არჩევნები 2024

პრემიერი ამბობს, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა – რას ამბობენ დამკვირვებლები?

ავტორი: GEObservatory თარიღი: 8 November 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEObservatory24) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავდა 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ანალიზს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგის განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივებს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.

სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

  

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  BBC-ისთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. დარღვევის შემთხვევები კი ყველა ქვეყანაში ხდება.

 

დარღვევები ყველგან, ყველა ქვეყანაში ხდება. თუ გადახედავთ ანგარიშებს, სხვა ქვეყნებში საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებს, ბევრი დარღვევა არსებობს. სულ რაღაც რამდენიმე უბანზე მოხდა ინციდენტი. 3 100-ზე მეტ უბანზე გარემო სრულიად მშვიდი იყო”, - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

 

ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებობდნენ კი პრემიერ-მინისტრის შეფასებისგან სრულიად საპირისპირო შინაარსის გამოხმაურებები ჰქონდათ.

 

"ჩემი ხმა"

 

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა, ამბობს, რომ არჩევნების დღეს მათ საარჩევნო დარღვევების ამსახველი ასობით ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა მოაგროვეს.

 

“არჩევნების დღის განმავლობაში 1 131 საარჩევნო უბნიდან ჩვენი დამკვირვებლებისგან მივიღეთ 900-ზე მეტი შეტყობინება საარჩევნო პროცედურების დარღვევის თაობაზე. 196 უბანზე სადაც ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, განგრძობადი და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რასაც არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის გავლენა აქვს”, ნათქვამია განცხადებაში.

 

ორგანიზაციის თქმით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების მასშტაბური სქემა, რისთვის მზადებაც არჩევნებამდე დაიწყო.

 

"სამართლიანი არჩევნები" (ISFED)

 

31 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა აღმოაჩინეს. ორგანიზაციის თანახმად, მათი უმრავლესობა (297) საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე მოხდა, შედარებით ნაკლები (167) - საარჩევნო უბნებთან, კიდევ უფრო ნაკლები კი - საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე.

 

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება", - თქვეს "სამართლიან არჩევნებში", რომელსაც ასობით დამკვირვებელი ჰყავდა.

 

ეუთო/ოდირი

 

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დაკვირვებების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა, არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე.

 

მისიის დასკვნის თანახმად, დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული/დარღვეული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების მოთავსების ფორმით ან 7%-ში საარჩევნო უბნის მოწყობის, მაგიდების განლაგებასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.

 

ჰელსინკის კომისია

 

აშშ-ის "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია", იგივე ჰელსინკის კომისია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი "აშკარა მტკიცებულება" "სისტემურ დარღვევებზე" მიუთითებდა. 

 

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დღეებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, დამკვირვებლებმა წარმოადგინეს აშკარა მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს. მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე როგორც არჩევნების წინა დღეებში, ასევე კენჭისყრის დღეს. ამან გავლენა მოახდინა არჩევნების მთლიანობაზე", - წერს ჰელსინკის კომისია.

 

IRI და NDI

 

27 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართეს ამერიკულმა ორგანიზაციებმა, "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) და "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ საქართველოში.

 

დელეგაციის წევრმა, მარგარეტა სიდერფელდმა, რომელიც შვედეთის პარლამენტის წევრია, განაცხადა, რომ ქართული ოცნება აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბევრ წარმომადგენელს, "იყო დაშინება, რომ თუკი ადგილობრივი მოსახლეობა არ მისცემდა მმართველ პარტიას ხმას, მათ სოციალურ დახმარებას შეუწყვეტდნენ".

 

 "უნდა აღინიშნოს ცესკოს შემადგენლობის საკითხი და ასევე ოპოზიციის მიერ ნომინირებული თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება. ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ ძალიან დაბალია", - განაცხადა სიდერფელდმა.

 

დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა ჯონ შიმკუსმა კი თქვა, რომ "დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობები იყო მოგროვებული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა; ამან ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემის განვითარებას, შექმნა შიშით დატვირთული გარემო, რამაც შემდეგ გამოხმაურება ჰპოვა NGO-ების ანგარიშებში".

