არჩევნები 2024

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი: ვიქტორ ორბანი vs. დასავლეთის რეაქცია

ავტორი: GEObservatory თარიღი: 5 November 2024

საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEObservatory24) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავდა 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ანალიზს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგის განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივებს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ. 

ობსერვატორია Fojo Media Institute-ის, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) მონაცემებით, აქტივობამ 58.94%-ს მიაღწია (2 060 412 ამომრჩეველი), ხმათა უმრავლესობა კი – 53.93%, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ მიიღო.

 

ქართულმა ოცნებამ გამარჯვება იზეიმა, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს, უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და ზოგიერთმა მათგანმა ასევე პირობა დადო, რომ საპარლამენტო სიებს ჩახსნიდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს ახალი არჩევნების გამართვა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრირების პირობებში.

 

ქართული ოცნების ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამ დროისთვის რვა ქვეყანამ მიულოცა,უნგრეთმა, აზერბაიჯანმასომხეთმა, ჩინეთმა, თურქეთმა, ვენესუელამ, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, ვინც ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა:

 

"ვულოცავ პრემიერმინისტრ კობახიძეს და ქართულ ოცნებას უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“

 

მილოცვიდან მალევე, 28 ოქტომბერს, ორბანი თბილისში ჩამოვიდა და ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა:

 

"ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არის - შემიძლია ვთქვა, არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა".

 

მიუხედავად ორბანის განცხადებისა, საქართველოში გამართულ არჩევნების შედეგებს უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა.

 

ევროპელმა დეპუტატებმა კანადელ კოლეგასთან ერთად ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ "არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი" და რომ "ევროკავშირს ამ შედეგს ვერ აღიარებს". ასევე, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან ურთიერთობების გადაფასება დააანონსა და არჩევნების დღეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევების გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

 

არჩევნების გაყალბებაზე განცხადებების შემდეგ შვედეთმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შეჩერება დააანონსა. შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დუსამ მედიას განუცხადა, რომ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეჩერების შესახებ. აღსანიშნავია, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია და მისი დახმარება წელიწადში თითქმის 19 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

შვედეთის მსგავსად, განცხადება გააკეთა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც სადაც აღნიშნა, რომ "დანია შეშფოთებულია ეუთო/ოდირის დაკვირვებით, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა უთანასწორო პირობებს, ზეწოლასა და დაძაბულობას".

 

ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ შიკორსკი და პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ევროპა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს და საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს.

 

ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა და განაცხადა: "ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება მოიპაროს ეს ოცნება დაშინებისა და მანიპულაციის გზით. სრული სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს". ასევე, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 27 ოქტომბერს განცხადებები გაავრცელეს, სადაც ორივემ ეჭვქვეშ დააყენა საარჩევნო პროცესი.

 

ჟიგიმანტას პავილიონისმა, ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, მკაცრი განცხადებით გააკრიტიკა ჩატარებული არჩევნები და აღნიშნა, რომ "ქართული კოშმარი ქართველი ერის ევროპულ მომავალს იპარავს, ცდილობს გააძლიეროს რუსული ან ბელორუსული გზა კვლავ რუსულ წარსულში, იმის ნაცვლად, რომ გააძლიეროს თავისი მომავალი, თავისუფლება, დემოკრატია, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში".

 

ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოხმაურებებს შეუერთდა ესტონეთიც. პარლამენტის წევრმა, მარკო მიკელსონმა თქვა:


"საქართველოს არჩევნების შედეგების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ისევ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება".

 

არადემოკრატიული უწოდა მმართველი პარტიის მიერ შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა:

 

"სასოწარკვეთილი ცდილობს რა შეინარჩუნოს ძალაუფლება, ქართულმა ოცნებამ ტოქსიკური საარჩევნო გარემო შექმნა, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან. ხელისუფლება უხეშად იყენებს კრემლის მეთოდებს ამ არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნების დამკვირვებლების შეფასებებს".

 

ჩატარებულ არჩევნებს ასევე ოფიციალური წერილით გამოეხმაურა ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები მრავალჯერ შეიბღალა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით, ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას გამჭვირვალედ გამოიძოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა.


ამრიგად, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ "არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები, ან მისი შედეგები რაიმე სახით დემოკრატიული არ ყოფილა", სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

პოლიტიკური ანალიზი

 

ქვეყნის სუვერენული მმართველობისა და დემოკრატიის საფუძველს არჩევნების ლეგიტიმურობა წარმოადგენს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს როგორც შიდა სტაბილურობაზე, ასევე ქვეყნის საგარეო ურთიერთობების ხარისხზე. საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული სერიოზული ბრალდებები არჩევნების მანიპულაციასა და დაშინების ტაქტიკებზე ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა. მმართველი პარტიის ხმების უმრავლესობით გამარჯვება უარყო ადგილობრივმა ოპოზიციამ, საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, ხოლო დასავლური დემოკრატიული ქვეყანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი შეიკავა აღიარებისგან. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, არჩევნების ლეგიტიმურობა სცილდება ადგილობრივ პოლიტიკას და გავლენას ახდენს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დახმარებებსა და ინვესტირებაზე, ალიანსებზე და ქვეყნის რეპუტაციაზე გლობალურ ასპარეზზე.

