თარიღი: 12 November 2024
საქართველოს საარჩევნო ობსერვატორია (GEObservatory24) მოკლევადიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავდა 2024 წლის წინასაარჩევნო ნარატივების ანალიზს. კლასიკური ფაქტ-ჩეკინგისგის განსხვავებით, ობსერვატორია არამხოლოდ ცალკეულ განცხადებებს ამოწმებს, არამედ მთლიან ნარატივებს განიხილავს და მედია ანალიზთან ერთად, პოლიტიკურ ანალიზსაც გთავაზობთ.
ობსერვატორია Fojo Media Institute-ის, საქართველოს უნივერსიტეტის საგამოძიებო მედია ლაბისა (IML) და უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის (UGSPN) ერთობლივი პროექტია.
სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეხედულებებს.
2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ქართული ოცნების წარმომადგენლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის გადატვირთვას ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპს გამარჯვება ასე მიულოცა:
"ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამ გადამწყვეტ გამარჯვებას არჩევნებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობა უზრუნველყოფს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ისევე, როგორც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას."
მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ "ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! - ტრამპის კამპანია აგებული იყო მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების ნარატივზე, ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია."
ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა, ნინო წილოსანმა ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის საგარეო პრიორიტეტების ორპარტიულობა და განაცხადა, რომ ორპარტიული განცხადებები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან შეიძლება, კეთდებოდეს.
"ქართულ ოცნებას ბოლოს მიღებულ ყველა დეკლარაციაზე თუ რეზოლუციაზე იმისთვის გვაკრიტიკებენ, რომ ოჯახურ ღირებულებებს ვიცავთ და გვთხოვენ, რომ გავაუქმოთ კანონი "ოჯახური ღირებულებების შესახებ". ეს იმდენად მიუღებელია და იმდენად შეესაბამება თავად ტრამპის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომ ეს, ნათელია, დიდ თანხვედრას მოიტანს ჩვენს საერთო ინტერესებში. ეს თავისთავად დამშვიდებას და ამ ურთიერთობების გადახედვას მოიტანს. ეს იქნება ახალ პარტნიორულ ეტაპზე გადასვლა."
ტრამპის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით მსგავსი რიტორიკა გაიმეორა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა იმედთან ინტერვიუში, “ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა.”
ქართული ოცნების აღტკინება ტრამპის გამარჯვებით მისი მემარჯვენე კონსერვატიული და ხშირად ევროსკეპტიკური რიტორიკითაა გამოწვეული. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის კამპანია ჰომოფობიური და ტრანსფობიური გზავნილებით, უკრაინაში ომის შეწყვეტის დაპირებით და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებზე თავდასხმით გამოირჩეოდა. ქართული ოცნების ნარატივი LGBTQ+ უფლებებზე, უკრაინის ომსა და ევროსკეპტიციზმზე ემთხვევა ტრამპის პათოსს, თუმცა, საინტერესოა რამდენად იქნება აღნიშნული თანხვედრა ქართული ოცნებისთვის მომგებიანი.
აშშ-ში საქართველოს დემოკრატიის საკითხი ნამდვილად ორპარტიული ინტერესია. ქართული ოცნების დემოკრატიულ უკუსვლას კრიტიკული რეაქცია მოჰყვა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის მხრიდან.
2024 წლის მაისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღების საპასუხოდ წარმომადგენლობით პალატაში "ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის" (MEGOBARI) მიღების ინიციატორი სწორედ რესპუბლიკელი ჯო უილსონია. აღნიშნული აქტი იმ პირების სანქცირებას ისახავს მიზნად, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი. ჯო უილსონი განსაკუთრებით კრიტიკულია ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მისი დასანქცირების ინიციატორიცაა. ჯო უილსონს მხარი დონალდ ტრამპმა საჯაროდ დაუჭირა და 5 ნოემბრის არჩევნებშიც უილსონმა გამარჯვება მოიპოვა.
MEGOBARI აქტის თანაინიციატორები ასევე არიან რესპუბლიკელი ოსტინ სკოტი, დონ ბეიკონი და მაიკ ლოულერი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში ადგილები მოიპოვეს.
"ქართველი ხალხის აქტი", რომელიც ასევე დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ითხოვს, ორპარტიული ინიციატივაა. აქტი ორი დემოკრატი და ორი რესპუბლიკელი სენატორის ინიციატივაა. ერთ-ერთმა ინიციატორმა რესპუბლიკელმა, პიტ რიკეტსმა საკანონმდებლო ორგანოში ასევე მოიპოვა ადგილი.
