ანალიზი

Soldiers Wanted

ავტორი: ლიკა ვეკუა თარიღი: 20 September 2024

10 წლის წინ ყოველი 4 ქართველიდან 3, მზად იყო საკუთარი ქვეყნისთვის ებრძოლა. 2015 წელს “WIN/Gallup International”-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველ რესპონდენტთა 76%-მა განაცხადა, რომ მზად არის იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის. აღნიშნული მონაცემებით საქართველო გამოკითხულ 64 ქვეყანას შორის მე-9, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზე იყო.  

 

 დღეს, ახალგაზრდების თითქმის ამდენივე რაოდენობა (73.5%) აცხადებს, რომ ამჟამინდელ ქართულ შეიარაღებულ ძალებში (როგორც რეზერვისტი ან  კონტრაქტორი) არ იმსახურებდნენ.  

 

ჩვენს მიერ ჩატარებულ ანონიმურ კვლევაში, რომლის ფოკუს ჯგუფს წარმოადგენდა ასამდე სტუდენტი, გამოკითხულთა 49% უარყოფითად ახასიათებს თავიანთ პირად დამოკიდებულებას ქართული სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ.  

 

ახალგაზრდების მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მის წინაშე მდგარ პასუხისმგებლობებსა და გამოწვევებს პასუხობს ხოლო 4% , რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება დაცულია.  

 

შევეცადეთ გაგვერკვია, როგორი პოპულარობით სარგებლოს თავდაცვის სამინისტრო  ახალ თაობაში და ზოგადად რა დარღვევები იკვეთება თავდაცვის ძალების სისტემაში. 

 

როდესაც სტუდენტებს ვთხოვეთ, მოცემულ შკალაზე 1-დან 10-მდე დაეფიქსირებინათ თავიანთი ნდობის ხარისხი საქართელოს თავდაცვის ძალების მიმართ. მათმა უმეტესმა რაოდენობამ (22%) 5-იანი დააფიქსირა. ასევე თანაბარი რაოდენობით (4,8%) შემოხაზეს როგორც უმცირესი (1) ასევე უმაღლესი (10) მაჩვენებელი.  

 

საქართველოს მეზობელი 4 სახელმწიფოდან 3 მუდმივ საომარ კონფლიქტშია ჩართული. რუსეთ- უკრაინის ომთან ერთად  სამხრეთ კავკასიაში ყოველდღე იცვლება პროცესები. აქვეა გიუმრის რუსული ბაზა, ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტი დგას. რუსეთს,  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  სამხედრო პლაცდარმები აქვს , არ არსებობს   ბუნებრივი გამყოფი ზღუდე. გასათვალისწინებელია ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთ-აზერბაიჯანის, ირან-აზერბაიჯანის რუსეთ-უკრაინისა და აწ უკვე ისრაელი-პალესტინის მდგომარეობა და  პოლიტიკური ვითარება. შესაბამისად , მოქალაქეების მხრიდან დაინტერესება საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე დიდია. განსაკუთრებით ახალი კანონმდებლობის დამტკიცება და შემდგომ მისი გამკაცრება იმ ფორმით, როგორც ის იყო მიღებული მრავალ კითხვას ბადებს. შედეგად , ეს ყველაფერი მკვეთრად ამცირებს ახალგაზრდების მხრიდან ინტერესს საკუთარი ნებით ჩაერთონ თავდაცვის პროგრამებში.  

 

 

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს, არის საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი და  ქართული ჯარის კვებისთვის გამოყოფილი კვების რაციონი. თუ აქამდე ღია წყაროებზე დაყრდნობით შეგვეძლო მიგვეღო პასუხი ნებისმიერ კითხვაზე ჯარის კვებასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან ეს ინფორმაცია უკვე აღარაა ყველასათვის ხელმისაწვდომი.  

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ თავად სამხედროებთან გაგვერკვია მათი კვების რაციონი. სამწუხაროდ, მათ არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გასაჯაროება, ამიტომ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ მათთვის გამოყოფილ საკვებ რაციონებში ხშრად შევხვდებით ისეთ საკვებ პროდუქტებს, რომელთა მწარმოებლებიც ძირითადად რუსული კომპანიები არიან.  

