თარიღი: 20 November 2024
საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEObservatory24) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავდა 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ანალიზს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგის განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივებს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.
ობსერვატორია Fojo Media Institute-ის, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს შედეგებით, ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიუღია, მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციის გაუქმებაზე კვლავ ალაპარაკდნენ. თუმცა, რას ცვლიდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მაშინ, როდესაც კონსტიტუციის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია?
ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იყო. მმართველი პარტია ამომრჩევლებისგან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთვის საჭირო მხარდაჭერას ითხოვდა, რათა "კოლექტიური ნაცმოძრაობა", რომელშიც ოპოზიურ პარტიებს - ნაციონალურ მოძრაობას, ძლიერ საქართველოს, კოალიციას ცვლილებისთვის და გახარია საქართველოსთვის გულისხმობდა, არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინა.
"2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა," – თქვა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
არჩევნების სადავო შედეგებით, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, თუმცა, მმართველი პარტია ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე ლაპარაკს არ წყვეტს. საქართველოს პრემიერმინისტრმა და მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება.
"აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა, ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
როგორ შეიძლება აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები საქართველოში?
კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიასთვის გაუგებარია, როგორ აპირებდა მმართველი პარტია პოლიტიკური პარტიების გაუქმებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაშიც, რადგან მისი თქმით, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის თანახმად, "პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით".
კოტე ჩოკორაიას განმარტებით, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მიზანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება იყო.
"მე არ მესმის, როგორ შეიძლებოდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო უმრავლესობით. მაშინ კონსტიტუციის რომელიმე მუხლში უნდა ჩაეწერათ, აიკრძალოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიაო, ეს თავისთავად ანტიკონსტიტუციური შინაარსის დოკუმენტი იქნებოდა. შესაძლოა, სურდათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თავი აერიდებინათ და პირდაპირ ჩაეწერათ კონსტიტუციაში, ეს კი კონსტიტუციური პროცესი არ არის", - ამბობს კოტე ჩოკორაია ჩვენთან ინტერვიუში.
საქართველოს კონსტიტუცია მრავალპარტიულ დემოკრატიას ეფუძნება. კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად, "პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში".
საქართველოს კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ დაუშვებელია მხოლოდ ისეთი პარტიების საქმიანობა, რომლის მიზანიცაა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.
"პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს მოღალატეს რომ უწოდებენ ან გააკრიტიკებენ, ასეთ დროს პარტიების შეზღუდვა არ ხდება, ეს უკვე ტოტალიტარიზმია. ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი, კრძალავდა პარტიებსა და განსხვავებულ შეხედულებებს", - ამბობს კოტე ჩოკორაია.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ლაპარაკისას დღეს საქართველოში ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირი ახსენდებათ. პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით მასშტაბური 1930-იან წლებში გახდა და ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებული იყო მმართველობის იმ სისტემით, რომელიც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოპოზიციური აზრი დიდ საფრთხეს უქმნიდა საბჭოთა კავშირსა და მის მმართველებს, ერთადერთი გზა კი განსხვავებული შეხედულებების აკრძალვა იყო.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პარტია საკონსიტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თხოვნით მიმართავს, კოტე ჩოკორაიასთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიღოს სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, რადგან საჭირო მტკიცებულებები არ არსებობს.
"ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება საკონსტიუტციო სასამართლოს მოსამართლეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. რა უნდა დაწერონ?", - ამბობს კოტე ჩოკორაია.
ქვეყნის სუვერენული მმართველობისა და დემოკრატიის საფუძველს არჩევნების ლეგიტიმურობა წარმოადგენს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს როგორც შიდა სტაბილურობაზე, ასევე ქვეყნის საგარეო ურთიერთობების ხარისხზე. საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული სერიოზული ბრალდებები არჩევნების მანიპულაციასა და დაშინების ტაქტიკებზე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა. მმართველი პარტიის ხმების უმრავლესობით გამარჯვება უარყო ადგილობრივმა ოპოზიციამ, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, ხოლო დასავლური დემოკრატიული ქვეყანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი შეიკავა აღიარებისგან. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, არჩევნების ლეგიტიმურობა სცილდება ადგილობრივ პოლიტიკას და გავლენას ახდენს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დახმარებებსა და ინვესტირებაზე, ალიანსებზე და ქვეყნის რეპუტაციაზე გლობალურ ასპარეზზე.
არჩევნების ლეგიტიმურობა მთავრობას ანიჭებს როგორც სანდოობას, ასევე ავტორიტეტს. დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანობისა და წარმომადგენლობის აღქმა. ამის გარეშე, საზოგადოებრივი ნდობა სუსტდება, რაც იწვევს უნდობლობის, ხშირად კი ნიჰილიზმის ზრდას პოლიტიკური პროცესების მიმართ, პოლიტიკურ პოლარიზაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს დასუსტებას. ეს ლეგიტიმურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ცდილობს ევროპულ კავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა, შიდა პოლარიზაციის, ანტილიბერალური და ავტორიტარული ტენდენციებისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე. როდესაც არჩევნებს აკლია სანდოობა, როგორც ეს ბრალდებებიდან ჩანს საქართველოს უკანასკნელ არჩევნებთან მიმართებაში, დასავლელი მოკავშირეები დისტანცირდებიან არაღიარებული მმართველებისგან, რაც, თავის მხრივ, დამატებით სივრცეს შექმნის რუსეთის გავლენებისთვის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.
