თარიღი: 7 October 2024
საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEO) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ფაქტ-ჩეკინგს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგან განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.
ობსერვატორია Fojo Media Institute-ის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ფინანსურ შანტაჟში აშშ და ევროკავშირი არასდროს დაუდანაშაულებია. რას ამბობდნენ ქართულ ოცნების ლიდერები?
"აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც ქართული ოცნების რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ", ეს ამონარიდია ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც მან 1 ოქტომბერს გააკეთა. ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისთან" დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა. საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილი "კრედიტ სუისთან" დაკავშირებით ქართველებს სრულიად სხვა ამბავს უყვებოდა. "ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან" დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?" - ეწერა საელჩოს პოსტში.
ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისს" რამდენიმე იურისდიქციაში ედავება და ბანკისგან დაახლოებით 800 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი თქმით, ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის ქმედებებით ის მნიშნელოვნად დაზარალდა.
ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ "კრედიტ სუისში" მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
დავის მორიგი ეტაპი კი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 3.54 მილიარდი დოლარის ოდენობის ანგარიში გაყინა იმ მიზეზით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობის ყოფილიყო.
ვრცელ განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საელჩოს ფეისბუქ პოსტის საპასუხოდ გაავრცელა, წერდა, რომ როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვასა და ფინანსურ შანტაჟზე საუბრობდნენ, ოცნების ლიდერები ყოველთვის აკონკრეტებდნენ, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები იდგნენ, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოიხსენიებდნენ.
"ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც "კრედიტ სუისმა" თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ქართული ოცნების ლიდერები ხშირად არათუ აკონკრეტებდნენ, რომ “შანტაჟის” უკან აშშ და ევროკავშირი იდგა, არამედ პირიქით, დასავლელ პარტნიორებს ივანიშვილის ძარცვაში პირდაპირ ადანაშაულებდნენ.
ვის ადანაშაულებენ ქართული ოცნების ლიდერები ივანიშვილის “ძარცვაში”?
2022 წლის ნოემბერში, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მუდმივად ემუქრებიან.
"ხან EPP, ხან ევროპარლამენტში ემუქრებიან… მისგან ელიან რაღაცას და იმის გამო, რომ ამ რაღაცას არ აკეთებს, ანუ არ ბრუნდება მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში რაღაცის გასაკეთებლად, ამის გამო მიდის მასზე შანტაჟი არაფორმალური მეთოდებით, ანუ მოქმედებს ერთგვარი არაფორმალური სანქციები. მას გაჩერებული აქვს თანხები შვეიცარიაში", – ამბობდა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და მიანიშნებდა, რომ ევროპარლამენტში ივანიშვილისგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ.
დედაქალაქის მერმა კი პირდაპირ თქვა, რომ "დე-ფაქტო სანქცირებულ" ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ფულს იმიტომ არ უბრუნებენ, რომ მეორე ფრონტი გახსნას რუსეთის წინააღმდეგ.
"ჩნდება კითხვა – ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს, რატომ არ უბრუნებს ადამიანს თავის ფულს? ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქცირებული. მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, რომ გავხსნათ მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს", – განაცხადა კალაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა და ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია. ევროპარლამენტი ევროპის კავშირის საბჭოსთან ერთად ევროპულ კანონმდებლობას იღებს. მის წევრებს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით 5 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ევროპარლამენტის წინააღმდეგ კობახიძის განცხადებები კი ივანიშვილის შანტაჟში ევროკავშირის დადანაშაულების ტოლფასია.
2024 წლის აპრილში ჟურნალისტებმა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, ელოდებოდა თუ არა სანქციებს დასავლელი პარტნიორებისგან, რადგან მასობრივი პროტესტისა და მკაცრი საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად ქართული ოცნება რუსული კანონის მიღებაზე უარის თქმას არ აპირებდა. მაშინ მდინარაძემ დასავლელ პარტნიორებზე დასმულ ამ შეკითხვას ასე უპასუხა: "ბიძინა ივანიშვილი მეტი რა უნდა დაასანქცირონ, ორი მილიარდი რომ გაჩერებულიყო, ამისთვის შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი გააკოტრეს და ფაქტობრივი სანქციების ქვეშ არის ეს ადამიანი".
მსგავსი კომენტარი არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული პრემიერმინისტრსაც. ირაკლი კობახიძემ ნიუ -იორკში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟი ახლა სანქციების შესაძლო დაწესებით გრძელდება.
"გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იცით, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს", თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ის პირები თუ ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ივანიშვილისთვის გაყინულ 2 მლრდ აშშ დოლარზე, ახლა შანტაჟს სანქციების დაწესების მუქარით აგრძელებენ. მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაცია კი ძირითადად შეერთებული შტატების უმაღლესი დონის წარმომადგენლებისგან ვრცელდება.
