არჩევნები 2024

ანტი-ლგბტ სენტიმენტებისა და ოჯახური ღირებულებების წინასაარჩევნო ინსტრუმენტალიზაცია

ავტორი: GEObservatory თარიღი: 5 October 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.

 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.

 

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

ბოლო წლებში ქართული ოცნების ულტრა-მემარჯვენე პოპულისტური რიტორიკა დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად გაძლიერდა. ანტი-ლგბტ სენტიმენტები და ოჯახური ღირებულებები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფუნდამენტურ ნაწილად იქცა. ანტი-ლგბტ პათოსმა საკანონმდებლო დონეზეც მიაღწია და პარლამენტმა ახლახან ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ჰომოფობიური ნარატივი დეზინფორმაციაზე, საზოგადოების სენტიმენტებით მანიპულაციასა და მცდარ აღქმებზეა დაფუძნებული.

 

მედია ანალიზი

არსებობს ლგბტ პროპაგანდა?

მმართველი პარტიის დამაარსებელმა და მთავარმა ფიგურამ, ბიძინა ივანიშვილმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რათა კონსტიტუციის დონეზე აკრძალოს “ერთნაირსქესიანთა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება და სხვა”. იმავე ნარატივს იმეორებს პარტიის საბჭოს ერთი დღით ადრე გამოქვეყნებული განცხადება, “კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის, ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბერს ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონის მიღების მთავარ მიზნად არასრულწლოვნების დაცვა დაასახელა, “აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე და ერთადერთი, რაც იზღუდება, ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს ძალიან უცნაური მიზნები”.

 

პროპაგანდა ინფორმაციის, ფაქტების, არგუმენტების, ნახევრად-სიმართლის ან ტყუილის გავრცელებაა, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ განმარტავენ, თუ რა იგულისხმება ლგბტ პროპაგანდაში, თუმცა, რთული გამოსაცნობი არაა, რომ ისინი ლგბტ თემის უფლებების ადვოკატირებას, თემის გამოხატვის თავისუფლების დაცვას (რომლის ერთ-ერთ გამოვლინებად, მათ შორის, შეიძლება ჩაითვალოს პრაიდის ფესტივალის ჩატარება) და მათდამი მიმღეობის ზრდას, საკუთარ იდენტობასა და ორიენტაციაზე ღიად საუბარს გულისხმობენ. ის, რაც ლგბტ თემის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, მმართველი პარტიის აზრით პროპაგანდაა. თუმცა, აღნიშნული ტიპის პროპაგანდაზე საუბრისას ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რა ფორმებით ხდება ამ იდეოლოგიის ვინმეზე თავს მოხვევა, რადგან მსგავსი ქმედებების კონკრეტულად დასახელება თავად ქართული ოცნების  მიერ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონს შეეწინააღმდეგება.

 

ამასთან, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ქვიარ თემის წარმომადგენლები, აქტივისტები ან ლგბტ თემის დამცველი ორგანიზაციები ვინმეს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებს სქესის ან სექსუალური ორიენტაციის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ.

 

თავად ტერმინი ლგბტ პროპაგანდა სათავეს რუსეთიდან იღებს და მსგავსი ტერმინის ოფიციალური განმარტება დასავლურ წყაროებში ნაკლებად რელევანტურია. ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავი კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს და იგი ცენზურას, მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზებას, ოჯახური სენტიმენტებით მანიპულირებასა და ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას ემსახურება.

 

შესაძლებელია ინდივიდის ორიენტაციის/იდენტობის პროპაგანდის დახმარებით შეცვლა?

 

21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური, თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი”. მსგავსი შინაარსის განცხადება გააჟღერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 25 აგვისტოს, “ვზრდით ჩვენს ვაჟებს კაცებად და ქალიშვილებს ქალებად, თუ ისე ვაბნევთ, რომ საკუთარ სქესშიც კი ვეღარ გაერკვნენ”? და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს, “ახლა მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად”.

 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი არასრულწლოვანებს დაიცავენ ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც მათ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლისკენ უბიძგებს. აღნიშნული მტკიცება დაფუძნებულია დეზინფორმაციაზე, რომ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ცვლილება რაიმე იდეოლოგიის ან გარეგანი ზეწოლის საფუძველზე ხდება.