 

"ჩვენი საკვები რაციონები დაყოფილია სხვადასხვა ნომრად. მათ შორის მკვეთრი განსხვავება უნდა იყოს, მაგრამ რეალურად განსხვავება ხანდახან ისაა, რომ შეიძლება ერთ ნომერ ულუფაში ვაშლის ჯემი იყოს, ხოლო მეორეში კი-ატმის".


"ქართული ჯარის საკვები რაციონები შედგენილია ძირითადად ოკუპანტი ქვეყნიდან შემოტანილი სხვადასხვა პროდუქტით. ეს რაციონები კი ფაქტობრივად მშრალი საკვებისგან შედგება, რაც არ არის საკმარისი ჯარისკაცის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგალითად ამერიკული ჯარის საკვები რაციონი ძირითადად სველი საკვებია და ბევრად მაღალია მისი კალორიულობა".

 

"ის, რომ ქართული ჯარის საკვების კვებითი ღირებულება არ არის საკმარისი ჯარისკაცისთვის, ცალკე საკითხია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ საკვებს ძირითადად ოკუპანტი ქვეყნისგან ვიღებთ და ფაქტობრივად მათზე ვართ დამოკიდებული. ჩემთვის, როგორც ქვეყნის მცველისთვის, ჩემი სამშობლოს ოკუპანტი ქვეყნისგან მოწოდებული საკვების მირთმევა თავმოყვარეობის შელახვის ტოლფასია".

იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად 2022 წლის შემდეგ აღარ ვიცით კონკრეტულად ჯარისკაცთა კვებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ თავდაცვის სამინისტროდან, თუმცა სამინისტროდან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. 

რამდენიმე ღია წყაროზე დაყრდნობით არმოჩნდა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების კვებაზე 2022 წლამდე ზრუნავდა შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“. ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი თავად თავდაცვის სამინისტრო იყო. დირექტორები კი სხვადასხვა წლებში ალექსი ზანდარაშვილი და მირანდა მანჯგალაძე. ჩატარებული კვლევისას გამოჩნდა, რომ აღნიშნული შპს თანამშრომლობდა რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა სახის საკვები და სასმელი პროდუქტების მიწოდებას მისთვის. ამ კომპანიებს ძირითადად ტენდერების გზით არჩევდა, თუმცა 2022 წლიდან მას შესყიდვების სააგენტოსთვის აღარ მიუმართავს ტენდერის ჩასატარებლად.  

აქვე გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი კონტრაქტორი კომპანიის მფლობელი მმართველი პარტიის ან მათი მხარდამჭერი კანდიდატის შემომწირველია. 

მაგალითად, 2019 წელს გაიმარჯვა კონსოლიდირებულ ტენდერში შპს „ლუკა 2005“-მა, რომელიც ამავე წელსვე დააარსა იაშა ჩაჩუამ. გაირკვა რომ მას სალომე ზურაბიშვილის ფონდისათვის 2018 წელს 60 000 ლარი აქვს შეწირული. კომპანიის დირექტორ იუზა ჯიგლიძეს კი სალომე ზურაბიშვისილთვის შეწირული აქვს 15 000 ლარი 2018 წელს, ხოლო 2020 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 60 000 ლარი. 2021 წლიდან აღნიშნული კომპანიის დირექტორია ნუკრი მეფარიშვილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ფონდში 10 000 ლარი აქვს შეწირული 2018 წელს. 

ასევე გამოიკვეთა ისეთი კომპანიებიც, რომლებიც იმ ტენდერებში, რომლებსაც შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა აცხადებდა“, მონაწილეობას იღებდნენ უკონკურენტოდ. მაგალითად შპს „ილი ჯგუფს“ უკონკურენტოდ მოგებული აქვს 101 012 215 ლარის ტენდერები. 

ასპარეზზე გამოდის კიდევ ერთი კომპანია, შპს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“, რომელელთანაც ჯამში 6 137 235 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა. მისი ერთ-ერთი დამაარსებელი კი გახლავთ ნათია ბუკია, რომელიც არის გოდერძი ბუკიას შვილი. გოდერძი ბუკია კი გახლდათ ხობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი. 

