანს, მხოლოდ ხეები და ბალახებია ამოსული". - ამბობს ლილი მამისაშვილი. 

 

მსგავს ამბავს გვიყვება კიდევ ერთი დევნილი, ია კუდუხოვიც. 

 

"ჩვენმა სოფელმა გადაიტანა, რაც გადაიტანა. კეხვი პირველი სოფელია, სადაც რუსები შემოვიდნენ. მე და ჩემმა ქმარმა სახლი ჩვენივე ხელებით ავაშენეთ. ზოგადად, სადაც იზრდები, დანგრეული რომც იყოს, მაინც იქ გიხარია. ძალიან ბედნიერი ოჯახი მქონდა, შვილიშვილებიც იქ შემეძინა - სიხარული სწორედ ეგ არის. როგორც კი წამოვედი, მას შემდეგ იქ აღარ დავბრუნებულვარ. დღე არ გავა, რომ იქაურობაზე არ ვიფიქრო. როცა ავდგები და დავწვები, მაინც იმ სახლისკენ და იქით არის ჩემი გონება". - ამბობს ია კუდუხოვი.

 

სოფელ დიცში მცხოვრებ ილია ბერუაშვილს 4 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი სასამართლოს ძალით საკუთრებაში დაერეგისტრირებინა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბერუაშვილის მიწის ნაკვეთამდეც მივიდნენ და მისი შემოღობვაც მოინდომეს. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ამ სიტუაციაზე სახელმწიფოს რეაგირება დააჩქარა ბერუაშვილის აქტიურმა ქმედებებმა - მან საერთაშორისო დამკვირვებლები და მედია ჩართო საქმეში. 

 

ბერუაშვილმა გვიამბო, რომ წლების განმავლობაში მიმართავდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა და არა საოკუპაციო ხაზს მიღმა. კითხვას, თუ როგორ მოახერხა საბოლოოდ ამ პრობლემის მოგვარება, შემდეგნაირად პასუხობს:

 

"მქონდა ყველანაირი საბუთი, რაც ამტკიცებდა ჩემს სიმართლეს, თუმცა, მათგან საწინააღმდეგო არგუმენტად ყოველთვის სახელდებოდა ე.წ Google Maps. უფრო კონკრეტულად კი, რუკაზე ჩანდა, რომ ჩემი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული. საბოლოოდ, წლების შემდეგ საბუთებით მოვახერხე და დავამტკიცე, რომ სახლი მდებარეობდა არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ, საქართელოს საზღვრებში". 

 

ილია ბერუაშვილის მაგალითიდან ცხადჰყოფს, რომ უძრავ ქონებას ვერ დაირეგისტრირებ, თუ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. 

 

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ქონებას, ასეთი ნაკვეთებისა და სახლების  დასარეგისტრირებლად 2007 წელს შეიქმნა  პროგრამა "ჩემი სახლი" და დევნილებს მოუწოდებდნენ, რომ იძულებით დაკარგული უძრავი ქონება სატელიტური აზომვების დახმარებით დაერეგისტრირებინათ, თუმცა, პროექტი დროულად  ვერ დასრულდა. 2018 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რეგისტრაციის ძველი წესი საერთოდ  გააუქმა და ის მთავრობის დადგენილებამ ჩაანაცვლა.

 

განსხვავება ისაა, რომ თუ მანამდე დევნილებს შეეძლოთ ქონების წინასწარი რეგისტრაცია,  ახლა ამ პროცესს უძრავი ქონების დეკლარირება და აღრიცხვა ჰქვია. დევნილებმა, რომლებსაც  ჩვენ  გორში, "ვერხვების დასახლებაში" ვესაუბრეთ, არ იციან, კიდევ არის თუ არა შესაძლებელი, რომ სატელიტური ფოტოებიდან გამქრალი ქონება აღრიცხონ და დეოკუპაციის შემთხვევაში დაიბრუნონ კიდეც. 

 

იუსტიციის სამინისტროდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ვთხოვეთ, განემარტათ, სად ინახება საპრეზიდენტო პოროგრამის "ჩემი სახლი" ფარგლებში გაწეული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. 

 

იუსტიციის სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ დღეს მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, თუმცა, არ გვიპასუხეს, სად ინახება პროგრამის ფარგლებში შედგენილი დოკუმენტაცია.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი, კობა სუბელიანი 2010 წელს ამბობდა რომ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სამინისტროს 84 000 დევნილზე ჰქონდა გაცემული. 