ამასთან, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი 2020 წელს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას უჭერდა მხარს.
საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ერთობის კიდევ ერთი დასტურია 2024 წელს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღების პერიოდში გამოცემული ნოტა, სადაც 14 სენატორი, 6 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი სენატორი საქართველოს მთავრობას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდა.
გარდა ამისა, ქართული ოცნების აშშ-სადმი მტრული რიტორიკასა და ამერიკელი უმაღლესი პირების, მათ შორის დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული ყოფილი ელჩის კელი დეგნანის მწვავე კრიტიკას რამდენად მოიწონებს ამერიკაცენტრული ტრამპი, ნაკლებად სავარაუდოა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამაჯერებელ გამარჯვებას ქართული ოცნება განსაკუთრებული დიდებით და დაუმალავი შვებით შეხვდა. მმართველი პარტიის სპიკერები და მათთან დაახლოებული ექსპერტები სატელევიზიო ეთერებში და სოციალურ ქსელებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით აღტაცებას არ მალავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შესაძლებელი იქნება შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნება ყოველთვის ცდილობდა ვაშინგტონთან ურთიერთობების ჩავარდნა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის გადაებრალებინა და საჯაროდ აცხადებდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გამოსწორება ან არსებულ სტატუს–კვოზე შეთანხმება ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო.
დონალდ ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში შემდგარი ფაქტია და ქართული ოცნების მიერ დადებულმა სარისკო ფსონმა წესით უნდა გაამართლოს. აღნიშნულის მიუხედავად, გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები და გარემოებები, რამაც შესაძლოა, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს და ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო ხისტი გახადოს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "საქართველოს საკითხს" პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილი არ ექნება. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტ სააკაშვილს წარსულში პირადი ურთიერთობები აკავშირებთ, "საქართველოს საკითხი" არ იქნება ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში ხელისუფლების გადაბარების პერიოდში. ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა, ჩინეთი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და მიგრაციული პოლიტიკა არის იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც პირველ რიგში იქნება ფოკუსირებული ტრამპის გუნდი საწყის ეტაპზე. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადისა და მისი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ის თავიდანვე შეეცდება მასშტაბური პრობლემების საკმაოდ სწრაფად მოგვარებას. როგორც ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკას წმინდა სარგებლიანობის კუთხით უყურებს, ის ნაკლებად სავარაუდოდ ჩაერთვება საქართველოს საკითხში პირადად, რადგან პოტენციური სარგებელი საკმაოდ მიზერულია.
საკანონმდებლო ორგანო ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს აშშ–საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში და უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საკითხზე პასუხისმგებლობა და პირველობა დაეკისრებათ რესპუბლიკელ კანონმდებლებს, როგორც სენატში, ასევე კონგრესში. აგრეთვე უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო დროს შემუშავებული მიდგომა და კონკრეტული ინიციატივები ისეთი, როგორიცაა MEGOBARI ACT და სხვა ორპარტიული ინიციატივები კვლავ დარჩება დღის წესრიგში. აღნიშნული ინიციატივები მოიცავს ხისტ პერსონალურ და ინსტიტუციურ სანქციების საქართველოს მთავრობისა და კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური ნარატივების, კანონებისა და კონკრეტული პოლიტიკების გატარებას.