 

არჩევნების ლეგიტიმურობა მთავრობას ანიჭებს როგორც სანდოობას, ასევე ავტორიტეტს. დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანობისა და წარმომადგენლობის აღქმა. ამის გარეშე, საზოგადოებრივი ნდობა სუსტდება, რაც იწვევს უნდობლობის, ხშირად კი ნიჰილიზმის ზრდას პოლიტიკური პროცესების მიმართ, პოლიტიკურ პოლარიზაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს დასუსტებას. ეს ლეგიტიმურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ცდილობს ევროპულ კავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა, შიდა პოლარიზაციის, ანტილიბერალური და ავტორიტარული ტენდენციებისა და რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე. როდესაც არჩევნებს აკლია სანდოობა, როგორც ეს ბრალდებებიდან ჩანს საქართველოს უკანასკნელ არჩევნებთან მიმართებაში, დასავლელი მოკავშირეები დისტანცირდებიან არაღიარებული მმართველებისგან, რაც, თავის მხრივ, დამატებით სივრცეს შექმნის რუსეთის გავლენებისთვის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე.

 

დასავლური დემოკრატიული სამყარო, ევროკავშირი და აშშ, მცირე საარჩევნო დარღვევების მიმართ მკაცრი კრიტიკული მიდგომით არ გამოირჩევიან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც, მაგალითად, ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადადიან. თუმცა, ეს მიმღებლობა დამოკიდებულია დარღვევების მასშტაბსა და ხასიათზე. თუ პროცესის ზოგადი თანმიმდევრულობა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან შენარჩუნებულია, პრაქტიკაში ადმინისტრაციული ხარვეზებისა ან ცალკეულ დარღვევებზე განსაკუთრებით მკაცრი რეაგირება შესაძლოა არ მოხდეს, მეტადრე გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში. თუმცა, სისტემური პრობლემები – როგორიცაა მედიის შეზღუდვა, ამომრჩევლების დაშინება და მასობრივი, სისტემური გაყალბება, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, რაც დაფიქსირდა ეუთო/ოდირის ანგარიშებში და დასტურდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ – დასავლეთის პრაქტიკაში არსებული მიმღებლობის ზღვარს სცდება. სწორედ აღნიშნული ბრალდებების სიმძიმე განაპირობებს დასავლური ქვეყანების თავშეკავებას 26 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგების აღიარებისგან.

 

დასავლეთის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შემთხვევებს ხშირად სერიოზული შედეგები ჰქონდა. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში (2020 წ.), სადაც არჩევნები გაყალბებისა და ძალადობის ფონზე ჩატარდა, ევროკავშირი და აშშ უარს აცხადებდნენ შედეგების აღიარებაზე. შედეგად, ქვეყანამ ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია მიიღო, რამაც ბელარუსი თითქმის სრულად დამოკიდებული გახადა რუსეთზე. მსგავსად, ვენესუელაში (2018 წ.) ნიკოლას მადუროს სისტემური დარღვევებით ჩატარებულმა არჩევნებმა საერთაშორისო იზოლაცია, მასშტაბური ეკონომიკური სანქციები და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მიანმარში (2021 წ.) სამხედრო გადატრიალებამ და არჩევნების გაუქმებამ დასავლეთის მხრიდან მკაცრი დაგმობა და სანქციები გამოიწვია, შედეგად კი, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდა. საერთაშორისო არაღიარების ბერკეტი ხშირად პოზიტიური დემოკრატიული ცვლილებების საწინდარიც შეიძლება იყოს, ისე, როგორც ეს მოხდა ზიმბაბვეში (2008 წ.). სადავო არჩევნების შემდეგ დასავლეთის ზეწოლამ აიძულა ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები შეთანხმებულიყვნენ ძალაუფლების განაწილებაზე.

 

საქართველოს შემთხვევაში, მმართველი პარტიის ქმედებები ბევრისთვის "კრემლის სტილის" ტაქტიკად აღიქმება – არა მხოლოდ სისტემური საარჩევნო გაყალბებისა და კონსტიტუციური უფლებების (ხმის მიცემისა და ხმის ფარულობის უფლება) დარღვევისთვის, არამედ ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებისთვის. უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომ შედეგები ქართული ხალხის ნების გამოხატულებაა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ბალტიის ქვეყნების, სკანდინავიის, აშშ-ისა და ევროპარლამენტის რამდენიმე ლიდერის განცხადებებს, რომლებმაც პროცესი არ მიიჩნიეს თავისუფალად და არც სამართლიანად.

 

არაღიარების შედეგები სერიოზულად აისახება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, დონორების ჩართულობის, შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი ნდობისა და საერთაშორისო პრესტიჟის ხარისხზე. შვედეთმა, საქართველოში ერთ-ერთმა უდიდესმა დონორმა, უკვე შეაჩერა მისი თანამშრომლობა. ეს და მსგავსი სიგნალები სხვა საერთაშორისო წარმომადგენლობებიდან ზღუდავს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას და ზრდის ქვეყნის იზოლაციის რისკს, რაც, ცხადია, ნეგატიურად - თუ არა სავალალოდ - აისახება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივაზე. მოცემული ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია საარჩევნო გაყალბების მტკიცებულებების დამუშავება. დარღვევების დოკუმენტირება და მათზე საჯარო დისკუსია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. დამოწმებული მტკიცებულებები ხელს უწყობს საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატვას და ზეწოლას ახდენს მთავრობაზე.

 

დასკვნის სახით, 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საკითხი ხაზს უსვამს არჩევნების ლეგიტიმურობის არსებით როლს როგორც შიდა სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობის ხარისხის, ასევე საერთაშორისო აღიარების დამყარებაში. საქართველოს სანდოობა, მისი ალიანსები და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები დამოკიდებულია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობაზე. ამის გარეშე, ქვეყანა რისკავს იზოლაციას და გაურკვეველ მომავალს, რაც საფრთხეს უქმნის მის დასავლურ ორიენტაციას, რომლის მიღწევისკენაც ის ისწრაფის.

საგამოძიებო მედიალაბი