დასავლური დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და აშშ, მცირე საარჩევნო დარღვევების მიმართ მკაცრი კრიტიკული მიდგომით არ გამოირჩევიან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც, მაგალითად, ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადადიან. თუმცა, ეს მიმღებლობა დამოკიდებულია დარღვევების მასშტაბსა და ხასიათზე. თუ პროცესის ზოგადი თანმიმდევრულობა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შენარჩუნებულია, პრაქტიკაში ადმინისტრაციული ხარვეზებისა ან ცალკეულ დარღვევებზე განსაკუთრებით მკაცრი რეაგირება შესაძლოა არ მოხდეს, მეტადრე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. თუმცა, სისტემური პრობლემები – როგორიცაა მედიის შეზღუდვა, ამომრჩევლების დაშინება და მასობრივი, სისტემური გაყალბება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, რაც დაფიქსირდა ეუთო/ოდირის ანგარიშებში და დასტურდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ – დასავლეთის პრაქტიკაში არსებული მიმღებლობის ზღვარს სცდება. სწორედ აღნიშნული ბრალდებების სიმძიმე განაპირობებს დასავლური ქვეყანების თავშეკავებას 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების აღიარებისგან.
დასავლეთის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შემთხვევებს ხშირად სერიოზული შედეგები ჰქონდა. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში (2020 წ.), სადაც არჩევნები გაყალბებისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა, ევროკავშირი და აშშ უარს აცხადებდნენ შედეგების აღიარებაზე. შედეგად, ქვეყანამ ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია მიიღო, რამაც ბელარუსი თითქმის სრულად დამოკიდებული გახადა რუსეთზე. მსგავსად, ვენესუელაში (2018 წ.) ნიკოლას მადუროს სისტემური დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა საერთაშორისო იზოლაცია, მასშტაბური ეკონომიკური სანქციები და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მიანმარში (2021 წ.) სამხედრო გადატრიალებამ და არჩევნების გაუქმებამ დასავლეთის მხრიდან მკაცრი დაგმობა და სანქციები გამოიწვია, შედეგად კი, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. საერთაშორისო არაღიარების ბერკეტი ხშირად პოზიტიური დემოკრატიული ცვლილებების საწინდარიც შეიძლება იყოს, ისე, როგორც ეს მოხდა ზიმბაბვეში (2008 წ.). სადავო არჩევნების შემდეგ დასავლეთის ზეწოლამ აიძულა ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები შეთანხმებულიყვნენ ძალაუფლების განაწილებაზე.
საქართველოს შემთხვევაში, მმართველი პარტიის ქმედებები ბევრისთვის "კრემლის სტილის" ტაქტიკად აღიქმება – არა მხოლოდ სისტემური საარჩევნო გაყალბებისა და კონსტიტუციური უფლებების (ხმის მიცემისა და ხმის ფარულობის უფლება) დარღვევისთვის, არამედ ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებისთვის. უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომ შედეგები ქართული ხალხის ნების გამოხატულებაა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნების, სკანდინავიის, აშშ-ისა და ევროპარლამენტის რამდენიმე ლიდერის განცხადებებს, რომლებმაც პროცესი არ მიიჩნიეს თავისუფალად და არც სამართლიანად.
არაღიარების შედეგები სერიოზულად აისახება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, დონორების ჩართულობის, შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი ნდობისა და საერთაშორისო პრესტიჟის ხარისხზე. შვედეთმა, საქართველოში ერთ-ერთმა უდიდესმა დონორმა, უკვე შეაჩერა მისი თანამშრომლობა. ეს და მსგავსი სიგნალები სხვა საერთაშორისო წარმომადგენლობებიდან ზღუდავს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას და ზრდის ქვეყნის იზოლაციის რისკს, რაც, ცხადია, ნეგატიურად - თუ არა სავალალოდ - აისახება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივაზე. მოცემული ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია საარჩევნო გაყალბების მტკიცებულებების დამუშავება. დარღვევების დოკუმენტირება და მათზე საჯარო დისკუსია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. დამოწმებული მტკიცებულებები ხელს უწყობს საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატვას და ზეწოლას ახდენს მთავრობაზე.
დასკვნის სახით, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხი ხაზს უსვამს არჩევნების ლეგიტიმურობის არსებით როლს როგორც შიდა სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობის ხარისხის, ასევე საერთაშორისო აღიარების დამყარებაში. საქართველოს სანდოობა, მისი ალიანსები და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები დამოკიდებულია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობაზე. ამის გარეშე, ქვეყანა რისკავს იზოლაციას და გაურკვეველ მომავალს, რაც საფრთხეს უქმნის მის დასავლურ ორიენტაციას, რომლის მიღწევისკენაც ის ისწრაფის.