საგამოძიებო მასალები

ინფლაციის გავლენა: როგორ მცირდება პროდუქტები უფასო სასადილოების მენიუში

ავტორი: მარიამ ჯანიაშვილი, ბაჩანა საჯაია თარიღი: 21 February 2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, ხოლო უმუეშვრობის დონე 20.6%-ს აღწევს. ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-5 ადამიანი საქართველოში შიმშილობს. იგივე ინფორმაციას ვხვდებით NDI-ს ბოლო კვლევაშიც.

 

სოციალური სამსახურის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მხოლოდ თბილისში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საშუალო ოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2019 წელს თბილისში საშუალოდ 93 936 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას, 2020 წელს 101 088, ხოლო 2021 წელს 120 662 ადამიანი. იმ სოციალურად დაუცველი პირებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც არ ეღემატება 200 000-ს, უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამა მოქმედებს. 

 

დღეის მდგომარეობით, თბილისის ათ რაიონში 63 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომელიც თვეში საშუალოდ 42 ათასზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება.                         

 

ცხრილის სახით გთავაზობთ ინფორმაციას წლების განმავლობაში თბილისის რაიონებში ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ.             

სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარებს დღეში ერთხელ შეუძლიათ. თბილისის ბიუჯეტის მონაცემებით, უფასო სასადილოების დასაფინანსებლად თბილისის ბიუჯეტიდან 2019 წელს 18 მლნ ლარი გამოიყო, 2020 წელს - 18.5 მლნ  ლარი,  2021 წელს - 19.4 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს  26.3 მლნ ლარი. 2023 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის (პირველი ვარიანტი) მიხედვით კი, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის 26 184 100 ლარია გათვალისწინებული.

 

ქვეყანაში, სადაც დღითიდღე იზრდება პროდუქციის ფასი, რთული წარმოსადგენია, თუ როგორ ხდება მოსახლეობის გამოკვება ამ თანხით. მძიმე ეკონომიკური ფონი საქსტატის მონაცემებში თვალნათლივ ჩანს, სადაც მაღალ ინფლაციაზეა საუბარი (ინფლაციის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ ფოტოების სახით).

 

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და პროდუქციაზე ფასების ზრდა პირდაპირ გავლენას ახდენს უფასო სასადილოების მენიუებზეც, რომელიც წლების განმავლობაში არ შეცვლილა, შესაბამისად, იმ ადამიანების რაციონი, რომლებიც წლების განმავლობაში უფასო სასადილოების მომხმარებლები არიან, იგივე რჩება (ერთფეროვანი საკვების მიღება უწევთ). მაგალითისთვის გთავაზობთ უფასო სასადილოების ერთ კვირიან მენიუს. 

 

 

74 წლის ციცო ბებო დანანებით აღნიშნავს, რომ პროდუქტებზე ფასები ზრდა მენიუზეც აისახა და თანდათან სხვადასხვა სახის საკვები მენიუდან გაქრა.

 

"მახსოვს, წლების წინ მენიუში შედიოდა ფუნთუშა, სალათი, ყველი, კვერცხი... რადაგანაც პროდუქტები გაძვირდა, თანდათან ყველაფერი გაქრა მენიუდან და მხოლოდ უგემური საკვები დარჩა, რომელსაც არაფრის გემო არ აქვს. ხანდახან მხოლოდ პურს და კომპოტს თუ ავიღებ სასადილოდან".

 

ვინ უზრუნველყოფს ბენეფიციართა კვებას?

 

უფასო კვების პროგრამაში გარდა მენიუსა, უცვლელია ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებული კომპანიათა სია, რომლებიც უკვე წლებია უზრუნველყოფენ მოქალაქეების უფასო კვებით მომსახურებას. 

 

2019-2022 წლებში გამოცხადებული ყველა ტენდერი თითქმის უკონკურენტო გარემოში წარიმართა. ტენდერების უმრავლესობას 2 კომპანია იგებს. : „ილი ჯგუფი“ და „Aladashvili&co” . ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა როცა ამ კომპანიებთან ერთად ტენდერში სხვა კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტმა კომპანიებმა უფრო დაბალ ფასად შესთავაზეს მომსახურება, მაინც ზემოთ აღნიშნულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს. ვინაიდან ეს ფაქტი გარკვეულ ეჭვებს აჩენდა, გადავწყვიტეთ მოგვეაძიებინა ინფორმაცია კომპანიის კავშირებზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.  

 

ჩვენი გამოძიებით, კომპანია „ილი ჯგუფი“-ს დირექტორი და 71%-იანი წილის მფლობელმა, იაშა ჩაჩუამ 2018 წლის 14 დეკემბერს 60 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს. კომპანიის 29% წილის მფლობელმა, ლაშა უღრელიძემ იმავე წელს ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო 2020 წლის 12 ოქტომბერს „ქართულ ოცნება“-ს - 50 000 ლარი. 

 

გარდა ხელისუფლებასთან მსგავსი კავშირისა, აღსანიშნავია თავად კომპანიის ისტორიაც. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია წარსულში არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო დააჯარიმეს.

 

თბილისში ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1 ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია რეგიონებში 1 ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე. გთავაზობთ რამოდემინე რეგიონის მონაცემებს: ტყიბული - 1.8 ლარი, ამბროლაური - 2.35 ლარი, კასპი - 3.34 ლარი, ჭიათურა - 3.11 ლარი, ცაგერი - 2.6 ლარი, ბორჯომი - 2.47 ლარი, ქუთაისი - 2.50 ლარი, თელავი - 2.65 ლარი.

 

უფასო სასადილოების პრობლემა სახალხო დამცველის ანგარიშში

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა, ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი, შესაბამისად მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები. 

 

სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი. 

 

საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი. 

 

უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება. 

 

საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. 

 

სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა ერთ ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე ახალციხეში - 2.05 ლარი, სამტრედიაში - 2.20 ლარი, თელავში -2.65).

 

უფასო სასადილოები, როგორც წესი განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კმ გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა ისარგებლოს უფასო სასადილოს მომსახურებით, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს - 15 კმ-ის. 

 

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებათა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტებს. ობიექტებში არ არის დამონტაჟებული ლიფტები, ზოგიერთ შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქმის ყველა სივრცის შესასვლელში, მათ შორის იქაც, სადაც პანდუსია, გვხვდება ზღურბლი, რაც აბრკოლებს ეტლით მოსარგებლე პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას“.

 

სახალხო დამცველი ადგილობრივ თვითმმართველობებს რიგი რეკომენდაციებით მიმართავს, მათ შორის, შეიმუშაონ უფასო სასადილოების პროგრამის ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების (ულუფის) შინ მიტანის სერვისით სარგებლობის მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმები და უფასო სასადილოების მენიუს შედგენა მოხდეს იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებულ იქნას სადილის კალორაჟი, ენერგეტიკული ღირებულება, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, მხედველობაში იქნას მიღებული სეზონურობა. ასევე, უზრუნველყონ სანიტარული კვანძების კეთილმოწყობა, ადაპტირება, მათი გამართულად ფუნქციონირება და პრივატულობის დაცვა.

 

უფასო სასადილოებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები  ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება.

საგამოძიებო მედიალაბი