თარიღი: 25 October 2024
ქართული ოცნება ამომრჩევლებს არწმუნებს, რომ 12 წელიწადში მმართველმა გუნდმა მართლმსაჯულების ევროპული სტანდარტის სისტემა შექმნა. განსხვავებულ რეალობაზე მიუთითებს სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ, კრიტიკა კლანური მმართველობის გამო და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა.
ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება 2012 წელს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო. 12 წლის შემდეგ კი წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ამომრჩევლებისთვის განსხვავებული გზავნილი აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ააშენა ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები პროფესიონალურად ასრულებენ მოვალეობას, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა ევროპულ სტანდარტთანაა თანხვედრაში.
"ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას; ქვეყანა, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს ღირსეულად შეუძლია ცხოვრება განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა; ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იქნება ეს: ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო – მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს; ქვეყანა, სადაც ძალოვანი უწყებები და მართლმსაჯულების სისტემა თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტთან", – განაცხადა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 10 ოქტომბერს.
დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედი და სამართლის უზენაესობის მთავარი გარანტია. სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო უზრუნველყოფს ყველა ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირებას.
სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც. მისი როლი არა მხოლოდ კონკრეტული დავების გადაწყვეტით შემოიფარგლება, არამედ სწორედ სასამართლო უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მთლიანობის დაცვას, ამომრჩეველთა ნების პატივისცემასა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას.
დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, "კლანური მმართველობა" ის ტერმინია, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი საკვანძო სისტემის - სასამართლოს დახასიათებისას ყველა ხშირად იყენებენ. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის "კლანზე" არა მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაციები, არამედ დასავლელი პარტნიორებიც ხშირად წერენ.
სასამართლოს თემაზე მომუშავე არა ერთი ორგანიზაციის შეფასებით, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისეთივე ჩაკეტილი ორგანოა, როგორიც 2013 წლამდე იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ფაქტობირვად აკრძალა სხდომების მონიტორინგი და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ რეჟიმში თუ მოთხოვნის საფუძველზე გაცემა.
უზენაესი სასამართლო “ქართულმა ოცნებამ” მთლიანად სასურველი მოსამართლეებით დააკომპლექტა, სადაც 28-ვე მოსამართლე უვადოდ არის არჩეული. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ მარსაგიშვილი წინასწარ, თითქმის ერთი წლით ადრე გაამწესა.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრებები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, კეთილსინდისიერებასა და კვალიფიციურობაზე ეჭვები ვერ გაიფანტა. ეუთო/ ოდირმა, აშშ-ის საელჩომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის ჯგუფმა - ყველამ ერთხმად მიანიშნა, რომ კანდიდატთა ნაწილმა საკმარისი იურიდიული ცოდნა და მიუკერძოებლობისადმი ერთგულება ვერ გამოავლინა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მესამე შუალედურ ანგარიშში ისიც იყო ნათქვამი, რომ "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების აპლიკაციების, გამოცდილების შემოწმებისა და ინტერვიუს პროცედურები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს". ეუთომ სასამართლო სისტემაში პრობლემების მოგვარების შესახებ პოლიტიკური ნების არარსებობა და ამ მხრივ ეფექტიანად მუშაობის მცდელობების სიმწირე დაასახელა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით 2015 წელს ლევან მურუსიძე აირჩიეს. მურუსიძის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ლევან მურუსიძე 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. ამ საქმეზე კი სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს იმდროინდელი მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ "გაოგნებული იყო იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის ძირითადი გარემოებები.
2023 წლის 5 აპრილს გირგვლიანის მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს აშშ-მ „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ გამო სანქციებიც დაუწესა მასთან ერთად, სანქციების სიაში მოხვდა 2 მოქმედი და ერთ ყოფილი მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო სანქცირებული სამი მოქმედი მოსამართლიდან სამივე უვადოდ არის დანიშნული და თანამდებობაზე ყოფნა 65 წლის ასაკამდე შეუძლიათ. ლევან მურუსიძეს დრო 2040 წლამდე აქვს, მიხეილ ჩინჩალაძეს - 2043 წლამდე, ხოლო ირაკლი შენგელიას - 2041 წლამდე.
საინტერესოა ისიც, რომ ლევან მურუსიძე 2022 წლის 23 ოქტომბერს იუსტიციის საბჭოში მეორე ვადით დაბრუნდა. მასთან ერთად იუსტიციის საბჭოშია დიმიტრი გვრიტიშვილიც, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრად ითვლება. მათ საბჭოში ხელმეორედ დანიშვნას მოსამართლეთა კონფერენციის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგის თქმით, სასამართლოში, სადაც 100-ზე მეტი მოსამართლის ადგილი ვაკანტურია, კონკურსების ჩატარებამაც კი აზრი დაკარგა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეობის სურვილი სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს საქართველოში.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, დღეს უმაღლესი იუსტიციის საბჭოს ხელშია სამი მექანიზმი, რომლითაც ე.წ. სასამართლო კლანი სისტემას მართავს:
მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნა გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა. ამისთვის კი ისეთი ტიპის სისტემის შექმნაა საჭირო, სადაც საერთაშორისო სპეციალისტებს გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნებათ.
