თარიღი: 29 April 2022
კორონავირუსის პანდემიას ყალბი ინფორმაციისა და კონსპირაციების გავრცელება მოჰყვა. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა, სადაც სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის კრემლის სატელიტები, ულტრანაციონალისტური და რადიკალური ჯგუფები COVID-19-ს ხელოვნურად შექმნილ ვირუსს უწოდებენ, თესავენ შიშებს ვაქცინებზე და ვირუსს 5G მობილურ ინტერნეტს უკავშირებენ.
დეზინფორმაციის და შეთქმულებების ერთ-ერთი ავტორი ულტრანაციონალისიტურ “ქართულ მარშთან” დაკავშირებული პირი, რეჟისორი გურამ ქართველიშვილი იყო, რომელმაც კორონავირუსის შესახებ რამდენიმე ვიდეო ჩაწერა, რაც შემდეგ სხვადასხვა Facebook გვერდებმა გაავრცელეს. ქართველიშვილის ვიდეოები როგორც ყალბ ინფორმაციას, ასევე კონსპირაციულ ნარატივებს შეიცავდა:
ახალი კორონავირუსი ხელოვნურად აგორებული საკითხია და საქმე სინამდვილეში ჩვეულებრივ გრიპთან გვაქვს
ახალი კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპი არ არის. COVID-19 და სეზონური გრიპი რესპირატორული დაავადებებია, თუმცა როგორც კვლევები აჩვენებს, ახალი კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. სეზონური გრიპისგან განსხვავებით, COVID-19-ით სიკვდილიანობის ერთი კონკრეტული საშუალო მაჩვენებელი არ არსებობს და ის ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ავტორიტარული ქვეყნების მიმართ სტატისტიკის სანდოობის შესახებ კითხვები ჩნდება.
სიკვდილიანობის გარდა, მნიშვნელოვანია სიმპტომებიც. თუ სეზონური გრიპი სამედიცინო წრეებისთვის კარგად ნაცნობი ინფექციაა, COVID-19-ის საბოლოო სიმპტომებზე ჯერ ყოვლისმომცველი შედეგები არ გვაქვს, რაც ახალ კორონავირუსს, გრიპთან შედარებით ინფორმაციის ნაკლებობის კუთხითაც უფრო საფრთხილოს ხდის.
გზავნილი, რომ კორონავირუსი საშიში არ არის და სეზონური გრიპისგან არ განსხვავდება, სხვადასხვა კონსპირაციას უყრის საფუძველს. ამ გზავნილზე დაშენდა ისეთი ნარატივები, რომ მთავრობები მოსახლეობას სახლებში იძულებით კეტავს, რომ კორონავირუსის აფიორა ვაქცინების გასატესად, მოსახლეობის შესამცირებლად გამოიყენება და სხვა.
5G მობილური ინტერნეტით მასაზე მანიპულირება ხდება, 5G უშვებს შიშის იმპულსებს, რაც მთავრობას ხალხის დიდი მასების დაშლის შესაძლებლობას აძლევს
ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში ქართველიშვილი 5G მობილურ ქსელს კორონავირუსის გავრცელებისა და მთავრობების მიერ დაწესებული ზომების კონტექსტში განიხილავს. ის ამბობს, რომ მობილური ინტერნეტის ახალი ტექნოლოკია მთავრობებს დიდი მასების კონტროლის შესაძლებლობას აძლევს და ასევე ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქო 5G სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ლეიკემიასა და ფსიქიკურ აშილობებს იწვევს. ამ კონსპირაციების ავტორი საქართველოში მხოლოდ “ქართულ მარშთან” დაკავშირებული პირი არ არის. Facebook-ში შექმნილია ჯგუფი STOP 5G GEORGIA!!!, რომელშიც 22 ათასზე მეტი მომხმარებელია გაწევრიანებული.
ჯგუფში გაზიარებული პოსტების მაგალითები
COVID-19 იტალიის მსგავსი დაუმორჩილებელი ქვეყნების წინააღმდეგ იარაღია, ლიბერალურ შვედეთს მკაცრი ზომები არ შეხებია
ამ გზავნილით ქართველიშვილი ცდილობს ევროპის ქვეყნებში გატარებული ლოქდაუნის ზომები მიგრაციის კონტექსტში განიხილოს, თითქოს იტალიის მკაცრი ზომები მიგრანტების მიმართ მისი მკაცრი დამოკიდებულების გამო ძალით მოახვიეს თავს. ამის საპირისპირო მაგალითად კი შვედეთია დასახელებული, რომელმაც ქვეყნის ლოქდაუნის გზა არ აირჩია. ავტორი თვლის, გლობალისტებმა შვედეთი სწორედ იმიტომ არ ჩაკეტეს, რომ იტალიასთან შედარებით შვედეთი ლიბერალური ქვეყანაა.
კორონავირუსი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ნეოლიბერალების შეთქმულებაა
ეს გზავნილი განსაკუთრებით გაძლიერდა აღდგომის წინა პერიოდში, როდესაც მთავრობის მიერ დაწესებული სხვადასხვა ზომები პრო-რუსულმა და მართლამდიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ეკლესიასთან ბრძოლის კონტექსტში განიხილეს. ეს ნარატივი საქართველოში ანტი-დასავლური პროპაგანდისთვის ახალი არ არის და ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გზავნილია. უკვე წლებია, რაც ანტიდასავლური პროპაგანდა იდენტობის წართმევის კონსპირაციაზე კაპიტალიზდება, თითქოს დასავლური ინსტიტუტები საქართველოს ეროვნულ, რელიგიურ და გენდერულ იდენტობას უქმნიან საფრთხეს. კორონავირუსის წარმოჩენა, როგორც ნეოლიბერალური შეთქმულება ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, სწორედ ამ პროპაგანდის ნაწილია.