 

"იყო კითხვის ნიშნები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, სისტემური ზეწოლა, დათრგუნვა, ამან შექმნა შიშის გარემო. იზოლირებული ინციდენტები იყო ხმების მოსყიდვის, განმეორებით ხმის მიცემის, ძალადობის, მარკირების შეუმოწმებლობა... დათვლის დროს ვითარება მშვიდი იყო, წინასწარი შედეგების გადაცემა მოხერხდა. საოლქოების დონეზეც პროცედურების თანახმად ჩატარდა", - განაცხადა მან.

 

აშშ-ის პრეზიდენტი

 

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ თეთრმა სახლმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ჯო ბაიდენის თქმით, არჩევნებს ზიანი მიადგა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ასევე ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით.

 

"სულ ახლახან საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ზიანი მიადგა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი შემთხვევით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი", - წერს ბაიდენი.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

 

დარღვევებზე ილაპარაკა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა.

 

"საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამორჩეოდა სერიოზული დარღვევებით, ამას სჭირდება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, არც ამის საწინააღმდეგო უთქვამთ. ასე რომ, ჩვენ ვართ იმ ზონაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა გაირკვეს, რა მოხდა და როგორ შეეძლო ამ ყველაფერს არჩევნების შედეგებზე ემოქმედა", - განაცხადა ბორელმა.

 

წაიკითხეთ ასევე: არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი: ვიქტორ ორბანი vs დასავლეთის რეაქცია

 

 

პოლიტიკური ანალიზი

 

ქვეყნის სუვერენული მმართველობისა და დემოკრატიის საფუძველს არჩევნების ლეგიტიმურობა წარმოადგენს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს როგორც შიდა სტაბილურობაზე, ასევე ქვეყნის საგარეო ურთიერთობების ხარისხზე. საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული სერიოზული ბრალდებები არჩევნების მანიპულაციასა და დაშინების ტაქტიკებზე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა. მმართველი პარტიის ხმების უმრავლესობით გამარჯვება უარყო ადგილობრივმა ოპოზიციამ, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, ხოლო დასავლური დემოკრატიული ქვეყანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი შეიკავა აღიარებისგან. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, არჩევნების ლეგიტიმურობა სცილდება ადგილობრივ პოლიტიკას და გავლენას ახდენს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დახმარებებსა და ინვესტირებაზე, ალიანსებზე და ქვეყნის რეპუტაციაზე გლობალურ ასპარეზზე.

 

არჩევნების ლეგიტიმურობა მთავრობას ანიჭებს როგორც სანდოობას, ასევე ავტორიტეტს. დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანობისა და წარმომადგენლობის აღქმა. ამის გარეშე, საზოგადოებრივი ნდობა სუსტდება, რაც იწვევს უნდობლობის, ხშირად კი ნიჰილიზმის ზრდას პოლიტიკური პროცესების მიმართ, პოლიტიკურ პოლარიზაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს დასუსტებას. ეს ლეგიტიმურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ცდილობს ევროპულ კავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა, შიდა პოლარიზაციის, ანტილიბერალური და ავტორიტარული ტენდენციებისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე. როდესაც არჩევნებს აკლია სანდოობა, როგორც ეს ბრალდებებიდან ჩანს საქართველოს უკანასკნელ არჩევნებთან მიმართებაში, დასავლელი მოკავშირეები დისტანცირდებიან არაღიარებული მმართველებისგან, რაც, თავის მხრივ, დამატებით სივრცეს შექმნის რუსეთის გავლენებისთვის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.

 

დასავლური დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და აშშ, მცირე საარჩევნო დარღვევების მიმართ მკაცრი კრიტიკული მიდგომით არ გამოირჩევიან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც, მაგალითად, ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადადიან. თუმცა, ეს მიმღებლობა დამოკიდებულია დარღვევების მასშტაბსა და ხასიათზე. თუ პროცესის ზოგადი თანმიმდევრულობა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შენარჩუნებულია, პრაქტიკაში ადმინისტრაციული ხარვეზებისა ან ცალკეულ დარღვევებზე განსაკუთრებით მკაცრი რეაგირება შესაძლოა არ მოხდეს, მეტადრე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. თუმცა, სისტემური პრობლემები – როგორიცაა მედიის შეზღუდვა, ამომრჩევლების დაშინება და მასობრივი, სისტემური გაყალბება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, რაც დაფიქსირდა ეუთო/ოდირის ანგარიშებში და დასტურდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ – დასავლეთის პრაქტიკაში არსებული მიმღებლობის ზღვარს სცდება. სწორედ აღნიშნული ბრალდებების სიმძიმე განაპირობებს დასავლური ქვეყანების თავშეკავებას 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების აღიარებისგან.