22 სექტემბერს ამერიკის ხმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის ცნობით, ეს ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა.
მანამდე კი სანქციებზე ილაპარაკა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. 16 სექტემბერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ ქართველ თანამდებობის პირს – შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს (ხარება) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე ალტ-ინფოსთან ასოცირებულ კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ასევე დაუწესა 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც "პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
ენტონი ბლინკენმა დააანონსა, რომ ეს პროცესი ამით არ დასრულებულა და შეერთებული შტატები საპასუხო ზომების მიღებაზე მუშაობას გააგრძელებს.
ევროპულ ბანკებს ივანიშვილის გაძარცვაში ადანაშაულებს კახა კალაძეც. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა უცხოურ ბანკებში საკუთარი აქტივები გაანულა და ამბობს, რომ ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა მას შემდეგ, რაც მათ ბიძინა ივანიშვილი "გაძარცვეს".
"ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა. ადამიანს, რომელმაც მოიგო ყველანაირი სასამართლო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ჯერ ნახეთ, ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს. გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაძარცვეს. რატომ უნდა ვენდო? რა თქმა უნდა, არ ვენდობი", — თქვა კახა კალაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებში პირდაპირ იკითხება მათი განზრახვა, ივანიშვილისა და “კრედიტ სუისის” დავაში, დასავლეთი დაადანაშაულოს, ისინი შედარებით ფრთხილი რიტორიკით გამოირჩევიან. იმას, რასაც პირდაპირ არ ამბობენ კობახიძე, კალაძე, ივანიშვილი და სხვა ლიდერები, მკაფიოდ და პირდაპირ აცხადებენ ხალხის ძალაში.
ეს პოლიტიკური გაერთიანება 2022 წელს ფორმალურად გამოეყო ქართულ ოცნებას და მას შემდეგ თავი დაგვამახსოვრა ისეთი ნაბიჯებითა და განცხადებებით, რომლებიც ქართულ ოცნებას პოლიტიკურ სვლებს უადვილებს. მაგალითად, ფორმალურად, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი სწორედ ხალხის ძალამ შეიმუშავა და დააინიცირა კიდეც 2023 წელს, თუმცა ოცნების ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სინამდვილეში ეს მათი ინიციატივა იყო. გარდა ამისა, ხალხის ძალის ლიდერები ქართული ოცნების 2024 წლის საპარლამენტო სიის მოწინავე პოზიციებზეც მოხვდნენ,
ხალხის ძალა განსაკუთრებით აქტიურია ივანიშვილისა და “კრედიტ სუისის” დავასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები ივანიშვილის შანტაჟში არა მხოლოდ დასავლეთს ადანაშაულებდნენ, არამედ, ამ დავის გამო სპეციალური განცხადებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის გადახედვასააც ითხოვდნენ.
"ვუერთდებით ცალკეული ექსპერტების მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, მის ღირებულებით ტრანსფორმაციას და, აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება", – წერია 2023 წელს ხალხის ძალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანტი-დასავლური ნარატივები საქართველოში საბჭოთა კავშირის იმპერიული მმართველობიდან იღებს სათავეს. მისი შინაარსიც, განსაკუთრებით ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების, ისევე როგორც სუვერენიტეტის საკითხებთან მიმართებაში, საბჭოთა ანტი-დასავლური დისკურსის ნაწილია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დასავლეთი გახდა არა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების წყარო, არამედ კონსტიტუციურად აღიარებული საგარეო პოლიტიკის ორიენტი. თუმცა, ანტი-დასავლური დისკურსი თანაარსებობდა ოფიციალურ პრო-დასავლურ პოლიტიკასთან ერთად თანამედროვე საქართველოში და ძირითადად, კულტურულ შფოთვასა და ულტრა-ნაციონალისტურ ნარატივებში ვლიდებოდა. მაშინ, როდესაც პრო-დასავლურმა და პრო-რუსულმა პოლიტიკამ თუ ნარატივებმა ურთიერთგამომრიცხავი შინაარსი შეიძინა, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკანასკნელ წლებში, საქართველოს მთავრობა ცდილობდა საგარეო პოლიტიკური კურსი ამბივალენტურად განესაზღვრა ამ ორ სივრცესთან მიმართებაში. აღნიშნული პოლიტიკა, ერთის მხრივ, მიმართული იყო დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის დონის შენარჩუნებაში და ამრიგად, პრო-ევროპელი ამომრჩევლის მობილიზებაში, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის მიმართ შერბილებული ტონისა და ანტი-დასავლური, ულტრა-ნაციონალისტური სენტიმენტების წახალისებაში. ბოლო პერიოდში, საქართველოს მმართველი ელიტა აქტიურად იყენებს ანტი-დასავლურ რიტორიკას როგორც წინასაარჩევნოდ სხვა პოლიტიკური საკითხიების გადასაფარად, ისე საზოგადოებრივი პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციისა და (შეფარული თუ ცხადი) პრო-რუსული ნარატივების გასამყარებლად.