 

სამეცნიერო კვლევები და სამედიცინო ორგანიზაციები, მაგალითად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA)  ამტკიცებენ, რომ სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა კომპლექსურად, ბიოლოგიური, გენეტიკური, გარემო ფაქტორების კომბინაციით ყალიბდება და იგი რაიმე ტიპის ინფორმაციის მიღების საფუძველზე არ იცვლება. ე.წ. კონვერტაციის თერაპია, რომელიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლას ისახავს მიზნად, ამერიკულ ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მიერ არაეფექტურად და საზიანოდ შეფასდა, რადგან აღნიშნული თერაპია ადამიანში ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს და ვერც ორიენტაციის ცვლილებას ახერხებს.

 

რაც შეეხება ლგბტ თემის რეპრეზენტატულობის ზრდას, ეს მოვლენა ქვიარ თემის მიმართ მიმღებლობასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს და არა ორიენტაციის მიზანმიმართულად გარდაქმნას.

 

შეუძლია ლგბტ პროპაგანდას “ერის გადაშენება”?

 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ “საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ და არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც, ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა”.

 

მამუკა მდინარაძე “ერის გადაშენებაში” შობადობის შემცირებას გულისხმობს, რასაც ლგბტ პროპაგანდას უკავშირებს. მდინარაძე ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ახალგაზრდებს სექსუალურ ორიენტაციას შეუცვლის და ისინი ვეღარ შეძლებენ გამრავლებას. ეს მტკიცებაც ასევე არასწორ აღქმებსა და სენტიმენტებით მანიპულირებაზეა დაფუძნებული.

 

განვითარებულ ქვეყნებში შობადობის შემცირება არა ლგბტ პროპაგანდითა და ქვიარ თემის ზრდით, არამედ ეკონომიკური ფაქტორებით, კონტრაცეპტივების არსებობითა და უკანასკნელ საუკუნეში ქალთა ემანსიპაციითაა გამოწვეული. ვინაიდან შვილების ყოლა გარკვეულ ეკონომიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული და ამავე დროს განათლების მიღება და დასაქმება ქალებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა, შემცირდა შობადობის რიცხვიც.

 

ამასთან, შეუძლებელია რაიმე ტიპის პროპაგანდის საფუძველზე ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ცვლილება, რაც თავისთავად გავლენას ვერ იქონიებს შობადობის შემცირებაზე.

 

იწვევს პროპაგანდა ლგბტ თემის წარმომადგენელთა რიცხვის ზრდას?

 

მიზანმიმართულ მცდარ ინფორმაციაზეა დამყარებულია ირაკლი კობახიძის 4 სექტემბრის განცხადება, რომ “სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს, რეალურად, [ლგბტ] პროპაგანდის გავრცელების შემდეგ და კვალდაკვალ 20%-ს გადააჭარბა ლგბტ პირების რაოდენობამ, შესაბამის ქვეყნებში”.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გარეგანი ზეგავლენით ან იდეოლოგიის დახმარებით შეცვლა შეუძლებელია, შესაბამისად ვერანაირი ტიპის პროპაგანდა ქვიარ თემის ზრდაზე ვერ იმოქმედებს. ლგბტ თემის წარმომადგენლების რიცხვის ზრდა აღნიშნული თემისადმი მიმღებლობის გაძლიერებამ, ემანსიპაციამ და მათი უფლებებისთვის ადვოკატირებამ გამოიწვია. ვინაიდან დასავლურ სახელმწიფოებში ქვიარ თემის სტიგმატიზება და მარგინალიზება შედარებით ნაკლებად ხშირია, სოციალური წნეხის არარსებობის პირობებში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ე.წ. “დაქამინგაუთება” შედარებით უმსუბუქდებათ.

 

დასავლეთი ლგბტ დღის წესრიგს თავს გვახვევს?

 

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ “არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ პროპაგანდასთან და ისეთ იდეოლოგიურ მიმდინარეობასთან, რომლის მიზანი არ არის საზოგადოებისთვის დადებითი… როდესაც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გვესმის კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი. რატომ შეიძლება აკრიტიკებდეს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება”. მმართველი პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ დასავლური ინსტიტუტების ლგბტ პროპაგანდის თავსმოხვევაში დადანაშაულებას ერიდებიან, თუმცა, ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამოყოფილი და კვლავ მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მყოფი პოლიტიკური გუნდის, ხალხის ძალის ლიდერი გურამ მაჭარაშვილი 26 სექტემბერს ღიად ამტკიცებდა, რომ “როგორც უკრაინაში, გერმანიასა და სამწუხაროდ, საბერძნეთში დაკანონდა ლგბტ პროპაგანდა, სწორედ ისე სურთ, ამ კანონის საქართველოში დაკანონება”.