 

დასავლეთის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შემთხვევებს ხშირად სერიოზული შედეგები ჰქონდა. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში (2020 წ.), სადაც არჩევნები გაყალბებისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა, ევროკავშირი და აშშ უარს აცხადებდნენ შედეგების აღიარებაზე. შედეგად, ქვეყანამ ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია მიიღო, რამაც ბელარუსი თითქმის სრულად დამოკიდებული გახადა რუსეთზე. მსგავსად, ვენესუელაში (2018 წ.) ნიკოლას მადუროს სისტემური დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა საერთაშორისო იზოლაცია, მასშტაბური ეკონომიკური სანქციები და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მიანმარში (2021 წ.) სამხედრო გადატრიალებამ და არჩევნების გაუქმებამ დასავლეთის მხრიდან მკაცრი დაგმობა და სანქციები გამოიწვია, შედეგად კი, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. საერთაშორისო არაღიარების ბერკეტი ხშირად პოზიტიური დემოკრატიული ცვლილებების საწინდარიც შეიძლება იყოს, ისე, როგორც ეს მოხდა ზიმბაბვეში (2008 წ.). სადავო არჩევნების შემდეგ დასავლეთის ზეწოლამ აიძულა ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები შეთანხმებულიყვნენ ძალაუფლების განაწილებაზე.

 

საქართველოს შემთხვევაში, მმართველი პარტიის ქმედებები ბევრისთვის "კრემლის სტილის" ტაქტიკად აღიქმება – არა მხოლოდ სისტემური საარჩევნო გაყალბებისა და კონსტიტუციური უფლებების (ხმის მიცემისა და ხმის ფარულობის უფლება) დარღვევისთვის, არამედ ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებისთვის. უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომ შედეგები ქართული ხალხის ნების გამოხატულებაა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნების, სკანდინავიის, აშშ-ისა და ევროპარლამენტის რამდენიმე ლიდერის განცხადებებს, რომლებმაც პროცესი არ მიიჩნიეს თავისუფალად და არც სამართლიანად.

 

არაღიარების შედეგები სერიოზულად აისახება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, დონორების ჩართულობის, შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი ნდობისა და საერთაშორისო პრესტიჟის ხარისხზე. შვედეთმა, საქართველოში ერთ-ერთმა უდიდესმა დონორმა, უკვე შეაჩერა მისი თანამშრომლობა. ეს და მსგავსი სიგნალები სხვა საერთაშორისო წარმომადგენლობებიდან ზღუდავს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას და ზრდის ქვეყნის იზოლაციის რისკს, რაც, ცხადია, ნეგატიურად - თუ არა სავალალოდ - აისახება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივაზე. მოცემული ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია საარჩევნო გაყალბების მტკიცებულებების დამუშავება. დარღვევების დოკუმენტირება და მათზე საჯარო დისკუსია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. დამოწმებული მტკიცებულებები ხელს უწყობს საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატვას და ზეწოლას ახდენს მთავრობაზე.

 

დასკვნის სახით, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხი ხაზს უსვამს არჩევნების ლეგიტიმურობის არსებით როლს როგორც შიდა სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობის ხარისხის, ასევე საერთაშორისო აღიარების დამყარებაში. საქართველოს სანდოობა, მისი ალიანსები და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები დამოკიდებულია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობაზე. ამის გარეშე, ქვეყანა რისკავს იზოლაციას და გაურკვეველ მომავალს, რაც საფრთხეს უქმნის მის დასავლურ ორიენტაციას, რომლის მიღწევისკენაც ის ისწრაფის.

საგამოძიებო მედიალაბი