მართალია ვინ ზრუნავს ჯარის კვებაზე 2022 წლის შემდეგ აღარ არის ცნობილი, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო ქართულ ჯარს რუსული წარმოების პროდუქციით კვებავს, ეს ცალსახაა. მაგალითად 2021-2022 წლებში თავდაცვის სამინისტრომ შპს „ჯეოკოოპისგან“ შეიძინა რამდენიმე ეტაპად რუსული წარმოების ზეთი „Aston”. 

 ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს წვევამდელთა და ჯარისკაცთა ანაზღაურების საკითხი. NATO-ს შტაბში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მთავარი სამოქალაქო წარომადგენელი და თავდაცვის ექსპერტის ლაშა ძებისაშვილის აზრით პირველ რიგში საჭიროა ქვეყნის თავდაცვის სტარტეგიის შემუშავება. (აღნიშნული დოკუმენტი, რომელსაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი ამტკიცებს, საქართველოს 2017 წლის შემდეგ არ გააჩნია) რათა ამის შესაბამისად მოხდეს იმ გარღვევების აღმოფხვრა რაც გაგვაჩნია.  

- ეს დოკუმენტი ნათლად ასახავს,  რომ გარკვეული რაოდენობის დაფინანსების ქვემოთ ქვეყნის თავდაცის უნარიანობა აღარ არსებობს. სახელმწიფომ უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი თუ როგორ ხდება თავდაცვის სისტემის გააზრება და მისი კოპონენტების განსაზღვრა. შემდეგ სამხედრო თვალსაზრისით რა საფრთხის წინაშე ვართ, ვინ არის ჩვენი მტერი, რა არის მათი ამოცანები. აქედან გამომდინარე ვიცით რა გვჭირდება. როგორც ხალხი და ტექნიკა.თუმცა  დღეს, ჩვენს ქვეყანაში  ძალიან დიდი გარღვევაა იმასთან რაც გვაქვს და რაც უნდა გვქონდეს. 

მის ნაშრომში Conditionality and Compliance: The Shaky Dimensions of NATO Influence (The Georgian Case) ვკითხულობთ, რომ  ჯერ კიდევ 2011 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ  ანტიკორუფციული ინდექსით თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონე შეფასა, როგორც ზომიერი და დაბალი. ხოლო NATO-ს პოტენციური წევრობისთვის რვა პოლიტიკურ-ეკონომიკური მოთხოვნიდან,სამი ცალსახად ხაზს უსვამს დემოკრატიული მმართველობისა და ინსტიტუტების უპირატესობას, ერთი კი პირდაპირ ურჩევს ასპირანტ სახელმწიფოებს, დაიცვან სოციალური სამართლიანობა და ეკონომიკური თავისუფლება. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მონაცემებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.3 მლრდ. ლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% ხოლო ბიუჯეტის 5.94% წარმოადგენდა. 2024 წელს თავდაცვაზე 1,4 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც  წლევანდელი ბიუჯეტის 5.72% შეადგენს. ამჟამად თავდაცვა ბიუჯეტის ხარჯების მიხედვით, რიგით მერვე ადგილზეა.  

მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები გაიდლაინით ხელმძღვანელობენ, რომლის მიხედვითაც ქვეყნის თავდაცვაზე უნდა დაიხარჯოს მისი ბიუჯეტის მინიმუმ 2%. საქართველო 2007-2017 წლებში მუდამ იცავდა 2 %-იან  მაჩვენებელს.  

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მკაცრი მოთხოვნა ან რაიმე იურიდიული ვალდებულება, ნატო მაინც გასცემს რეკომენდაციას, რომ თავდაცვის ბიუჯეტის 20% დახარჯულ იქნას ძირითად აღჭურვილობაზე და ინვესტიციები შესაძლებლობის შემთხვევაშ გაზარდონ ეს თანხა.აღსანიშნავია , რომ  2007-2008 წლებში სახელმწიფო თავდაცვაზე  მშპ-ის დაახლოებით 8% იხარჯებოდა.  