ევროკავშირში მოსამართლეების შემოწმების ეს მეთოდი ვეტინგის (Vetting) სახელითაა ცნობილი. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი დროებითი უნდა იყოს და სასამართლო სისტემაში მხოლოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეებს შეეხება.
ხელისუფლება კი ამ რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის ვეტინგი მიუღებელია, რადგან, მისი თქმით, ეს პროცესი "კონსტიტუციას ეწინააღმდეგება".
"ჩვენ უვადოდ გამწესებული მოსამართლეები გვყავს, რომელთაც ასაკობრივი ზღვარის ამოწურვამდე ვერავინ შეეხება. ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც მოსამართლის უვადოობის პრინციპს ეწინააღმდეგება, თავისთავად, კონსტიტუციასთანაცაა წინააღმდეგობაში", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ნამდვილი ძლიერი სახელმწიფო დაფუძნებულია მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტების სიძლიერეზე, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიას, უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას და იცავენ მოქალაქეთა უფლებებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა, საარჩევნო კომისიები, მედია, ანტიკორუფციული სააგენტოები და ცენტრალური ბანკები. სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღკვეთით და კანონების სამართლიანი აღსრულებით. საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ არჩევნების სანდოობას, დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედს. თავისუფალი პრესა მოქმედებს როგორც დამკვირვებელი, აკისრებს ლიდერებს პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს საზოგადოების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციაზე. ანტიკორუფციული სააგენტოები ხელს უწყობენ მთავრობის სანდოობის შენარჩუნებას საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციით. ცენტრალური ბანკები ასტაბილურებენ ეკონომიკას დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ნდობასა და მდგრადობას. როდესაც ეს ინსტიტუტები კარგავენ დამოუკიდებლობას, სახელმწიფოები მიდრეკილნი ხდებიან ავტორიტარიზმის, კორუფციისა და საზოგადოების ნდობის დაკარგვისკენ.
ამ ინსტიტუტებს შორის სასამართლო სისტემა უდაოდ გადამწყვეტ როლს ასრულებს. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის, ინდივიდუალური უფლებების და კანონის წინაშე თანასწორობის დაცვას. ის გარანტიას იძლევა, რომ როგორც საჯარო მოხელეები, ისევე კერძო მოქალაქეები პასუხისმგებელნი იქნებიან კანონის წინაშე და ამასთანავე, ზღუდავს ზეწოლას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. სასამართლოები უზრუნველყოფენ ძალაუფლების აუცილებელ გაკონტროლებას მთავრობის ქმედებების განხილვით, სამოქალაქო თავისუფლებების დაცვით და კანონების კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენით. როდესაც სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან, ის ავითარებს ნდობას საკანონმდებლო სისტემის მიმართ, რაც აძლიერებს სოციალურ სტაბილურობას და ხელს უწყობს ინვესტიციებს, არწმუნებს რა მოქალაქეებსაც და ბიზნესებსაც რომ კანონი მიუკერძოებლად იქნება გამოყენებული.
თუმცა, ავტორიტარული რეჟიმები აქტიურად ცდილობენ ძირი გამოუთხარონ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რათა გააძლიერონ საკუთარი ძალაუფლება. მათი მთავარი სამიზნე ხშირად სასამართლო სისტემაა, რადგან მიუკერძოებელ სამართლებრივ სისტემას შეუძლია გააუქმოს თვითნებური გადაწყვეტილებები, ამხილოს კორუფცია ან/და დაბლოკოს არაკონსტიტუციური ქმედებები. ამ შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, ავტორიტარული მთავრობები ასუსტებენ სასამართლოებს მათდამი ლოიალური ადამიანების დანიშვნით, საკანონმდებლო ჩარჩოს შეცვლით ან მოსამართლეების დაშინების გზით.
ბოლო პერიოდში, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ბოლო დროს განიცადა. მაგალითად, უნგრეთში ვიქტორ ორბანის მთავრობა 2010 წლიდან თანდათან ძირს უთხრის სასამართლო სისტემის, მედიისა და საარჩევნო სისტემების დამოუკიდებლობას. ორბანმა შექმნა ახალი ორგანო, ეროვნული სასამართლო ოფისი (NJO), რომელიც მართავს სასამართლოებს, მის ხელმძღვანელს მიენიჭა უფლებამოსილება დანიშნოს და დააწინაუროს მოსამართლეები. სასამართლო სისტემის საპენსიო ასაკის უეცარმა შემცირებამ ასევე აიძულა გამოცდილი მოსამართლეები გადამდგარიყვნენ, რამაც მთავრობას მისცა საშუალება დაენიშნა მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები.