ე.წ. რუსული კანონი, ანტი-ლგბტ კანონი და ე.წ. ოფშორების კანონი ფუნდამენტურ კონფლიქტში არიან საქართველოს დასავლურ მისწრაფებებთან. საქართველოს აშკარა დემოკრატიული უკუსვლა პირდაპირ აისახება სახელმწიფო აპარატის რეპრესიულ ქმედებებში და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაში. აგრეთვე სახეზე სახელმწიფოს მიერ ისეთი ინდივიდების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც არაერთხელ არიან მხილებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების უკმაყოფილება ქართული ოცნების ქმედებებით და კონკრეტული პოლიტიკებით ვერ გაქრება და, შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ ვაშინგტონის პოზიციების შერბილებას. ზემოთ ჩამოთვლილი სისტემური და ინსტიტუციური ხასიათის პრობლემები ქართული ოცნების სურვილის მიუხედავად, ვერ გადაწყდება ინდივიდუალურ, თუნდაც პრეზიდენტის დონეზე, თეორიული დაშვების შემთხვევაში. გაუგებარია, რა პოტენციურ სარგებელს მიიღებს ტრამპი, თუ კი ის ერთპიროვნულად შეაჩერებს აქამდე აკუმულირებულ ინსტიტუციურ ძალისხმევებს? როგორც ჩანს, შეერთებული შტატების ინტერესები და აქტივობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდება და მოწინავე როლს საკუთარ თავზე აიღებს ევროკავშირი, რომლიც უფრო ხისტი პოზიციიდან აფიქსირებს საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების აუცილებლობას. რეგიონში შეერთებული შტატების აქტივობის და გავლენების შემცირების პარალელურად უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება მსხვილი რეგიონალური მოთამაშეების – თურქეთის, რუსეთის და ირანის როლი. ამავდროულად, მოსალოდნელია შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოლიტიკის სინქრონიზაცია რეგიონთან მიმართებაში. კონკრეტული ინიციატივების მეშვეობით როგორიცაა MEGOBARI ACT, შესაძლოა, შეიქმნას საქართველოსთან ურთიერთობის განახლებული მიდგომა, რომელიც შესაძლოა, დაეფუძნოს თაფლაკვერისა და მათრახის პრინციპს, სადაც მათრახით გამოწვეული ზიანი ბევრად უფრო რეალური და მტკივნეული შესაძლოა აღმოჩნდეს.
აშშ-ის დემოკრატიაში ხელისუფლების შტოებში კონტროლისა და ბალანსის სისტემა შენარჩუნებულია. საგარეო პოლიტიკის წარმოებაში რამდენიმე ინსტიტუტია ჩართული, რომლებიც ერთმანეთს აკონტროლებენ და აბალანსებენ. კერძოდ, საგარეო პოლიტიკას აწარმოებს აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტის სახით, საკანონმდებლო ორგანო კონგრესის სახით და, რა თქმა უნდა, ხალხი. ამერიკის საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესებიდანაა აღმოცენებული და ამერიკის აღქმას მსოფლიოს მიმართ და მასში ამერიკის როლს გამოხატავს. საგარეო პოლიტიკის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრიც.
როგორც აღინიშნა, საგარეო პოლიტიკის წარმოებაში პრეზიდენტის ინსტიტუტი და კონგრესი ერთმანეთს აკონტროლებენ და აბალანსებენ. 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა, შესაბამისად საგარეო პოლიტიკა რესპუბლიკური პარტიის პოზიციაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული.
ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად იყენებენ ორპარტიულობის (bipartisanship) ცნებას. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო საქმეებში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის პოლარიზაცია მძლავრია, საგარეო პოლიტიკის საკითხში ისინი უმეტესად ერთმანეთთან თანხმდებიან.
დონალდ ტრამპისთვის საერთაშორისო არენაზე მთავარი კონკურენტი ჩინეთია და მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი ხაზიც ჩინეთთან კონფრონტაციის გაგრძელებაა. ტრამპის თქმით, ამერიკელი მუშახელის დასაცავად და აშშ-ს ბილატერალური ვაჭრობის დეფიციტის შესამცირებლად ჩინეთისადმი აგრესიული ქმედებები უნდა გატარდეს.
საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლებში განსაკუთრებით დაუახლოვდა ჩინეთის ხელისუფლებას. 2023 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დაიდო, 2024 წელს კი ქვეყნებს შორის ორმხრივი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ჩინეთის ეკონომიკური გავლენა განსაკუთრებით მზარდია საქართველოში. რეგიონისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს ანაკლიის პორტის კი საეჭვო რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანია ააშენებს. ტრამპის ადმინისტრაცია ანაკლიის პორტით წინა საპრეზიდენტო ვადის დროსაც დაინტერესებული იყო.
დამატებით, არსებობს ცნობები, რომ ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ვიზიტისას ტრამპთან შეხვედრა მოისურვა, თუმცა შეხვედრა არ შედგა.
საგულისხმოა ქართული ოცნების ირანთან დაახლოებაც, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობები აქვს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთთან და ირანთან დაახლოებულ საქართველოსთან ტრამპის ადმინისტრაციამ ურთიერთობების გადატვირთვა მოისურვოს.