მიუხედავად ახალი კანონისა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მოსახლეობას დღემდე აწუხებს კითხვა - რა დონეზეა საქართველოს შეიარაღებული თავდაცვა დღეს? (აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა  ამ კითხვას მის მიერვე ორგანიზებულ კონფერენციაზე თავი აარიდა. ეს იყო ერთადერთი კითხვა, რომელსაც მან რამდენიმესაათიან კონფერენციაზე პასუხი არ გასცა) თავად ოპოზიცია ხშირად საუბრობს, იმ დემოგრაფიულ და ფსიქოლოგიურ ეფექტებზე რაც სავადებულო სამხედრო სამსახურმა სხვადასხვა ქვეყნებში მოიტანა.    

მაგალითად თურქეთში,  სავალდებულო სამხედრო სამსახურში სუიციდით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე საომარ მოქმედებებში სირიასა და ერაყში. საყურადღებოა ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა რაც რეზერვისტებს გააჩნიათ. მაგალითად თურქეთის ჯარში წლიურად ფსიქოლოგთან 1300 ვიზიტი ფიქსირდება (3000 წვევამდელიდან).  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სანდრო რაქვიაშვილთან ინტერვიუში    იხსენებს, რომ ქართულ ჯარში ხშირად სამხედროებს ჩახმახს ,,უსკოჩებდნენ“ (წებოვანი ლენტით უმაგრებდნენ) რათა ჯარისკაცებს არამიზნობრივი გასროლა არ განეხორციელებინათ. მსგავსი რამ ,მის პრაქტიკაში არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა.  

ჩვენს მიერ გამოკითხულთა 50,6% მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო არ უნდა იყოს, თუმცა რთულია დასკვნების გამოტანა, რადგან სწორედ ამ ახალგაზრდების 75% აცხადებს, რომ ახალ კანონმდებლობას არ გაცნობიან. როგორც ჩანს ისინი არ იჩენენ ინტერესს, ამასთანავე არც ინფორმირებულნი არიან აღნიშნული საკითხის მიმართ.  

შესაბამისად, ერთი შეხედვითაც მარტივია იმის დანახვა, რომ ხშირია წვევამდელების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის აცილების ფაქტები. ახალგაზრდები ამისთვის სხვადასხვა გზას მიმართავენ. მაგალითად მხოლოდ,2022 წლის 3 ივნისის მდგომარეობით,  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით რელიგიური ორგანიზაციების გავლით ისარგებლა 13 791-მა წვევამდელმა. მათ შორის 92%-მა (12724) - საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლება გამოიყენა  

დღეს  ამ კუთხით მთელი რიგი საკითხები დგას , მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სავალდებულო სამხედრო და პროფესიული ჯარის არაეფექტიანობაა. დისკრიმინაციაა სისტემის ყველა დონეზე. მოქმედი კანონი ისეა შედგენილი , რომ ნებისმიერ ადამიანს რომელსაც ამის ფინანსური რესურსი გააჩნია , შეუძლია თავი აარიდოს სავალდებულო სამსახურს. ეს იქნება თანხის, 2000 ლარის გადახდით, თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებითა, თუ გახანგრძლივებით.  

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა ორიენტირებულია მხოლოდ მოსახლეობის დაბალ ფენაზე, ძირითადად რეგიონულ კონტიგენტზე. ესენია სოციალურად დაუცველი და მაღალმთიან და მცირე რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები.  

თავდაცვისა და სამხედრო სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ ის პროგრამა რასაც დღეს რეზერვისტები გადიან სრულიად უსარგებლოა რელურ საომარ მდგომარეობაში , მეტიც, არ იძლევა არანაირ თეორიულ და განსაკუთრებით პრაქტიკულ ცოდნას. პრობლემას წარმოადგენს, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ დასაქმების საკითხიც. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ დღევანდელი სისტემა მოძველებული , არაფრის მომტანი და უსარგებლოა. ამასთან ერთად ის ახალგაზრდებს არათუ რაიმე სახის განვითარების შანს ან პერსპექტივას აძლევს , არამედ პირიქით უკან ხევს. 