 

კობა სუბელიანმა გვითხრა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში შეგროვებული დოკუმენტაცია დევნილთა სამინისტროში ინახებოდა, თუმცა, 2014 წელს იქ საეჭვოდ დაიწვა არქივი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასარეგისტრირებელი ქონების დოკუმენტები ინახებოდა.  ყოფილი მინისტრის თქმით, მას სმენია, რომ განადგურდა საკომლო წიგნები, მეზობლების დასტურის წერილები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია უძრავის ქონების წინასწარი რეგისტრაციისთვის.

 

იმის დასაზუსტებლად, მართლაც მოხდა თუ არა დევნილთა სამინისტროში ხანძარი და, თუ  მოხდა, რა დაიწვა, 31 მაისს წერილობით მივმართეთ "შინაგან საქმეთა სამინისტროს", რომელსაც ხანძრის შემთხვევაში გამოძიება უნდა ჩაეტარებინა.  

 

პასუხი წერილობით არ მიგვიღია. სამინისტროდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა, წერილობითი პასუხი ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, მაინც არ გამოგზავნეს. 

 

სანამ შსს-ს პასუხს ველოდით, ხანძრის ფაქტის დადგენას სხვა გზებით ვეცადეთ.

 

დევნილთა სამინისტრო დღეს დამოუკიდებლად აღარ არსებობს. ის შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ნაწილია. გამოძიების ფარგლებში ვიპოვეთ სამი თანამშრომელი, რომელიც იმ პერიოდში დევნილთა სამინისტროში მუშაობდა და ვკითხეთ, შეეძლოთ თუ არა დაედასტურებინათ, რომ 2014 წელს ხანძარი გაჩნდა. მათგან ორმა ხანძრის ფაქტი ბუნდოვნად გაიხსენა.  

 

შესაბამისი პერიოდის აუდიტის სამსახურის ანგარიშში ხანძარი ნახსენები არ არის, მაგრამ მითითებულია, რომ იმ დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია „გრიფინს“. მითითებულია ტენდერის ნომერიც: SPA130029265.

 

სამინისტროს მაშინდელ დაცვის უფროსთან, ავთანდილ მიქაიასთან ინტერვიუს შედეგად გავარკვიეთ, რომ იმ პერიოდში, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში სამინისტროს შენობაში ორი ხანძარი გაჩნდა - ერთი პირველ სართულზე, მეორე კი - მეოთხე სართულზე. მიქაიას თქმით, ამ ხანძრისას დაიწვა ოთახი, სადაც ინახებოდა დოკუმენტები.  

 

ანალიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, დავით ბერიტაშვილი სატელიტური გამოსახულებების დახმარებით 2011 წლიდან თითქმის ათი წლის განმავლობაში იკვლევდა შიდა ქართლის ოკუპირებელ ტერიტორიებს. მან ამ თემაზე ჰააგის სასამართლოს 108-გვერდიანი ჩვენება მისცა და მათ 2008 წლის ომის შესახებ სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით შეგროვებული დეტალური მტკიცებულებები გადასცა. დავით ბერიტაშვილის თქმით, თუ დადასტურდება, რომ ლტოლვილთა სამინისტროში მომხდარი ხანძრის დროს ოკუპირებულ ტეიტორიებზე უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დაიწვა და ამის ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, ეს დანაშაულის ტოლფასი იქნება. 

 

"თუ ჩვენ არ გვექნება არქივი, რომელსაც ვაჩვენებთ მსოფლიო საზოგადოებას და ვეტყვით, რომ იქიდან ძალით გამოგვყარეს, არავინ არ დაგვეხმარება მათ დაბრუნებაში. სამწუხაროდ, ომის დროს დევნილების უმრავლესობა ისე წამოვიდა, რომ არავის წამოუღია და გახსენებია საკუთრების დამადასტურებელი საბუთების წამოღება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს დოკუმენტები დაიწვა, ეს იქნება საშინელი ფაქტი". - ამბობს დავით ბერიტაშვილი. 

 

"საგამოძიებო მედიალაბი" აგრძელებს დევნილთა სამინისტროში მომხდარი ორი ხანძრის მიზეზებისა და შედეგების გამოძიებას. 

Investigative Media Lab