ისტორიულად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბებული ანტი-დასავლური ნარატივი ხატავდა დასავლურ სამყაროს, როგორც ბოროტების, ამორალურ იმპერიას, რომელიც გამოირჩეოდა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და დესტაბილიზაციისა თუ კონფლიქტების გამოწვევით. პოსტ-საბჭოთა სივრცეში, პრო-რუსული და ულტრანაციონალისტური ძალები აგრძელებენ აღნიშნული ნარატივის გავლენის გავრცელებას, ძირითადად საქართველოს მსგავსი ქვეყნების დასავლური კურსიდან ჩამოშორების მიზნით. ამასთანავე, რუსეთის სტრატეგიული დეზინფორმაციული კამპანიები დასავლურ ლიბერალიზმს წარმოაჩენს, როგორც შეუთავსებელს საქართველოს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ღირებულებებთან და ეროვნულ იდენტობასთან.
თუმცა, დუალისტური საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არ არის უნიკალური საქართველოს შემთხვევისთვის, არამედ ეხმიანება არალიბერალური რეჟიმების ტენდენციას, გამოიყენონ დასავლური ინტეგრაცია დემოკრატიულ ფასადად ან ლოკალურ დონეზე ელექტორატის მოსაზიდად, თუმცა აუცილებელი რეფორმების გატარების გარეშე. ამ კონტექსტში, ქვეყნის შიგნით არსებული ანტი-დასავლური ნარატივები თანაცხოვრობდა შერჩევით, თუმცა საჯაროდ გაცხადებულ, ჩართულობასთან დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში. ამასთანავე, რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, საქართველოში მმართველი პოლიტიკური ელიტა საგარეო დონეზე უფრო და უფრო შორდება დასავლეთთან ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ბმას, ხოლო შიდა დისკურსის დონეზე აღვივებს ანტი-დასავლურ განწყობებს, ახდენს ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაციას და დასავლური ღირებულებების ქართულთან დაპირისპირებაში განიხილვას. ეს დისკურსი, თავის მხრივ, ქმნის საჭირო ნიადაგს იმისთვის, რომ ანტი-დასავლური პათოსით მიღებული ადგილობრივი საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული იდენტობის დაცვად და პატრიოტულ ვალდებულებად მოინათლოს მმართველი პარტიის ნარატივებში.
საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გარდამტეხ მომენტებს შორის არის სუვერენიტეტის საკითხი. ერთი შეხედვით პარადოქსულია, რომ სუვერენიტეტის საკითხი არა რუსეთთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, არამედ უპირველესად დასავლეთთან მიმართებაში განიხილება. ამრიგად, დასავლეთის მხრიდან დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში შეჭრად არის გამოცხადებაში მმართველი ძალის მიერ. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2024 წელს დამტკიცებული ე.წ. „აგენტების კანონი“, რომელიც თავისი არსით რუსული კანონმდებლობის მსგავსია და სამიზნე ჯგუფად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს განიხილავს, რომელთა დაფინანსებაც ძირითადად დასავლურ წყაროებს უკავშირდება.
ამრიგად, განხილული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია რუსეთთან და რუსეთის შესახებ რიტორიკის შერბილება. ამ შემთხვევაშიც პარადოქსულ დუალიზმთან გვაქვს საქმე: მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის გაცხადებული მიზანია ოკუპაციის უარყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის ამავდროულად ერიდება რუსეთის, როგორც ამ პროცესში ცენტრალური აქტორის, კრიტიკულად მოხსენიებისგან. მეტიც, რეგიონში აგრესიული ომის ერთადერთ მწარმოებელთან დაახლოება განიხილება მშვიდობის მიღწევისა და შენარჩუნების გზად.
დასკვნის სახით, ანტი-დასავლური დისკურსი თანამედროვე საქართველოში კომპლექსურობით გამოირჩევა და ვარირებს „გათვლილი ამბივალენტურობიდან“ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობით გადმოცემულ ნარატივებამდე. ანტი-დასავლური, ულტრანაციონალისტური, არალიბერალური და ამავე დროს, რუსეთთან დაახლოებული პოლიტიკური ნაკრები თანაარსებობს საჯაროდ გაცხადებულ ამბიციასთან ერთად - გახდეს საქართველო ევროპული სტრუქტურების წევრი. ანტი-დასავლური განწყობები ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ამრიგად, დასავლეთთან დაახლოება ამ განწყობების შესახებ ღია დისკუსიისა და მკაფიო პოლიტიკის გარეშე არარეალისტურ მოცემულობად შეგვიძლია განვიხილოთ.