 

როგორია თავდაცვის პოლიტიკა სხვადასხვა ქვეყნებში? ლიეტუვა ჯარში 3 ტიპის ხელფასს აწარმოებს. 1. პიროვნება , რომელიც თავისი ნებით მოვიდა -  30%-ით მეტი ვიდნე დანარჩენებს.  2. არსებობს გრადაციის პოლიტიკა სადაც ხელფასი შენს მიერ აწეული სამსახურით ითვლება. 3. ადამიანი რომელიც რეზერვში ბრუნდება იღებს 560 ევროს ღირებულების სუბსიდიას 6 თვის განმავლობაში.  

 

ფინეთი , სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს რომელთაც ოჯახური პასუხისმგებლობა აკისრიათ  კრედიტებსა და საოჯახო  ხარჯებს უნაზრაურებს.  ასევე პრაქტიკაში არის რესურსების სწორად გამოყენების ძალიან სხარტი პოლიტიკა. სავალდებულო სამსახურში ადამიანები შესაბამის პოზიციებს იკავებენ მათი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. სატვირთოს მძღოლი , რომელიც ჯარში მსახურობს , მის მოვალეობას პროფესიული კუთხით უყურებს. მსგავს ადამიანებს , სამსახურის მოხდის შემდეგ ლოჯისტიკური კომპანიები და  ავიასააგენტოები პროფესიონალურ სამსახურს სთავაზობენ. ეს არის შესაძლებლობა მიიღო განათლება კონკრეტულ ასპექტში და გადახვიდე სამოქალაქო სფეროში.  

 

ბოლოსთვის კი, აღნიშნულ კითხვაზე "როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ახალგაზრდებს არ მოუნდეთ სავალებულო სამხედრო სამსაურისთვის თავის აცილება?“ სტუდენტები ასე პასუხობენ:  

"უკეთესი პირობები უნდა იყოს ჯარში, ვფიქრობ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ცნობიერება იმის შესახებ თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრების წესი".


"როგორც მინიმუმ თვიური გადასახადი გზას მაინც უნდა აფინანსევდეს და ჩვენთვის, პირველ რიგში კი სახელმწიფოსთვის, საჭირო სქილებს ასწავლიდეს ხალხს რაც სურვილს გაგვიჩენს რომ წავიდეთ და ვიმსახუროთ. ,,საგუშაგოზე“ დგომა ჩემი ინტერესი არ არის და ჩემი დროის სახელმწიფოს მიერ ექსპლუტაციად მიმაჩნია".

"ისინი უნდა იყვნენ სწორად ინფორმირებულები, სკოლის საშუალო საფეხურზე უნდა ფლობდნენ ინფორმაციას სამხედრო სამსახურების მნიშვნელიბის შესახებ ქვეყნისათვის, უნდა ხდებოდეს მათი წახალისება და ნეგატიური დამოკიდებულებების ან სტერეოტიპებიდ ტრანსფორმირება დადებითისკენ, უნდა ჰქონდეთ მოქნილი გრაფიკი თუ უნივერსიტეტში ან კოლეჯში სწავლასაც მოინდომებენ, უნდა ჰქონდეთ წამახალისებელი აქტოვობები მაგ: ხელფასი ან ფულადი წახალისება, სწავლის ნაწილობრივ დაფინანსება, დასაქმების ხელშეწყობა და სამხედრო სამსახურის მოხდის შემთხვევაში გარკვეული პრიორიტეტებით სარგებლობა, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა ან საპენსიო დანამატი".


"მნიშვნელოვანია სამხედრო სამსახური იყოს სავალდებულო,მაგრამ გათვლიასწინებული იქნას მოთხოვნები. ურთერთშეთანხმებით მოხდეს გაწვევა და დაცული იყოს ადამიანის უფლებები. იმისთვის რომ ადამიანმა თავი არ აარიდოს სამხედრო სამსახურს ის ახალგაზრდას სრულფაოვან მომზადებას უნდა სთავაზობდეს". 


"ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს ახალწვეულების მომზადებას, რომ მალე მოხალისეებიც კი შეემატონ ახალწვეულებს". 

საგამოძიებო მედიალაბი