 

ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებაა. ლგბტ თემის ემანსიპაცია და მათი დისკრიმინაციისგან დაცვა თანამედროვე დასავლურ დემოკრატიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. გასულ წლებში ქვიარ თემის წინააღმდეგ ჩადენილი დისკრიმინაციული დანაშაულებისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისადმი მმართველი პარტიის ინდიფერენტულობა და ახლახან მიღებული ჰომოფობიური კანონი ხშირად გამხდარა დასავლელი ლიდერების კრიტიკის საგანი.

 

დასავლური ინსტიტუტები ქართულ ოცნებას ხშირად მოუწოდებენ დაიცვან ლგბტ თემის საბაზისო უფლებები და არ დაუშვან მათი სტიგმატიზება. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ დასავლელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას ან ქართულ საზოგადოებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლას, არასრულწლოვანებისთვის სავალდებულო სქესის შეცვლის ოპერაციის ან ერთნაირსექსიანთა ქორწინების დაკანონებას აიძულებდეს.

 

ამასთან, თავად ევროკავშირშიც არსებობენ სახელმწიფოები, სადაც ერთნაირსექსიანთა ქორწინება ლეგალური არ არის. თუმცა მმართველმა პარტიამ ადამიანის უფლებების, კერძოდ კი ქვიარ თემის უფლებების დაცვისკენ მოწოდება ლგბტ პროპაგანდის თავსმოხვევად აღიქვა, რაც დასავლეთისკენ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.

 

პოლიტიკური ანალიზი

 

2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული ანტი-ლგბტ კანონი უნდა განვიხილოთ, ერთი მხრივ, ანტი-დასავლური ინფორმაციული კამპანიისა და, მეორე მხრივ, იდენტობის პოლიტიკისა და შიშის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზების პერსპექტივებიდან. ეს ნარატივები და ანტი-ლგბტ კანონის წინასაარჩევნო პერიოდში მიღება ახალი არ არის არალიბერალური და ანტიდემოკრატიული რეჟიმებისთვის. ასეთი ძალები კულტურული და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების გამოყენებით, გლობალური მასშტაბით ცდილობენ საზოგადოებაში შიშის დანერგვასა და გამძაფრებას, როგორც საკუთარი ძალაუფლების გამყარების იარაღს. 

 

რუსეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მაგალითებზე დაყრდნობით, შეიძლება, ითქვას, რომ მსგავს პოლიტიკას მმართველი ძალები წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე მიზნით იყენებენ: მწვავე სოციო-ეკონომიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანა; ულტრაკონსერვატიული ელექტორატის მიზიდვა; საკუთარი პარტიის, როგორც ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების მცველის, წარმოჩენა; საზოგადოებაში შიშისა და კრიტიკული მდგომარეობის შეგრძნების გამწვავება; საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება და მისი "ჩვენიანებად" და "სხვებად" დაყოფა. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ამ საკითხზე აპელირება უნდა აღვიქვათ, როგორც წინასაარჩევნოდ გათვლილი კამპანია, რომელიც ელექტორატის გრძნობებისა და ემოციების ინსტრუმენტალიზებით, მათზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. 

 

ეს ნარატივები საქართველოს შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეხმიანება ფესვებგადგმულ კულტურულ შფოთვას ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ კი, მიზანმიმართულად ხატავს გარე, თუ შიდა მტრის ხატს. საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვასთან ერთად საქართველოში გავრცელებული ანტი-დასავლური ნარატივები სწორედ იდენტობის საკითხებთან გადაჯაჭვულად გავრცელდა. ამ ნარატივებისა და პროპაგანდის მრავალწლიანი არსებობა დასავლური ორგანიზაციული სტრუქტურების შესახებ მწირ ინფორმაციასთან ერთად, ქმნის მოწყვლად ნიადაგს წინასაარჩევნოდ მიღებული კანონისა და თანმხლები პოლიტიკური დისკურსების ინსტრუმენტალიზაციისთვის. ამ კონტექსტს თან ახლავს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტის, მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციონირება, რომელიც ანტი-ლგბტ და ანტი-დასავლური ნარატივების შექმნასა და გავრცელებაში აქტიურ როლს ითავსებს.