ანალოგიურად, პოლონეთში კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) 2015 წლიდან ახორციელებს რეფორმებს, რომლებმაც გაანადგურეს სასამართლო დამოუკიდებლობა, რასაც ევროკავშირის კრიტიკა მოჰყვა კანონის უზენაესობის შელახვის გამო. PiS-ის სამიზნე იყო საკონსტიტუციო ტრიბუნალი, რომელიც აკონტროლებს კანონმდებლობის კანონიერებას. ლოიალური მოსამართლეების დანიშვნით და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასამართლო დანიშვნებზე კონტროლის მინიჭებით, აღნიშნული ინსტიტუცია ფაქტიურად მთავრობის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მთავრობამ ასევე შემოიღო დისციპლინური მექანიზმები მოსამართლეებზე ზეწოლის მიზნით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის პოლიტიკას. უზენაეს სასამართლოში განხორციელებულმა რეფორმებმა კიდევ უფრო შეამცირა მოსამართლეთა საპენსიო ასაკი, რამაც მთავრობას საშუალება მისცა გადაეყენებინა და ჩაენაცვლებინა სასამართლო ძირითადი ფიგურები.
თურქეთი კიდევ ერთ მსგავს მაგალითს გვთავაზობს, სადაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სისტემატურად ანადგურებს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით 2016 წლის გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საბაბით, ერდოღანის მთავრობამ „გაწმინდა“ ათიათასობით მოსამართლე, პროკურორი, აკადემიკოსი და საჯარო მოხელე, ბევრი მათგანი შეცვალა ლოიალისტებით. სასამართლო სისტემა გადაკეთდა რეჟიმის იარაღად, რომელიც გამოიყენება ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის დასათრგუნად, მმართველი პარტიის ძალაუფლების კონტროლის გასაძლიერებლად.
რამდენადაც ავტორიტარიზმი სულ უფრო ტრანსნაციონალური ხდება, რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ. ქართული ოცნების მთავრობაც ანალოგიურად ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საკუთარი კონტროლის გასაძლიერებლად. შედეგად, ძლევამოსილ მოსამართლეთა მცირე ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც „მოსამართლეთა კლანი“, მიეცა უფლებამოსილება მოეხდინა მნიშვნელოვანი გავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და დანიშვნებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების მცდელობები, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო ქცევის ზედამხედველობაზე, ან შეჩერებულია ან უმნიშვნელოა, რის შედეგადაც, სასამართლო სისტემას აყალიბებს პოლიტიკური ინტერესები. უფრო მეტიც, საქმეები ოპოზიციის ლიდერებთან, აქტივისტებთან და დამოუკიდებელ მედიასთან ხშირად მიკერძოებულად განიხილება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად და ხელისუფლების ინტერესების დასაცავად.
ქართული ოცნების მთავრობა იყენებს ამ ტაქტიკას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ოპოზიციური ხმების განეიტრალებისა და საკვანძო ინსტიტუტების კონტროლის გზით. მართლმსაჯულების დაქვემდებარებით, მთავრობა გაურბის მისი ქმედებების სამართლებრივ შემოწმებას და ქმნის დამცავ ფარს პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რითაც ახანგრძლივებს მის მმართველობას და ინარჩუნებს ლეგიტიმურობის იმიტაციას.
მართლმსაჯულების ხელში ჩაგდებით, ეს რეჟიმები თავიდან იცილებენ თავიანთი უფლებამოსილების და გადაწყვეტილებების გაკონტროლებას. როდესაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები კომპრომიტირებულია, საზოგადოების ნდობა უარესდება და დემოკრატიული პრინციპები თანდათან იშლება. ავტორიტარული კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოები ხშირად არის გამოყენებული პოლიტიკური რეპრესიების გასამართლებლად, ოპონენტების დასასჯელად და კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად, თან ამავდროულად კანონიერების ილუზიის შენარჩუნებით.
შეჯამების სახით, კარგი სახელმწიფო განისაზღვრება არა მხოლოდ მის მიერ მიღებული კანონებით, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მეშვეობით. სასამართლო სისტემა, განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და ხელს უშლის ძალაუფლების კონცენტრაციას. ამის საპირისპიროდ, ავტორიტარული რეჟიმები საკუთარ ძალაუფლებას ზრდიან ამ ინსტიტუტების - განსაკუთრებით სასამართლოების - ძირის გამოთხრით. ამიტომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია დემოკრატიული მმართველობის შენარჩუნებისთვის.