 

ანტი-დასავლური სენტიმენტები ქართული პოლიტიკური დისკურსის ნაწილია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ჩართულია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესებში. ამ დისკურსში დასავლური ღირებულებები წარმოჩენილია როგორც ქართული ტრადიციების, რელიგიური და ეროვნული იდენტობის საფრთხე. აღნიშნული საფრთხე დიდწილად კულტურულ ჰომოგენიზაციასა და ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას უკავშირდება. ანტი-ლგბტ კანონი და მისი თანხმლები დისკუსიები კი სწორედ ამ ნარატიული ჩარჩოს ნაწილია და ამრიგად, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, თავი წარმოაჩინონ, როგორც ქართული იდენტობის მცველები დასავლური "ლიბერალური გავლენისა" და "არატრადიციული" ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 

 

მსგავსი პოლიტიკის ინსტრუმენტალიზების კარგი მაგალითია უნგრეთი, სადაც პრემიერმინისტრის ინიციატივით, 2021 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხების წარმოჩენას სკოლებსა და მედიაში. ამ კანონის მიღებასაც წინ უძღოდა უნგრული და დასავლური ღირებულებების ნარატიული შეპირისპირება, რომლის ფარგლებშიც უნგრეთი ქრისტიანული ღირებულებების მცველად, ხოლო დასავლეთი ამორალურ სივრცედ იყო წარმოჩენილი. ამრიგად, უნგრეთის მთავრობამ მოახერხა არსებული კულტურული შიშების გაღვივება და მათი ელექტორალურ მხარდაჭერაში გადათარგმნა, ამავე დროს კი შეზღუდა ადამიანის უფლებები საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის. ქართული შემთხვევაც ამავე პრიზმიდან შეგვიძლია, წავიკითხოთ, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს გვერდი აუაროს კორუფციასთან, სოციალურ საკითხებთან და დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებულ თემებს და მათ ნაცვლად – ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით – ძალაუფლების შენარჩუნებას იდენტობასთან დაკავშირებული შიშების გამოყენებით შეეცადოს. უნგრეთამდე მსგავსი ტაქტიკა აპრობირებული იყო და დღემდე გამოიყენება რუსეთში, რომელიც დასავლური კულტურული გავლენის წინააღმდეგ "ბრძოლას" კონსტიტუციურ დონეზე აცხადებს. 

 

ამრიგად, ანტი-ლგბტ კანონის მიღება რუთ ვოდაკის მიერ შემოთავაზებული ცნების, "შიშის პოლიტიკის" ნაწილია. ამ სტრატეგიის გამოყენებით ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი მთავრობები ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, შიდა და გარე მტრის ხატისა, თუ კრიზისების შექმნას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გამყარებისთვის. ქართულ კონტექსტში ლგბტ თემის წარმომადგენლები ხშირად არიან წარმოდგენილები სწორედ ამ "ხელსაყრელნ მტრებად", რომელთა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა "გამართლებულია" მთავრობის მიერ ეროვნული ღირებულებების დაცვის მოჩვენებით პოლიტიკაში. 

 

შესაბამისად, აღნიშნული კანონი უნდა განიხილებოდეს, როგორც უფრო ფართო ავტორიტარული "გზამკვლევის" ნაწილი, რომელსაც მმართველი ძალა ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის იყენებს. კანონის მიღების პერიოდი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ მიზანს: კონსერვატიული ამომრჩევლების მოზიდვა, ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისგან ყურადღების გადატანა და ანტი-დასავლური დისკურსის გაღრმავება კულტურული პროტექციონიზმის სახელით. რეგიონალურ შემთხვევებზე დაკვირვებით, ცხადია, რომ შიშებით მანიპულირება არ არის უნიკალური საქართველოსთვის, არამედ უფრო ფართო ავტორიტარული ტენდენციის ნაწილია. ამ შემთხვევაში უმცირესობათა უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ნაწილია იმ ფართო საფრთხისა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო თავისუფლების დონეს ემუქრება. ​​​​​​​

საგამოძიებო მედიალაბი